განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001471876
საქმე №3ბ/2745-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
15 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე- შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო----------–-–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალოს ო----------–-–---–ისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. ასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ო----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა აღუდგინოს ო----------–-–---–ს სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2013 წლის 1 დეკემბრიდან; მხარეები განთავისუფლებულნი იყვნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2010 წლის 24 სექტემბერს, ერთის მხრივ სსიპ სსსტც „დ--–---ს“ და მეორეს მხრივ ო----------–-–---–ს (დაბ. 2--------- წ.) შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ო----------–-–---–ი დაინიშნა ამწყობი-ზეინკლის თანამდებობაზე და ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა - 704 ლარის ოდენობით.
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“ მიერ 2017 წლის 28 თებერვლის №--- წერილით დგინდება, რომ ო----------–-–---–ი (პ/ნ: 0----------) 2010 წლის 24 სექტემბრიდან ამ პერიოდამდე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ ნამზადების და სატვიფრო საწარმოს ზეინკლის (ამწყობი-ზეინკალი) თანამდებობაზე და მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის: ა) ნებისმიერი სირთულის ნახაზის გარჩევა/წაკითხვა; ბ) ჩასმებისა და დაშვებების ცხრილის გამოყენება; გ) დეტალების და კვანძების, მექანიზმების გამოცდა, დამუშავება და აწყობა; დ) მოწყობილობების გამართვა, მონტაჟი, დემონტაჟი, გამოცდა და რეგულირება; ე) დეტალების და კვანძების საზეინკლო დამუშავება; ვ) რთული სამარჯვების დამზადება, რემონტი და მონტაჟი; ზ) დეფექტური უწყისების შედგენა და რემონტი; თ) სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება ამწე-სატრანსპორტო მექანიზმებისა და სპეც. მოწყობილობების გამოყენებით; ი) მოწყობილობების ექსპლოატაციისა და რემონტის პროცესის დროს დეფექტების გამოვლენა და აღმოფხვრა; კ) სიზუსტის შემოწმება და გამოცდა შეკეთებული მოწყობილობების დატვირთვის დროს; ლ) ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა; მ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
ო----------–-–---–ი, მუშაობდა რა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---ში“, ამავდროულად დანიშნული ჰქონდა და იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას (პენსიას), რომლის გაცემაც შეუწყდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან. (ს.ფ. 60-63); (ს.ფ. 59);
4.2. 2016 წლის 19 ივლისს, ო----------–-–---–მა (დაბ. 2--------- წ.) განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) აღდგენა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებულ იქნა №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით ო----------–-–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია).
მხარეს განემარტა გასაჩივრების წესი, კერძოდ, განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144) ან სასამართლოში (თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6; სააგენტოს სხვა ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში), გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. (ს.ფ. 13);(ს.ფ. 2).
4.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის 2016 წლის 9 აგვისტოს N0------------ წერილით ო----------–-–---–ის წარმომადგენელს - ხ-------------–---–ს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დ--–---“ არ წამოადგენდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულებზე არ ვრცელდება შეღავათი და ისინი ვერ მოიპოვებენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). წერილის მიხედვით, მოქალაქეებს, მათ შორის ო----------–-–---–ს (პ/ნ: 0----------) გაუფორმდა საპენსიო პაკეტის დანიშვნაზე უარის გადაწყვეტილება.(ს.ფ. 12).
4.4. ო----------–-–---–ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ერთეულების მიერ სხვა რაიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული და მოსარჩელისთვის ჩაბარებული არ ყოფილა.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. აღნიშნულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება.
საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე ო----------–-–---–ი დაიბადა 1----–-–-------------ს. შესაბამისად იგი წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს, დანიშნული ჰქონდა და მას პენსიის გაცემა შეუწყდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“, სადაც მოსარჩელე - ო----------–-–---–ი მუშაობს, ეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
ამავე გადაწყვეტილების თანახმად სახეზე არ გვაქვს კომპენსაციის მიღებაზე ხელახლა უფლების მოპოვების შემთხვევა, რადგან უფლება კომპენსაციის მიღებაზე მოპოვებული იყო და ეს უფლება მას არ დაუკარგავს და იგი ითხოვს კომპენსაციის აღდგენას და არა დანიშვნას. ამასთან, მართალია კომპენსაციის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი საჯარო საქმიანობის განხორცილებას განსაზღვრავს, თუმცა საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში კომპენსაციის შეწყვეტა თავისი არსით კომპენსაციის შეჩერებას გულისხმობს.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე - ო----------–-–---–ი საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დ--–---ში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად და მას კანონის შესაბამისად არ შეიძლება შეუწყდეს უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონს.
საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2013 წლის 1 დეკემბრიდან ო----------–-–---–ს ისე შეუწყვიტეს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ან მის ტერიტორიულ ორგანოს აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა გასაჩივრებული 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებისა. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიზეზი, რის გამოც, ო----------–-–---–ს ზემოთ მითითებული პერიოდიდან შეუწყვიტეს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, მიჩნეული იქნა უკანონოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული მოქმედებით მას მიაყენეს ზიანი, რაც შეადგენს 2013 წლის 1 დეკემბრიდან გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) ოდენობას.
6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მოწინაღმდეგე მხარისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლზე, განმარტვას, რომ მიზანშეწონილია მოხდეს სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---სა“ და მასთან არსებული სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების დებულებებით განსაზღვრული ძირითადი უფლება-მოვალეობების შედარება რათა ცხადი გახდეს, რომ დ--–--- არ წარმოედგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას.
იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების თანამდებობის პირად, იგი უნდა ეწეოდეს სამეცნიერო საქმიანობას, მაგალითად, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ხოლო რა შეიძლება შედიოდეს ან არ შედიოდეს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, ამას თავად დაწესებულებათა ფუნქცია-მოვალეობები განასხვავებს.
აპელანტი მიუთითებს, რომ რაც შეეხება სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს“, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 15 აგვისტოს 25-ე ბრძანებით დამტკიცებული დებულების მესამე მუხლში ჩამოყალიბებულია „დ--–---ს“ მიზნები, ამოცანები, ფუნქციები, და საქმიანობის საგანი, რომლიდანაც ნათელი ხდება, რომ იგი არ წარმოადგენს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას. მაგალითად, მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მოცემულია, რომ დ--–---ს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს „სამხედრო ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების დაცვის სპეციალური სისტემების შემუშავება, დანერგვა, მომსახურება და რემონტი“, შესაბამისად აღნიშნული არ შეიძლება გაყვანილი იქნეს სამეცნიერო საქმიანობაში.
მოსარჩელეს 2013 წლის დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია, რომელიც სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ არ იღებდა სახელმწიფო გასაცემელს და ჰქონდა შეწყვეტილი.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითებს, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.
7.2. პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.
მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე ო----------–-–---–ი დაიბადა 1----–-–-------------ს. შესაბამისად იგი წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს, დანიშნული ჰქონდა და მას პენსიის გაცემა შეუწყდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან.
დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ივლისს, ო----------–-–---–მა (დაბ. 2--------- წ.) განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებულ იქნა №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით ო----------–-–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის 2016 წლის 9 აგვისტოს N0------------ წერილით ო----------–-–---–ის წარმომადგენელს ხ-------------–---–ს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დ--–---“ არ წამოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულებზე, არ ვრცელდება შეღავათი და ისინი ვერ მოიპოვებენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).(ს.ფ. 13);(ს.ფ. 2).
7.3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქმის მასალების თანახმად, ო----------–-–---–ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---ს“ ნამზადების და სატვიფრო საწარმოს ზეინკლის (ამწყობი-ზეინკალი) თანამდებობაზე. (ს.ფ 60-63)
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო----------–-–---–ი საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ში“ და იგი არ უნდა ჩაითვლოს საჯარო საქმიანობად და მას კანონის შესაბამისად არ შეიძლება შეუწყდეს უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუ პირი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, პირის მოქმედება იყო განზრახი ან გაუფრთხილებელი, უშუალოდ ამ მართლსაწინააღმდეგო, განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მოქმედებამ ზიანი მიაყენა სხვა პირს, კერძოდ შელახა პირის ქონებრივი ან/და არაქონებრივი უფლებები ან/და კანონით დაცული ინტერესები (მიზეზობრივი კავშირი). ხოლო 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით სასამართლოს მიერ დადგენილია: 2013 წლის 1 დეკემბრიდან ო----------–-–---–ს ისე შეუწყვიტეს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ან მის ტერიტორიულ ორგანოს აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა გასაჩივრებული 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებისა. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიზეზი, რის გამოც, ო----------–-–---–ს ზემოთ მითითებული პერიოდიდან შეუწყვიტეს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, მიჩნეული იქნა უკანონოდ, მითითებული მოქმედებით მას მიაყენეს ზიანი, რაც შეადგენს 2013 წლის 1 დეკემბრიდან გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) ოდენობას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -