განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210118001818888
საქმე№2/ბ-169-2018
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტები (მოპასუხე) - ლ---- მ---–--ე, ნ----- კ---–--–--ე, დ----- კ---–--–--ე
წარმომადგენელი - თ----- შ--–--–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) -სს ,,კ------- ბანკი“
წარმომადგენელი - ლ-- ბ--------–---–ი
დავის საგანი-თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება -ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება პირგასამტეხლოსა და საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1. მოსარჩელის მოთხოვნა
2.1.1.2017 წლის 24 თებერვალს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------მ“ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - ლ---- მ---–--ის, ნ----- კ---–--–--ისა და დ----- კ---–--–--ის მიმართ და მოითხოვა: 1)მოპასუხეებს-ლ---- მ---–--ეს, დ----- კ---–--–--ესა და ნ----- კ---–--–--ეს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდა 2599 .10 (ორი ათას ხუთასოთხმოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 10 ცენტი) აშშ დოლარის გადახდა.
ზემოხსენებულ სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად მოსარჩელე სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“მიერ მოთხოვნილი იქნა მოპასუხეებს სოლიდარულად მის სასარგებლოდ დაკისრებოდათ გაწეული და გასაწევი სასამართლო და სასამართლოსგარეშე შემდეგი სახის ხარჯების ანაზღაურება:
ა) სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-202.97 ლარის გადახდა;
ბ) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-50 ლარის გადახდა;
გ)აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის,გადახდილი სააპლიკაციო საფასურის-100 ლარის გადახდა;
დ)სარჩელის უზურნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში , სასამართლო განჩინების სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას გადახდილი სააღსრულებო მოსაკრებლის თანხის-200 ლარის გადახდა“;
ე)წინამდებარე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას გადასახდელი სააღსრულებო მოსაკრებლის -200 ლარის გადახდა;
სარჩელის საფუძვლები
2.1.2. 2015 წლის 21 მარტს მხარეებს - შპს „მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მსესხებელ ლ---- მ---–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 4 000(ოთხი ათასი) ა.შ.შ. დოლარი. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 24 თვეს (მე-3 მუხლი, 1-ლი პუნქტი). სესხი იყო სარგებლიანი, სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით,რომელიც თან ერთვის სესხის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია, სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 1 385.63 ა.შ.შ. დოლარს. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებული იქნა მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობაც (მე-5 მუხლი), რომელიც შეადგენდა 136.08 ა.შ.შ. დოლარს და ყოველწლიური საკომისიოს თანხას 17.49 ა.შ.შ. დოლარს. მსესხებლს სესხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მსესხებლმა აიღო ვალდებულება საერთო ჯამში გამსესხებლისათვის გადაეხადა 5 539.20 (ხუთი ათას ხუთასოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 20 ცენტი) ა.შ.შ. დოლარი. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული იქნა ჯარიმები დაგვიანებაზე, რომლის მიხედვითაც „მსესხებლის“ მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხას დაერიცხება 5%, ისეთ შემთხვევაში, თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% ნაკლებია 2 ლარზე, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება გადაუხდელი ძირი თანხის -0.27%-ის ოდენობით ჯარიმა, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში;
2.1.3.სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულია ხელშეკრულების დარღვევის პირობები, რომლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხებისა და დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ხოლო 7.4. პუნქტის შესაბამისად: მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული სესხის მთლიანად-ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
2.1.4.სესხის ხელშეკრულების მე-8 მუხლით განსაზღვრულია ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და შედეგები. 8.2. პუნქტის შესაბამისად კი გამსესხებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მთლიანად გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელები და დარიცხული ჯარმები.
2.1.5.2015 წლის 17 მარტს მოპასუხე ნ----- კ---–--–--ესთან, ხოლო 2015 წლის 21 მარტს მოპასუხე დ----- კ---–--–--ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც თავდები პირები იღებენ ვალდებულებას, თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი ,,გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - ლ---- მ---–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებაზე, კერძოდ იმ შემთხვევაში თუ გამსესხებელსა და მსესხებელს შორის სამომავლოდ ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან (ორი) თვის ვადაში, მოხდება სესხის ხელშეკრულების გაფორმება მაქსიმალურ თანხაზე 4000.00ა.შ.შ დოლარამდე, მასზედ დარიცხულ სარგებელზე, სიცოცხლის სადაზღვეო პრემიაზე და ყოველწლიურ საკომისიოზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 5 539.40 ა.შ.შ. დოლარი. თავდებობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტით განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში თუკი მსესხებელი არ შეასრულებს სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებას, თავდები პასუხისმგებელი იქნება, როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის, შესაძლო ჯარიმების, სადაზღვეო გადასახდელების და პირგასამტეხლოს (რაც გათვალისწინებული იქნება სამომავლო სესხის ხელშეკრულებით) სრულად ანაზღაურებაზე. ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით ,,თავდები“ ვალდებულია სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხებლის“ წინაშე და დაფაროს დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ჰქონდა იძულებითი აღსრულების მცდელობას ,,ძირითადი მსესხებლის“ მიმართ.
2.1.6.მსესხებლის მიერ სისტემატიურად ხდებოდა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა, კერძოდ ყოველთვიურად გადასახდელი თანხების დაგვიანებით გადახდა, საბოლოოდ კი სესხის სახით გადასახდელი თანხების გადახდა გადახდის გრაფიკის შესაბამისად მსესხებელს არ განუხორციელებია 2016 წლის აგვისტოს შემდგომ, რითაც დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები.
2.1.7.ბანკის მიერ როგორც მსესხებელი, ასევე თავდები პირები რამდენჯერმე იქნენ გაფრთხილებულნი სესხის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე, თუმცა უშედეგოდ.
2.1.8.ბანკის მიერ მოვალეთა მიმართ 2016 წლის 06 დეკემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რაზეც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 12 იანვარს გამოიცა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ, რისი საფუძველიც გახდა ის გარემოება, რომ მოპასუხეები არ დაეთანხმნენ მოთხოვნას და სააღსრულებო ბიუროში წარადგინეს პროტესტი.
2.1.9.აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოპასუხეთა მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ წარდგენილი განცხადების წარმოებაში მიღების მიზნით ბანკის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საბანკო ანგარიშზე თანხების გადარიცხვის გზით გადახდილ იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, ასევე საგარანტიო თანხები 2 ლარი და 46.83 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი ლარი -119.88 ლარი. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უკან დაუბრუნდა გადახდილი საგარანტიო თანხები 2 ლარი და 119.88 ლარი;
2.1.10. მოპასუხეთა დავალიანება სარჩელის წარმოდგენის დროისათვის განისაზღვრა 2599.10 (ორი ათას ხუთასოთხმოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 10 ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის.1 959.07 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი-192.19 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო პრემია-39.69 აშშ დოლარი, დარიცხული ჯარიმა-0.27% 150 დღეზე-336,99 აშშ დოლარი, ჯარიმა 5% პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე-71.16 აშშ დოლარი.
2.1.11.მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 623-ე, 891-898-ე მუხლები.
2.2.მოპასუხის პოზიცია
2.2.1.პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა - ნ----- კ---–--–--ემ, ლ---- მ---–--ემ და დ----- კ---–--–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ - ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში, სადაოდ გახადეს რა პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა, ასევე არ დაეთანხმნენ სასამართლო და სასამართლოგარეშე ხარჯების იმ სახით დაკისრებას, რა სახითაც ეს მოსარჩელის მიერ იქნა მოთხოვნილი, შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით.
2.2.2. მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. უფრო მეტიც, თავად პირგასამტეხლოს შესახებ სახელშეკრულებო დათქმა, რომლის თანახმად გათვალისწინებულია გადაუხდელი ძირი თანხის 5% პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე და მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27 %-ის დარიცხვა, ბათილია, ვინაიდან ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, პირგასამტეხლო არათუ უნდა შემცირდეს, არამედ საერთოდ უნდა გაუქმდეს, როგორც ბათილი (საჯარო წესრიგის დამრღვევი) გარიგების/შეთანხმების შედეგი;
2.2.3. მოპასუხეებს საპროცესო ხარჯი არ უნდა დაეკისროთ ერთის მხრივ იმიტომ,რომ სარჩელს ცნობენ სარჩელის უმეტეს ნაწილში, რა შემთხვევაშიც ხარჯი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, უნდა შემცირდეს, მეორეს მხრივ კი იმიტომ, რომ მოსარჩელეები ითხოვენ სამომავლოდ გასაწევი სააღსრულებო ხარჯების მოპასუხეთათვის დაკისრებას, მაშინ როდესაც სამოქალაქო საპროცსო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოსარჩელე ამ სახის მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, ვალდებულია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებაც დაურთოს სარჩელს, რაც სამომავლოდ გასაწევ ხარჯთან მიმართებაში შეუძლებელია, ამასთან მოპასუხეთა თვალსაზრისით, გაუგებარია მათთვის, თუ რატომ ვარაუდობს მოსარჩელე, რომ ნებაყოფლობით არ აღსრულდება სასამართლო გადაწყვეტილება.
2.2.4. შესაგებლის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 54-ე , 420-ე, 873-ე მუხლებზე.
2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. სს ,,კ------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
1.1 მოპასუხეებს - ლ---- მ---–--ეს, ნ----- კ---–--–--ეს და დ----- კ---–--–--ეს სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა დავალ--ნების გადახდა 2599.10 აშშ დოლარის ოდენობით.
1.2 მოპასუხეებს - ლ---- მ---–--ეს, ნ----- კ---–--–--ეს და დ----- კ---–--–--ეს სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 252.97 ლარის ოდენობით,100 ლარის გადახდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის სანაცვლოდ, 200 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას გადახდილი სააღსრულებო მოსაკრებლის სანაცვლოდ, 200 ლარის გადახდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას გადასახდელი სააღსრულებო მოსაკრებლის სანაცვლოდ.
2.4.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.4.1. 2015 წლის 21 მარტს მხარეებს - შპს „მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მსესხებელ ლ---- მ---–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 4 000(ოთხი ათასი) ა.შ.შ. დოლარი. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 24 თვეს (მე-3 მუხლი, 1-ლი პუნქტი). სესხი იყო სარგებლიანი, სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით,რომელიც თან ერთვის სესხის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია, სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 1 385.63 ა.შ.შ. დოლარს. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებული იქნა მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობაც (მე-5 მუხლი), რომელიც შეადგენდა 136.08 ა.შ.შ. დოლარს და ყოველწლიური საკომისიოს თანხას 17.49 ა.შ.შ. დოლარს. მსესხებლს სესხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მსესხებლმა აიღო ვალდებულება საერთო ჯამში გამსესხებლისათვის გადაეხადა 5 539.20 (ხუთი ათას ხუთასოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 20 ცენტი) ა.შ.შ. დოლარი. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული იქნა ჯარიმები დაგვიანებაზე, რომლის მიხედვითაც „მსესხებლის“ მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხას დაერიცხება 5%, ისეთ შემთხვევაში, თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% ნაკლებია 2 ლარზე, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება გადაუხდელი ძირი თანხის -0.27%-ის ოდენობით ჯარიმა, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში;
2.4.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა - ნ----- კ---–--–--ემ და დ----- კ---–--–--ემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან - ლ---- მ---–--ესთან ერთად.
2.4.3. მსესხებელმა დაარღვია მხრეთა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა სესხის თანხა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რის გამოც მოსარჩელის მიერ 2016 წლის 06 დეკემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ ,რაზედაც იქნა საფასური გადახდილი 100 ლარის ოდენობით.
2.4.4. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 12 იანვარს გამოიცა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ, რისი საფუძველიც გახდა ის გარემოება, რომ მოპასუხეები არ დაეთანმნენ მოთხოვნას და სააღსრულებლო ბიუროში წარადგინეს პროტესტი.
2.4.5.განხორციელდა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ რეორგანიზაცია და მის უფლებამონაცვლეს ამჟამად წარმოადგენს სს ,,კ------- ბანკი“.
2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 873-ე, 891-ე, 463-ე, 465-ე, 403-ე, 404-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე.
2.5.1.სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლისა და 317-ე მუხლების პირველ ნაწილებზე, რომელთა თანახმადაც ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ვალდებულების წარმოშობისათვის კი აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან და განმარტა, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობდა სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, რადგან იგი ეფუძნებოდა სესხის ხაზით მომსახურების, სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებს.
2.5.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი და განმარტა, რომ სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის ურთიერთობას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
2.5.3.სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით, რომლის შესაბამისადაც მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე მიუთითა, რომ მსესხებელმა სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა არ მოახდინა რა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, დაარღვია ხელშეკრულების პირობები.
2.5.4. სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი, რომლის თანახმადაც კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა და მოხმობილი მუხლის საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან შეჯერებით დაასკვნა, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია რა თანხის გადახდის გრაფიკი, აღნიშნული მოსარჩელეს აძლევს საფუძველს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება.
2.5.5.პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, მიიჩნია რა ასეთი მნიშვნელოვნად, განმარტა თავდებობის ინსტიტუტის სამართლებრივი რეგულაციის მნიშვნელოვანი ნორმები, სახელდობრ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმადაც ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად“, ამავე კოდექსის 895-ე მუხლი, რომლის ძალითაც ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა“ ,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ,,თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს“ და ამავე კოდექსის 465-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
2.5.4. სასამართლომ მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთებულობის მიზნით მოუხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლს, რომლის თანახმადაც მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია და ასევე მუთითა ამავე კოდექსის 404-ე მუხლზე, რომლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
2.5.5.პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობის თვალსაზრისით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო ესაა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სასამართლომ ასევე აპელირება გააკეთა ამავე კოდექსის 418-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს და რომ ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენდა პირგასამტეხლოს და ასეთი შეაჯერა რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან იმის თაობაზე, რომ მოვალემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად, მიიჩნია, რომ არსებობდა ყველა პირობა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად.
2.5.7.მიიჩნია რა სასარჩელო მოთხოვნა სრული მოცულობით დასაკმაყოფილებლად, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ამგვარივე სახით მიიჩნია მართებულად მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების მხარეთათვის სოლიდარულად ანაზღაურების (გადახდის) დაკისრება, აპელირება გააკეთა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლზე და 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა ლ---- მ---–--ემ, ნ----- კ---–--–--ემ და დ----- კ---–--–--ემ ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს(ჯარიმის) დაკისრებისა და ხარჯების დაკისრების ნაწილში, მიიჩნიეს რა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულთან მიმართებით იურიდიულად დაუსაბუთებლად და მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხეებზე პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მთლიანად, ასევე სასამართლო ხარჯებისა და სამომავლოდ გასაწევი ხარჯების დაკისრებაზე, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
3.1 აპელანტების მტკიცებით, სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მოპასუხეთა მხრიდან სარჩელის ცნობის, დავის საგნის მიმართ სასამართლომდე არსებულ ურთიერთობებსა და სასამართლოში მოპასუხეთა მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებს, არ გაითვალისწინა მათი მდგომარეობა, რომ ყველა მოპასუხე ირიცხება სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათი მხრიდან კეთილსინდისიერების პრინციპი მაქსიმალურად იქნა დაცული შესაძლებლობების ზედა სტანდარტით, რაც კი შეეძლოთ თავიანთი სიცოხლის(არსებობის) შენარჩუნების მიღმა, თავგანწირვის ხარჯზე, მათი მხრიდან ყოვლად შეუძლებელი იქნა გაკეთებული, რათა სესხის თანხა იმ დონემდე, რა დონემდეც არის დაფარული, შემცირებულიყო, მით უფრო ისეთ სესხზე, რომელიც რამდენჯერმეა რეფინანსირებული და პირველად გაცემული სესხის თანხაზე ძირიც, პროცენტიც და პირგასამტეხლოც ბანკის მიმართ არაერთხელ გადაფარულია.
3.3.აპელანტთა თვალსაზრისით, ხელშეკრულებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, უფრო მეტიც, თავად პირგასამტეხლოს შესახებ სახელშეკრულებო დათქმა, რომლის თანახმად გათვალისწინებულია გადაუხდელი ძირი თანხის 5% პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე და მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27 %-ის დარიცხვა, ბათილია, ვინაიდან ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, პირგასამტეხლო არათუ უნდა შემცირდეს, არამედ საერთოდ უნდა გაუქმდეს, როგორც ბათილი (საჯარო წესრიგის დამრღვევი) გარიგების/შეთანხმების შედეგი. განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლომ შეფასება არ მისცა აღნიშნულს, მაშინ როდესაც სამოქალაქო კანონმდებლობით სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა დროსაც სასამართლო შეფასება უნდა მისცეს მოპასუხეთა დამოკიდებულებას დავის საგნის მიმართ, მათ მატერიალურ-სოციალურ მდგომარეობას და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვას პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც დამატებითი დასჯის საშუალება.
3.4.აპელანტთა თვალსაზრისით, სასამართლოს ყოველგვარი შესაბამისი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე აქვს დაკისრებული მოპასუხეებისათვის სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ვინაიდან სსსკ 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.ამასთან, ამავე კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად,სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. ამასთან აპელანტთა თვალსაზრისით, მათ არასწორად დაეკისრათ სასამართლოსგარეშე ხარჯებიც.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.2.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1.პალატას მიაჩნია, რომ აპელანტთა მოთხოვნა ნაწილობრივ დასაბუთებულია,შესაბამისად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება ლ---- მ---–--ის, ნ----- კ---–--–--ისა და დ----- კ---–--–--ისათვის სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ ჯამურად დაკისრებული 2599,10 (ორი ათას ხუთასოთხმოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 10 ცენტი) აშშ დოლარიდან ასეთში პირგასამტეხლოს სახით შესული 408,15 (ოთხასრვა აშშ დოლარი და 15 ცენტი) აშშ დოლარის დაკისრებისა და ასევე მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილებში მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2.2 პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.4.1- 2.4.5.პუნქტებში მითითებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან დამატებით მიუთითებს:
4.2.3.უდაოა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ნაწილობრივ, მხოლოდ პირგასამტეხლოსა და საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში. სხვა ნაწილში გადაწყვეტლება შესულია კანონიერ ძალაში.
4.2.4. პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში აპელანტები გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მიაჩნიათ ისეთ ხარისხში შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რაც უნდა შეფასდეს არა უბრალოდ შეუსაბამოდ მაღალი სახის პირგასამტეხლოდ, არამედ ისეთად, რომელიც ამ ზღვარსაც გადასულია და იმგვარად არღვევს საჯარო წესრიგს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ბათილ გარიგებას.
4.2.5. სასამართლო პალატა აპელანტების ზემოაღნიშნულ სამართლებრივ თვალსაზრისს პირგასამტეხლოს ნაწილში, როგორც ბათილი გარიგების შედეგისა, სრულად გაუქმების შესახებ ვერ გაიზიარებს შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე: საქართველოს სამოქალაქო კოდექის 416-ე მუხლის თანახმად მხარეებს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით შეუძლიათ დამატებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, მათ შორის პირგასამტეხლოც, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტია და ამას არც აპელანტები/მოპასუხეები უარყოფენ, რომ მათ მიერ ვალდებულება დარღვეულია, შესაბამისად არ არსებობს მხარეთა წერილობითი ფორმით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთანხმების ბათილად ცნობისა და აპელანტების, როგორც მოპასუხეების პირგასამტეხლოს ანაზღაურებისაგან სრულად გათავისუფლების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
4.2.6. ზემოაღნიშნულთან ერთად, სააპელაციო სასამართლო ახდენს რა კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაციას, მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო-ჯარიმები დაგვიანებაზე, სახელდობრ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე -დაგვიანებული გადაუხდელი ძირ თანხაზე 5%-ის, ისეთ შემთხვევაში კი, თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% ნაკლებია 2 ლარზე, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2 ლარის, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის -0.27%-ის ოდენობით ჯარიმის დარიცხვა 150 დღის განმავლობაში, არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს. სახელდობრ, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებულ დისკრეციაზე, რომლითაც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“).
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებული უფლება პირგასამტეხლოს შემცირებაზე ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს იმ მიზნით, რომ არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის ხარისხს, კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ და.ა.შ.(იხ.სუსგ№ას-914-864-2015)პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას.
მოცემული სამართლებრივი საკითხის შეფასებისას, სასამართლო აგრეთვე მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნები ემყარება, როგორც განსახილველ ნორმათა განმარტებას, ასევე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმადაც მიიჩნევა, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს პირობებში, მისი, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდის, დანიშნულება იკარგება და იქცევა მოვალის დასჯის ერთ - ერთ მექანიზმად, რაც დაუშვებელია, რადგან ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
სააპელაციო სასამართლოს განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით დარიცხული ჯარიმა 150 დღეზე 336.99 აშშ დოლარისა და აღნიშნულს დამატებული 5% პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 71.16 აშშ დოლარის ოდენობით, ჯამურად 408.15 (ოთხას რვა აშშ დოლარი და 15 ცენტი)აშშ დოლარი, მიაჩნია ვალდებულების დარღვევისათვის არათანაზომიერად, არაგონივრულად, შეუსაბამოდ მაღლად და თვლის, რომ იგი უნდა შემცირდეს 200 (ორასი) აშშ დოლარამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლითაც პირგასამტეხლოს სახით ლ---- მ---–--ეს, ნ----- კ---–--–--ესა და დ----- კ---–--–--ეს სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 408,15 (ოთხასრვა აშშ დოლარი და 15 ცენტი) აშშ დოლარი დაეკისრათ, უნდა გაუქმდეს და მათ სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად 408,15(ოთხასრვა აშშ დოლარი და 15 ცენტი) აშშ დოლარისა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 200(ორასი) აშშ დოლარის გადახდა.
4.2.7. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ასევე ნაწილობრივ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შესაბამისად კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმებას, სასამართლო ხარჯების მოპასუხეებზე დაკისრების ნაწილში. სახელდობრ:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველი ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა, ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში უდაოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტებმა, როგორც მოპასუხეებმა, სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, სახელდობრ ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში, არ ცნეს მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და აღნიშნულზე ხაზგასმით მიუთითეს თავიანთ შესაგებელში-საქმის მომზადების ეტაპზევე. ასევე უდაოა, რომ სარჩელის მნიშვნელოვანი ნაწილის ცნობის მიუხედავად, ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მათ გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით სრული მოცულობით დაეკისრათ საპროცესო ხარჯის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება, მაშინ როდესაც მოხმობილი ნორმის თანახმად მოპასუხეებს სახელმწიფო ბაჟი უნდა დაკისრებოდა არა სრულად 202.97 ლარის ოდენობით, არამედ მხოლოდ დავის საგნის იმ ნაწილის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ ცნობდნენ მოთხოვნას - პირგასამტეხლოს 408.15 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში 3% -ის ოდენობით, რაც წარმოადგენდა 15,62 ლარს, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გაღებულ ხარჯს, ასეთი განუყოფელია და მოპასუხეებს სარჩელის ნებისმიერი ფორმით დაკმაყოფილების შემთხვევაში სრულად ეკისრებათ ამ ხარჯის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, ლ---- მ---–--ეს, ნ----- კ---–--–--ესა და დ----- კ---–--–--ეს სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაკისრებოდათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გადახდილი,სახელმწიფო ბაჟიდან მხოლოდ (50+15,62) = 65,62 (სამოცდახუთი ლარი და 62 თეთრი) ლარის გადახდა,ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (252.97 ლარი) თანხიდან მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაბრუნებოდა 171.09 ლარი,მოპასუხეთა მხრიდან სარჩელის ცნობის ნაწილის პროპორციულად.
4.2.8.პალატა არ იზიარებს აპელანტების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რადგან ისინი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულები , ამდენად, სრულად ექვემდებარებოდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეები მხოლოდ ისეთ შემთხვევაში თავისუფლდებიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ ისინი დადგენილი წესით რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და ამასთან იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა, რადგან საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის ფაქტობრივი გარემოება, რაც ზემოთ მოხმობილი ნორმის იმპერატიული დანათქმის თანახმად საკმარისი არ არის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განსათავისუფლებლად. ამდენად, იმისათვის რომ აპელანტები გათავისუფლებულ იქნან შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონშესაბამისად უნდა აკმაყოფილებდნენ ერთდროულად შემდეგ პირობებს: რეგისტირებულნი უნდა იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და უნდა იღებდნენ საარსებო შემწეობას, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად.( სარეიტინგო ქულა უნდა იყოს 100001 ქულაზე ნაკლები).
4.2.9. პალატა არ იზიარებს აპელანტების მიერ განვითარებულ სამართლებრივ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ მათ არ უნდა დაკისრებოდათ სააღსრულებო ბიუროში წარმოებული პროცესების დროს მოსარჩელის მიერ გადახდილი ხარჯები, რადგან უდაოა, რომ განსახილველ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებას აეკრძალა მოპასუხე დ----- კ---–--–--ისა და ნ----- კ---–--–--ის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების 50%-ის გაცემა 2599.10 აშშ დოლარის და 252.97 ლარის ფარგლებში.უდაოა ისიც,რომ ეს ღონისძიება ორთავე მოპასუხესთან მიმართებაში აღსრულებულია და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების ხარჯები მოსარჩელის მიერ გაღებულია. ამდენად, სასამართლოგარეშე ხარჯის გაწევის ფაქტობრივი გარემოება სახეზეა, რომლის ოდენობაც წესრიგდება ,,საარსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალსიწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის , აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად. სახელდობრ, ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულებისათვის რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას კრედიტორი იხდის აღსრულების საფასურს 100 (ასი) ლარის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში ორი მოპასუხის მიმართ განხორციელდა რა აკრძალვა, სააღსრულებო მოსაკრებლის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 100-100 (ასი-ასი) ლარს, ჯამურად კი -200(ორასი) ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მე-2 მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. როგორც უკვე აღინიშნა, სააღსრულებო წარმოების დროს გადახდილი ხარჯებიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო ხარჯებს (სასამართლოსგარეშე ხარჯებს) წარმოადგენს,რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც მოსარჩელისათვის განსახილველ შემთხვევაში ეკისრებათ მოპასუხეებს (აპელანტებს),რადგან სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შესაბამისად ზემოთქმულისა, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება ლ---- მ---–--ის, ნ----- კ---–--–--ისა და დ----- კ---–--–--ისათვის სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ ჯამურად დაკისრებული 2599,10 (ორი ათას ხუთასოთხმოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 10 ცენტი) აშშ დოლარიდან ასეთში პირგასამტეხლოს სახით შესული 408,15 (ოთხასრვა აშშ დოლარი და 15 ცენტი) აშშ დოლარის დაკისრებისა და ასევე მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილებში მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. სახელდობრ, სს ,,კ------- ბანკის“ სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ლ---- მ---–--ეს, ნ----- კ---–--–--ესა და დ----- კ---–--–--ეს სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად 408,15(ოთხასრვა აშშ დოლარი და 15 ცენტი) აშშ დოლარისა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 200(ორასი) აშშ დოლარის გადახდა, რის შედეგადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება ლ---- მ---–--ის, ნ----- კ---–--–--ისა და დ----- კ---–--–--ისათვის სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებული თანხიდან - 2599,10 (ორი ათას ხუთასოთხმოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 10 ცენტი) აშშ დოლარიდან 2399.10 (ორი ათას სამასოთხმოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 10 ცენტი) აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი, ამდენად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მხოლოდ 2399.10 (ორი ათას სამასოთხმოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 10 ცენტი) აშშ დოლარის გადახდა. ამასთან ლ---- მ---–--ეს, ნ----- კ---–--–--ესა და დ----- კ---–--–--ეს სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟი) -65,62 (სამოცდახუთი ლარი და 62 თეთრი) ლარის გადახდა, ხოლო სს „კ------- ბანკს“ კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 23 თებერვალს, №206487 საგადახდო დავალების საფუძველზე, სს ,,საქართველოს ბანკში“ მის (შპს მიკროსაფინანსო ორგანიაზაცია ,,კ-------“) მიერ ლ---- მ---–--ის, ნ----- კ---–--–--ისა და დ----- კ---–--–--ის სარჩელთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 202. 97 (ორასორი ლარი და 97 თეთრი) ლარიდან 171.09 (ასსამოცდათერთმეტი ლარი და 09 თეთრი)ლარი.
6. საპროცესო ხარჯები
დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე აპელანტების მიერ სოლიდარულად გადახდილია ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
დადგენილია, რომ აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგეს ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს სს ,,კ------- ბანკს“ აპელანტების ლ---- მ---–--ის, ნ----- კ---–--–--ისა და დ----- კ---–--–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მათ მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 75 ლარი - სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გადაწყვიტა: 1. ლ---- მ---–--ის, ნ----- კ---–--–--ისა და დ----- კ---–--–--ის საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება ლ---- მ---–--ის, ნ----- კ---–--–--ისა და დ----- კ---–--–--ისათვის სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ ჯამურად დაკისრებული 2599,10 (ორი ათას ხუთასოთხმოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 10 ცენტი) აშშ დოლარიდან ასეთში პირგასამტეხლოს სახით შესული 408,15 (ოთხასრვა აშშ დოლარი და 15 ცენტი) აშშ დოლარის დაკისრებისა და ასევე მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილებში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება. 3.სს ,,კ------- ბანკის“ სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ლ---- მ---–--ეს, ნ----- კ---–--–--ესა და დ----- კ---–--–--ეს სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად 408,15(ოთხასრვა აშშ დოლარი და 15 ცენტი) აშშ დოლარისა სოლიდარულად დაეკისროთ 200(ორასი) აშშ დოლარის გადახდა, რის შედეგადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება ლ---- მ---–--ის, ნ----- კ---–--–--ისა და დ----- კ---–--–--ისათვის სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებული თანხიდან - 2599,10 (ორი ათას ხუთასოთხმოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 10 ცენტი) აშშ დოლარიდან 2399.10 (ორი ათას სამასოთხმოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და 10 ცენტი) აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. ლ---- მ---–--ეს, ნ----- კ---–--–--ესა და დ----- კ---–--–--ეს სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გადახდილი სასამართლო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟი)ნაწილის -65,62 (სამოცდახუთი ლარი და 62 თეთრი) ლარის გადახდა; 5. სს „კ------- ბანკს“ დაუბრუნდეს 2017 წლის 23 თებერვალს, №206487 საგადახდო დავალების საფუძველზე, სს ,,საქართველოს ბანკში“ მის (შპს მიკროსაფინანსო ორგანიაზაცია ,,კ-------“) მიერ ლ---- მ---–--ის, ნ----- კ---–--–--ისა და დ----- კ---–--–--ის სარჩელთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 202. 97 (ორასორი ლარი და 97 თეთრი) ლარიდან 171.09 (ასსამოცდათერთმეტი ლარი და 09 თეთრი)ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300693150; 6. სს ,,კ------- ბანკს“ ლ---- მ---–--ის, ნ----- კ---–--–--ისა და დ----- კ---–--–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურება; 7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გაადწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გაადწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ნანა კალანდაძე