განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 330210016001526991
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2310-17 21 თებერვალი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი – მ------ ც-----
წარმომადგენელი – ლ------ ბ-–---–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ფ------- მ----–---
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ფ------- მ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ------ ც-----ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ბ---------------–------–----- გამზ. N1---ში, პ------– სართულზე მდებარე ბინა N4-, საკადასტრო კოდით #0---------------------- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ფ------- მ----–---ს.
2017 წლის 01 მარტს მ------ ც-----მ საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა მძიმე ავადმყოფობის გამო. ნერვიულობის ნიადაგზე ჰქონდა მაღალი წნევა, გამოიძახა ექიმი, რომლის რეკომენდაციით გადაადგილება ყოვლად დაუშვებელი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით მ------ ც-----ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 თებერვლის #2/30328-16 დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ------ ც-----მ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვა. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობით, რის თაობაზედაც სასამართლოს დროულად ვერ შეატყობინა.
აპელანტის განმარტებით, იგი არის ჰიპერტონიკი და სასამართლო პროცესის დღეს, ნერვიულობის ნიადაგზე წნევამ აუწია. აღნიშნულს დაერთო ვირუსული დაავადება და მაღალი სიცხე, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1. სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხე მ------ ც----- 2017 წლის 6 თებერვალს დანიშნული სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 24--ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის საფუძვლით, საპატიო გარემოებად კი დასახელებულია ავადმყოფობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ამდენად, საპროცესო ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს მტკიცებულების სახეობას, რითაც შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ავადმყოფობა, როგორც პროცესზე წარმოუდგენლობის საპატიო გარემოება. კერძოდ, როგორც 215–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ასეთ მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ცნობა, რომელიც ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია 2017 წლის 6 თებერვლით დათარიღებული საავადმყოფო ფურცელი, რომელშიც ასახული სამედიცინო დიაგნოზის თანახმად, მ------ ც-----ს დაუდგინდა მწვავე რესპირატორული დაავადება და არტერიული ჰიპერტენზია, რეჟიმი - ამბოლატორიული. მოპასუხის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი განხორციელებულია პირადად - 2017 წლის 6 თებერვალს.
პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდებას ხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ------ ც----ს დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობა.
პალატა ითვალისწინებს საავადმყოფო ფურცელში მითითებულ დიაგნოზს და მიაჩნია, რომ იგი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად ვერ გამოდგება, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნათა საპირისპიროდ, არ შეიცავს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეუძლებელს ხდიდა პაციენტის მდგომარეობა მის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. პალატის მოსაზრებით, საავადმყოფო ფურცელში მითითებული დიაგნოზი ობიექტურად არ იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მ------ ც-----ს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება იყო შეუძლებელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა 2017 წლის 6 თებერვალს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა, რაც შეიძლებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გამოტანილია საპროცესო ნორმების დაცვით. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ------ ც-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე