განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.02.2018
საქმის ნომერი
330310016001468130
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
05.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2811-18

საქმე № 330310016001468130

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 თებერვალი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე – გ--–----------------

წარმომადგენელი: ხ-------------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარიოს თქმა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გ--–----- ნ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ;

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--–----------------ს აღუდგება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2016 წლის 1 აგვისტოდან;

 

სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გ--–----------------ს აუნაზღაურდება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2013 წლის 1 დეკემბრიდან.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. 2010 წლის 1 ოქტომბერს ერთის მხრივ, სსიპ სსსტც „დელტას“ და მეორეს მხრივ გ--–----------------ს (დაბ. 1----------–.) შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება №7--, რომლითაც გ--–---------------- დაინიშნა გამომცდელის თანამდებობაზე და ყოველთვიური ანაზღაურება განესაზღვრა - 333, 41 ლარის ოდენობით.

 

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ გაცემული 2017 წლის 6 მარტის №3-- წერილით დგინდება, რომ გ--–----- ნ--------ე (პ/ნ|: 0----------) 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ამ პერიოდამდე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ტექნიკური საკონსტრუქტორო მთავარი სამმართველოს ლაბორატორიის სპეციალისტის (გამომცდელი) თანამდებობაზე და მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის: ა.ა) ხელმძღვანელობს ან ატარებს ლაბორატორიულ ანალიზს, გამოცდებს და სხვა სახეობის კვლევით სამუშაობს, ნახევარფაბრიკატების, მასალების, კონსტრუქციების და მზა პროდუქციის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად; ა.ბ) ასრულებს ექსპერიმენტალურ და კვლევით სამუშაოებს წარმოების და მისი ლაბორატორიული კონტროლის მეტად ეკონომიური და ეფექტური მეთოდების მოსაძებნად; ა.გ) ახორციელებს საჭირო ანგარიშს ჩატარებულ ანალიზების, გამოცდების და კვლევების შესაბამისად, სისტემატიზირებას უკეთებს მიღებულ რეზულტატებს; დროულად აცნობებს წარმოების შესაბამის დანაყოფებს ანალიზების და გამოცდების შედეგებს; ა.დ)თვალყურს ადევნებს ლაბორატორიის აღჭურვილობის სწორ ექსპლუატაციას და მის დროულ წარდგენას პერიოდულ შემოწმებაზე; ა.ე)კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

 

2.2. 2016 წლის 19 ივლისს, გ--–----------------მ (დაბ. 1----------–.) განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებული იქნა №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით გ--–----------------ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). მხარეს განემარტა გასაჩივრების წესი, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, აკ. წერეთლის 144) ან სასამართლოში (თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6; სააგენტოს სხვა ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში), გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

 

2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის 2016 წლის 9 აგვისტოს N0------------ წერილით გ--–----- ნ--------ის წარმომადგენელს - ხ-------------–---–ს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ არ წამოადგენდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულებზე, არ ვრცელდებოდა შეღავათი და ისინი ვერ მოიპოვებდნენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). წერილის მიხედვით, მოქალაქეებს, მათ შორის გ--–----------------ს (პ/ნ 0----------) გაუფორმდა საპენსიო პაკეტის დანიშვნაზე უარის გადაწყვეტილება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამასთან, სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის, მოსარჩელესთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, რომლითაც გ--–----------------ს აღუდგება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2016 წლის 1 აგვისტოდან. ასევე, აუნაზღაურდება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2013 წლის 1 დეკემბრიდან.

 

ამასთან, სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ, 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებული - სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ №5---------- გადაწყვეტილებით გ--–----------------ს განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, კერძოდ მითითებული იქნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის №144) ან სასამართლოში (ქ. თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6; სააგენტოს სხვა ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში) გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად, სადავო აქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ტერიტორიული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში ისანი-სამგორის ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.

 

2.5. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.

 

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

2.6. სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე - გ--–---------------- დაიბადა 1-----–-–----------------–-. შესაბამისად იგი წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ 2016 წლის 19 ივლისს, გ--–----------------მ (დაბ. 1----------–.) განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებული იქნა №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით გ--–----- ნ--------ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის 2016 წლის 9 აგვისტოს #0------------ წერილით გ--–----- ნ--------ის წარმომადგენელს ხ-------------–---–ს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ არ წამოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულებზე, არ ვრცელდება შეღავათი და ისინი ვერ მოიპოვებენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).

 

2.7. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა- პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

საქმის მასალების თანახმად, გ--–---------------- 2010 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ტექნიკური საკონსტრუქტორო მთავარი სამმართველოს ლაბორატორიის სპეციალისტის (გამომცდელი) თანამდებობაზე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.

 

ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც მოსარჩელე - გ--–---------------- მუშაობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე - გ--–---------------- საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტაში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად და მას კანონის შესაბამისად არ შეიძლება შეუწყდეს უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.

 

2.8. სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

2.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--–----------------ს აღუდგება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2016 წლის 1 აგვისტოდან.

 

2.10. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მოპასუხეს - სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გ--–----------------ს აუნაზღაურდება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2013 წლის 1 დეკემბრიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუ პირი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, პირის მოქმედება იყო განზრახი ან გაუფრთხილებელი, უშუალოდ ამ მართლსაწინააღმდეგო, განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მოქმედებამ ზიანი მიაყენა სხვა პირს, კერძოდ შელახა პირის ქონებრივი ან/და არაქონებრივი უფლებები ან/და კანონით დაცული ინტერესები (მიზეზობრივი კავშირი). ხოლო 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა ცნობილი მხარის მიერ გასაჩივრებული აქტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 8 აგვისტოს №5---------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გ--–----------------ს აღუდგება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2016 წლის 1 აგვისტოდან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს კანონიერი უფლება აქვს 2013 წლის 1 დეკემბრიდან, როცა მას უკანონოდ შეუწყდა პენსიის დანიშნვა აუნაზღაურდეს აღნიშნული პერიოდიდან შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაცია.

 

ამდენად, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გ--–----------------ს აუნაზღაურდება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2013 წლის 1 დეკემბრიდან.

 

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „პენსია წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში“. ხოლო, ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად საჯარო საქმიანობა განამარტებულია შემდეგნაირად „საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლანდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“.

 

მსგავს დავაზე სსიპ სოციალური მომსახურები სააგენტომ წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, იმისათვის, რომ მიეღო უტყუარი ინფორმაცია თუ რა მიმართულებით ახორციელებდა სსიპ -სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო -ტექნიკური ცენტრი „დელტა“ თავის საქმიანობას, საიდანაც 2014 წლის 20 თებერვლის წერილით აპელანტს ეცნობა რომ „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონოის მე-10 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი-სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-10 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის 58-ე დადგენილებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებულნი არიან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო -ტექნიკურ ცენტს „დელტა“ -სთან არსებული შემდეგი სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები;-სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; -ინსტიტუტი „ოპტიკა“; -რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; -ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსიტიტუტი;

 

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს N327 დადგენილებით „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვიითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაფუძნდა კიდევ ერთი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტს „დელტასთან“ არსებული სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება სსიპ მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა არ წარმოადგენს ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ პრიმა პუქტის თანახმად: „სამეცნიერო კვლევითი ერთეული საჯარო სამართლის იუიდიული პირის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულია (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა), რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები. დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში. დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმინობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით“.

 

გარდა ამისა, ამავე მუხლის „წ“ მეხუთე პრიმა პუნქტის თანახმად „მეცნიერი არის სამეცნიერო კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევით საქმიანობას და რომელსაც უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას“.

 

შესაბამისად, იმისათვის რომ პირი ჩაითვალოს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულების თანამდებობის პირად იგი უნდა ეწეოდეს სამეცნიერო საქმიენობას მაგალითად სამეცნიერო -კვლევით ინსტიტუტში, ხოლო რა შეიძლება შედიოდეს ან არ შედიოდეს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ამას თავად დაწესებულებათა ფუნქცია-მოვალეობები განასხვავებს.

 

აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს მსჯელობა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. კერძოდ მოსარჩელეს 2012 წლის დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია, რომელიც სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ არ იღებდა სახელმწიფო გასაცემელს და ჰქონდა შეწყვეტილი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

ამავე კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სადავო გახადოს არამხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მეირ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება-უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისთვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ.

 

ამდენად მოსარჩელეს 2016 წლამდე არ მიუმართავს სასამართლოსათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი პენსიის ანაზღაურების თაობაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი მიოუკერძოებელი სასამართლოს მიერ. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით ასევე მესამე ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში-უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

 

ამდენად, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართა სასამართლოსათვის და იმ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ქმედების განხორციელების თაობაზე რომელიც მოსარჩელის შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 2012 წლის 1 დეკემბრიდან სახელწმიფო გასაცემლის(პენსიის) ანაზღაურებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.4. 2010 წლის 1 ოქტომბერს ერთის მხრივ, სსიპ სსსტც „დელტას“ და მეორეს მხრივ გ--–----------------ს (დაბ. 1----------–.) შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება №7--, რომლითაც გ--–---------------- დაინიშნა გამომცდელის თანამდებობაზე და ყოველთვიური ანაზღაურება განესაზღვრა - 333,41 ლარის ოდენობით.

 

4.5. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ გაცემული 2017 წლის 6 მარტის №3-- წერილით დგინდება, რომ გ--–----- ნ--------ე (პ/ნ|: 0----------) 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ამ პერიოდამდე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ტექნიკური საკონსტრუქტორო მთავარი სამმართველოს ლაბორატორიის სპეციალისტის (გამომცდელი) თანამდებობაზე და მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის: ა.ა)ხელმძღვანელობს ან ატარებს ლაბორატორიულ ანალიზს, გამოცდებს და სხვა სახეობის კვლევით სამუშაობს, ნახევარფაბრიკატების, მასალების, კონსტრუქციების და მზა პროდუქციის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად; ა.ბ) ასრულებს ექსპერიმენტალურ და კვლევით სამუშაოებს წარმოების და მისი ლაბორატორიული კონტროლის მეტად ეკონომიური და ეფექტური მეთოდების მოსაძებნად; ა.გ) ახორციელებს საჭირო ანგარიშს ჩატარებულ ანალიზების, გამოცდების და კვლევების შესაბამისად, სისტემატიზირებას უკეთებს მიღებულ რეზულტატებს; დროულად აცნობებს წარმოების შესაბამის დანაყოფებს ანალიზების და გამოცდების შედეგებს; ა.დ)თვალყურს ადევნებს ლაბორატორიის აღჭურვილობის სწორ ექსპლუატაციას და მის დროულ წარდგენას პერიოდულ შემოწმებაზე; ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

 

4.6. 2016 წლის 19 ივლისს, გ--–----------------მ (დაბ. 1----------–.) განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენა.

 

4.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებული იქნა №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით გ--–----------------ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). მხარეს განემარტა გასაჩივრების წესი, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, აკ. წერეთლის 144) ან სასამართლოში (თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6; სააგენტოს სხვა ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში - შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში), გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

 

4.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის 2016 წლის 9 აგვისტოს N0------------ წერილით გ--–----- ნ--------ის წარმომადგენელს - ხ-------------–---–ს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ არ წამოადგენდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულებზე, არ ვრცელდებოდა შეღავათი და ისინი ვერ მოიპოვებდნენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). წერილის მიხედვით, მოქალაქეებს, მათ შორის გ--–----------------ს (პ/ნ 0----------) გაუფორმდა საპენსიო პაკეტის დანიშვნაზე უარის გადაწყვეტილება.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.9. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №5---------- გადაწყვეტილების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სახელმწიფო გასაცემელის (პენსიის) ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2013 წლის 1 დეკემბრიდან.

 

4.11. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.

 

4.12. სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

 

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე იქნა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

4.13. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ვინაიდან მოსარჩელე გადაცილებულია საპენსიო ასაკს იგი წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ივლისს, გ--–----------------მ (დაბ. 1----------–.) განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს მიღებული იქნა №5---------- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით გ--–----------------ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის 2016 წლის 9 აგვისტოს #0------------ წერილით გ--–----- ნ--------ის წარმომადგენელს ხ-------------–---–ს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ არ წამოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რის გამოც მასთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დასაქმებულებზე, არ ვრცელდება შეღავათი და ისინი ვერ მოიპოვებენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).

 

4.14. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა- პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

დადგენილია, რომ, გ--–---------------- 2010 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ტექნიკური საკონსტრუქტორო მთავარი სამმართველოს ლაბორატორიის სპეციალისტის (გამომცდელი) თანამდებობაზე.

 

4.15. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75 (კ-15)), რომლითაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც მოსარჩელე - გ--–---------------- მუშაობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.

 

4.16. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელე - გ--–---------------- საქმიანობას ეწევა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტაში“, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად და მას კანონის შესაბამისად არ შეიძლება შეუწყდეს უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს. ამდენად არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №5---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რომლითაც გ--–----------------ს აღუდგება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2016 წლის 1 აგვისტოდან.

 

4.17. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას სახელმწიფო გასაცემელის (პენსის) 2013 წლის 1 დეკემბრიდან ანაზღაურების ნაწილშიც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ხოლო 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა ცნობილი მხარის მიერ გასაჩივრებული აქტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 8 აგვისტოს №5---------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გ--–----------------ს აღუდგება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2016 წლის 1 აგვისტოდან. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 2013 წლის 1 დეკემბრიდან, უკანონოდ შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემელით მიყენებული ზიანი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი ტყავაძე