განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002305638
საქმე #1ბ/391-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
01 მაისი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------–--ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გ----------------ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, დ----------–-------–-–---------–----------------–-------------------------------–----------–-----------–-------------------------------–-----------------------------–---–--------------------------–-------------------–---------------------------------------–-----------–----------------------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა თ---------------–--ემ (აპელანტი) სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. აპელანტი სააპელაციო საჩივრში აღნიშნავს, რომ მართალია სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ----------------ის მიერ ჩადენილ ქმედებას, თუმცა გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად შეუსაბამოა, როგორც მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებასთან, ასევე არის დაუსაბუთებელი და ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნებს. იმის გათვალისწინებით, რომ გ----------------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული და ამავდროულად არ გააჩნია სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება, გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი.
დაცვის მხარე წარმოადგენილ სააპელაციო საჩივრის შესაგებელში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის აპელირება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულ გ----------------ს არ გააჩნია სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებები, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულის, შერიგებულია დაზარალებულთან და ისინი განაგრძობენ ოჯახურ თანაცხოვრებას, რაც დასტურდება საქმეში არსებული დაზარალებულის განცხადებით. სასამართლოსთვის, ასევე, ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ გ----------------მა მუშაობა დაიწყო და მზრუნველობას იჩენს ოჯახის მიმართ. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარით არ წარმოუდგენია რაიმე ახალი გარემოება, რის გამოც შესაძლოა მჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი გამკაცრდეს.
სასამართლომ დაადგინა:
გ----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 იანვარს, დაახლოებით 19:10 საათზე, თბილისში, ქინძმარაულის მეორე შესახვევი, კორპუსი N6, ბინა 17-ის სადარბაზოს დერეფანში, გ----------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ-------------–--–----------–---–ს, კერძოდ, მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა - თ-------------–--–----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარლებული შეურიგდა მას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ გ----------------ს არ გააჩნია სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებები, რადგან საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ მსჯავრდებულს გააჩნია შემამსუბუქებელი გარემოებები, ვინაიდან როგორც წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვის დროს აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და დაზარალებული შეურიგდა მას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით მსჯავრდებულ გ----------------ის მიმართ გახდება დამაფიქრებელი, მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და რესოციალიზაციის საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მიაჩნია თანაზომიერ და სამართლიან სასჯელად.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ გ----------------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ გ----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და პიროვნულ მახასიათებლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებელის თ---------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 მარტის №1/596-18 განაჩენი გ----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------------–--ე სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 მარტის №1/596-18 განაჩენი გ----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
3. გ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი;
4. გ----------------ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 მარტის განაჩენის დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;
5. გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 4 იანვრიდან - 2018 წლის 06 იანვრის ჩათვლით;
6. გ----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ასევე დაეკისროს მოვალეობა გაიაროს სავალდებულო სწავლების კურსი, რომელიც ორიენტირებულია ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე;
7. გ----------------ის ქცევაზე კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად;
8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია;
9. საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი - თ-------------–--–----------–---–ისგან ამოღებული სპორტული ზედა, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
10. განაჩენი კანონიერ ძალაშია მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე რევაზ ნადარაია