განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
080210016001435860
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210016001435860

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-1251-17 11 აპრილი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი(მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ზ------ ლ---–უა დ----- ბ------ე ც------ ს--–----ე მ---- დ---------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ც------ ს--–----ის სასარგებლოდ, გადაწყვეტილებით დაკისრებული 17150 აშშ დოლარიდან, 11350 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ზ------ ლ---–უასათვის ც------ ს--–----ის სასარგებლოდ მხოლოდ, 5800 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 15 თებერვალს, მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 7000 აშშ დოლარი, თვეში 5% სარგებლის დარიცხვის პირობით. მოვალეს არ გადაუხდია არც ძირითადი თანხა და არც პროცენტი. შესაბამისად, სარჩელის წარდგენის დროისათვის, მისი დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას- 7000 აშშ დოლარს და 29 თვის სარგებელს-10150 აშშ დოლარს, რაც მოსარჩელეს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზ------ ლ---–უას. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ცნო 4600 აშშ დოლარის ნაწილში. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რეალურად მოსარჩელისაგან სესხი აიღო მოპასუხის მეუღლემ და მას არ უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ც------ ს--–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. ზ------ ლ---–უას (პ/ნ 4----------), ც------ ს--–----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს, სესხის ძირითადი თანხის-7000 აშშ დოლარის და სარგებლის-10150 აშშ დოლარს გადახდა; 3. ზ------ ლ---–უას (პ/ნ 4----------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 1308.96 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის ანაზღაურება; 4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2014 წლის 15 თებერვალს, ზ------ ლ---–უამ, ც------ ს--–----ისაგან სესხის სახით მიიღო 7000 აშშ დოლარი, თვეში 5% სარგებლის (350 აშშ დოლარი) დარიცხვის პირობით. შეთანხმება გაფორმდა წერილობით. (იხ.ტ.2.(უზრ) ს.ფ. ) 2.2. საქმეზე მტკიცებულება სესხის თანხის, თუნდაც ნაწილობრივ დაფარვის თაობაზე ან იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ სესხი ზ------ ლ---–უას არ აუღია, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. 2.3. სესხის გაცემის დროიდან-2014 წლის 15 თებერვლიდან, სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე (2016 წლის 18 ივლისი) გასულია 29 თვე. ამ პერიოდზე დარიცხული სარგებელი შეადგენს 10 150 აშშ დოლარს (29 X 350=10150). დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625–ე, 361-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში წერილობით გაფორმებული ხელშკრულების თანახმად, 2014 წლის 15 თებერვალს, ზ------ ლ---–უამ, ც------ ს--–----ისაგან სესხის სახით მიიღო 7000 აშშ დოლარი, თვეში 5% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის თანხის, თუნდაც ნაწილობრივ დაფარვის თაობაზე მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის-7000 აშშ დოლარის, ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2014 წლის 15 თებერვლიდან, სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე 29 თვის სარგებლის დარიცხვის თაობაზე საფუძვლიანად იქნა მიჩნეული და დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, თითქოსდა მან, 2014 წლის 15 თებერვალს, ც------ ს--–----ისაგან ისესხა 7000 აშშ დოლარი 5% სარგებლით და მას შემდეგ 29 თვის განმავლობაში საერთოდ არ გადაუხდია არანაირი თანხა. 3.2. ც------ ს--–----ის მიმართ შესრულებული აქვს ვალდებულების უმეტესი ნაწილი და სარგებლის ჩათვლით დარჩენილი აქვს გადასახდელად 5800 შშ დოლარი, რასაც ადასტურებს ც------ სი-–---ის მიერ დაწერილი ხელწერილი და მოწმეთა ჩვენებები. მის მიერ გადახდილი თანხები აუცილებლად უნდა გამოაკლდეს ვალს და შემცირდეს დაკისრებული თანხების ოდენობა. 3.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ მოახერხა ამ ფაქტზე მითითება და მტკიცებულებების წარდგენა, რადგან სასამართლო ჩატარდა მისი მონაწილეობის გარეშე, მან არ იცოდა სხდომის თარიღი, ხოლო მისმა წარმომადგენელმა, მისთვის გაუგებარი მიზეზით სასამართლოში მტკიცებულებები არ წარადგინა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ც------ ს--–----ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ქუთისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.4. პუნქტში მითითებულ სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებში. 4.4. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა 17150 აშშ დოლარის დავალიანებიდან ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულების მოცულობა. კერძოდ, აპელანტის მითითებით, მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, გადასახდელად დარჩილია 5800 შშ დოლარი, თუმცა თანხის გადახდაზე, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია. 4.5. სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. სსსკ-ის 102.3-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო კოდექსის 427-ე, 429.1-ე, 430-ე მუხლების თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს. 4.6. განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ 2014 წლის 15 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების ნაწილი ც------ ს--–----ისათვის გადახდილი აქვს და გადასახდელად დარჩენილია 5800 აშშ დოლარი, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი. პალატა განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. 4.7. იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) ც------ ს--–----ე არ დაეთანხმა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას თანხის ნაწილის გადახდასთან დაკავშირებით, პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე, 429.1-ე, 430-ე მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის საფუძველზე, მხოლოდ ზ------ი ლ---–უას ახსნა-განმარტება სესხის ნაწილის გადახდისა და 17150 აშშ დოლარიდან მხოლოდ 5800 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობის თაობაზე, სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო, საკმარისი და გაზიარებული ვერ იქნება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, ც------ ს--–----ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უცვლელად დატოვების საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ზ------ი ლ---–უას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ზ------ი ლ---–უას მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-1200 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ------ი ლ---–უას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე