განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001382834
საქმე N3ბ/1785-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) – შპს ,,ჯ-------------------------------რ"
წარმომადგენელი - მ-------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია
მესამე პირი - ს---------------–--ე
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს „ჯ-------------------------------რის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 02 ოქტომბერს შპს „ჯ-------------------------------რ-ის" მომხმარებლებთან ურთიერთობის და წყლის გაყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლმა შეადგინა ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი N0-----". აქტში აღინიშნა: აბონენტის დასახელება: სასტუმრო “Ne--------”; აბონენტის ნომერი: გაუფორმებელი; მისამართი: ს-----ს ქ. N1; ბლოკი/სექტორი: 6-1; წარმომადგენელი (ან დამსწრე პირი): ე----ია გ---–-უ; აბონენტის ტელეფონი: 5----------5; განიმარტა, რომ ობიექტს 22.10.2015-ში ჩაბარდა გაფრთხილება მრიცხველის დამონტაჟების თაობაზე, რომელიც ობიექტის მიერ არ შესრულდა და დაერიცხოს (0,302X12X30) 1,087X12X30=391,32 მ3X4,40. აქტი ხელმოწერილია შემდგენის მიერ. აღნიშნულია, რომ აბონენტი ხელს არ აწერს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- პს „ჯ-------------------------------რ-ის" 02.010.2015 წლის აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი N0----- (ს.ფ. 36).
3.1.2. 2015 წლის 02 ნოემბერს, შპს „ჯ-------------------------------რ-ის" უფლებამოსილმა პირმა შეადგენა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0-----. ოქმში აღინიშნა: თარიღი: 02 ნოემბერი 2015 წელი, შედგენის ადგილი: მთაწმინდა-კრწანისი; შემდგენი: ...; დარღვევის ადგილი, დრო არსი: ობიექტის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილი ჰქონდა წყლის მოხმარებას მრიცხველის გარეშე (არ იყო დამონტაჟებული მრიცხველი); დამრღვევი (იურიდიული/ფიზიკური პირი, მისამართი, ტელეფონი, აბონენტის ნომერი): შპს „Ne--------” ს-----ს 1 პ/ნ 5----------, ტელ ..., ს---------------–--ე; დამრღვევის ახსნა-განმარტება: სასტუმრო არა ფუნქცირებადია; კვალიფიკაცია: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი; ოქმი ხელმოწერილია შემდგენი პირისა და დამრღვევის მიერ.
მტკიცებულება. რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 35);
3.1.3. ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ" შპს „ჯ-------------------------------რ-ის“ 2015 წლის 20 ნოემბერის N1070 დადგენილების თანახმად, ფ/პ ს---------------–--ეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება. განიმარტა დადგენილების გასაჩივრების ვადა და წესი.
დადგენილებაში აღინიშნა: 1. დადგენილების გამომტანი ორგანო: შპს „ჯ-------------------------------რის“ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი პირი .... 2. საქმის განხილვის თარიღი: 20.11.2015; 3. ცნობები პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე: ფ/პ ს---------------–--ე (პ/ნ 5----------); რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, პ. ქ----------ს ქ. N25. კ------------; დარღვევის ადგილი: ქ. თბილისი, ს-----ს ქ. N1. საქმის განხილვისას დადგინდა, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს შპს „ჯ-------------------------------რის“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის ბიზნეს ცენტრის მენეჯერმა განსახილველად წარადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0-----, ფ/პ ს---------------–--ის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149.1. მუხლით განსაზღვრული სასმელი წყლის მრიცხველის გვერდის ავლით სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების ფაქტზე. ფ/პ ს---------------–--ის მიერ (რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, პ. ქ----------ს ქ. N25. კ---------------: დარღვევის ადგილი: ქ. თბილისი, ს-----ს ქ. N1) ადგილი ჰქონდა სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების ფაქტს. სამართლებრივი საფუძველი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ,,შპს „ჯ-------------------------------რის“ 2015 წლის 20 ნოემბრის დადგენილება N1070 (ს.ფ. 39-40);
3.1.4. საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 6 იანვრის საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთის მხრივ მეიჯარე ფ/პ რ-------მ ა------ი პ/ნ 0----------, და მეორეს მხრივ მოიჯარე შპს „ნ-------ს“ ს/კ 4-------- მისი დირექტორის თ-------ე მ-------ის პ/ნ 0---------- სახით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებენ წინამდებარე საიჯარო ხელშეკრულებას მასზედ, რომ მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე იღებს ფართს დროებით სარგებლობაში მდებარე ქ. თბილისში, ს-----ს ქ. N1-ში მდებარე 215 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა ნაგებობის წილს, რომელიც წარმოადგენს გამქირავებელი მხარის საკუთრებას თანახმად, ამონაწერისა საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.18.03.064.0-- ფართით 98 კვ.მ, რომელსაც „მოიჯარე“ გამოიყენებს დანიშნულებისამებრ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2016 წლის 6 იანვრის საიჯარო ხელშეკრულება (ს.ფ. 100-102);
3.1.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების - მოქალაქე ს---------------–--ესა და შპს ,,ჯ-------------------------------რს" შორის არსებული დავის შესახებ - თანახმად, მოქალაქე ს---------------–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შპს „ჯ-------------------------------რის“ 2015 წლის 2 ოქტომბრის „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით 1721.89 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. დაევალა შპს „ჯ-------------------------------რს“, ცვლილება შეეტანა მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე და გააუქმოს უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა. დაევალა შპს „ჯ-------------------------------რს“ დარიცხვა განახორციელოს კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს N17 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გათვალისწინებული ტარიფით. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. განიმარტა გადაწყვეტილების ძალაში შესვლის, აღსრულების, გასაჩივრების ვადა და წესი.
გადაწყვეტილებაში აღინიშნა: კომისიამ საჯარო სხდომაზე განიხილა დავა მოქალაქე ს---------------–--ესა (მის ქ. თბილისი ს-----ს ქუჩა N1) და შპს „ჯ-------------------------------რ-ის“ შორის. 2015 წლის 10 დეკემბერს მოქალაქე ს---------------–--ემ განცხადებით მიმართა კომისიას და მოითხოვა შპს „ჯ-------------------------------რ-ის“ მიერ მის მიმართ 2015 წლის 17 ნოემბრის აღურიცხავი წყლის მოხმარების N0----- აქტით დარიცხული თანხის კორექტირება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ იგი სარგებლობს ს-----ს ქ. N1-ში მდებარე რ-------მ ა------ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართით. 2015 წლის ოქტომბერში აღნიშნული ფართში მრიცხველის არ ქონის გამო, კომპანიამ მას დაარიცხა აღურიცხავად მოხმარებული სასმელი წყლის საფასური არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. განმცხადებლის განმარტებით, იგი აპირებს ს-----ს ქ N1-ში გახსნას სასტუმრო, თუმცა შემოწმების პერიოდში სასტუმრო არ ფუნქციონირებდა, არანაირი სამეწარმეო საქმიანობა ხსენებულ მისამართზე არ ხორციელდებოდა. მას წარუდგინეს გაფრთხილება აღრიცხვის კვანძის მონტაჟის აუცილებლობის თაობაზე, რაც მითითებულ ვადებში ვერ მოხერხდა, სახლის მეპატრონის საზღვარგარეთ ყოფნის გამო, რომელმაც უნდა მისცეს თანხმობა.
კომპანიის განმარტებით, 2015 წლის 2 ნოემბერს, შემოწმდა ს-----ს ქ. N1-ში მდებარე სასტუმროს სასმელი წყლის მიწოდების სისტემა, რის შედეგადაც გამოვლინდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი. კერძოდ, ობიექტზე ხორციელდებოდა აღურიცხავი წყლის მოხმარება მრიცხველის გარეშე, 20 მ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილით. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეომასალით. შესაბამისად, შედგა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი N0----- და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N0-----. კომპანიის 2015 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით მოქალაქე ს---------------–--ეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება. კომპანიის განმარტებით, ს---------------–--ე აღიარებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ ობიექტზე წყლის მოხმარება ხორციელდებოდა საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. ვიდეომასალაზე ნათლად ჩანს სარეკლამო აბრა, რაც ადასტურებს ობიექტზე არასაყოფაცხოვრებო (კომერციულ) საქმიანობას. ამასთან, ს---------------–--ეს კომპანიისთვის არ მიუმართავს აბონენტად რეგისტრაციის თაობაზე.
წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის ოქტომბერში თბილისში, ს-----ს ქ N1-ში მდებარე საცხოვრებელი ფართით სარგებლობდა მოქ. ს---------------–--ე, რომელიც სასმელ წყალს მოიხმარდა საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. ამ მისამართზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლად რეგისტრირებული იყო რ-------მ ა------ი, რომელსაც საყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლისათვის გათავალისწინებული ტარიფით ერიცხებოდა მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საფასური. 2015 წლის ოქტომბერში როდესაც კომპანიამ ს---------------–--ეს დაარიცხა აღურიცხავად მოხმრებული საფასური, იგი არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რაც დასტურდებოდა ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად, შპს „ნ-------სი“ იურიდიულ პირად დარეგისტრირდა 2016 წლის 5 იანვარს, ხოლო 2016 წლის 6 იანვარს მოქ. რ-------მ ა------სა და შპს „ნ-------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის შემდეგაც ს---------------–--ემ აღნიშნულ მისამართზე დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა. 2015 წლის ნოემბერსა და დეკემბერში აღნიშნულ მისამართზე მოეწყო ორი აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა წარმოებს მრიცხველის ჩვენების შესაბამისად, არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლისათვის გათვალისწინებული ტარიფით. წარდგენილი მასალებით დასტურდება, რომ კომპანიამ დარიცხვა განახორციელა წესების 25.9.,,ბ" მუხლის შესაბამისად. კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ნორმის გამოყენება უნდა მოხდეს მაშინ, როცა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მომხმარებლის მიერ ადმინისტრაციული სმართალდარღვევის ფაქტი. აღნიშნული დასტურდება ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის აღრიცხვის ბარათებით, რაც წესების 3.9. ,,ა" მუხლის მიხედვით, ერთმნიშვნელოვნად არის სასმელი წყლის მოხმარება საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. მხოლოდ, შენობაზე განთავსებული აბრა და კომპანიის ვარაუდი, რომ იქ ხორციელდებოდა სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც არ არის არანაირი მტკიცებულებით გამყარებული, ვერ ჩაითვლებოდა იმ ფაქტად, რომ მოქალაქე ს---------------–--ე სადავო პერიოდში ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. 2015 წლის 02 ოქტომბრის აღურიცხავი წყლის მოხმარების N0----- აქტით დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, ხოლო მომხმარებელს მოხმარებული სასმელი წყლის საფასური უნდა დაერიცხოდა კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს N17 დადგენილების 1.2. მუხლის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტების შესაბამისად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გათვალისწინებული ტარიფით. სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე, 236-ე, 264-ე, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 ; 25-ე მუხლები; ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 165-ე , 166-ე მუხლები;
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-20);
3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
ამ კოდექსის 17.1-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ამ კოდექსის 22.1-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
3.2.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.1-ე მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.
ამ კოდექსის მე-2.1 ,,დ" მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის N1---- გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან სასამართლო ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, განსახილველი დავის ფარგლებში
3.2.3 „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის 2.2-ე მუხლის თანახმად, საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებია: ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
მითითებული კანონის მე-3 მუხლით, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ბ) გადაწყვეტილება – ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტი (დადგენილება, გადაწყვეტილება და ა. შ.); გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში; თ) უფლებამოსილება – ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით განსაზღვრული და ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსთვის სპეციალურად დელეგირებული უფლებები და მოვალეობები; ი) უფლებაუნარიანობა – პირის შესაძლებლობა, იქონიოს უფლებები და მოვალეობები; კ) შესაბამისი კანონი – საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს; ლ) პირი – ფიზიკური პირები და ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სხვა სახელმწიფო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; მ) რეგულირება – შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, მონიტორინგის, კოორდინაციის, ზედამხედველობისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ამ კანონის 4.6-ე მუხლის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.
ამ კანონის 6.1-ე მუხლით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო და კომისიის წევრი თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. მხოლოდ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მისთვის დელეგირებულია შესაბამისი კანონით.
ამ კანონის 12.1-ე მუხლით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.
ამ კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება განსჯადობის შესაბამისად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში.
3.2.4. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
ამრიგად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას მინიჭებული აქვს ელექტოენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის დისკრეცია.
3.2.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს N12 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ მე-7 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს კომისიას ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის 1.2-ე მუხლის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება აკრძალულია.
ამ ,,წესების" 3.9-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, ხოლო ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი არის საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.
მითითებული ,,წესების" 8.1-ე მუხლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა და მილსადენის თვითნებური მიერთება, ასევე სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა;
ამ ,,წესების" 9.1-ე მუხლით, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება, ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში მხოლოდ მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით, ხოლო გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით.
ამ ,,წესების" 12.1-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მომხმარებლისათის ამ წესების შეუსაბამო მოთხოვნის წაყენება.
ამ ,,წესების" 25.1-ე მუხლის შესაბამისად, ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ ნორმის მე-9 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში: ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
3.2.6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149.1-ე მუხლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი ფიზიკური პირის ს---------------–--ის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149.1-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. სადავოა მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ჯ-------------------------------რის“ 2015 წლის 2 ოქტომბრის „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტის შედგენის მომენტისათვის ფიზიკური პირი ს---------------–--ე ქ. თბილისში, ს-----ს ქ N1-ში მდებარე, რ-------მ ა------ის კუთვნილი უძრავი ქონების, საცხოვრებელი ფართით სარგებლობისას, როგორც მომხმარებელი არ მოიხმარდა სასმელ წყალს არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის და ამდენად, შპს „ჯ-------------------------------რ-ის“ მიერ არ უნდა მომხდარიყო ს---------------–--ეზე დარიცხვა, არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლისათვის გათავალისწინებული ტარიფით.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ შპს „ჯ-------------------------------რის“ 2015 წლის 02 ოქტომბრის „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტის შედგენის მომენტისათვის, ფიზიკური პირი ს---------------–--ე ქ. თბილისში, ს-----ს ქ N1-ში სარგებლობდა რ-------მ ა------ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართით. ამ პერიოდში ს---------------–--ე არ ეწოდა სამეწარმეო საქმიანობას და წყალს მოიხმარდა, როგორც საყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლი. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლად რეგისტრირებული გახლდათ მესაკუთრე, რობერტ ა------ი. საგულისხმოა, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცება მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
ამრიგად, ს---------------–--ის მიერ აღურიცხავი წყლის მოხმარებისათვის დარიცხვის განხორციელება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გათვალისწინებული ტარიფით ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებს. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით.
3.2.7. საქართველოს ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის N1---- გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებს და არის კანონშესაბამისი.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე შპს „ჯ-------------------------------რ"-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამსი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, იგი უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
პალატა მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის N1---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სადავო გადაწყვეტილებით, მოქალაქე ს---------------–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შპს „ჯ-------------------------------რის“ 2015 წლის 2 ოქტომბრის „აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით 1721.89 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. დაევალა შპს „ჯ-------------------------------რს“, ცვლილება შეეტანა მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე და გააუქმოს უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა. დაევალა შპს „ჯ-------------------------------რს“ დარიცხვა განახორციელოს კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს N17 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გათვალისწინებული ტარიფით. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მითითებას „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელსა და მომხმარებელს შორის.
პალატა მიუთითებს, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
პალატა აღნიშნავს, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულია ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება აკრძალულია. პალატა ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მიიჩნევს, რომ კომისიას მინიჭებული აქვს ელექტოენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის დისკრეცია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 3.9-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, ხოლო ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი არის საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. ამავე წესების 8.1-ე მუხლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა და მილსადენის თვითნებური მიერთება, ასევე სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149.1-ე მუხლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ს---------------–--ის მიერ აღურიცხავი წყლის მოხმარებისათვის დარიცხვის განხორციელება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გათვალისწინებული ტარიფით ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებს.
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე შპს ,,ჯ-------------------------------რი" ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობას.
პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ჯ-------------------------------რის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
მანანა ჩოხელი