განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015690958 (3ბ/2412-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
წარმომადგენელი - ნ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც-–--------------–---–ი
მესამე პირი - ნ-----–------–---------–---–ი
მესამე პირი - ნ-----–---------–---–ი
წარმომადგენელი - ც-–--------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც-–--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება დ-------–---------–---–ის გარდაცვალების გამო მისი 10 წლის ხელფასის ოდენობით ფულადი კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალა, 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ც-–--------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელისათვის მის მიერ 2015 წლის 23 იანვარს N--------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ------------------–- სასამართლოს მოსამართლე დ-------–---------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2007 წლის 10 სექტემბერს დ------------------– სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას გაუარესდა ძლიერი თავის ტკივილითა და თავბრუსხვევით, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური იქნა გამოძახებული. აღნიშნული სამსახურის მიერ დადგენილი დიაგნოზის მიხედვით, დ-------–---------–---–ს ქალის შიდა სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა აღენიშნა. ინფუზიური თერაპიისა და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ დ-------–---------–---–ი თბილისში გადაიყვანეს.
2.2. 2007 წლის 11 სექტემბერს, დილით, დ-------–---------–---–ს მაღალი არტერიული წნევის ფონზე მარჯვენა კიდურების სისუსტე განუვითარდა და თანდათან გონება დაებინდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სტაციონარში გადაიყვანა, სადაც კლინიკური დიაგნოზი - თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომა დაუდგინდა ტვინის ნივთიერებებში დიდი ზომის სისხლჩაქცევით, რაც სასწრაფო ოპერაციის ჩატარების საფუძველი გახდა. ოპერაციის მიმდინარეობისას, ტრეპანაციის შემდეგ სისხლდენა ანევრიზმიდან განახლდა, რის გამოც გამოტანილ იქნა განმეორებითი ჰემორაგიის დიაგნოზი.
2.3. 2007 წლის 11 სექტემბრის ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ 52 დღე დ-------–---------–---–ი ინტენსიურ თერაპიას თბილისის N----–-------- საავადმყოფოში გადიოდა, ხოლო შემდეგ სახლში იქნა გადაყვანილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველგვარი გაუმჯობესების გარეშე, კომატოზურ მდგომარეობაში და ასეთ მდგომარეობაში გარდაცვალებამდე - 2008 წლის 28 ივლისამდე იმყოფებოდა.
2.4. თბილისის შპს N-------------–--ა პოლიკლინიკის ექიმ-ნევროპათოლოგ ლ------------ს მიერ დ-------–---------–---–ის მიმართ გაცემული სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ყუა N----ის მიხედვით, სიკვდილის მიზეზად დაფიქსირებულია: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა (ანევრიზმის გასკდომა), კომატოზური მდგომარეობა.
2.5. დ-------–---------–---–ის გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების მიზეზად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლა არის დაფიქსირებული.
2.6. დ-------–---------–---–ი იყო ც-–--------------–---–ის მეუღლე.
2.7. 2013 წლის 30 ოქტომბერს ც-–--------------–---–მა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა განცხადებით დ-------–---------–---–ის გარდაცვალების გამო დახმარების გაცემის მოთხოვნით.
2.8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა დ-------–---------–---–ის გარდაცვალების გამო მოსამართლის 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე (პუნქტი 1) და დადგინდა მისთვის შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო მოსამართლის 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით დახმარების გაცემა (პუნქტი 2).
სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.9. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 8 მაისის N---- გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის პირველად - 2007 წლის 10 სექტემბერს მოშლა დ-------–---------–---–ს აღენიშნა რა თავის ტვინში ანევრიზმის გასკდომისა და სისხლის ჩაქცევით სახით (დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ----------“ N0------- დასკვნაში ასახული ავადმყოფის სამედიცინო ბარათი N4---), რაც პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნების ალბათობას უკვე მინიმუმამდე ამცირებდა (დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ----------“ N0------- დასკვნა, ხელწერილი პაციენტისათვის მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე - ს.ფ. 32, ექიმ-ნევროპათოლოგ ლ------------ს ახსნა- განმარტება - ს.ფ. 39), გადაწყდა სასწრაფო ნეიროქირგიული ოპერაციის ჩატარება, ოპერაციის მიმდინარეობისას კი, დიდი ზომის ანევრიზმის კედლის დეფექტიდან ინტენსიური სისხლდენა განახლდა (დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ----------“ N0------- დასკვნაში ასახული ოპერაციის ოქმი N---), რაც შეფასებულ იქნა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლად (ექიმ-ნევროპათოლოგ ლ------------ს ახსნა-განმარტება - ს.ფ. 39). ოპერაციის ოქმისა და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ----------“ N0------- დასკვნიდან გამომდინარე, ოპერაცია ჩატარდა ტექნიკური წუნის გარეშე და სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლა, ანუ სისხლძარღვის დაზიანებული კედლიდან სისხლდენის განახლება 2007 წლის 10 სექტემბერს განვითარებულმა დარღვევამ განაპირობა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, დასახელებული დასკვნის მიხედვით, ე.წ. სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლა თავის ტვინის 2007 წლის 10 სექტემბერს დაზიანების ერთიანი პათოლოგიური პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო. დასახელებული გარემოებები, ისევე, როგორც დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ----------“ N0------- დასკვნა, რომელიც სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიცა, მოპასუხის მიერ შეფასებული არ ყოფილა. ამასთან, გარდაცვალების მიზეზზე მსჯელობისას აქცენტი გაკეთდა მხოლოდ გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ გარემოებაზე და ყურადღება არ ყოფილა გამახვილებული გარდაცვალების მოწმობაში ინფორმაციის ასახვის საფუძვლად არსებულ სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ყუა N----ზე და მისი შემდგენი ექიმის განმარტებაზე, რომლის შესაბამისად, დ-------–---------–---–ის გარდაცვალების მიზეზია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა (ანევრიზმის გასკდომა) და კომატოზური მდგომარეობა (ს.ფ. 41), რაც ოპერაციის განხორციელებამდეც, სტაციონარში შესვლისას უკვე აღინიშნებოდა (სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო ბარათი N4---, ასახული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ----------“ N0------- დასკვნაში, ექიმ გ--------------–-–---–ის ახსნა-განმარტება - 37).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსამართლე დ-------–---------–---–თან დაკავშირებით დახმარების გაცემის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 8 მაისის N---- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
2.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული მოსამართლეთა სოციალური დაცვის განმსაზღვრელი კანონმდელობის საფუძველზე. დ-------–---------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისი გარდაცვალების პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამართლის შრომიუნარიანობის დაკარგვისა და/ან მისი გარდაცვალების შემთხვევაში დახმარების გაცემის საკითხი დარეგულირებული იყო საქართველოს კანონით „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“. მითითებული კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად: 1. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მოსამართლის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. 2. მოსამართლეს, რომელმაც შრომის უნარი დაკარგა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მიეცემა დახმარება: ა) შრომის უნარის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) შრომის უნარის სრულად დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოყვანილი ნორმა დახმარების გაცემის საფუძვლად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარ კონკრეტულ გარემოებას ადგენს, თუმცა შესაბამისი გარემოების შეფასება მისგან უშუალოდ გამომდინარე შედეგის მხედველობაში მიღების გარეშე დაუშვებელია, რამეთუ ამგვარი მიდგომა წარმოადგენს ურთიერთობის ფორმალურ განხილვას მისი არსის უგულებელყოფით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი სამართლის ნორმით განსაზღვრულ ფაქტებთან მიმართებით კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკისა და კანონით გარანტირებული უფლების ხასიათის მხედველობაში მიღებით უნდა იქნეს დადგენილი. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დ-------–---------–---–ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 2007 წლის 10 სექტემბერს მომხდარ ფაქტს - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვან მოშლასა და ანევრიზმის გასკდომას მისი კომატოზური მდგომარეობა და რამდენიმე თვის შემდეგ გარდაცვალება მოჰყვა. ის ფაქტი, რომ კომატოზური მდგომარეობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი ფაქტის - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლის შედეგია, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და ამ მხრივ სრულიად მართლზომიერად იქნა შეფასებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი ფაქტი, როგორც შრომისუნარიანობის სრული დაკარგვის განმაპირობებელი გარემოება. თუმცა, გარდაცვალებამდე არსებული მდგომარეობა, რაც დ-------–---------–---–ის სიცოცხლისუნარიანობას მეტად პირობითად აქცევდა, და მიზეზობრივი კავშირის სრული ბმა სადავო გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული არ ყოფილა და შეფასება არ მისცემია გარდაცვალების საფუძვლად მითითებულ გარემოებებს - სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლასა და კომატოზურ მდგომარეობას, რაც, დ-------–---------–---–ის გარდაცვალების უშუალო მიზეზი გახდა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, რაც მათ სათანადო შეფასებასა და კანონის ნორმის არასწორად გამოყენებას განაპირობებს.
2.12. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ იძლევა გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განმცხადებლის მიერ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ დ-------–---------–---–ის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდებოდა მისი გარდაცვალება ან შრომის უნარის სრული დაკარგვა, წარმოდგენილ იქნა შემდეგი მტკიცებულებები: 1. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური 03-ის გამოძახების ბარათი. სამედიცინო ბარათი არის ბუნდოვანი და თითქმის შეუძლებელია მისი წაკითვა; 2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. დასკვნაში მითითებულია, რომ 2008 წლის სექტემბერში, სამსახურში ყოფნის დროს გაუსკდა დ-------–---------–---–ს ანევრიზმა თავის ტვინში; 3. დ------------------–- სასამართლოს თავმჯდომარის წერილი. აღნიშნული წერილი ზოგადი ხასიათისაა და არ იძლევა წარმოდგენილი შემთხვევის მიმდინარეობის პროცესის სრულყოფილად აღწერას; 4. ექიმების ახსნა-განმარტებები. აღნიშნული ახსნა-განმარტებები ეხება უშუალოდ 2007 წლის 11 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს; 5. ც-–--------------–---–ის ახსნა-განმარტება; 6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დ-------–---------–---–ის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ; 7. მეურვის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,2007 წლის 9 სექტემბრიდან დ-------–---------–---–ი იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში’’. აპელანტი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რა დროსაც დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა დ-------–---------–---–ის მიერ სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის სრულად დაკარგვის ფაქტს. აღნიშნული ფაქტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მე-2 ნაწილი, რომელიც ამ ფაქტს ადგენს, შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთიან დოკუმენტს და საჭიროებს პირველი და მე-2 ნაწილების ერთობლიობაში განხილვას. გადაწყვეტილების მხოლოდ პირველ ნაწილზე მსჯელობა შეუძლებელია, ვინაიდან პირველ ნაწილში მითითებული ფაქტის დადასტურება გამორიცხავს მე-2 ნაწილით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში მოსარჩელის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტ შპს ,,ვ----------’’ დასკვნა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექსპერტიზის დასკვნა გადაეცა სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დროს. სწორედ ამ დასკვნით ირკვევა, რომ დ-------–---------–---–ი განმეორებით საკუთარ სახლში გახდა ცუდად, რასაც შედეგად მოჰყვა თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის არ იყო ცნობილი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რაც წარმოადგენდა სასამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის სრულად დაკარგვის საფუძვლით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მნიშვნელოვან გარემოებას. ამ ფაქტის ცოდნის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაძლოა სხვა გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, რადგან განმცხადებლის მიერ მოსამართლე დ-------–---------–---–ის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვან მოშლასა და თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომას შორის მიზეზობრივი კავშირი მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნებოდა დადასტურებული. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს ,,ვ----------’’ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ,,დ-------–---------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკული დამძიმება თავისი შედეგებითურთ პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია 2007 წლის 10 სექტემბერს თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომასთან. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების მიხედვით, ანევრიზმის გასკდომა მოხდა არა 2007 წლის 10 სექტემბერს, არამედ 11 სექტემბერს. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნაში მოცემულია არსებითად მცდარი ფაქტი.
3.3. აპელანტის განმარტებით, განმცხადებლის მიერ დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე 2007 წლის 10 სექტემბერს დ-------–---------–---–ის მიმართ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ დასმული დიაგნოზი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა, არ იძლევა დ-------–---------–---–ის მიმართ 2007 წლის 11 სექტემბერს დამდგარ შედეგთან ზემოაღნიშნული ფაქტის დაკავშირების შესაძლებლობას. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ დ-------–---------–---–ის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა დაედო საფუძვლად მეორე დღეს, 2007 წლის 11 სექტემბერს, განხორციელებულ თავის ტვინში შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომას. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება შეიძლებოდა თუ არა 2007 წლის 10 სექტემბერს სრულყოფილი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ დამდგარი შედეგის თავიდან აცილება. განსახილველ საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დ-------–---------–---–ი ჰიპერტონულ დაავადებაზე მკურნალობდა რამდენიმე წელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებული, იგი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი გარანტიების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილ ,,სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისას’’ გარდაცვალებად. აღნიშნული საკითხის განმარტების შეფასების გარეშე კი შეუძლებელია სადავო საკითხის გადაწყვეტა.
3.4. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ-------–---------–---–ის გარდაცვალების გამო 10 წლის ხელფასის ოდენობით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, რომელიც ეხება სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლე დ-------–---------–---–ის შრომის უნარის სრულად დაკარგვის გამო ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას, კანონიერ ძალაშია შესული, აღსრულებულია და არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ აღნიშნული პუნქტი. აქედან გამომდინარე, ბუნდოვანია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოახდინოს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვალების გამო ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, რაც შეუძლებელია, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოახდინოს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის სრულად დაკარგვის გამო ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, ხოლო ორმაგი კომპენსაციის გაცემა დაუშვებელია, თუ უნდა მოხდეს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლის გარდაცვალების გამო ფულადი დახმარების გაცემისას მოსარჩელისათვის უკვე გაცემული კომპენსაციის ჩათვლა. აღნიშნული ფაქტი კი ეწინააღმდეგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მე-2 ნაწილს, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო ის რაც დასაბუთებულია, იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
3.5. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არ მისცა აღნიშნული ნორმით დადგენილ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტს, რაც დავის საგნის საფუძველს წარმოადგენს.
3.6. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. კერძოდ, მან არ გაითვალისწინა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენდა ერთიან აქტს და მხოლოდ მისი ნაწილის ბათილად ცნობა არ იქნებოდა მიზანშეწონილი, ვინაიდან პირველ ნაწილში მითითებული ფაქტის დადასტურება გამორიცხავდა მე-2 ნაწილით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული და აღსრულებული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ ხელახლა განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ------------------–- სასამართლოს მოსამართლე დ-------–---------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2007 წლის 10 სექტემბერს დ------------------– სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას გაუარესდა ძლიერი თავის ტკივილითა და თავბრუსხვევით, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური იქნა გამოძახებული. აღნიშნული სამსახურის მიერ დადგენილი დიაგნოზის მიხედვით, დ-------–---------–---–ს ქალის შიდა სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა აღენიშნა. ინფუზიური თერაპიისა და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ დ-------–---------–---–ი თბილისში გადაიყვანეს.
4.3. 2007 წლის 11 სექტემბერს, დილით, დ-------–---------–---–ს მაღალი არტერიული წნევის ფონზე მარჯვენა კიდურების სისუსტე განუვითარდა და თანდათან გონება დაებინდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სტაციონარში გადაიყვანა, სადაც კლინიკური დიაგნოზი - თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომა დაუდგინდა ტვინის ნივთიერებებში დიდი ზომის სისხლჩაქცევით, რაც სასწრაფო ოპერაციის ჩატარების საფუძველი გახდა. ოპერაციის მიმდინარეობისას, ტრეპანაციის შემდეგ სისხლდენა ანევრიზმიდან განახლდა, რის გამოც გამოტანილ იქნა განმეორებითი ჰემორაგიის დიაგნოზი.
4.4. 2007 წლის 11 სექტემბრის ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ 52 დღე დ-------–---------–---–ი ინტენსიურ თერაპიას თბილისის N----–-------- საავადმყოფოში გადიოდა, ხოლო შემდეგ სახლში იქნა გადაყვანილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველგვარი გაუმჯობესების გარეშე, კომატოზურ მდგომარეობაში და ასეთ მდგომარეობაში გარდაცვალებამდე - 2008 წლის 28 ივლისამდე იმყოფებოდა.
4.5. თბილისის შპს N-------------–--ა პოლიკლინიკის ექიმ-ნევროპათოლოგ ლ------------ს მიერ დ-------–---------–---–ის მიმართ გაცემული სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ყუა N----ის მიხედვით, სიკვდილის მიზეზად დაფიქსირებულია: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა (ანევრიზმის გასკდომა), კომატოზური მდგომარეობა.
4.6. დ-------–---------–---–ის გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების მიზეზად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლა არის დაფიქსირებული.
4.7. დ-------–---------–---–ი იყო ც-–--------------–---–ის მეუღლე.
4.8. 2013 წლის 30 ოქტომბერს ც-–--------------–---–მა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა განცხადებით დ-------–---------–---–ის გარდაცვალების გამო დახმარების გაცემის მოთხოვნით.
4.9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა დ-------–---------–---–ის გარდაცვალების გამო მოსამართლის 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე (პუნქტი 1) და დადგინდა მისთვის შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო მოსამართლის 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით დახმარების გაცემა (პუნქტი 2).
სამართლებრივი დასაბუთება
4.10. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა საქმის მასალების ხელახალი შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ასევე მოცემულ საქმეზე გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო იგი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4.13. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული მოსამართლეთა სოციალური დაცვის განმსაზღვრელი კანონმდელობის საფუძველზე. დ-------–---------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისი გარდაცვალების პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამართლის შრომიუნარიანობის დაკარგვისა და/ან მისი გარდაცვალების შემთხვევაში დახმარების გაცემის საკითხი დარეგულირებული იყო საქართველოს კანონით „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“. მითითებული კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად: 1. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მოსამართლის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. 2. მოსამართლეს, რომელმაც შრომის უნარი დაკარგა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მიეცემა დახმარება: ა) შრომის უნარის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) შრომის უნარის სრულად დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მოყვანილი ნორმა დახმარების გაცემის საფუძვლად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარ კონკრეტულ გარემოებას ადგენს, თუმცა შესაბამისი გარემოების შეფასება მისგან უშუალოდ გამომდინარე შედეგის მხედველობაში მიღების გარეშე დაუშვებელია, რამეთუ ამგვარი მიდგომა წარმოადგენს ურთიერთობის ფორმალურ განხილვას მისი არსის უგულებელყოფით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი სამართლის ნორმით განსაზღვრულ ფაქტებთან მიმართებით კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკისა და კანონით გარანტირებული უფლების ხასიათის მხედველობაში მიღებით უნდა იქნეს დადგენილი. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დ-------–---------–---–ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 2007 წლის 10 სექტემბერს მომხდარ ფაქტს - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვან მოშლასა და ანევრიზმის გასკდომას მისი კომატოზური მდგომარეობა და რამდენიმე თვის შემდეგ გარდაცვალება მოჰყვა. ის ფაქტი, რომ კომატოზური მდგომარეობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი ფაქტის - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლის შედეგია, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და ამ მხრივ სრულიად მართლზომიერად იქნა შეფასებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი ფაქტი, როგორც შრომისუნარიანობის სრული დაკარგვის განმაპირობებელი გარემოება. თუმცა, გარდაცვალებამდე არსებული მდგომარეობა, რაც დ-------–---------–---–ის სიცოცხლისუნარიანობას მეტად პირობითად აქცევდა, და მიზეზობრივი კავშირის სრული ბმა სადავო გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული არ ყოფილა და შეფასება არ მისცემია გარდაცვალების საფუძვლად მითითებულ გარემოებებს - სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლასა და კომატოზურ მდგომარეობას, რაც, დ-------–---------–---–ის გარდაცვალების უშუალო მიზეზი გახდა. ამდენად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, რაც მათ სათანადო შეფასებასა და კანონის ნორმის არასწორად გამოყენებას განაპირობებს.
4.14. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა, რომ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის პირველად - 2007 წლის 10 სექტემბერს მოშლა დ-------–---------–---–ს აღენიშნა რა თავის ტვინში ანევრიზმის გასკდომისა და სისხლის ჩაქცევით სახით (დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ----------“ N0------- დასკვნაში ასახული ავადმყოფის სამედიცინო ბარათი N4---), რაც პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნების ალბათობას უკვე მინიმუმამდე ამცირებდა (დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ----------“ N0------- დასკვნა, ხელწერილი პაციენტისათვის მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე - ს.ფ. 32, ექიმ-ნევროპათოლოგ ლ------------ს ახსნა- განმარტება - ს.ფ. 39), გადაწყდა სასწრაფო ნეიროქირგიული ოპერაციის ჩატარება, ოპერაციის მიმდინარეობისას კი, დიდი ზომის ანევრიზმის კედლის დეფექტიდან ინტენსიური სისხლდენა განახლდა (დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ----------“ N0------- დასკვნაში ასახული ოპერაციის ოქმი N---), რაც შეფასებულ იქნა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლად (ექიმ-ნევროპათოლოგ ლ------------ს ახსნა-განმარტება - ს.ფ. 39). ოპერაციის ოქმისა და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ----------“ N0------- დასკვნიდან გამომდინარე, ოპერაცია ჩატარდა ტექნიკური წუნის გარეშე და სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლა, ანუ სისხლძარღვის დაზიანებული კედლიდან სისხლდენის განახლება 2007 წლის 10 სექტემბერს განვითარებულმა დარღვევამ განაპირობა. დასახელებული დასკვნის მიხედვით, ე.წ. სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლა თავის ტვინის 2007 წლის 10 სექტემბერს დაზიანების ერთიანი პათოლოგიური პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო. დასახელებული გარემოებები, ისევე, როგორც დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ----------“ N0------- დასკვნა, რომელიც სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიცა, მოპასუხის მიერ შეფასებული არ ყოფილა. ამასთან, გარდაცვალების მიზეზზე მსჯელობისას აქცენტი გაკეთდა მხოლოდ გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ გარემოებაზე და ყურადღება არ ყოფილა გამახვილებული გარდაცვალების მოწმობაში ინფორმაციის ასახვის საფუძვლად არსებულ სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ყუა N----ზე და მისი შემდგენი ექიმის განმარტებაზე, რომლის შესაბამისად, დ-------–---------–---–ის გარდაცვალების მიზეზია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა (ანევრიზმის გასკდომა) და კომატოზური მდგომარეობა (ს.ფ. 41), რაც ოპერაციის განხორციელებამდეც, სტაციონარში შესვლისას უკვე აღინიშნებოდა (სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო ბარათი N4---, ასახული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ----------“ N0------- დასკვნაში, ექიმ გ--------------–-–---–ის ახსნა-განმარტება - 37).
4.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ხელახლა განიხილოს სადავო საკითხი, თავიდან შეისწავლოს და გამოიკვლიოს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ამასთან, გამოიკვლიოს როგორც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხის მიმართ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე