განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.04.2018
საქმის ნომერი
080310018002371441
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002371441

საქმე N3/ბ-186-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი

სხდომის მდივანი – ონისე გურეშიძე

საჩივრის ავტორი _ პ----- კ-----–---ი

მოწინააღმდეგე მხარეები _ 1.შს სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილება

2.თ----- ა-–----ე

დავის საგანი _ შემაკავებელი ორდერის გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2018 წლის 27 მარტს პ----- კ-----–---მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მის მიმართ 2018 წლის 24 მარტს შს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების მიერ შედგენილი №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2018 წლის 24 მარტს შს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების თანამშრომლის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილ შემაკავებელ ორდერში №0-----, მითითებულია, რომ პ----- კ-----–---მა ,,მოძალადემ’’, ,,მსხვერპლს’’ - მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ძალადობის ფორმა: ა)ფიზიკური; ბ)ფსიქოლოგიური. შემაკავებელ ორდერს №0----- და მასში მითითებულ გარემოებებს, თითქოს პ----- კ-----–---მა იძალადა თ----- ა-–----ეზე, მოსარჩელე არ დაეთანხმა, რადგან იგი არ შეესაბამება სინამდვილეს. მართალია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თ----- ა-–----ესთან, თუმცა ისინი რამდენიმე თვეა (დაახლოებით 5 თვე) ერთად აღარ ცხოვრობენ და მასთან არანაირი ურთიერთობა არა აქვს, ფაქტიურად განქორწინებულები არიან. მოსარჩელესთან ცხოვრობს სამი არასრულწლოვანი შვილი.

 

შემაკავებელი ორდერი შედგენილია შს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილებაში, მაშინ როდესაც პ----- კ-----–---ს თ----- ა-–----ე არც პოლიციის შენობაში და არც სხვაგან იმ დღეს არ უნახავს. მითითებულ დღეს პოლიციის შენობაში იმყოფებოდა, რადგან გამომძიებლის მიერ იყო დაბარებული სულ სხვა საქმეზე გამოსაკითხად. პოლიციის თანამშრომელმა ისე, რომ არ აუხსნა საქმის ვითარება, ხელი მოაწერინა შემაკავებელ ორდერზე. შემაკავებელი ორდერის მნიშვნელობა და არსი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კონსულტაციისათვის მან ადვოკატს მიმართა.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისთვის გაუგებარია და არც არის შემაკავებელ ორდერში მითითებული, თუ როდის მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ყოფილ მეუღლეს და რა მტკიცებულებები არსებობს აღნიშნულის დასადასტურებლად. სადავო შემაკავებელ ორდერში სავალდებულოდ არ არის მითითებული, თუ სად და როდის განხორციელდა ძალადობა. ყოფილი მეუღლის თ----- ა-–----ის მიმართ არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი არის უკანონო, არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სადავო შემაკავებელ ორდერში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოითხოვა უკანონოდ და უსაფუძვლოდ შედგენილი შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

მოპასუხე - შს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების პატრულ ინსპექტორი არ დაეთანხმა პ----- კ-----–---ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობდა შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი. თ----- ა-–----ესა და პ----- კ-----–---ს შორის არსებობდა ოჯახური კონფლიქტი და ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

მოპასუხე - თ----- ა-–----ემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პ----- კ-----–---თან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 12 წელი. მათ შორის არის ოჯახური კონფლიქტი, რომელიც გამოიხატება როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ ძალადობაში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით პ----- კ-----–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა 2018 წლის 24 მარტის N0----- შემაკავებელი ორდერი იმ მიმართებით, რომ პ----- კ-----–---ს 15 დღით აეკრძალა მსხვერპლთან თ----- ა-–----ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. 2018 წლის 24 მარტის N0----- შემაკავებელი ორდერიდან ამოირიცხა მითითება ფიზიკური ძალადობის შესახებ.

 

2.1 დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

პ----- კ-----–---ს და თ----- ა-–----ეს რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ სამი შვილი.

 

2018 წლის 24 მარტს შს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების თანამშრომლის, უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის ჟირონი რევიშვილის მიერ შედგა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის მიხედვით მოძალადე პ----- კ-----–---მა მსხვერპლ თ----- ა-–----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პ----- კ-----–---ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

პ----- კ-----–---ი 2017 წლის 01 დეკემბრიდან მუშაობს ი/მ „მაკა ცერცვაძესთან“ რეალიზატორის თანამდებობაზე და ეძლევა ყოველთვიური სარგო, დარიცხული ხელფასის სახით 750 ლარის ოდენობით.

 

მოწმედ დაკითხულმა რამაზი ბარათელმა განმარტა, რომ პ----- კ-----–---ის მეგობარი და თ----- ა-–----ის ნათესავია. მოწმის განმარტებით, პ----- კ-----–---ი და თ----- ა-–----ე ერთად არ ცხოვრობენ. პ----- მძიმედ განიცდის თ----- ა-–----ის ქცევას და არ სურს მასთან შერიგება. ბავშვები ცხოვრობენ მამასთან.

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პ----- კ-----–---ის სარჩელში მითითებული გარემოებანი და მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფლია. კერძოდ: სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენელის არგუმენტაცია, რომ მოცემულ შემთხვევაში პ----- კ-----–---ის მხრიდან, თ----- ა-–----ესთან მიმართებაში, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რადგან წარდგენილი არ იყო ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულება. მხოლოდ ახსნა-განმარტება კი ვერ გახდებოდა ამ ფაქტის დადგენილად მიჩნევის საფუძველი.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პ----- კ-----–---ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თ----- ა-–----ის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობას და განმარტა, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის ,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია.

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ----- კ-----–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თ----- ა-–----ესთან, თუმცა ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ. მათი საერთო შვილები ცხოვრობენ და იზრდებიან მამასთან. თ----- ა-–----ეს შეზღუდული აქვს ურთიერთობა შვილებთან, რაც მხარეთა შორის კონფლიქტის მიზეზია. აღნიშნულ საკითხზე (დედის მიერ შვილებთან ურთიერთობა) პ----- კ-----–---მა განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ინახულოს დედამ შვილები.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, სწორედ შვილებთან ურთიერთობა ხდება კონფლიქტის მიზეზი და პ----- კ-----–---ის განმარტებამ სასამართლოს შეუქმნა საფუძვლიანი რწმენა, რომ თ----- ა-–----ე ოჯახური კონფლიქტის მსხვერპლია. შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ პ----- კ-----–---ის მხრიდან თ----- ა-–----ის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა და 2018 წლის 24 მარტს შედგენილი შემაკავებელ ორდერი ამ ნაწილში მიიჩნია კანონიერად და არ არსებობდა მისი სრულად გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. საჩივრის საფუძვლები:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა პ----- კ-----–---მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც პ----- კ-----–---ის მხრიდან თ----- ა-–----ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებას დაადასტურებდა.

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ პ----- კ-----–---ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას _ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 24 მარტს შს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების თანამშრომლის, უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის ჟირონი რევიშვილის მიერ შედგა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის მიხედვით მოძალადე პ----- კ-----–---მა მსხვერპლ, თ----- ა-–----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პ----- კ-----–---ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 დღით.

 

სააპელაციო სასამართლოში შს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების თანამშრომლის მიერ წარმოდგენილი იქნა შემაკავებელი ორდერის N0----- ოქმი, რომლის მიხედვითაც პ----- კ-----–---მა 2017 წლის 14 ნოემბერს მსხვერპლს (თ----- ა-–----ეს) მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 24 მარტს შედგენილ შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ პ----- კ-----–---მა თ----- ა-–----ის მიმართ განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

პ----- კ-----–---ის განმარტებით, თ----- ა-–----ის მიმართ არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია, 2017 წლის 01 ნოემბერს ტელეფონზე მეუღლემ მეგობარი მამაკაცისაგან მიიღო შეტყობინება, რის შემდეგაც განუცხადა, რომ არ უყვარდა და გაჰყვა მას თურქეთში, როდესაც დაბრუნდა, დაურეკა და ითხოვა შეხვედრა, რაზედაც დათანხმდა. თათა ა-–----ემ განუცხადა, რომ უნდა წაეყვანა ბავშვები, აღნიშნულზე უარი განუცხადა და განუმარტა, რომ მითითებული საკითხის გადასაწყვეტად მიემართა სასამართლოსათვის. თ----- ა-–----ის განცხადებით 2018 წლის 24 მარტს ცემა მისმა დამ და სიძემ, თავად კი ამ დღეს სახლში არ ყოფილა, 12 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ ერთად, არასოდეს მის მიმართ არ უძალადია.

 

თ----- ა-–----ის განმარტებით, 12 წელია ცხოვრობდა პ----- კ-----–---თან ერთად, ჰყავთ სამი შვილი, ამ პერიოდის მანძილზე სულ განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ნოემბრის თვეში მეუღლემ გააგდო სახლიდან ეჭვიანობის გამო, უცხოეთში იმყოფებოდა დედასთან, როდესაც დაბრუნდა, 2017 წლის ნოემბრის თვეში დაუკავშირდა პ----- კ-----–---ს და თხოვა შეხვედრა, რაზედაც დათანხმდა, შეხვედრისას უთრა, რომ სურდა ბავშვების საცხოვრებლად მასთან წაყვანა, პ----- კ-----–---მა კი უარი განუცხადა და ურჩია დავის გადასაწყვეტად მიემართა სასამართლოსათვის. შეეშინდა ძალადობის, რის გამოც 2018 წლის 24 მარტს დედასთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა ბავშვების სანახავად, სადაც სცემეს პ----- კ-----–---ის დამ და სიძემ. თ----- ა-–----ემ განმარტა, რომ ბავშვებს დღესაც ვერ ნახულობს, რადგან აქვს შიში, რომ მის მიმართ განხორციელდება ძალადობა.

 

თ----- ა-–----ის განმარტებით, მტკიცებულებები არ გააჩნიათ, მაგრამ შემაკავებელი ორდერის გაუქმებით მოხდება პ----- კ-----–---ის წახალისება ძალადობის ჩასადენად.

 

შს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ჟირონი რევიშვილმა განმარტა, რომ 2018 წლის 24 მარტს თ----- ა-–----ეს სცემა პ----- კ-----–---ის დამ და სიძემ, რის გამოც მიმდინარეობს გამოძიება, მითითებულ დღეს პ----- კ-----–---ი სახლში არ იმყოფებოდა, შემაკავებელი ორდერი შედგენილი იქნა იმის გამო, რომ თ----- ა-–----ემ განაცხადა პ----- კ-----–---ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. გამომძიებლის განმარტებით, თ----- ა-–----ემ განუცხადა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს განახორციელა პ----- კოპალინმა ძალადობა, შემაკავებელი ორდერი კი შეადგინა 2018 წლის 24 მარტს.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

ხსენებული კანონის მე-4 მუხლის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. მითითებული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების მიერ მოსარჩელე პ----- კ-----–---ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმება, რომლის მიხედვით, მან თ----- ა-–----ის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა. რაც შეეხება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერიდან ფიზიკური ძალადობის ამორიცხვის ნაწილში, სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ არის და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

პალატა მიუთითებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი შედგენილი უნდა იქნეს ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მიზანსაც წარმოადგენს დროებითი ღონისძიების გატარება სავარაუდო მოძალადის მიმართ. ანუ, პრევენციული ღონისძიებები სავარაუდო მსხვერპლის მიმართ უნდა განხორციელდეს ოპერატიულად, ისინი დროებითი ხასიათისაა და სწრაფი ეფექტის მატარებელი უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში, შს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების თანამშრომლის მიერ შედგენილი შემაკავებელი ორდერის N0----- ოქმში მითითებულია, რომ პ----- კ-----–---მა 2017 წლის 14 ნოემბერს მსხვერპლს (თ----- ა-–----ეს) მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო №0----- შემაკავებელი ორდერი შედგენილია 2018 წლის 24 მარტს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ძალადობის ფორმების ლეგალურ დეფინიციას შეიცავს მითითებული კანონის მე-4 მუხლი, რომლის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობის მავნე შედეგები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, სახელმწიფო ნეგატიურადაა ვალდებული თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უგულებელყოფას, ხოლო ამავე დროს პოზიტიურადაა ვალდებული შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. სწორედ ამ მიზნით 2014 წლის 19 ივნისს ხელი მოეწერა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას (სტამბოლის კონვენცია), რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის აღკვეთას, მსხვერპლთა დაცვასა და მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემას და უზრუნველყოფს მსხვერპლ ქალთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა. ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ყოველთვის იწვევს საზოგადოების უარყოფით რეაქციას და სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ხდება დაუყოვნებელი მკაცრი რეაგირება ამგვარ ფაქტებზე. სახელმწიფო სისტემატიურად ქმნის ახალ მექანიზმებს და აუმჯობესებს კანონმდებლობას, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს მსხვერპლთა დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას. სწორედ ამ მიზნით ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამოყალიბდა ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები და დეტალურად განისაზღვრა მითითებულ ღონისძიებათა განხორციელების სპეციალური წესები. მითითებული კანონი ადგენს რეგულირებას, რაც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის, აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვისათვის.

 

პალატა იზიარებს რა მითითებულ მოსაზრებას და ეთანხმება ეფექტური ღონისძიებების გატარებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით, თუმცა ამავდროულად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები, უნდა გამომდინარეობდეს საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან და შესაბამისად, მათი შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს, გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მხარეთა საერთოდ გათავისუფლებას მათ მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც ამყარებენ თავიანთ მოსაზრებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა პ----- კ-----–---ის მხრიდან თ----- ა-–----ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის (შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას) განხორციელების ფაქტი, რის გამოც სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო პ----- კ-----–---ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის წინაპირობები, რაც წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებისა და სადავო შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველია.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პ----- კ-----–---ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, პ----- კ-----–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს საქართველოს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების თანამშრომლის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი შემაკავებელი 2018 წლის 24 მარტის №0----- ორდერი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 2112-ე და 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.პ----- კ-----–---ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2.გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;

 

3.პ----- კ-----–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4.გაუქმდეს საქართველოს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილების თანამშრომლის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჟირონი რევიშვილის მიერ 2018 წლის 24 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი;

 

5.მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი