განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001531499
საქმე №2ბ/7233-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი – ნატო მახარაშვილი
აპელანტი - მ------ ა-–----–---–ი
წარმომადგენელი - ნ----–-------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ----- ბ---ი“
წარმომადგენელი - თ---------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
აღწერილობითი ნაწილი
1. 2015 წლის 18 დეკემბერს სს ,,ბ--- რ-------–--ასა“ და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების #3----- საფუძველზე ბ---მა გასცა კრედიტი 2377.62 ლარის ოდენობით, წლიური 0 პროცენტის დარიცხვით, 12 თვის ვადით. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.40 %-ით. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში გათვალისწინებული ფინანსური ხარჯები განისაზღვრა შემდეგნაირად: ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + საპროცენტო სარგებელი) - 198.14 ლარი, კრედიტის დამტკიცების საკომისიო - 110.75 ლარი (კრედიტის გაცემისას), კრედიტით სარგებლობის საკომისიო -51.87 ლარი (კრედიტის გაცემისას)
2. 2016 წლის 23 იანვარს სს ,,ბ--- რ-------–--ასა“ და მსესხებელს შორისგაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების #3----- საფუძველზე ბ---მა გასცა კრედიტი 1400 ლარის ოდენობით, წლიური 0 პროცენტის დარიცხვით, 12 თვის ვადით. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.10 %-ით. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში გათვალისწინებული ფინანსური ხარჯები განისაზღვრა შემდეგნაირად: ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + საპროცენტო სარგებელი) – 116.67 ლარი, კრედიტის დამტკიცების საკომისიო - 40 ლარი (კრედიტის გაცემისას), კრედიტით სარგებლობის საკომისიო - 12 ლარი (კრედიტის გაცემისას).
3. 2016 წლის 26 თებერვალს სს ,,ბ--- რ-------–--ასა“ და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების #3----- საფუძველზე ბ---მა გასცა კრედიტი 824.75 ლარის ოდენობით, წლიური 0 პროცენტის დარიცხვით, 12 თვის ვადით. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.10 %-ით. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში გათვალისწინებული ფინანსური ხარჯები განისაზღვრა შემდეგნაირად: ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + საპროცენტო სარგებელი) – 68.73 ლარი, კრედიტის დამტკიცების საკომისიო - 38.05 ლარი (კრედიტის გაცემისას), კრედიტით სარგებლობის საკომისიო -25.70 ლარი (კრედიტის გაცემისას)
4. თითოეული ხელშეკრულების შემადგენელი მნიშვნელოვანი პირობების თანახმად გათვალისწინებული იქნა საურავის დარიცხვის წესი ვალდებულების დარღვევისათვის. კერძოდ, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით და დავალიანების ძირითადი თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დავალიანების ძირითადი თანხის 12% დამატებით ვადაში დავალიანების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში. ამასთან, ბ---ს 12%-ის დარიცხვის უფლებით არ უსარგებლია.
5. მოპასუხეს მისამართზე გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლებიც ჩაბარდა ადრესატის - მ------ ა-–----–---–ის მეუღლეს - დ-----– ა-–----–---–ს 2016 წლის 28 სექტემბერს მისამართზე - თბილისი, მ------------------- 19.
6. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. სს ,,ბ---ი რ-------–--ას“ სათაო ოფისის სესხების ამოღების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 16 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, მოპასუხე მ------ ა-–----–---–ის (პ/ნ 0----------) დავალიანება სს ,,ბ---ი რ-------–--ას“ მიმართ არის:
- 2015 წლის 18 დეკემბრის #3----- ხელშეკრულებიდან (სისტემური აღრიცხვის
#5-----) გამომდინარე: ჯამური დავალიანება - 2126.41 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა - 1780.78 ლარი, დარიცხული სარგებელი - 0 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო
- 345.63 ლარი.
- 2016 წლის 23 იანვრის #3----- ხელშეკრულებიდან (სისტემური აღრიცხვის #5-----) გამომდინარე: ჯამური დავალიანება - 1387.5 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა -
1166.66 ლარი, დარიცხული სარგებელი - 0 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 220.84 ლარი.
- 2016 წლის 26 თებერვლის #3----- ხელშეკრულებიდან (სისტემური აღრიცხვის
#5-----) გამომდინარე: ჯამური დავალიანება - 902.55 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა - 756.02 ლარი, დარიცხული სარგებელი - 0 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო -146.53 ლარი.
7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2017 წლის 8 მაისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, სს ,,ბ---ი რ-------–--ა“ 2017 წლის 8 მაისს შეერწყა სს ,,თ----- ბ---ს“.
8. სს „თ----- ბ---მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა
მოპასუხე მ------ ა-–----–---–ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს: 2015 წლის 18 დეკემბრის #3----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება
2126.41 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა-1780.78 ლარი, პირგასამტეხლო - 345.63 ლარი;
2016 წლის 23 იანვრის #3----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1387.5 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 1166.66 ლარი, პირგასამტეხლო - 220.84 ლარი;
2016 წლის 26 თებერვლის #3----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების
902.55 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 756.02, პირგასამტეხლო - 146.53 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2015 წლის 18 დეკემბერს ბ---სა და მსესხებელს შორის გაფორმებული #3----- საკრედიტო ხელშეკრულება (სისტემური აღრიცხვის #5-----), რომლის საფუძველზე ბ---მა გასცა კრედიტი 2377.62 ლარის ოდენობით, წლიური 0 პროცენტის დარიცხვით, 12 თვის ვადით. 2015 წლის 23 იანვარს ბ---სა და მსესხებელს შორის გაფორმებული #3----- საკრედიტო ხელშეკრულება (სისტემური აღრიცხვის #5-----), რომლის საფუძველზე ბ---მა გასცა კრედიტი 1400 ლარის ოდენობით, წლიური 0 პროცენტის დარიცხვით, 12 თვის ვადით. 2016 წლის 26 თებერვალს ბ---სა და მსესხებელს შორის გაფორმებული #3----- საკრედიტო ხელშეკრულება (სისტემური აღრიცხვის #5-----), რომლის საფუძველზე ბ---მა გასცა კრედიტი 824.75 ლარის ოდენობით, წლიური 0 პროცენტის დარიცხვით, 12 თვის ვადით.
9. მოპასუხე მ------ ა-–----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მიუთითა, რომ თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი და არ შეუძლია გადახდა.
10. თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „თ----- ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
10.1. 2014 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, სს ,,ბ---ი რ-------–--ასა“ და მ------ ა-–----–---–ს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს, 2016 წლის 23 იანვარს და 2016 წლის 26 თებერვალს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,ბ---ი რ-------–--ა'', ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით (მნიშვნელოვან )პირობაზე. ამდენად, მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ----- ბ---ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს 2015 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 1780.78 ლარის, 2016 წლის 23 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 1166.66 ლარის და 2016 წლის 26 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 756.02 ლარის გადახდა.
10.2 სს „თ----- ბ---ის“ მოთხოვნაა მ------ ა-–----–---–ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს: #3----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე პირგასამტეხლო 345.63 ლარის ოდენობით, #3----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე პირგასამტეხლო 220.84 ლარის ოდენობით, #3----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე პირგასამტეხლო 146.53 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მ------ ა-–----–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულდებოდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონმშესაბამისი და მართლზომიერია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0,5% თვეში (30 დღე) შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) - 182.5%-ს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 0.05%-მდე. შესაბამისად, მ------ ა-–----–---–ს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს: #3----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე პირგასამტეხლო 34.56 ლარის ოდენობით, #3----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე პირგასამტეხლო 22.08 ლარის ოდენობით, #3----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე პირგასამტეხლო 14.65 ლარის ოდენობით.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მ------ ა-–----–---–მა. აპელანტის განმარტებით:
11.1 მას სესხი არ აუღია მხოლოდ განვადებით შეიძნა ქონება. მისი განმარტებით, სასამართლომ არასწორად დააკისრა საურავი ვინაიდან საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძნა იმ პირობით, რომ არ მოუწევდა არანაირი საურავის გადახდა, შესაბამისად მისთვის უცნობი, იყო, რომ თანხის გადაუხდელობის გამო დაეკისრებოდა ჯარიმა ან პირგასამტეხლო.
11.2 აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არ აქვს არანაირი შემოსავალი გარდა პენსიისა. აპელანტი ასევე მიუთითებს ჯანრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. მისი აზრით, ამხელა თანხის მისთვის დაკისრება არის უსამართლო, რადგან მისთვის თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
12. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
13. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, თანხის დაკისრება. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტი მ------ ა-–----–---–ის განმარატებას, რომ მას უსამართლოდ და დაუსაბუთებლად დაეკისრა თანხა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის შეუსრულებლობის გამოც დაეკისრა მ------ ა-–----–---–ს ძირი თანხა და პირგასამტეხლო, ამასთან, სასამართლოს მხრიდან უკვე შემცირებულია პირგასამტეხლო, რაც დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია, აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერც ამ ნაწილში გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017)
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს, ვალდებულების შეუსრულებლობლობის ხანგრძლივობა. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირგსამტეხლო, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებით შემცირდა 0.05% არ არის შუსაბამოდ მაღალი და მისი კვლავ შემცირების მატერიალურ-სამართლებრუვი წინაპირობები არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
საპროცესო ხარჯები აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ------ ა-–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /დიანა ბერეკაშვილი /