განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
060210017001954166
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060210017001954166

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-53-2018 27 თებერვალი, 2018 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი - საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტრო

წარმომადგენელი - ქეთევა ორომაშვილი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ლ---

წარმომადგენელი - ლ-–-----------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტროსა და შპს „ლ--ს“ შორის 2006 წლის 16 მაისს გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ №0--------------------------- და №------- ხელშეკრულებები.რომელთა საფუძველზეც მოპასუხეს უნდა ეწარმოებინა საჯარო სკოლების სარემონტო სამუშაოები. 2.2. მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების მიზნით, უსასყიდლოდ გადასცა 11902.33 (თერთმეტი ათას ცხრაასორი ლარი და 33 თეთრი) ლარის ღირებულების ჰიდროსაიზოლაციო და ელექტროგაყვანილობის მასალა -ლინოკრომი და ელსადენი. სახელდობრ 660 კვ.მ ლინოკრომი 2118.60 ლარის ღირებულების, 2.5/3 კვეთის მქონე 8.14 კმ ელ. სადენი 9253,47 ლარის ღირებულების და 4/3 კვეთის მქონე 0.3 კმ. ელსადენი 530.26 ლარის ღირებულების. 2.3. 2006 წლის 25 დეკემბერს მოპასუხე შპს ,,ლ--მა“ დაასრულა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები ხ-------- საჯარო სკოლაზე და ჩააბარა მოსარჩელეს. ასევე გადასცა მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების მოცულობა - განფასებები. 2.4. 2006 წლის 26 ნოემბერს მოპასუხე შპს ,,ლ--მა“ დაასრულა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები ვ------- საჯარო სკოლაზე და ჩააბარა მოსარჩელეს. ასევე გადასცა მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების მოცულობა - განფასებები. 2.5. 2006 წლის 05 ნოემბერს მოპასუხე შპს ,,ლ--მა“ დაასრულა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები ს---------------- საჯარო სკოლაზე და ჩააბარა მოსარჩელეს. ასევე გადასცა მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ანგარიშები, ფორმა 3, სამუშაოს დასრულების აქტები, საექსპერტო ჯგუფის დასკვნები და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურები. 2.6. 2006 წლის 04 ნოემბერს მოპასუხემ - შპს ,,ლ--მა“ დაასრულა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები ბ------------- საჯარო სკოლაზე და ჩააბარა მოსარჩელეს. ასევე გადასცა მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ანგარიშები, ფორმა 3, სამუშაოს დასრულების აქტები, საექსპერტო ჯგუფის დასკვნები და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურები. 2.7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2016 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის მიღებაზე ამავე წლის 05 დეკემბრის განჩინებით უარი ეთქვა განსჯადობის წესების დაუცველობის გამო და განემარტა, რომ უნდა მოემართა სამტრედიისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებისათვის. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინებით მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და განემარტა, რომ განსჯადობის წესების დაცვით უნდა მოემართა სამტრედიის რაიონული სასამართლოსათვის. სამტრედიის რაიონულ სასამართლოში წინამდებარე სარჩელი განსახილველად წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 05 ივნისს. 2.8. მოპასუხის მიერ ფაქტობრივად სრულად იქნა გახარჯული მოსარჩელის მიერ მისთვის გადაცემული 11902.33 ლარის ღირებულების მასალა, უფრო მეტიც, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის განათლების სამინისტროს მიერ გადაცემული მასალა არ აღმოჩნდა რა საკმარისი, მის მიერ დამატებით შეძენილი იქნა 1194 გრძივი მეტრით მეტი ელექტროსადენი, სახელდობრ გადმოცემული 8440 გრძივი მეტრი ელსადენის ნაცვლად გახარჯულ იქნა 9634 გრძივი მეტრი ელსადენი, ხოლო ლინოკრომით კი მოხდა სკოლათა სახურავების ორმაგი ფენით დაფარვა, მაგრამ შესრულებული სამუშაოების ფორმა #2-ში არ იქნა რა ასეთი ნულოვანი ტარიფით ასახული, ბუღალტრული თვალსაზრისით არასწორად წარმოებული მოქმედება შეფასდა იმგვარად, რომ თითქოსდა შპს ,,ლ--ს“ არ აუთვისებია ვალდებულების შესრულების მიზნით გადაცემული მასალები. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა არა მხოლოდ მოპასუხე მხარის განმარტებითა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არამედ უპირველესად თვით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლითაც ნათლად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საბუღალტრო დოკუმენტებში არ იქნა რა ნულოვანი ტარიფით გაფასებული სამინისტროსგან გადაცემული მასალა, მიჩნეულ იქნა, რომ ასეთი საერთოდ არ ყოფილა ათვისებული, მაშინ როდესაც საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტროს საბუღალტროს აღრიცხვის სამმართველოს უფროსისადმი ამავე სამმართველოს შტატგარეშე თანამშრომლის ზვიად კაკალაშვილის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტროს საბუღალტრო სამმართველოს არქივში ფორმა # 2 -თან ერთად ინახება დოკუმენტი ,,შპს ,,ლ---ს“ მიერ განათლების სამინისტროსგან მიღებული მასალების ხარჯი ობიექტების მიხედვით“ დასახელებით, რომლებშიც ასახულია სამინისტროსგან მიღებული სამშენებლო მასალების ხარჯვა. 2.9. განათლების სამინისტროს მოთხოვნით ჩატარებული გამოძიებისას შპს ,,საქექსპერტის“ დასკვნის საფუძველზე მოხდა შპს ,,ლ---სთვის“ 2006 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ჩარიცხული თანხიდან სწორედ არასწორი ბუღალტრული მოქმედების შედეგად ზედმეტად მიღებულად მიჩნეული თანხის ბიუჯეტში დაბრუნების დაკისრება, რაც შპს ,,ლ---ს“ მიერ 2010 წლის 22 თებერვლიდან 2010 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით ეტაპობრივი გადახდით იქნა დაბრუნებული სახელმწიფო ბიუჯეტში 11710,2 ლარის ოდენობით. ამდენად, საქმის განხილვის დროისათვის არც გამოუყენებელ - აუთვისებელი მასალაა სახეზე და არც ასეთის ღირებულების ტოლფასი თანხის დაბრუნების წინაპირობები აღარ არსებობს, რადგან აღნიშნული ჯერ კიდევ 2010 წელში იქნა შპს ,,ლ---ს“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი. აღნიშნული დასტურდება არა მხოლოდ მოპასუხის განმარტებით, არამედ მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებითაც, რომლის მიერაც დადასტურებულ იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტროსა და შპს „ლ--ს“ შორის 2006 წლის 16 მაისს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ №--------------------------- და N------- ხელშეკრულებების გარდა სხვა ხელშეკრულება არ დადებულა. 2.10. შპს ,,ლ--ს“ არ ჩაბარებია საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტროს 2015 წლის 21 იანვრის წერილით წაყენებული მოთხოვნა დავალიანების დაფარვის თაობაზე. აღნიშნული უარყოფილ იქნა მოპასუხის მიერ, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ არ იქნა ასეთის ჩაბარების უტყურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2.11. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე სამშენებლო მასალის დაბრუნების ნაცვლად 11 902,33 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ ხანდაზმულია. 2006 წლის 04, 05, 26 ნოემბერსა და ამავე წლის 25 დეკემბერს მოპასუხემ დაასრულა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები და ჩააბარა მოსარჩელეს, ამასთან ასევე გადასცა შესრულებული სამუშაოების მოცულობა - განფასებები, თუმცა 2016 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სარჩელის წარდგენამდე, შემკვეთს, მასალების დაბრუნების მოთხოვნით მენარდისათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, მოსარჩელეს ზემოხსენებული სასარჩელო მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2006 წლის 04 , 05, 26 ნოემბერსა და ამავე წლის 25 დეკემბერს, სარჩელი კი აღძრულ იქნა სასამართლოში 2016 წლის 28 ნოემბერს - მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა. ამდენად, ზემოხსნებეული ნორმის თანახმად მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის და ამასთან მოვალეა წარუდგინოს მასალის ხარჯვის ანგარიში განსახილველ შემთხვევაში კი ადგილი აქვს არა მასალის არასწორ გამოყენებას და მასალის ხარჯვის ანგარიშის წარუდგენლობას, არამედ გამოყენებული მასალის არასწორად გაფასებას, ბუღალტრული ხასიათის დარღვევას. სახელდობრ, სამინისტროსა და შპს „ლ--ს“ შორის 2006 წლის 16 მაისს გაფორმებული №0------, №0------, №0------ და №------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების მიზნით მოსარჩელემ მოპასუხეს უსასყიდლოდ გადასცა 11902.33 ლარის ღირებულების ჰიდროსაიზოლაციო და ელექტროგაყვანილობის მასალა - ლინოკრომი და ელსადენი, რაც მოპასუხის მიერ სრულად იქნა გამოყენებული, მაგრამ მოხდა აღნიშნულის არასწორად გაფასება, თუმცა აღნიშნულის შემდგომ ,2010 წელს განათლების სამინისტროს მოთხოვნით ჩატარებული გამოძიებისას შპს ,,საქექსპერტის“ დასკვნის საფუძველზე მოხდა შპს ,,ლ---სთვის“ 2006 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ჩარიცხული თანხიდან სწორედ არასწორი ბუღალტრული მოქმედების შედეგად ზედმეტად მიღებულად მიჩნეული თანხის უკან დაბრუნება, რაც შპს ,,ლ---ს“ მიერ 2010 წლის 22 თებერვლიდან 2010 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით ეტაპობრივი გადახდით იქნა დაბრუნებული სახელმწიფო ბიუჯეტში 11710,2 ლარის ოდენობით. ამდენად, საქმის განხილვის დროისათვის არც გამოუყენებელ -აუთვისებელი მასალაა სახეზე და არც ასეთის ღირებულების ტოლფასი თანხის დაბრუნების წინაპირობები აღარ არსებობს, რადგან აღნიშნული ჯერ კიდევ 2010 წელში იქნა შპს ,,ლ---ს“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი. 2.13. გარდა იმისა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, იგი ამავდროულად ხანდაზმულიცაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან (ნარდობის ხელშეკრულება) შესასრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარე, რის გამოც, ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად, ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, რომლისა ათვლაც განსახილველ შემთხვევაში წარმოიშვა 04.11.2006-25.12.2006 წელს და დასრულდა 2009 წლის 25 დეკემბერს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. 2.14. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ დავა გამომდინარეობდა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ურთიერთობიდან. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება ნამდვილი იყო და არც შეწყვეტილა, რაც გამორიცხავდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ პუნქტისა და 979-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტრომ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ,,მოპასუხის მიერ ფაქტობრივად სრულად იქნა გახარჯული მოსარჩელის მიერ მისთვის გადაცემული 11 902.33 ლარის ღირებულების მასალა, უფრო მეტიც, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისთვის განათლების სამინისტროს მიერ გადაცემული მასალა არ აღმოჩნდა რა საკმარისი, მის მიერ დამატებითი შეძენილი იქნა 1194 გრძივი მეტრით მეტი ელექტროსადენი, სახელდობრ გადმოცემული 8440 გრძივი მეტი ელსადენის ნაცვლად გახარჯულ იქნა 9634 გრძივი მეტრი ელსადენი, ხოლო ლინოკრომით კი მოხდა სკოლათა სახურავების ორმაგი ფენით დაფარვა." სასამართლომ ზემოაღნიშნული დაადგინა მოპასუხე მხარის მიერ ახსნა-განმარტების საფუძველზე, რომელიც საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ არის გამყარებული. ამდენად, სასამართლომ უსაფუძვლოდ ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დაადგინა, რომ შპს ,,ლ---ს" მიერ სრულად იქნა გახარჯული სამინისტროს მიერ მისთვის გადაცემული მასალა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ დამატებითაც იქნა შეძენილი ელსადენები. 3.2. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ,,სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით ნათლად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საბუღალტრო დოკუმენტებში არ იქნა რა ნულოვანი ტარიფით გაფასებული სამინისტროსგან გადაცემული მასალა, მიჩნეულ იქნა, რომ ასეთი საერთოდ არ ყოფილა ათვისებული, მაშინ როდესაც, საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს უფროსისადმი ამავე სამმართველოს შტატგარეშე თანამშრომლის ზვიად კაკაშვილის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს არქივში ფორმა N2-თან ერთად ინახება დოკუმენტი ,,შპს ლ---ს" მიერ განათლების სამინისტროსგან მიღებული მასალების ხარჯი ობიექტების მიხედვით დასახელებით, რომლებშიც ასახულია სამინისტროსგან მიღებული სამშენებლო მასალების ხარჯვა." სასამართლომ არასწორად დაადგინა ზემოაღნიშნული გარემოება, იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მოხენებითი ბარათით (სარჩელის დანართი N9) აღნიშნულია შემდეგი: ,,შპს ,,ლ---მ" ბ-------------, ვ------- და ს---------------- საჯარო საჯარო სკოლებში შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ში არ აქვს ნულოვანი ტარიფით გაფასებული საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტროსგან მიღებული მატერიალური მარაგები. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს არქივში ფორმა N2-თან ერთად ინახება დოკუმენტი ,,შპს ლ---ს" მიერ განათლების სამინისტროსგან მიღებული მასალების ხარჯი ობიექტების მიხედვით დასახელებით, რომლებშიც ასახულია სამინისტროსგან მიღებული სამშენებლო მასალების ხარჯვა, თუმცა დანართსა და ფორმა N2-ს შორის რაიმე სახის კავშირი არ ფიქსირდება". 3.3. სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტში არასწორად შეაფასა შემდეგი გარემოება: სამინისტროს მოთხოვნით ჩატარებული გამოძიებისას შპს ,,საქექსპერტის" დასკვნის საფუძველზე მოხდა შპს ,,ლ---სთვის" 2006 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ჩარიცხული თანხიდან სწორედ არასწორი ბუღალტრული მოქმედების შედეგად ზედმეტად მიღებულად მიჩნეული თანხის ბიუჯეტში დაბრუნების დაკისრება, მაშინ როცა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებით (საგადასახადო დავალებები) არ დასტურდება, რომელი ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა ჩარიცხული თანხიდან ზედმეტი თანხის უკან დაბრუნება. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებით ბუნდოვანია და მოპასუხე მხარესაც სასამართლო სხდომის დროს ვერ დაადასტურა მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებული თანხა იყო თუ არა კავშირში დავის საგანთან. 3.4. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.4 პუნქტში არასწორად დაადგინა, რომ სამინისტროს მოთხოვნა მოპასუხეზე სამშენებლო მასალის დაბრუნების ნაცვლად 11 902,33 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ ხანდაზმულია, მაშინ როცა სამუშაოები დასრულდა 2006 წლის 25 დეკემბერს, სამინისტრომ სარჩელით სასამართლოს მიმართა 2016 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სამართლებრივი საფუძვლები 3.5. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა, ვინაიდან დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე არ წარმოშობილა. 3.6. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი, რომლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). შედეგად, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის დავა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან, ვინაიდან, მხარეთა შორის არსებული ვალდებულება მისი შესრულების საფუძველზე შეწყდა და შესაბამისად, დავის განხილვის მომენტისათვის ის აღარ არსებობს. 3.7. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. აღნიშნული მუხლის გამოუყენებლობით სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა ურთიერთობა, როგორც სახელშეკრულებო სამართლებრივი დავა და მას არასწორად დაუკავშირა სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. 3.8. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. სადავო სამართალურთიერთობა წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე დავას, რა შემთხვევაშიც გამოიყენება საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა და არა 3 წლიანი ვადა. 3.9. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულდა 2006 წელს, ამ დროიდან მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს "ლ---" უსაფუძვლოდ ფლობდა მოსარჩელის კუთვნილ ქონებას, შესაბამისად, საერთო ხანდაზმულობის ვადის დენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო 2006 წლიდან. ამდენად, 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტროსა და შპს ლ---ს შორის 2006 წლის 16 მაისს დაიდო „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ №0--------------------------- და №------- ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებათა საფუძველზე შპს ლ---ს უნდა გაერემონტებინა საჯარო სკოლები. 4.2. აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად გადასცა 11902.33 ლარის ღირებულების ჰიდროსაიზოლაციო და ელექტროგაყვანილობის მასალა - ლინოკრომი და ელსადენი. 4.3. შპს ლ---მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, საბოლოოდ, დაასრულა 2006 წლის 25 დეკემბერს. 4.4. ამის შესახებ შედგა ე.წ. სამუშაოს დასრულების აქტები, აპელანტმა შესრულებული სამუშაო მიიღო და საზღაურიც გადაიხადა. 4.5. თუმცა, მოგვიანებით, აპელანტმა მიიჩნია, რომ მის მიერ გადაცემული მასალები მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა „განფასებული ნულოვანი ტარიფით“, ე.ი. მან მოითხოვა და მიიღო ანაზღაურება, მათ შორის, შემკვეთის მიერ სამუშაოს შესასრულებლად გადაცემული მასალებისათვის. 4.6. ამის გამო, 2010 წლის 22 თებერვლიდან იმავე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით შპს ლ---მ სახელმწიფო ბიუჯეტში 11710,2 ლარი დააბრუნა. 4.7. ამის მიუხედავად, 2016 წლის 28 ნოემბერს აპელანტმა აღძრა სარჩელი თანხის დაბრუნების მოთხოვნით. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.8.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ აპელანტის მოთხოვნა უსაფუძლო და ხანდაზმული იყო. 4.9. პალატის აზრით, საქმის მასალებით არ მტკიცდება არც ის, რომ შპს ლ--ს აპელანტის მიერ გადაცემული მასალა არ გამოუყენებია და არც ის, რომ მან შესრულებული სამუშაოსათვის შეთანხმებულზე მეტი ანაზღაურება მიიღო. 4.9.1. თავისი პოზიციის დასამტკიცებლად აპელანტმა სასამართლოს, არსებითად, მხოლოდ ერთი მტკიცებულება, სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს შტატგარეშე თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი წარმოუდგინა. 4.9.2. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ ეს მტკიცებულება სავსებით სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია და მართებულად დაადგინა, რომ იგი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს არ ადასტურებდა. 4.9.3. პალატის აზრით, მხოლოდ ის, რომ შპს ლ---მ სამინისტროს მიერ მიღებული მასალები „ფორმა 2“-ში „ნულოვანი ტარიფით“ არ განაფასა, მათ გამოუყენებლობას არ ნიშნავს. 4.9.4. პირიქით, ე.წ. „ფორმა 2“ სწორედ მასალების გამოყენებას და სამუშაოს შესრულებას ადასტურებს. 4.9.5. აღსანიშნავია, რომ თავად შესრულებული სამუშაოს მიმართ აპელანტს პრეტენზია არ წამოუყენებია ამ სამუშაოს შესასრულებლად კი ლინოკრომი და ელ.სადენები, როგორც ჩანს, აუცილებელი იყო. 4.9.6. ეს კი ნიშნავს, რომ შპს ლ---მ მიწოდებული მასალები სრულად გამოიყენა. 4.9.7. და, გარდა ამისა, „მოხსენებითი ბარათიდან“, არსებითად, არა მასალების გამოუყენებლობა, არამედ აპელანტის მიერ შპს ლ---სათვის თანხის ზედმეტად გადახდა გამომდინარეობს - „ნულოვანი ტარიფით განფასება“ ნიშნავს, რომ შპს ლ---ს შემკვეთის მიერ გადაცემული მასალა შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში არ უნდა ჩაეთვალა. 4.9.8. საყურადღებოა, რომ საქმის მასალებით არც ეს გარემოება მტკიცდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ 2010 წელს, ე.ი. სამუშაოთა დასრულების შემდეგ შპს ლ---მ სახელმწიფო ბიუჯეტს თანხა დაუბრუნა. 4.9.9. საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ 2016 წლის 16 მაისს დადებული ხელშეკრულებების გარდა მხარეთა შორის სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებიც არსებობდა. ეს კი ნიშნავს, რომ „ფორმა 2“-ში ჩამოთვლილი მასალები სწორედ ის მასალებია, რომლებიც აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს ზემოხსენებულ ხელშეკრულებათა შესასრულებლად გადასცა, ხოლო 2010 წელს დაბრუნებული თანხა სწორედ ის თანხა იყო, რომელიც აპელანტს, სავარაუდოდ, ზედმეტად ჰქონდა გადახდილი. 4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). 4.10.1. ამ ნორმის შესაბამისად, შპს ლ---ს ვალდებულება აპელანტის მიმართ შეწყვეტილია და, ამიტომ, სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა. 4.11. ამავდროულად, პალატა სავსებით ეთანხმება რაიონულ სასამართლოს, რომ მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება იყო დადებული. 4.11.1. აპელანტი ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემული, გამოუყენებელი მასალის ღირებულების ანაზღაურებას ითხოვს, ე.ი. მისი მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომლის თანახმადაც მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა. 4.11.2. ამ ნორმის შესაბამისად, აპელანტს გამოუყენებელი მასალის დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2006 წლის 25 დეკემბერს, მან კი სარჩელი 2016 წლის 28 ნოემბერს აღძრა. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აპელანტის მოთხოვნა ხანდაზმულია. 4.12. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებული დავის გადასაწყვეტად უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმები უნდა იქნას გამოყენებული. 4.12.1. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-774-723-2017, რომელშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „კონდიქციური დანაწესების (სკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე _ მეორადი მოთხოვნები) და სხვა)“. 4.12.2. უდავოა, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ შესრულება ნამდვილი ვალდებულების საფუძველზე განახორციელა. ამის გამო, მათ შორის უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობს და დავა სპეციალური, ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით უნდა გადაწყდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. საქართველოს გ------–------------–--------- სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

ლაურა მიქავა