განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.04.2018
საქმის ნომერი
330310016001535567
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310016001535567

საქმე N3ბ/605-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

30 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გ-------– შ-----ა;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა და ქმედების განხორციელების დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 27 ივლისის №0------------ წერილი;

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 13 სექტემბრის №0------- წერილი;

 

1.3. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაევალოს 2013 წლის 18 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო სუბსიდიის - 308 ლარის ანაზღაურება;

 

1.4. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მატერიალური ზიანის სახით - 5 471 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით - 4 000 ლარის ანაზღაურება;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გლდანი - ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გ-------– შ-----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. დადგენილია, რომ გ-------– შ-----ას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების ხაზით 2003 წლიდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია. 2012 წლის 5 დეკემბერს, გ-------– შ-----ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდან - ნაძალადევის განყოფილებას და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტა, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ“ გადაწყვეტილებით, 2012 წლის 5 დეკემბრის პირადი განცხადების საფუძველზე გ-------– შ-----ას სახელმწიფო კომპენსაცია შეუწყდა 2013 წლის 1 იანვრიდან. (ს.ფ. 13; 71; 100-114; 142-143);

 

4.2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 18 ოქტომბრის №4-----– ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი - გ-------– შ-----ა (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2013 წლის ოქტომბრიდან. (ს.ფ. 121).

 

4.3. 2013 წლის 21 ოქტომბერს, გ-------– შ-----ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი - ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის, წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით დანიშვნა/განახლება. (ს.ფ. 118-119).

 

4.4. 2014 წლის 16 დეკემბერს, გ-------– შ-----ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი - ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი - ნაძალადევის სოციალური მომსახურების განყოფილების/ცენტრის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება „წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის დანიშვნის შესახებ“, რომლითაც გ-------– შ-----ას, 2015 წლის 1 იანვრიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია - 360 ლარის ოდენობით, ასევე, სოციალური პაკეტი - 22 ლარის ოდენობით. (ს.ფ. 129-132);

 

4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის №3------- გადაწყვეტილებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეს აღუდგებოდა შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაცია 2013 წლის 18 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის №ბს-232-228 (კ-15) განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება. (ს.ფ. 100-116);

 

4.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 5 აგვისტოს №0-------- ბრძანებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის №ბს-232-228 (კ-15) განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათი აღსრულების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 4 აპრილის №0------- გადაწყვეტილება და გ-------– შ-----ას აღუდგა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. (ს.ფ. 16-17).

 

4.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 27 ივლისის #0------------ წერილით დგინდება, რომ 2013 წლის მდგომარეობით, გ-------– შ-----ა სახელმწიფო კომპენსაციას იღებდა 126 ლარის და 29 თეთრის ოდენობით, ხოლო სოციალურ პაკეტს 22 ლარის ოდენობით (როგორც ომის მონაწილე), რომელიც შეუწყდა 2013 წლის 1 იანვრიდან პირადი განცხადების საფუძველზე საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. ამავე წერილით გ-------– შ-----ას განემარტა, რომ 2015 წლის 20 თებერვლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 5 აგვისტოს 0-------- ბრძანებით განხორციელდა 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით დაკისრებული სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, ხოლო სოციალური პაკეტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება არ გამოტანილა. ასევე განემარტა, რომ მიუღებელი სოციალური პაკეტის მოთხოვნით შესაძლოა მიემართა ზემდგომი ორგანოსათვის ადმინისტრაციული საჩივრით, შემდგომ კი სასარჩელო განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის. (ს.ფ. 13).

 

4.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 13 სექტემბრის №0------- წერილით დგინდება, რომ გ-------– შ-----ამ სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (გლდანი - ნაძალადევი) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის (განახლების) მოთხოვნით მიმართა 2013 წლის 21 ოქტომბერს, თუმცა აღნიშნულ განცხადებაში შეწყვეტილი სოციალური პაკეტის ხელახლა დანიშვნაზე მოთხოვნა არ დაუფიქსირებია.

 

ამავე წერილით დადგენილია, რომ 2014 წლის 17 დეკემბრის განცხადების საფუძველზე გ-------– შ-----ას 2015 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად დაენიშნა 22 ლარიანი სოციალური პაკეტი, თუმცა ბენეფიციარს არ აუნაზღაურდა 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით მიუღებელი სოციალური პაკეტი, ვინაიდან „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები“, შეწყვეტილი სოციალური პაკეტის ხელახლა დანიშვნის შემთხვევაში, გასული პერიოდის თანხის ანაზღაურებას არ ითვალისწინებდა.

 

სააგენტოს გადაწყვეტილებით გ-------– შ-----ას უარი ეთქვა 2013 წლის 18 ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით სოციალური პაკეტის ანაზღაურების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან აღნიშნული ქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა. (ს.ფ. 14-15).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1 სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება, მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ მას შემდეგ (2013 წლის 18 ოქტომბრიდან), რაც აღარ არსებობდა სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველი, კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო სამსახურში მუშაობის საფუძველი, მოსარჩელეს უნდა მიემართა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის და მოეთხოვა ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნა. მოსარჩელემ კი მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სააგენტო არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელისათვის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების მომენტიდან ავტომატურად აღედგინა მისთვის სოციალური პაკეტის დარიცხვა.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული დადგენილება არ ითვალისწინებს შეწყვეტილი სოციალური პაკეტის ხელახლა დანიშვნის შემთხვევაში, მოცემულ პერიოდში მიუღებელი სოციალური პაკეტის ანაზღაურების საკითხს. შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოპასუხე მხარეს დაავალოს მოსარჩელისათვის მიუღებელი სოციალური პაკეტის ანაზღაურება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 27 ივლისის №0------------ წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 13 სექტემბრის №0------- წერილი, როგორც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, კანონიერია და ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას. იმ პირობებში კი, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა - მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც აუნაზღაურდებოდა 2013 წლის 18 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო სუბსიდიის თანხა - 308 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ ასევე იმსჯელა მოსარჩელე მხარის მოთხოვნაზე - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების კერძოდ, მორალური ზიანის - 4 000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით - 5 471 ლარის ანაზღაურების ნაწილშიც, განმარტა, რომ ზიანი ანაზღაურდება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგინდა გასაჩივრებული აქტების კანონიერება, არ არსებობს მისგან გამომდინარე მორალური და მატერიალური ზიანის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6. გ-------– შ-----ას სააპელაციო მოთხოვნა:

 

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება;

 

7. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

7.1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი არგუმენტები, მოსაზრებები და განმარტებები ყოველგვარი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლის გარეშე მიიჩნია უდავო მტკიცებულებად.

 

აპელანტის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ და პირველი ინსტანციის სასამართლომ, ყურადღების მიღმა დატოვეს მთავრობის დადგენილებაში მითითებული სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლები. კერძოდ, მთავრობის დადგენილების მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწეყვეტის საფუძველს წარმოადგენს სოციალური პაკეტის მიმღები პირის განცხადება. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სოციალური პაკეტი შეუწყვიტა 2015 წლის 1 იანვრიდან, 2012 წლის 5 დეკემბრის პირადი განცხადების საფუძველზე, იმ პირობებში, როცა მას სოციალური პაკეტის შეწყვეტა არ მოუთხოვია. პალატა ყურადღებას ამახვილეს უზენაესი სასამართლოს (ბს-77-75 (კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია „შეწყვეტის“ მნიშვნელობა; მიუთითებს, რომ შეწყვეტა თავისი არსით გულისხმობს შეჩერებას. მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა აღედგინა მისი უფლებები 2013 წლის ოქტომბრიდან იმ ფარგლებში რაც მას მოპოვებილი ჰქონდა 2004 წლიდან, მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის და მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

 

აპელანტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად, როგორც გაუცემელი სახელმწიფო სუბსიდიის 2013 წლის 18 ოქტომბრიდან - 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

ამავე კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, მათ შორის საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

პალატა მიუთითებს ასევე „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად - სოციალური პაკეტი ენიშნება სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - 22 ლარის ოდენობით, ხოლო მითითებული დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით - სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა. კერძოდ, მითითებული დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური პაკეტი შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, მოცემული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2012 წლის 5 დეკემბერს, გ-------– შ-----ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილებას და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით კი გ-------– შ-----ას 2013 წლის 1 იანვრიდან შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 18 ოქტომბრის №4-----– ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი - გ-------– შ-----ა (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2013 წლის ოქტომბრიდან.

 

დადგენილია რომ - 2013 წლის 21 ოქტომბერს და მოგვიანებით - 2014 წლის 16 დეკემბერს გ-------– შ-----ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების განყოფილების/ცენტრის გადაწყვეტილებით კი მას 2015 წლის 1 იანვრიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად სოციალური პაკეტი - 22 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელეს, 2013 წლის 18 ოქტომბრიდან (საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების თარიღი) 2015 წლის 1 იანვრამდე (სოციალური პაკეტის დანიშვნის თარიღი) არ დარიცხვია სოციალური პაკეტი. სასამართლოს მიერ დასადგენია მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს თუ არა მოცემულ პერიოდში მიუღებელი სოციალური პაკეტი.

 

პალატა ყურადრებაას ამახვილებს ზემოაღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა, ხოლო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი. ამდენად, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე სოციალური პაკეტის მაძიებელი პირის მიერ წარდგენილი უნდა იქნას განცხადება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელსაც მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

 

ამავე დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას სოციალური პაკეტის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს მითითებული დადგენილების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლითაც განმარტებულია, რომ შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.

 

პალატა ეთანხმნება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მას შემდეგ (2013 წლის 18 ოქტომბრიდან), რაც აღარ არსებობდა სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველი, კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო სამსახურში მუშაობის საფუძველი, მოსარჩელეს უნდა მიემართა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის და მოეთხოვა ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნა. მოსარჩელემ კი მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სააგენტო, მოქმედებდა რა განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე და მოთხოვნის ფარგლებში, არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელისათვის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების მომენტიდან ავტომატურად აღედგინა მისთვის სოციალური პაკეტის დარიცხვა.

 

პალატა ასევე ეთანხმება სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ზემოაღნიშნული დადგენილება არ ითვალისწინებს შეწყვეტილი სოციალური პაკეტის ხელახლა დანიშვნის შემთხვევაში, მოცემულ პერიოდში მიუღებელი სოციალური პაკეტის ანაზღაურების საკითხს. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოპასუხე მხარეს დაავალოს მოსარჩელისათვის მიუღებელი სოციალური პაკეტის ანაზღაურება.

 

8.2. პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და იმ განმარტებას, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 27 ივლისის №0------------ წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 13 სექტემბრის №0------- წერილი, როგორც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, კანონიერია და ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა საკითხი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც.

 

8.3. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში. მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ზიანი ანაზღაურდება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული.

 

ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე Nბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), სადაც მითითებულია, რომ „მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.“

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია გასაჩივრებული აქტების კანონიერება, რის შესაბამისადაც მისგან გამომდინარე მორალური და მატერიალური ზიანის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება - დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა- განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელ გ-------– შ-----ა ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ-------– შ-----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილება ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -