1. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;

დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;

ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – კომპენსაციის შეჩერების დღიდან;

ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;

ი) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის გარდაცვალებისას;

კ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;

ლ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტის  ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4858 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.174

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2710 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.76

საქართველოს 2011 წლის  20 დეკემბრის კანონი № 5578- ვებგვერდი,  28.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012