განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015760969
საქმე N2ბ/570-16
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 თებერვალი 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი - ი/მ და--------------–---–ი
წარმომადგენელი - გო-----–-------ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „-----------------------------“
წარმომადგენელი - ბე------–---------ე
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ”სა-----------–--------------ა”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა:
- მოპასუხე ი.მ. და--------------–---–ს დაეკისრა მოსარჩელე შპს ”სა-----------–--------------ა”-ს სასარგებლოდ დავალიანების 2 258.10 ლარის გადახდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1 საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. შპს ”------------------------------ა” და და--------------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მყიდველმა ინდ. მეწარმე და--------------–---–მა გამყიდველის შპს ”------------------------------აგან” შეიძინა 2258.10 ლარის ღირებულების საავტომობილო საწვავი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოსარჩელე საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად მიუთითებს, ნავთობპროდუქტების სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ -ფაქტურაზე, რომელიც დადასტურებულია მყიდველის ინდ. მეწარმე დ----------------–---–ის მიერ.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას.
ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა იმ სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლის და მომსახურების მიწოდების რთულ პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ/ფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს. აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ანგარიშფაქტურის მასში მითითებული მყიდველის და--------------–---–ის მიერ დადასტურება გულისხმობს, რომ მოპასუხემ მიიღო 2258.10 ლარის ღირებულების საწვავი. რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, იმის თაობაზე, რომ ანგარიშ - ფაქტურა სხვა პირმა დაადასტურა, მხოლოდ მხარის განმარტებას აღნიშნულის თაობაზე სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან საქმეში მისი განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. აქვე საყურადღებოა ის გარემოება, რომ ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების საშუალება გააჩნია მხოლოდ იმ პირს, რომელიც მყიდველად არის მითითებული.
მოპასუხე მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის დასადასტურებლად საავტომობილო საწვავის მიმღები პირის ვინაობაზე მიუთითებსდა აღნიშნავს, რომ ტალონები მისთვის უცნობ პიროვნებას გადაეცა, რომელიც არ იყო მისი წარმომადგენელი. მოპასუხის პოზიციის შესაფასებლად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ის უარყოფს მისი მხრიდან ანგარიშფაქტურის დადასტურების გარემოებას, თუმცა ცალსახაა, რომ დადასტურების შესაძლებლობას მოკლებულია მესამე პირი და მითითებული ანგარიშფაქტურა, მოპასუხის მიერ მისი გადაცემის გარეშე ვერ გახდებოდა ხელმისაწვდომი სხვა პირისათვის. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ანგარიშ-ფაქტურითა და მიღება-ჩაბარების აქტებით საწვავის ტალონები გადაეცა იმ პირს, რომელმაც გამყიდველს წარუდგინა მყიდველის და--------------–---–ის მიერ დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურა. ეს გარემოებები ქმნიდა გამყიდველისათვის საწვავის ტალონების გაცემის გონივრულ საფუძველს. აქვე საყურადღებოა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე საწვავის რაოდენობაზე, მის სახეობასა და ღირებულებაზე შეთანხმება მოხდა იმ დოკუმენტის საშუალებით, რომლის დადასტურების შესაძლებლობა გააჩნდა მხოლოდ მყიდველს.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მყიდველმა და--------------–---–მა გამყიდველის შპს ”------------------------------აგან” შეიძინა 2258.10 ლარის ღირებულების 1170ლ ნავთობი. მყიდველს არ გადაუხდია მიღებული საქონლის ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელე შპს ”------------------------------” წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული, კერძოდ მას გადასახდელი აქვს 2258.10 ლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე მოპასუხის საგადასახადო ელ-გვერდიდან ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონულად დადასტურება (სადავო ფაქტი) ჩათვალა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებად და შესაბამისად, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობად.
გარიგება, რომელიც იწვევს იურიდიულ შედეგს არის ნების გამოვლენა. თუ არ არსებობს მონაწილე მხარის ნება, შესაბამისად, გარიგება იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს. ი/მ დ---------------–---–- ასეთი ნება არ გამოუვლენია, რაც გამომდინარეობს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან (მიღება-ჩაბარების აქტი), რომელსაც ხელს აწერს აპელანტისთვის უცნობი პიროვნება.
3.1.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება მოხდა უშუალოდ აპელანტის მიერ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე და--------------–---–ი მიუთითებდა, რომ არსებობდა დადასტურებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა, მაგრამ მისი მხრიდან დადასტურება არ განხორციელებულა, რითაც სადავოდ ხდიდა საერთოდ გარიგების ნამდვილობას.
3.1.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არ მქონედ ის გარემოება, რომ წარმოდგენილ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში საუბარია არა უშუალოდ საწვავის არამედ ე.წ. საწვავის ტალონების გადაცემაზე. საწვავის ტალონების გადაცემა კი ხდება სპეციალურად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, სადაც ეთითება ტალონის გატანის თარიღი, საწვავის სახეობა და ტალონის უნიკალური ნომრები, შპს „-----------------------------ს“ არც საწვავის და არც საწვავის ტალონების პირადად და--------------–---–ის მხრიდან გატანის ან გამოყენების თაობაზე რაიმე სახის დოკუმენტი/საბუთი სასამართლოში არ წარმოუდგენია.
3.1.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლო სამართლებრივ შეფასებაში მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურები, რითაც მხარეები შეთანხმდნენ მისაწოდებელი საქონლის ღირებულებაზე და რაოდენობაზე, რასაც ადასტურებს თვითონ მოსარჩელე თავის სასარჩელო განცხადებაში, მაგრამ სასამართლო სხდომებზე არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ უშუალოდ, პირადად გადასცა აპელანტს საკუთრების უფლება ქონებაზე (საწვავზე/ტალონზე). გამომდინარე აქედან, სასამართლოს მსჯელობა და იმის უდავო ფაქტობრივ გარემოებად დადგენა, რომ დ----- ბ--------–---–მა პირადად მიიღო საწვავი, დაუსაბუთებელია. აღნიშნულ საქმეზე ნასყიდობის საგნის უშუალოდ დ----- ბ--------–---–ის მიერ მიღების ფაქტი წარმოადგენს ძირითად, მნიშვნელოვან და არსებით ფაქტობრივ გარემოებას.
3.1.5. აპელანტის მითითებით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ საწვავის ტალონები მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე გატანილ იქნა დაუდგენელი პირის მეირ. საერთოდ არ გამოიკვლია ის გარემოება, თუ რა სავაჭრო/კომერციულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ეს დაუდგენელ პირი მოსარჩელესთან, რატომ გასცემდა შპს „-----------------------------“ ამ პირზე სხვა პირზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე საწვავს/ტალონს ყოველგვარი მინდობილობის/დავალების გარეშე.
3.1.6. აპელანტის მოსაზრებით, მოსამართლემ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთანავე არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა, კერძოდ, არასწორად იქნა გამოყენებული და განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 477-ე მუხლები.
მოსამართლემ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლი, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, რომ ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა ემსახურება გადასახადების ადმინისტრირებას და წარმოადგენს საგადასახადო დოკუმენტს და არც ერთ შემთხვევაში არ ადასტურებს საქონელზე საკუთრების უფლების უშუალოდ გადაცემის/მიღების ფაქტს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1. შპს ”------------------------------ა” და და--------------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მყიდველმა ინდ. მეწარმე და--------------–---–მა გამყიდველის შპს ”------------------------------აგან” შეიძინა 2258.10 ლარის ღირებულების საავტომობილო საწვავი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. კანონით ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია - ხელშეკრულების საგანი და ფასი.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მოსარჩელის მიერ მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დასტურად წარმოდგენილია 1---------წ. გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერიით „---, რომელიც შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს: გამყიდველი - შპს „ს-----------------------------ა“; მყიდველი - და--------------–---–ი; საქონლის დასახელება - ნ------------------------–----ბი, გ-------–----------------თვის; საქონლის რაოდენობა - 1170 ლიტრი; საქონლის ღირებულება - 2258,10 ლარი; ტრანსპორტირების სახე - ტალონებით (ტ.I, ს.ფ.18).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის 1,11,2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს: ა) ცალკეულ საქონელზე/მომსახურებაზე, აგრეთვე ცალკეული კატეგორიის მყიდველებისათვის შემოიღოს განსხვავებული ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და განსაზღვროს მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 3---------–------ ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის (შემდეგში „ინსტრუქცია“) XIV თავი ითვალისწინებს ნავთობპროდუქტების ოპერაციების აღრიცხვის სპეციალურ წესს.
ინსტრუქციის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია) ხორციელდება დანართი №III-09 ფორმის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (შემდგომში – „ნსაფ“). აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტით, ნსაფ-ი არის მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტი (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა), აქვს ორი ასოსგან შემდგარი სერია (გარდა კომპიუტერული ნსაფ-ისა) და ინდივიდუალური ნომერი. ნსაფ-ის სერია არის: ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეა”. ინსტრუქციის 57-ე მუხლის მე-15 და მე-151 პუნქტები ადგენს ტალონებით ნავთობპროდუქტების მიწოდებისას ოპერაციის განხორციელების წესს.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის (გამყიდველი) მიერ გამოწერილი და მოპასუხის (მყიდველი) მიერ მიღებული და დადასტურებული ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებულია: მხარეები - გამყიდველი და მყიდველი, საქონლის დასახელება, მიწოდებული საქონლის რაოდენობა, საქონლის ღირებულება. სადავო არ არის ის გარემოება, რიმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონულად დადასტურება განხორციელდა და--------------–---–ის საგადასახადო რეკვიზიტების, მისი პირადი ინფორმაციის გამოყენების შედეგად.
ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/წერილობითი განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.
ამდენად, დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გამოყენებით განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაციისას პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს.
აპელანტის პოზიცია ეყრდნობა გარემოებას მასზედ, რომ მას ვერ წარმოეშობა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, ვინაიდან მართალია, ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება მოხდა და--------------–---–ი რეკვიზიტების გამოყენებით, მაგრამ დადასტურების ნება უშუალოდ მას არ გამოუვლენია.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შეთანხმებულია კომუნიკაციის ელექტრონული ფორმა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონულად დადასტურება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში ავტორიზებული მომხმარებლის მიერ მისი პირადი საგადასახადო რეკვიზიტების გამოყენებით, ივარაუდება, რომ სწორედ ავტორიზებული მომხმარებლის თანხმობითა და შესაბამისი ნების გამოვლენით ხდება ქმედების განხორციელება, რაც სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს სწორედ ავტორიზებული მომხმარებლისათვის, ანუ მოპასუხისათვის.
4.1.2. მოპასუხემ შპს „-----------------------------საგან“ მიიღო 2258.1 ლარის ღირებულების საწვავი.
საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 15 ნოემბრს შპს ,,ს-----------------------------” და ი/მ და--------------–---–ის სახელით და-----------–----ის მიერ შედგენილი მიღება- ჩაბარების აქტი, რომლითაც და-----------–----ს გადაეცა 1170 ლიტრის ტალონები, რომელთ საერთო ღირებულებამ შეადგინა 2258.1 ლარი.
მოპასუხე, როგორც აღინიშნა, უარყოფს როგორც ხელშეკრულების დადებას, ისე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიღებას, განმარტავს, რომ ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება, ასევე საწვავის ტალონების გატანა მოხდა დაუდგენელი პირის მიერ, რომელსაც არ ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით.
ამავე კოდექსის 107-ე მუხლით, უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა.
დავალების ხელშეკრულებისათვის სპეციალური ფორმა კანონით დადგენილი არ არის და იგი შესაძლებელია დაიდოს ზეპირადაც.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ და-----------–----ისათვის გაცემული მინდობილობა საქმეში წარმოდგენილი არ არის, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის ფაქტობრივი გარამოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეს შეეძლო ევარაუდა, რომ და-----------–----ი მოქმედებდა მოპასუხის დავალებით. ასეთი ვარაუდის საფუძველს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქმნიდა ის ფაქტი, რომ და-----------–----ს ხელი მიუწვდებოდა მოპასუხის პირად საგადასახადო რეკვიზიტებზე და დოკუმენტებზე, რომლებზეც წვდომა მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს აქვს. ასეთ პირობებში, რამდენადაც საწინააღმდეგო დადასტურებული არ არის, ივარაუდება, რომ და-----------–----ი მოქმედებდა მოპასუხის თანხმობითა და მისი დავალების ფარგლებში.
ამრიგად, სააპელციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა დავისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასებები მისცა ამ გარემოებებს და მართებულად დააკისრა მოპასუხეს სარჩელით მოთხონილი თანხის გადახდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამიტომ, სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
რადგან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელნტის მიერ გაღებული ხარჯები არ ანაზრაურდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. და--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე