განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.04.2018
საქმის ნომერი
330310016001467814
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310016001467814

საქმე N3ბ/426-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

30 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - მ------ გ----ე, ქ------ნ ჭ----ე;

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მ-----ე გ----ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით;

1.2. დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ქ------ნ ჭ----ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით;

1.3. დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მ-----ე გ----ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 43 422 ლარის ოდენობით;

1.4. დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მ-----ე გ----ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა სამომავლო სამედიცინო სამკურნალო ხარჯების სახით (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა (ს.ფ. 218-224)

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მ-----ე გ----ისა და ქ------ნ ჭ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე მ-----ე გ----ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოციათასი) ლარის ოდენობით. მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე ქ------ნ ჭ----ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოციათასი) ლარის ოდენობით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. 2009 წლის 24 ივნისს მოსარჩელეებმა განაცხადი წარადგინეს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში საქართველოს წინააღმდეგ და განაცხადეს, რომ მათ მიმართ საქართველომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის პირველი, მე-2 (ბ) - მე-2 (ვ), მე-5 (ა) მუხლებით გარანტირებული უფლებები.

 

აღნიშნულ საქმეზე გამოტანილ იქნა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 6 აგვისტოს №------- გადაწყვეტილება, რომელშიც მ-----ე გ----ე მოხსენიებულია X-ად, ხოლო ქ------ნ ჭ----ე Y-ად.

 

გადაწყვეტილებაში ფაქტობრივ გარემოებებში მითითებულია შემდეგი: „2.1. 1--- წელს „X“ დაქორწინდა ქართველ მამაკაცზე, მას შემდეგ, რაც იგი გააუპატიურეს 1--- წლის ივლისში გამართულ სტუდენტურ წვეულებაზე; მანამდე, იგი ქალიშვილი იყო. „X“ აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება ქალწულობას მიიჩნევს ახალგაზრდა ქალის ღირსებად, როგორც წარმატებული ქორწინების საწინდრად. „X“ დაქორწინდა ამ მამაკაცზე, რადგან სჯეროდა, რომ მის ცოლად მოყვანას აღარავინ მოისურვებდა. ქორწინების განმავლობაში, მან გააჩინა 5 შვილი - 1------------------------------ წლებში. პირველი ფეხმძიმობის შემდეგ, იგი დიასახლისი გახდა და მიატოვა თავისი სამსახური თბილისის მუსიკალურ სკოლაში, სადაც ფორტეპიანოს პედაგოგად მუშაობდა. 1993 წელს, განმცხადებლის დედა გადმოვიდა „X”-ის ოჯახში საცხოვრებლად, საოჯახო საქმეებში დახმარებისა და ბავშვების გაზრდის მიზნით.

 

4.2. „X“ აცხადებს, რომ მისი ქმარი ხშირად უკმაყოფილო იყო ცოლის საოჯახო საქმიანობით და ღიზიანდებოდა, როცა მისი მითითებები არ სრულდებოდა. კონფლიქტები წარმოიშობოდა წვრილმან საყოფაცხოვრებო საკითხებზე, რომელიც ძალადობრივი ინციდენტებით სრულდებოდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა განმცხადებლის ქმარი ფიზიკურად გაუსწორდა მათ ვაჟიშვილს - „T“-ს. ზოგადად, მისი ქმარი ძალადობრივად რეაგირებდა, თუ ბავშვები თამაშის დროს იჩხუბებდნენ. იგი უყვიროდა მათ, ანჯღრევდა ძალის გამოყენებით და კეტავდა საპირფარეშოში. ერთხელ, „X“-ს მოუხდა „Y“-სა და „T“- სთვის თითზე ჭრილობების გაწმენდა, რომელიც გამოწვეული იყო მამის მიერ კარებში თითების ჩატანებით, რათა დაესაჯა ბავშვები უსაქციელობის გამო. მათი ეს ორი შვილი, განიცდიდა ყველაზე მეტ ძალადობას. სხვა შემთხვევებში, მამა ცემდა შვილებს სხვადასხვა ნივთებით, რომელსაც „X“ შემდეგ ცდილობდა თვალთახედვის არეალიდან მოეცილებინა. აღნიშნული მთავრდებოდა „X“-ზე ქმრის მიერ აგრესიული ძალადობით, როცა იგი ცდილობდა ბავშვების დაცვას. ძალადობა „X“-ზე

 

4.3. “X” აცხადებს, რომ იგი 1996 წლიდან განიცდიდა ფიზიკურ ძალადობას ქმრის მხრიდან. მან პოლიციაში რამდენიმე საჩივარი შეიტანა ქმრის მიერ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, თუმცა უშედეგოდ. 2001 წლის 23 დეკემბერს, მორიგი კონფლიქტის შემდეგ, მისმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „X“-ს, რასაც შედეგად მოყვა ჭრილობების მიყენება სახესა და თავის არეში. ქალს გაეწია სამედიცინო დახმარება. 28 დეკემბერს, ისანი-სამგორის რაიონულმა პროკურატურამ უარი განაცხადა ინციდენტის თაობაზე სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყებაზე, რადგან „X“-მა უკან გაიტანა თავისი საჩივარი მორალური დილემის გამო; კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ „X“-ის ქმარი მოძალადე იყო, იგი ამასთან მისი შვილების (ერთობლივად გასაზრდელი) მამას წარმოადგენდა.

 

4.5. 2004 წლის 3 ივლისს, „X“-მა პოლიციას შეატყობინა, რომ ქმარი ფიზიკურად გაუსწორდა მას, იმის გამო, რომ „X“-მა ერთი თვით ადრე, საჩივარი რაიონულ პროკურატურაში შეიტანა. პოლიციამ წერილობით დაავალდებულა ქმარი აღარ განეხორციელებინა ძალადობა საკუთარი ოჯახის მიმართ.

 

4.6. 2004 წლის 15 ივლისს, ქმარმა შეურაცხყოფა მიაყენა და ცემა „X“, მას შემდეგ, რაც მან გარკვეული თანხის მიცემა სთხოვა. სამედიცინო ექსპერტიზამ დააკვალიფიცირა „X“-ის დაზიანებები, როგორც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. 17 ივლისს, პოლიციამ წერილობით ვალდებულებაზე ხელის მოწერა მოსთხოვა ქმარს, რათა აღარ გამოეყენებინა ძალა „X“-ის მიმართ. 24 ივლისს, რაიონულმა პროკურატურამ აცნობა ცოლს, რომ მისი მეუღლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღარ აღიძვრებოდა.

 

„X“ აცხადებს, რომ პოლიციაში შეტანილი 2004 წლის 16 ივნისის საჩივრის შემდეგ, მისი ქმარი უფრო მეტად მოძალადე გახდა და 7 დეკემბერს მან ახალი საჩივარი შეიტანა. პოლიციამ ვერ უზრუნველყო ეფექტურად ჩარევა, გარდა იმისა, რომ ქმარს მოსთხოვეს წერილობით ვალდებულებაზე ხელის მოწერა, და გააფრთხილეს, სამომავლოდ აღარ გამოეყენებინა ძალა ოჯახური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით.

 

ძალადობა „Y“-ის მიმართ.

 

4.7. „X“ ამბობს, რომ 1993 წელს მან გააცნობიერა, რომ მისმა ქმარმა დაიწყო გაუკუღმართებული ურთიერთობა „Y“-თან. „X“-ის დედამ, რომელიც 1993 წელს გადმოვიდა მათთან ოჯახში, შეამჩნია, რომ მისი სიძე ხშირად თამაშობდა თავის ქალიშვილთან, რა დროსაც ხელი ეჭირა ფეხებს შორის, ბავშვის სასქესო ორგანოზე. როდესაც X-ის ქალიშვილი დაახლოებით 2 წლის იყო, ბებია ხედავდა, რომ მის სიძეს ბავშვი კალთაზე ესვა და ხელები მის სასქესო ორგანოზე ჰქონდა; კაცის სახე წითელი იყო, კვნესოდა და ვერ შეამჩნია, რომ მას უყურებდნენ. აღშფოთებულმა ბებიამ, გაასაჩივრა სიძის ქმედება და ბავშვი წაიყვანა.

 

4.8. „Y“-ს ასევე ხშირად ცემდა მამამისი. ერთხელ, მამამ, „Y” ჩოგნით ცემა, რომელიც გატყდა და ბავშვს დაუტოვა სერიოზული დაზიანებები.

 

4.9. 2004 წლის 16 ივნისს, „X“-მა შეატყობინა რაიონულ პროკურატურას, „Y“-ის მიმართ მამამისის მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ. ფსიქოლოგის წინაშე, „X“-მა აღწერა ის ინციდენტები, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ფიზიკური და სექსუალური მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სახით, მუდმივი კონფლიქტი ოჯახში და დაძაბული ატმოსფერო ოჯახის წევრებს შორის ქმრის მოქმედებების შედეგად. ჩვენება ასევე მიცემულ იქნა ვაჟიშვილის - „T“-ს (იგი აღწერდა იმ შემთხვევებს, რომელიც მოიცავდა მამამისის მიერ მისი და მისი დის ცემას და შევიწროებას) და „X“-ის დედის მიერ. მიუხედავად ამ ჩვენებებისა, რაიონულმა პროკურატურამ 2016 წლის 30 ივნისს გადაწყვიტა არ აღეძრა სისხლის სამართლის საქმე.

 

შიდა სამართლებრივი საშუალებების ამოწურვა.

 

4.10. შიდა სამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით, „X“ იხსენებდა რამდენიმე შემთხვევას, როცა თავისი ქმრის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა გაასაჩივრა. უბნის ინსპექტორმა რამოდენიმეჯერ მოინახულა მათი ოჯახი, გაესაუბრა ქმარს და ხელი მოაწერინა ვალდებულებას, რომ იგი შეწყვეტდა ძალადობრივ ქმედებებს ცოლისა და შვილების მიმართ. უბნის ინსპექტორს სხვა ზომა არ მიუღია და არც რაიმე ბრალდებები წაუყენებია ქმრის მიმართ. კერძოდ, 2001 წლის 23 დეკემბრის შემდეგ, როდესაც მისი ქმარი ფიზიკურად გაუსწორდა „X“-ს, სამედიცინო დასკვნის შედეგად მას დაუდგინდა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. შესაბამისად, წინასწარი გამოძიება განხორციელდა რაიონული პროკურატურის მიერ. „X“ და მისი ქმარი დაიკითხა და პოლიციის ოფიცერმა წერილობით აღნიშნა, რომ 2001 წლის 23 დეკემბერს, ქალი მისი ქმრის მიერ იყო ნაცემი. 26 დეკემბერს, ქმრის ზეწოლის გამო, „X“-მა უკან გაიტანა თავისი საჩივარი, რამაც, 28 დეკემბერს, საქმის დახურვა გამოიწვია. 2004 წლის 15 ივლისს, „X“-მა პოლიციას 14 ივლისს მომხდარი ახალი თავდასხმის შესახებ შეატყობინა; მისი დაზიანებები დაკვალიფიცირდა, როგორც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. პოლიციის განყოფილებაში, ქმარმა კვლავ წერილობითი ვალდებულება აიღო, მომავალში ფიზიკური ძალადობის გამორიცხვის შესახებ მისი ცოლის მიმართ. პოლიციის ოფიცრები გაესაუბრნენ „X“-ს და ცდილობდნენ მის დარწმუნებას საჩივრის უკან გატანის შესახებ. 2004 წლის 24 ივლისს, ცოლმა მიიღო წერილი, სადაც ეწერა, რომ რაიონული პროკურატურა არ დაიწყებდა გამოძიებას მხოლოდ მისი საჩივრის საფუძველზე, დასაბუთების გარეშე.

 

4.11. „X“-მა განმარტა, რომ იგი პოლიციაში ასევე ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ მისი ქმარი კვლავ განაგრძობდა ფიზიკურ ძალადობას შვილების, მათ შორის „Y“-ის მიმართ. აღნიშნული საჩივრები, განხილულ იქნა როგორც კერძო ბრალდების საქმე, მაგრამ არ გამოძიებულა. 2004 წლის 16 ივნისს. ქალმა განაცხადა მისი ქმრის მიერ განხორციელებული ფიზიკური და სექსუალური მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ ქალიშვილისა და ვაჟიშვილების მიმართ, მათ შორის წარსული შემთხვევების შესახებ. რაიონულ პროკურატურაში, ჩვენებები ასევე მიცემულ იქნა „X“-ის დედის, „Y“-ის და ქმრის მიერ. 30 ივნისს, რაიონულმა პროკურატურამ უარი განაცხადა გამოძიების დაწყების თაობაზე. 25 ივლისს, „X“-მა გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში, აცხადებდა რომ უარის თქმა იყო უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო. 4 ოქტომბერს, სასამართლომ გააუქმა 30 ივნისის გადაწყვეტილება, დაადგინა რა, რომ რაიონულმა პროკურატურამ გამოტოვა საჩივრის ავტორთა განცხადებების, ასევე ქმრის ფსიქიკური მდგომარეობის განხილვა და მხედველობაში მიიღო მხოლოდ ქმრის მიერ მიცემული ჩვენებები, როცა უარი თქვა გამოძიების დაწყებაზე. პროკურორებმა განმეორებით აიღეს ჩვენებები „X“-სგან, დედამისისგან და ბავშვებისგან. 7 ნოემბერს, რაიონულმა პროკურატურამ უარი განაცხადა ქმრის მიმართ ბრალდებების წაყენებაზე, დაადგინა რა, რომ ბავშვების მიმართ გასაჩივრებული გარყვნილი ქმედება და პედოფილია არ დამტკიცებულა და შვილები დედის გავლენის ქვეშ იყვნენ. „X“-მა გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება და იგი გაუქმდა 8 დეკემბერს. საქმე გადაეცა რაიონულ პროკურატურას, რომელმაც დამატებითი მტკიცებულებები შეაგროვა ქმრის თანამშრომლებისა და მეზობლებისგან. 28 დეკემბერს, რაიონულმა პროკურატურამ კვლავ უარი განაცხადა გამოძიების დაწყების თაობაზე, აღნიშნა, რომ ქმარი დადებითად შეფასდა მისი მეზობლების და ბიზნეს პარტნიორების მიერ და ამდენად საჩივარი დაუსაბუთებელი იყო. 2005 წლის 24 იანვარს, „X“-მა გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება. 11 თებერვალს, თბილისის პროკურატურამ, გააუქმა 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე უკან დაუბრუნა რაიონულ პროკურატურას, რათა სათანადოდ გამოეძიებინა საჩივარი. 11 მარტს, „X“-მა მისწერა გენერალურ პროკურორს, 2004 წლის 16 ივნისის მისი საქმის გამოძიების თხოვნით, რადგან „X“-ის ქმარი ემუქრებოდა მას და ბავშვებს. 12 მარტის დადგენილებით, რაიონულმა პროკურატურამ უარი განაცხადა ქმრისთვის ბრალდებების წაყენების თაობაზე. 4 აგვისტოს, „X“-მა კვლავ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება გენერალურ პროკურატურაში, რომელმაც არ დააკმაყოფილა საჩივარი იმ მოტივით, რომ ქმრის ქმედებებში არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები. „X“-მა გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება რაიონულ სასამართლოში, რომელიც უარყოფილ იქნა 29 ნოემბერს, როგორც დაუსაბუთებელი. ქალმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მისი საჩივარი დაუსწრებლად განიხილებოდა 2006 წლის 7 თებერვალს და არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. გადაწყვეტილება აღარ დაექვემდებარა შემდგომ გასაჩივრებას.“

 

4.12. კომიტეტმა აღნიშნა, რომ უნდა განსაზღვროს, მოპასუხე სახელმწიფომ, საჯარო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით, ადეკვატურად განიხილა თუ არა ,,X’’-ის საჩივრები და მიანიჭა თუ არა მას და ,,Y’’-ს ეფექტური სამართლებრივი დაცვა. კომიტეტმა აღნიშნა, რომ მე-19 ზოგადი რეკომენდაციის მე-6 პარაგრაფის თანახმად, კონვენციის 1-ლი მუხლის ფარგლებში, დისკრიმინაციას წარმოადგენს ქალების წინააღმდეგ განხორციელებული სქესზე დაფუძნებული ძალადობა. მსგავსი დისკრიმინაცია შეზღუდული არ არის მთავრობის მიერ ან მთავრობის სახელით განხორციელებული ქმედებებით. არამედ, მე-2(ე) მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები შესაძლოა პასუხისმგებელნი იყვნენ კერძო ქმედებებისთვის, თუ ისინი სათანადოდ ვერ იმოქმედებენ, რათა აღკვეთონ უფლებათა დარღვევა ან გამოიძიონ და დასაჯონ ძალადობის განმახორციელებელი პირები, ხოლო დაზარალებულს მიაკუთვნონ კომპენსაცია (პარ. 9).

 

კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა ,,X’’-ის განცხადებაზე, რომ იმ მოვლენების განვითარების დროს, რომელმაც მის საჩივარს დაუდო საფუძველი, მოპასუხე სახელმწიფოში არ არსებობდა კანონმდებლობა, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფდა და რომ ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ კანონი, რომელიც პირველად შეიცავდა ოჯახში ძალადობის განსაზღვრებას, მხოლოდ 2006 წლის 25 მაისს იქნა მიღებული. კომიტეტი, აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს იმ ინფორმაციაზე, რომელიც უბნის ინსპექტორის მიერ საჩივრის განხილვის ფორმას შეეხება, კერძოდ, რომ იგი დამნაშავეს უბრალოდ ხელწერილს აწერინებდა, რომ მომავალში იგივე ქმედებას აღარ ჩაიდენდა. ასეთი ხელწერილები არ იყო სამართლებრივად მბოჭავი და შესაბამისად, არ სრულდებოდა. როდესაც მსხვერპლი დაჟინებით ითხოვდა ძალადობის შესახებ ოფიციალური საჩივრის შეტანას, პროკურატურა ნაცვლად ინციდენტის გამოძიებისა და დამნაშავის დასჯისა, მეუღლეებს შორის მედიატორის როლს კისრულობდა.

 

კომიტეტმა საფუძვლიანად განიხილა, თუ როგორ გამოიკვლია ხელისუფლების წარმომადგენლებმა ,,X’’-ის საჩივრები და შენიშნა, რომ 2001 წლის 28 დეკემბერს ისანი- სამგორის რაიონულმა პროკურატურამ უარი განაცხადა სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებაზე, 2001 წლის 23 დეკემბრით დათარიღებულ კიდევ ერთ ინციდენტზე, რომლის დროსაც ,,X’’-ს დაზიანებები თავისა და სახის არეში ჰქონდა მიყენებული. აღნიშნულის საფუძვლად, მათ, ,,X’’-ის მიერ საჩივრის უკან გახმობა მიუთითეს. პოლიციამ რეაგირება მოახდინა მისი ქმრის მიერ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებთან დაკავშირებით,,,X’’-ის 2004 წლის 16 ივნისისა და 15 ივლისის საჩივრებზე. პოლიციამ ,,X’’-ის ქმარს ჩამოართვა ხელწერილი, რომ იგი შემდგომში ოჯახის წევრების მიმართ ძალადობას აღარ განახორციელებდა. 2004 წლის 24 ივლისს, რაიონულმა პროკურატურამ ,,X’’-ს ინფორმაცია მიაწოდა, რომ მისი ქმრის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყებოდა. ანალოგიურად, რაიონულ პროკურატურაში ,,X’’-ის საჩივრის მიხედვით, რომ მისი ქმარი მათ ქალიშვილზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, რაც განმტკიცებული იყო ,,X’’-ის შვილის, ,,T’’-ს ჩვენებით, რომელიც იხსენებდა ფაქტებს, როდესაც მამამისი ცემდა მას და მის დას და აგრეთვე, ,,X’’-ის დედის განცხადებით, რაიონულმა პროკურატურამ 2004 წლის 30 ივნისს გადაწყვიტა, რომ არ დაეწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება. კომიტეტმა ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოს სადავოდ არ გაუხდია ეს ბრალდებები, პირიქით, 2011 წლის 5 სექტემბრის წარდგინებებში, სახელმწიფო აღიარებს, რომ როდესაც ძალადობა განხორციელდა, ეროვნული კანონმდებლობა კონვენციასთან ჰარმონიზაციის პროცესში იყო. სახელმწიფომ, აგრეთვე, აღიარა, რომ გამოძიების ხარვეზებს, რომელიც იმ დროისათვის იდენტიფიცირებადი იყო, შესაძლოა გამოეწვია საჩივრის ავტორების უფლებების დარღვევა.

 

კომიტეტმა აღნიშნა, რომ, ,,X’’-მა, ქმრის მიერ მისი და მისი შვილების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შესახებ, რამდენიმე საჩივარი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოში წარადგინა. პოლიციაში წარდგენილი ყველა საჩივრის შედეგი გახლდათ ის, რომ პოლიციის ოფიცრები მის მეუღლეს ხელწერილს ადებინებდნენ, რომ იგი ,,X’’-სა და მისი შვილების წინააღმდეგ ძალადობას აღარ განახორციელებდა. აღნიშნულს ადგილი ჰქონდა მაშინაც კი, როცა ერთ შემთხვევაში, ,,X’’-მა სამედიცინო სერთიფიკატი წარადგინა, რომელიც მიუთითებდა, რომ მას სხეულის გარეგანი დაზიანება ჰქონდა, რაც განპირობებული იყო მისი ქმრის მიერ ცემის შედეგად. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქმრის მიერ რამდენიმე ხელწერილის დაწერისა, საჩივრის ავტორებისა და სხვა ბავშვების მიმართ ძალადობა გრძელდებოდა, რაც გამოწვეული იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობით. ,,X’’-ის თავდაპირველი საჩივრის გამოკვლევა აღარ გაგრძელდა, რადგან მან უკან გაიტანა იგი და დევნის განმახორციელებელმა ორგანოებმა გადაწყვიტეს აღარ გაეგრძელებინათ გამოძიება, მიუხედავად ბრალდებების სიმძიმისა და მისი სერიოზული ბუნებისა. ,,X’’-ის შემდგომ საჩივრებს უარი ეთქვა და დევნის განმახორციელებელმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ ,,X’’- ის ქმრის ქმედებებში არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, ხოლო სასამართლოებმა საქმე უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. აღნიშნული ჩვენებები სახელმწიფოს არც უარუყვია და არც სადავოდ გაუხდია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ,,X’’-ის ადვოკატი მოკლებული იყო შესაძლებლობას შეწინააღმდეგებოდა პროკურორების მიერ სხვადასხვა მოკვლევების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებულ მტკიცების ტვირთთან მიმართებით, ზედმეტად გადაჭარბებული მოთხოვნები იქნა დაკისრებული.

 

კომიტეტმა მიიჩნია, რომ საქმის მთლიანობაში გაცნობის შედეგად, ზემოხსენებული უდავო ფაქტები ცხადყოფდნენ, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, გაეტარებინა შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის, სანქციები, რომლებიც აკრძალავდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობას, როგორც ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას; მამაკაცების თანაბარწილად, შეექმნა ქალთა უფლებების სამართლებრივი დაცვის სისტემა და, კომპეტენტური ტრიბუნალებისა და სხვა საჯარო დაწესებულების მეშვეობით, ეფექტურად უზრუნველეყო, ქალთა დაცვა დისკრიმინაციისაგან; არ ჩარეულიყო ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციისაკენ მიმართულ რაიმე ქმედებაში და უზრუნველეყო საჯარო მოხელეებისა და დაწესებულებების აღნიშნული ვალდებულების შესაბამისად მოქმედება; გაეტარებინა ყველა სათანადო ღონისძიება, რათა ნებისმიერი პირის, ორგანიზაციის ან საწარმოს მხრიდან აღმოეფხვრა ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაცია და მიეღო ყველა შესაბამისი ზომა, მათ შორის, საკანონმდებლო, რათა გაეუქმებინა ან შეეცვალა არსებული კანონები, რეგულაციები, ჩვეულებები და პრაქტიკა, რომლებიც ქალთა მიმართ დისკრიმინაციული იყო. კომიტეტი, აგრეთვე, მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ფაქტები მიუთითებენ, სახელმწიფოს ვალდებულების შეუსრულებლობაზე, გაეტარებინა ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა შეეცვალა ქალისა და მამაკაცის ქცევის სოციალური და კულტურული ნორმები, იმ თვალსაზრისით, რომ აღმოფხვრილიყო ცრუ შეხედულებები და ჩვევები და ყველა სხვა პრაქტიკა, რომელიც ეფუძნებოდა რომელიმე სქესის წარმომადგენლის უპირატესობას ან არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას მეორე სქესთან მიმართებით ან ქალისა და მამაკაცის სტერეოტიპულ როლს.

 

დამატებითი ოქმის მე-7(3) მუხლის შესაბამისად და ყველა ზემოხსენებული დასკვნის ფონზე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და, შესაბამისად, დაარღვია კონვენციის მე-2(ბ)-2(ვ) მუხლი, პირველ მუხლთან ერთად და მე-5(ა) მუხლით გათვალისწინებული საჩივრის ავტორის უფლებები, ისევე, როგორც კომიტეტის მე-19 ზოგადი რეკომენდაცია.

 

კომიტეტმა სახელმწიფოს შემდგომი რეკომენდაციებით მიმართა:

„ა) საჩივრის ავტორებს: საჩივრის ავტორებს მიენიჭოთ ადეკვატური ფინანსური კომპენსაცია, რომელიც მათი უფლებების დარღვევის სიმძიმის თანაზომიერი იქნება;

ბ) ზოგადად:

(i) ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის და მათი შვილებისთვის უზრუნველყოფილი იყოს დროული და ადეკვატური დახმარების მიწოდება, მათ შორის, თავშესაფარი და ფსიქოლოგიური დახმარება;

(ii) გაძლიერდეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით წარდგენილ იქნეს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა;

(iii) განხორციელდეს ევროპის საბჭოს ,,ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ’’ კონვენციის რატიფიცირება;

(iv) მოსამართლეთათვის, ადვოკატებისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისათვის, მათ შორის, პროკურორებისათვის, უზრუნველყოფილ იქნას სავალდებულო ტრენინგის ჩატარება ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ კანონის გამოყენების თაობაზე; აგრეთვე, ჩატარდეს ტრენინგი ოჯახში ძალადობის განსაზღვრებასა და გენდერულ სტერეოტიპებზე, ისევე, როგორც კონვენციის, დამატებითი ოქმებისა და კომიტეტის ზოგადი რეკომენდაციების, კერძოდ, მე-19 ზოგადი რეკომენდაციის შესახებ. (ტ.1, ს.ფ. 29-45); (ს.ფ. 151-169).

 

4.13. მ-----ე გ----ეს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი) დახმარებით გაეწია სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება (ს.ფ. 71-102).

 

4.14. №25 მოზრდილთა პოლიკლინიკის მიერ 2016 წლის 9 მარტს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, მ-----ე გ----ემ ექიმს მიმართა 2016 წლის 9 მარტს. დიაგნოზი: არტერიული ჰიპერტონია II ხ. ვეგეტონევროზი, ქრ. გასტროდუოდენოტი, ქრ. ქოლეცისტიტი, ქრ. პანკრეატიტის რეაქტიული გამწვავების ფაზა.

 

№25 მოზრდილთა პოლიკლინიკის მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, მ-----ე გ----ემ ექიმს მიმართა 2016 წლის 30 აგვისტოს. დიაგნოზი: ეროზიული გასტრიტი, დუოდენიტი, ეზოფაგიტი (ქრონიკული).

 

№25 მოზრდილთა პოლიკლინიკის მიერ 2016 წლის 27 სექტემბერს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, მ-----ე გ----ემ ექიმს მიმართა 2016 წლის 27 სექტემბერს. დიაგნოზი: არტერიული ჰიპერტონია II ხ. ვეგეტონევროზი (I 10, G99), ქრ. გასტრიტი K29, ქრ. ქოლეცისტიტი, ქრ. ცისტიტი N30, ქრ. პანკრეატიტი K85 (ს.ფ. 227-232).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ განმარტა, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილესაც საქართველო წარმოადგენს, ასევე, მოქმედი ქართული კანონმდებლობით განმტკიცებულია ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან. სასამართლომ მიიჩნია რომ აღნიშნულ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან დაირღვა პოზიტიური ვალდებულებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ თვითონ არ მოახდინოს პირის უფლებათა დარღვევა (ნეგატიური ვალდებულებები), არამედ უნდა უზრუნველყოს პირთა კანონით დაცული უფლებისა და ინტერესის დაცვა მესამე პირთა მხრიდან ხელყოფისაგან. სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და შემთხვევაზე სწრაფ, დროულ და ეფექტურ რეაგირებასთან, რაც პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტებით დაირღვა მოსარჩელეთა მიმართ. ამასთან, მიუთითა, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე, მის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტის შესახებ შეტყობინებისას, იყო მცირეწლოვანი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სადავო შემთხვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ დამატებით მიუთითა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზეა მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2160 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას რაიონული (საქალაქო) სასამართლო იღებს პირის მიმართ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

 

სასამართლომ ასევე განმარტა შემდეგი: არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, მას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ- ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს, დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. მიუღებელი შემოსავლის გაცემა მოიცავს ფაქტს, რომ არა მოპასუხის ქმედება, პირს აუცილებლად უნდა მიეღო სარგებელი.

 

რაც შეეხება სამკურნალო ხარჯების ანაზღაურებას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 408-ე მუხლი, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მას დახმარება გაეწია სახელმწიფოს მხარდაჭერით და უკვე გაწეულ მკურნალობაში რაიმე მატერიალური ხარჯის გაწევა უშუალოდ მ-----ე გ----ის მიერ არ დადასტურდა.

 

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფულადი კომპენსაციის ოდენობასა და მისი გაანგარიშების სისწორეს, წარმომადგენლისათვის გაურკვეველია სასამართლომ რა ფარგლებში განსაზღვრა თანხის ოდენობა, არ ჩანს გამოანგარიშების მეთოდოლოგია. საქართველოს ფინანასთა სამინისტროს მიაჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს თანხის მოცულობის რელევანტურობა, ვინაიდან, ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს პირის მიმართ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებზე. მათ შორისაა საქმე Valiulience v Lithuania. აღნიშნული საქმე ეხებოდა მომჩივანის საჩივარს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მისი საქმე ადეკვატურად არ იქნა გამოძიებული. სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა. მომჩივანი ითხოვდა 20,000 ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღურებას, თუმცა სასამართლომ მხოლოდ 5,000 ევრო მიანიჭა. სასამართლოს აღნიშნული გადაწვეტილება კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს იმ პრაქტიკას, რაც რეალურად არსებობს ოჯახური ძალადობის საქმეებში, რადგან ევროპული სასამართლოს წინაშე არსებულ მსგავს საქმეებში დაახლოებით იდენტური ოდენობის თანხებია მინიჭებული.

 

აპელანტის განმარტებით, კომპენსაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების პრაქტიკა, რადგან ხშირ შემთხვევაში კომიტეტები არ უთითებენ კომპენსაციის თანხის ზუსტ ოდენობას და შემოიფარგლებიან მხოლოდ ზოგადი მითითებით. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე, ეროვნული სასამართლო არ არის შებოჭილი კომიტეტების მიერ დადგენილი კონკრეტული ფინანსური კრიტერიუმებით.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ ევროპული სასამართლოს ზოგადი სტანდარტის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ მორალური ზიანისთვის დადგენილი ფულადი კომპენსაციის თანხა, წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას. ამასთან, ევროპული სასამართლო კომპენსაციის თანხის მინიჭებისას ითვალისწინებს მოპასუხე სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგომარეობას და სასამართლო ერთობლივად ადგენს ფულად კომპენსაციას რამდენიმე მომჩივანზე და არა თითოეულზე ცალ-ცალკე.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არსებითად უნდა შეისწავლოს პირის მიმართ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმე და სხვა ობიექტური ფაქტორები და მართლზომიერად, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვითა და სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე განსაზღვროს მათი შესაბამისობის საკითხი.

 

7. მ-----ე გ----ისა და ქ------ნ ჭ----ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

7. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ მორალური ზიანის ოდენობა შეფასებულია არასათანადოდ, რადგან დაკისრებული თანხა არ შეესაბამება არსებულ დარღვევეთა სიმძიმის ხარისხს. აპელანტები აღნიშნავენ, რომ გაეროს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სახელმწიფომ არ უზრუნველყო შესაბამისი დაცვა ოჯახში ძალადობისგან. აღნიშნული სასამართლოს არ გამოუკვლევია სათანადოდ. ასევე, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ბევრი ფაქტი და მტკიცებულება.

 

აპელანტთა განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ არ არსებობს მიუღებელი შემოსავლის, სამედიცინო ხარჯების დაკმაყოფილების საფუძველი და მტკიცებულებები. ვინაიდან აღნიშნული საქმის განხილვა მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, აღნიშნული ნიშნავს, რომ სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, მიუთითოს რა სახის მტკიცებულებებია საჭირო ან თავად გამოითხოვოს ისინი. თუმცა საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც აღიარებულია გაეროს გადაწყვეტილებაშიც.

 

წარმომადგენელი ითხოვს სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს მათ მიმართ არსებული დარღვევების სიმრავლეზე და იმ პერიოდის ხანგრძლივობაზე, რომლის ფარგლებშიც ისინი განიცდიდნენ აღნიშნულ დარღვევებს, რაც შემდგომში გახდა მათი უფლებების ხელყოფის საფუძველი. განსაკუთრებით აღნიშნულმა იმოქმედა მ-----ე გ----ეზე, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო მუშაობა და ამჟამად საჭიროებს მუდმივ სამედიცინო მოვლას, რაც ხარჯებს მოითხოვს.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/3/630).

 

პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. აღნიშნული თავის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2016 წლის 27 აპრილის №5013 საქართველოს კანონზე, რომლის საფუძველზე ცვლილება შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში და დაემატა VII14 თავი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით. ხსენებული ცვლილების განხორციელების შედეგად ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებული 2157 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის , ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ – კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2159 მუხლის თანახმად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს პირის მიმართ კონვენციის დარღვევის ფაქტს, რომელიც დასტურდება კომიტეტის გადაწყვეტილებით. ამასთან, ამავე კოდექსის 2160 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2016 წლის 27 აპრილს განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულება, აუნაზღაუროს პირს ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანი, როდესაც მის მიმართ არსებობს გაეროს შესაბამისი კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევის დადასტურების თაობაზე, რაც ემსახურება პირის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას, პატივისცემასა და აღიარებას, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებასა და სახელმწიფოს მიერ პოზიტიური თუ ნეგატიური ვალდებულებების ეფექტურად განხორციელების გარანტირებულობას.

 

პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 6 აგვისტოს №------- გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელეთა მიმართ საქართველოს მიერ „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2(ბ)-2(ვ) მუხლის, პირველ მუხლთან ერთად და მე-5(ა) მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის ფაქტი, რაც ზიანის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

პალატა მიუთითებს „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციაზე, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 22 სექტემბრის №561 დადგენილებით.

 

კონვენციის შესავალში განმარტებულია, რომ კონვენციას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებათა სფეროში იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების პრობლემათა რიგში, რომლებსაც აწყდება კაცობრიობის მდედრობითი ნახევარი, კონვენცია თავის სულიერ საწყისს იღებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებიდან: განამტკიცონ რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ფასეულობისადმი, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა. ამის გამო კონვენცია წარმოადგენს არა მარტო ქალთა უფლებების საერთაშორისო ზოლს, არამედ მონაწილე სახელმწიფოთა პროგრამას ამ უფლებათა განხორციელების გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით. პრეამბულაში კონვენცია არაორაზროვნად აღიარებს, რომ “ძველებურად ხდება ქალთა მნიშვნელოვანი დისკრიმინაცია და ხაზგასმულია, რომ ასეთი დისკრიმინაცია “არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპებს”.

 

კონვენციის პირველი მუხლი ადგენს, რომ ამ კონვენციის მიზნებისათვის ცნება “დისკრიმინაცია ქალთა მიმართ” ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, გამონაკლისობას ან შეზღუდვას სქესის ნიშნით, რომელიც ლახავს ან არარად აქცევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, მოქალაქეობრივ ან სხვა რაიმე სფეროში მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ქალთა მიერ, - მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარებას, სარგებლობასა და განხორიციელებას.

 

კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმას, შეთანხმდნენ ყველა საჭირო საშუალებით განუხრელად განახორციელონ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკა და ამ მიზნით კისრულობენ ვალდებულებას, რომ: a) მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს შეიტანენ თავიანთ ეროვნულ კონსტიტუციებში ან სხვა შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, და კანონის და სხვა შესაბამისი საშუალებების მეშვეობით უზრუნველყოფენ ამ პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებას; b) მიიღებენ შესაბამის საკანონმდებლო და სხვა ზომებს, მათ შორის სანქციებს, იქ, სადაც ეს საჭიროა, რომლებიც აკრძალავენ ქალთა ყოველგვარ დისკრიმინაციას; c) დააწესებენ ქალთა უფლებების იურიდიულ დაცვას მამაკაცებთან თანაბარ საფუძველზე და კომპეტენტური ეროვნული სასამართლოების და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით უზრუნველყოფენ ქალთა ეფექტიან დაცვას დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტისაგან; d) თავს შეიკავებენ ქალთა მიმართ რაიმე დისკრიმინაციული აქტის ან მოქმედების ჩადენისაგან და უზრუნველყოფენ, რომ სახელმწიფო ორგანოები და დაწესებულებები მოქმედებდნენ ამ ვალდებულების შესაბამისად; e) მიიღებენ ყველა საჭირო ზომას რომელიმე პირის, ორგანიზაციის ან საწარმოს მხრივ ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად; f) მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, იმ მოქმედი კანონების, დადგენილებების, ადათ – წესების და პრაქტიკის შესაცვლელად ან გასაუქმებლად, რომლებითაც დაშვებულია ქალთა დისკრიმინაცია; g) გააუქმებენ თავიანთი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ყველა დებულებას, რომლებიც უშვებენ დისკრიმინაციას ქალთა მიმართ.

 

ამასთან, კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები განსაზღვრავენ, რომ მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში, იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა განხორციელება და გამოიყენება მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე. მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო ზომას იღებენ, რათა: a) შეცვალონ მამაკაცთა და ქალთა ქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ცრურწმენების აღმოფხვრისა და იმ ადათ-წესების და სხვა პრაქტიკის გაუქმების მიზნით, რომლებსაც საფუძვლად უძევს ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის, ან მამაკაცთა და ქალთა სტერეოტიპულობას იდეა; b) უზრუნველყონ, რომ ოჯახური აღზრდა შეიცავდეს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორ გაგებას და მამაკაცთა და ქალთა საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას თავიანთი შვილების აღზრდისა და განვითარებისათვის იმ პირობით, რომ ყველა შემთხვევაში უმთავრესია ბავშვთა ინტერესები.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას კომიტეტის მიერ მომზადებულ მე-19 ზოგად რეკომენდაციაზე (XI სესია, 1992), სადაც განმარტებულია, რომ კონვენციის 1-ელ მუხლში მოცემულია ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის განმარტება. დისკრიმინაციის განმარტება მოიცავს გენდერულ ძალადობას, რომელიც მიმართულია ქალის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის ქალია, ან რომელიც არაპროპორციულად არასასურველ მდგომარეობაში აყენებს ქალებს. აღნიშნული ქმედებები მოიცავს ფიზიკურ, მენტალურ ან სექსუალურ ზიანს ან ტანჯვას, ასეთი ქმედებების მუქარას, იძულებასა და თავისუფლების აღკვეთის სხვა ფორმებს. გენდერულმა ძალადობამ შესაძლოა დაარღვიოს კონვენციის ცალკეული დებულებები, იმის მიუხედავად აღნიშნული ქმედებები სიტყვა-სიტყვით არის თუ არა გათვალისწინებული კონვენციის შესაბამის დებულებებში. კონვენციის 1-ლი მუხლში გაწერილი განმარტების მნიშვნელობისთვის დისკრიმინაციად ჩაითვლება გენდერული ძალადობა, რომელებიც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის ქალთა მიერ საერთაშორისო სამართლითა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული კონვენციებით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებით სარგებლობას. ასეთ ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს განეკუთვნება: (ა) სიცოცხლის უფლება; (ბ) წამების, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; (გ) თანასწორობის პრინციპიზე დაყრდნობით საერთაშორისო ან არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი ჰუმანიტარული ხასიათის ნორმებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობის უფლება; (დ) ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; (ე) სამართლებრივი დაცვით თანაბრად სარგებლობის უფლება; (ვ) ოჯახურ ცხოვრებაში თანასწორობის უფლება; (ზ) მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის უფლება; (თ) სამართლიანი და სათანადო სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება. ამასთან, აღნიშნულია, რომ თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონვენციის დებულებების მნიშვნელობისთვის დისკრიმინაცია არ მოიცავს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ან სახელმწიფოსთვის განხორციელებულ ქმედებებს (იხილეთ კონვენციის მე-2(e), 2(f) და მე-5 მუხლები). მაგალითად, კონვენციის მე-2(e) მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ ქალთა წინააღმდეგ ნებისმიერი პირის, ორგანიზაციისა თუ დაწესებულების მიერ განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით ყველა ზომა მიიღონ. ზოგადი საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალური კონვენციების მიხედვით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლოა კერძო პირების მიერ განხორციელებული ქმედებების შემთხვევაშიც დადგეს, თუკი სახელმწიფო არ მიიღებს სათანადო ზომებს, რათა თავიდან აიცილოს აღნიშნული უფლებების დარღვევები ან გამოიძიოს და დასაჯოს ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები და უზრუნველყოს სათანადო კომპენსაციის მიღება.

 

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ჩვეულებებზე დამყარებული ზოგადი მიდგომა, რომ ქალები კაცებზე არიან დამოკიდებულნი და რომ საზოგადოებაში მათი სტატუსი სტერეოტიპულ როლებს ემყარება, ხელს უწყობს ძალადობრივი და იძულებითი ხასიათის პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რის გამოც ქალთა წინააღმდეგ ხორციელდება ძალადობა ოჯახში და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ხელყოფა, როგორიცაა იძულებითი ქორწინება, ფემიციდი ქორწინებაში, თავდასხმები მჟავის გამოყენებით და ქალთა წინადაცვეთა. ასეთი ცრურწმენები და პრაქტიკა შესაძლოა ქალთა დაცვისა და კონტროლის მიზნით მსგავსი ძალადობრივი ქმედებების გასამართლებლად გამოიყენებოდეს. მსგავსი ძალადობრივი ქმედებების გამოყენებით ქალთა ფიზიკური და მენტალური ხელშეუხებლობისთვის მიყენებული ზიანი აფერხებს ქალთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ ცოდნის მიღების, ამ უფლებებით სარგებლობასა და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგადი კომენტარი ძირითადად რეალურ ძალადობას ან მსგავსი ძალადობის მუქარას შეეხება, გენდერული ძალადობის ამგვარი შემთხვევების გამოვლინების შედეგად ქალები კვლავაც რჩებიან მეორეხარისხოვან და დამოკიდებულ როლში, ისინი არ არიან სათანადოდ წარმოდგენილნი პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათთვის განათლების მხოლოდ დაბალი საფეხურია ხელმისაწვდომი, მათ არ აქვთ შესაძლებლობა დაეუფლონ საჭირო უნარ-ჩვევებსა და ჰქონდეთ წვდომა დასაქმების ადგილებზე. ამგვარი დამოკიდებულება ხელს უწყობს პორნოგრაფიის პროპაგანდას და ბეჭდვით საშუალებებსა თუ სხვა კომერციულ სფეროებში ქალთა სექსუალურ ობიექტებად და არა ინდივიდებად წარმოჩენას. რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო აღვივებს გენდერულ ძალადობას. აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 6 აგვისტოს №------- გადაწყვეტილებით სახელმწიფოს მიეცა რეკომენდაცია, განეხორციელებინა ევროპის საბჭოს „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება.

 

პალატა მიუთითებს, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას , რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის N 543 – IIს დადგენილებით და ძალაშია 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

 

აღნიშნული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ მოცემული კონვენცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას, რაც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე. ამასთან, მე-3 მუხლის „ა“ და

„ბ“ ქვეპუნქტებით განმარტებულია, რომ კონვენციის მიზნებისათვის „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

 

კონვენციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა ხელი შეუწყონ და დაიცვან ყველა ადამიანის, განსაკუთრებით კი ქალების უფლება, იცხოვრონ ძალადობის გარეშე როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში, ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები თავს იკავებენ ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ქმედების ჩადენისგან და უზრუნველყოფენ, რომ სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, პასუხისმგებელი წარმომადგენლები, დაწესებულებები და სხვა პირები, რომლებიც სახელმწიფოს სახელით გამოდიან, მოქმედებდნენ ამ ვალდებულების შესაბამისად.

 

ამასთან, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსხვერპლს ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია ძალადობის აქტების ჩამდენი პირებისგან ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი დანაშაულის გამო.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს 2010 წლის 26 მარტს მიღებულ საქართველოს კანონზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“, რომლის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზნებია: უზრუნველყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სათანადო პირობების შექმნა ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას.ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლებებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, ხოლო მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით, დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფილი ოჯახსა და საზოგადოებაში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილესაც საქართველო წარმოადგენს, ასევე, მოქმედი ქართული კანონმდებლობით, განმტკიცებულია ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან. ოჯახში ძალადობა წარმოადგენს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ - ერთ ძირითად ფორმას, რომლის აღმოფხვრა, ეფექტური გამოძიების წარმოება და შესაბამისი რეაგირების განხორციელება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ ცალსახად აღიარა კავშირი სქესის საფუძველზე ძალადობასა და დისკრიმინაციას შორის მიუთითა რა რეზოლუციაში 2003/45 რომ „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმა ხორციელდება ქალთა მიმართ de jure და de facto დისკრიმინაციის კონტექსტში საზოგადოებაში ქალთათვის უფრო დაბალი სტატუსის მინიჭებით, რაც კიდევ უფრო უარესდება იმ დაბრკოლებების შექმნით, რომელთა გადალახვაც ხშირად უწევთ ქალებს სახელმწიფოსაგან მისაგებელის მისაღებად.“ სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელთაც არ უნდა გააჩნდეთ მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი, არამედ, ერთი მხრივ, ნორმატიული აქტები მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ახერხებდეს პრობლემის გადაჭრასა და პირის უფლებების დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მიღებული კანონის რეალურად გამოყენება, ცხოვრებაში გატარება და აღსრულება.

 

სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე (საქმე ოფუზი თურქეთის წინააღმდეგ, საჩივარი №33401/02), საქმეზე D.H. and Others v. Czech Republic ([GC], no. 57325/00, 13 ნოემბერი 2007, §§ 175-180); „შოდერმანი შვედეთის წინააღმდეგ“ (2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, საჩივარი №5786/08) და მართებულად აღნიშნა რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან დაირღვა პოზიტიური ვალდებულებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ თვითონ არ მოახდინოს პირის უფლებათა დარღვევა (ნეგატიური ვალდებულებები), არამედ უნდა უზრუნველყოს პირთა კანონით დაცული უფლებისა და ინტერესის დაცვა მესამე პირთა მხრიდან ხელყოფისაგან. სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და შემთხვევაზე სწრაფ, დროულ და ეფექტურ რეაგირებასთან, რაც დაირღვა მოსარჩელეთა მიმართ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე, მის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტის შესახებ შეტყობინებისას, იყო მცირეწლოვანი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სადავო შემთხვევას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა დამატებით მიუთითებს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციაზე, რომლის მე-19 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ. დაცვის ასეთი ზომები, აუცილებლობის შემთხვევაში, მოიცავს ეფექტიან პროცედურებს სოციალური პროგრამების შესამუშავებლად იმ მიზნით, რომ მხარდაჭერა გაუწიონ ბავშვს და მასზე მზრუნველ პირებს, აგრეთვე განახორციელონ გაფრთხილებისა და გამოვლენის, შეტყობინების, განსახილველად გადაცემის, გამოძიების, მკურნალობის სხვა ფორმები და შემდგომი ღონისძიებანი ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობის ზემოთ ნახსენებ შემთხვევებთან დაკავშირებით, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლო პროცედურის აღძვრისათვის. კონვენციის 34-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ დაიცვან ბავშვი ყველა ფორმის სექსუალური ექსპლუატაციისაგან და სექსუალური ცდუნებისაგან. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, ეროვნულ, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეებზე ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა აღკვეთონ: ა) ბავშვის დაყოლიება ან იძულება ნებისმიერ უკანონო სექსუალურ საქმიანობაზე; ბ) ბავშვების გამოყენება ექსპლუატაციის მიზნით პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო სექსუალურ პრაქტიკაში; გ) ბავშვების გამოყენება ექსპლუატაციის მიზნით პორნოგრაფიაში და პორნოგრაფიულ მასალებში.

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზეა მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2160 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირის მიმართ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნა, რომ კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება გულისხმობს მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური - არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, მას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკომონიკურ შინაარსს, არ გააჩნია ღირებულება, სწორედ ამიტომ, ამგვარი ზიანის დამტკიცებისთვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ- ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს, დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ „მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა, ზიანის მიყენების შედეგად მოთხოვნილებების და როგორც შედეგი - ხარჯების გაზრდა და სხვ.. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს.“ (იხ. სუს 25.07.2013 წ. გადაწყვეტილება საქმე №494-488(2კ-12)).

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული დარღვევა, ზიანის მიყენების ფაქტი, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვარა თანხის ოდენობა. კერძოდ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, რომლითაც მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თანხის ოდენობა არ უზრუნველყოფს ხელყოფილი უფლების აღდგენას/რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია, თუმცა კომპენსაციის მიზნიდან გამომდინარე, შესაძლებელია უზრუნველყოს მოსარჩელეთა ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება მათ სულიერი გაწონასწორების მიღწევაში.

 

განსახილველ საქმეზე მხარე ასევე ითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მ-----ე გ----ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას 43 422 ლარის ოდენობით და ყოველთვიურად 250 ლარის გადახდას სამომავლო სამედიცინო სამკურნალო ხარჯების სახით.

 

მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით მ-----ე გ----ემ აღნიშნა, რომ პირველი ფეხმძიმობის შემდეგ იძულებული გახდა, მიეტოვებინა თავისი სამსახური თბილისის მუსიკალურ სკოლაში, სადაც ფორტეპიანოს პედაგოგად მუშაობდა. 1993 წელს მისი დედა გადავიდა მასთან საცხოვრებლად საოჯახო საქმეებში დასახმარებლად. შემდგომში კი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ოჯახში არსებული ვითარების გამო ვერ შეძლო რომ გაეგრძელებინა სამსახური.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებული მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

პალატა ასევე ეთანხმება საქალაქო სასამართლოს აპელირებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომლის თანახმად დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

პალატა განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. პალატა განმარტავს, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. მიუღებელი შემოსავლის გაცემა მოიცავს ფაქტს, რომ არა მოპასუხის ქმედება, პირს აუცილებლად უნდა მიეღო სარგებელი, რაც არ დასტურდება მოცემულ შემთხვევაში. კერძოდ, არ იკვეთება, რომ სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე ნამდვილად განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა მის მიერ მითითებულ შემოსავალს.

 

რაც შეეხება სამკურნალო ხარჯების ანაზღაურებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობებისა და სამედიცინოო დოკუმენტაციის თანახმად, მას დახმარება გაეწია სახელმწიფოს მხარდაჭერით და უკვე გაწეულ მკურნალობაში რაიმე მატერიალური ხარჯის გაწევა უშუალოდ მ-----ე გ----ის მიერ არ დასტურდება.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების: მ-----ე გ----ისა და ქ------ნ ჭ----ის მიერ არ არის წარმოდგენილი სამომავლო მკურნალობისთვის საჭირო პროცედურებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა. ამგვარი დოკუმენტაციის მოპოვება სააპელაციო სასამართლოსათვისაც შეუძლებელია მისი სპეციფიურობიდან გამომდინარე, მთლიანად მოქცეულია არა მხარეთა შეჯიბრებითობის ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მატერიალური ზიანის ანაზღაურების სპეციფიკიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული ოდენობის ხარჯები, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარს, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ასევე ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც (ასევე მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის თაობაზე პალატის მიერ განვითარებული მსჯელობის კვალობაზე), არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2160 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 2157, 2159, 2160 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მ-----ე გ----ისა და ქ------ნ ჭ----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -