განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210017001887271
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1195-2017 27 თებერვალი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი კ-----–----------–ი
წარმომადგენელი - ა-–-----------–-–---ე
მოწინააღმდეგე მხარე - ზ--------------ე
წარმომადგენელი - თ-----------------ე, რ--------------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქმეზე მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ზ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქველმოქმედო ფონდ კეთილსოფელს ზ--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 7500 ლარის და ხელფასის გაცემის დაყოვნებისათვის 2014 წლის 3 სექტემბრიდან ხელფასის სრულ გადახდამდე ყოველდღიურად 7500 ლარის 0,07%-ის გადახდა. გასაჩივრებული განჩინებით საქველმოქმედო ფონდი კეთილსოფელის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ზ--------------ემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა საქველმოქმედო ფონდი კეთილსოფელისათვის მის სასარგებლოდ 7500 ლარის და ხელფასის გაცემის დაყოვნებისათვის, 2014 წლის 3 სექტემბრიდან ხელფასის სრულ გადახდამდე ყოველდღიურად 0,07% გადახდის დაკისრება. 2.2. სარჩელი და თანდართული საბუთები 2017 წლის 27 აპრილს ჩაბარდა შპს საქველმოქმედო ფონდი კეთილსოფელის დირექტორს, მ-----– ტ----------. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. საქართველოს სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. 2.4. ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 2.5. შესაგებლის წარმოდგენა კანონით განსაზღვრული აუცილებლობაა და მის შეუსრულებლობას მოსდევს იურიდიული შედეგი. სწორედ ამის გამო მოპასუხეს გადაცემული გზავნილით განემარტა, რომ ის ვალდებული იყო სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე თავის მოსაზრებებთან ერთად წერილობითი პასუხი (შესაგებელი) სასამართლოსათვის წარმოედგინა სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. ამასთან განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, შესაგებელი არ წარმოუდგენია. ასევე არ უცნობებია სასამართლოსათვის შესაგებელის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდმა კ-----–----------–ი: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2017 წლის 27 აპრილს მოპასუხე საქველმოქმედო ფონდ კ-----–----------–ს ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, მაშინ, როდესაც მოპასუხეა ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი კ-----–----------–ი. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. გამოუცხადებელი მხარე მიწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 3.3. სასამართლომ არასწორად დააკისრა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. 2017 წლის 18 აპრილს ზ--------------ემ სარჩელი აღძრა საქველმოქმედო ფონდ კ-----–----------–ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის ხუთი თვის მიუღებელი ხელფასის, 7500 ლარისა და ხელფასის გაცემის დაყოვნებისათვის 2014 წლის 3 სექტემბრიდან ხელფასის სრულ გადახდამდე ყოველდღიურად 0,07%-ის გადახდის დაკისრება. 4.2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2014 წლის 3 ივნისს მხარეთა შორის, 2014 წლის 31 დეკემბრამდე დაიდო შრომითი ხელშეკრულება. 4.2.1. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად მისაღები ხელფასის ოდენობა, გადასახადების ჩათვლით, შეადგენდა 1875, ხოლო ჩაუთვლელად - 1500 ლარს. 4.2.2. მოპასუხეს მოსარჩელისათვის ხელფასი 2014 წლის 3 სექტემბრის შემდეგ აღარ გადაუხდია. 4.3. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად 10 დღის ვადა განუსაზღვრა. 4.4. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაჰბარდა 2017 წლის 12 მაისს, თუმცა მან სასამართლოს შესაგებელი, მხოლოდ, 2017 წლის 2 ივნისს წარუდგინა. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. პირველ ყოვლისა, უდავოა, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტის მიმართ გამოიტანა და მისი ორგანიზაციული ფორმის მიუთითებლობა ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არის. 4.6. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ მას სარჩელი და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია. 4.6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. 4.6.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, რომ აპელანტისათვის გაგზავნილი უწყება 2017 წლის 12 მაისს ჩაჰბარდა ორგანიზაციის პრეზიდენტს, მ-----– ტ----------. 4.6.3. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტი სარჩელის აღძვრის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული. 4.7. პალატა, ასევე, არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაკისრებოდა. 4.7.1. მართალია, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ეს აპელანტს სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებდა. 4.8. ამის მიუხედავად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი მაინც არ არსებობდა. 4.8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. 4.8.2. როგორც აღინიშნა, სარჩელის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის ხელფასი, 1500 ლარი უნდა გადაეხადა ყოველთვიურად. 4.8.3. ამის შესაბამისად, 2014 წლის 3 სექტემბრისათვის აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა გადაეხადა არა 7500, არამედ - 1500 ლარი; 2014 წლის 3 ოქტომბრისათვის - 3000 ლარი და ა.შ. 4.8.4. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. 4.8.5. რადგან 2014 წლის 3 სექტემბერს, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის 7500 ლარის გადახდის ვალდებულება არ ჰქონდა, ამ თანხიდან კანონისმიერი პირგასამტეხლოს გამოთვლის საფუძვლებიც არ არსებობდა. 4.8.6. ეს კი ნიშნავს, რომ, ამ ნაწილში, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად, სრულად არ აკმაყოფილებდა. 4.8.7. ამის მიუხედავად, სასამართლომ სარჩელი, შეცდომით, დაკმაყოფილდა. 4.9. ამიტომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი კ-----–----------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე