განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
010210016001345509
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001345509

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-1319-2017 11 აპრილი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - დ----- ბ-–----ე სს „------- ბ---ი“ ლ--–- ბ-----–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, საქმის ხელახალი არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.

გ ა მ ო ა რკ ვ ი ა: 2016 წლის 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „------- ბ---ის“ წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა დ----- ბ-–----ე და მოპასუხისათვის შემდეგი ოდენობით თანხების დაკისრება მოითხოვა: 1) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი დავალიანების- 3505.19 ლარის გადახდა, საიდანაც, ძირი თანხაა-2879.26 ლარი, პროცენტი - 404.52 ლარი და ჯარიმა 221.41 ლარი; 2) 2016 წლის 15 აპრილიდან, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2879.26 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 86.37 ლარს; 3) 2016 წლის 15 აპრილიდან, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2879.26 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 14.39 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა. მოსარჩელემ, მოპასუხეზე სარჩელის გზავნილის ჩაბარება უზრუნველყო 2016 წლის 17 მაისს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში დ----- ბ-–----ეს შესაგებელი არ წარუდგენია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლის შესაბამისად, 2016 წლის 04 ივლისს გამოტანილი იქნა დუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „------- ბ---ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს - დ----- ბ-–----ეს, მოსარჩელის - სს „------- ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისრა 3505,19 ლარის, ასევე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის-228,43 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 304.58 ლარის გადახდა. 2017 წლის 14 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ე.წ. უსწორობის გასწორების თაობაზე განცხადებით მიმართა სს „------- ბ---ის“ წარმომადგენელმა, რომელიც თავისი შინაარსით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მოთხოვნას წარმოადგენდა და ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მოპასუხისათვის წლიური 36% სარგებლის გადახდისა და პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად, ძირითადი თანხის 0.5%-ის, არაუმეტეს 1000 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხე დ----- ბ-–----ეს, მოსარჩელის-სს „------- ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისრა, 2016 წლის 15 აპრილიდან, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2879.26 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 86.37 ლარს; მოპასუხე დ----- ბ-–----ეს, მოსარჩელის - სს „------- ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისრა, 2016 წლის 15 აპრილიდან, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2879.26 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 14.39 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა. დამატებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა დ----- ბ-–----ემ, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, დ----- ბ-–----ის საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების, მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარი წარადგინა დ----- ბ-–----ემ. აპელანტის განმარტებით, მართალია, ბათუმის საქალაქო სასამართლოდან თავდაპირველი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, თუმცა, ვინაიდან შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია და ყოველი კალენდარული თვის უმეტეს ნაწილს ატარებს საზღვარზე, არსებული შინაგანაწესის მიხედვით, მორიგეობის დროს ვერ სარგებლობს სატელეფონო კავშირით. შესაბამისად, ოჯახთანაც არ გააჩნია არანაირი კავშირი, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ პირადად ვერ ჩაიბარა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის გზავნილი და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ მოახერხა შესაგებლის წარმოდგენა. რაც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის დამატებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მართალია ითვალისწინებს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, თუმცა, ამავე კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს აშკარად დარღვეული აქვს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარად სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების დასაბუთება სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ სააპელაციო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მოპასუხე დ----- ბ-–----ის წინააღმდეგ, სს „------- ბ---ის” სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2016 წლის 04 ივლისს (ს.ფ.62-65). დადგენილია, რომ სს „------- ბ---მა“, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით განცხადება წარადგინა 2017 წლის 14 მარტს (ს.ფ.70-71). პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი, ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. იმის გათვალისწინებით, რომ სს „------- ბ---მა“, დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, განცხადება წარადგინა 2017 წლის 14 მარტს, ანუ 2016 წლის 04 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანიდან 07 დღიანი ვადის დარღვევით, პალატა მიიჩნევს, რომ თანახმად სსკ 63-ე მუხლისა, საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განცხადება დაუშვებელია, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი განცხადება, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამდენად, დ----- ბ-–----ის სააპელაციო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება, ხოლო მოთხოვნა, საქმის ხელახალი არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებისა არ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე და 63-ე მუხლების თანახმად, „------- ბ---ის“ განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, დ----- ბ-–----ის სააპელაციო მოთხოვნა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სს „-------“ ბ---ს, დ----- ბ-–----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის წინასაწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -164,37 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. დ----- ბ-–----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება; 3. სს „-------“ ბ---ის განცხადება, დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დარჩეს განუხილველად; 4. სს „-------“ ბ---ს, დ----- ბ-–----ის სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 164,37 ლარის ანაზღაურება; 5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე