განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/420-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - გ--------–--------ას,მსჯავრდებულ - გ----------------ის,ადვოკატ - ს------------–--ის მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ--------–--------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ----------------------------–------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------–--------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით გ----------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 27 დეკემბერს, ქ-------–--–------–---------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ----------------ემ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - თ-----------–---–ს, არასრულწლოვანი შვილის - ს---------------–---–ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა ტუჩის არეში, ყელზე მოუჭირა ხელი, ხელი ჰკრა და წააქცია იატაკზე. ყოველივე აღნიშნულის შედეგად თ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გარდა აღნიშნულისა, გ----------------ემ, არაერთხელ მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - თ-----------–---–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს. მათ შორის ანალოგიური ქმედებები გ----------------ემ თ-----------–---–ის მიმართ განახორციელა ასევე 2017 წლის 27 დეკემბერს, ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულმა ქმედებებმა თ-----------–---–ის ტანჯვა გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით:
გ----------------ეს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითება. გ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ გ----------------ემ ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ--------–--------ამ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, პროკურორმა ითხოვა გ----------------ის მიმართ მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული საპატიმრო სასჯელის დანიშვნა.
ბრალდების მხარის მითითებით, სასამართლომ გ----------------ის მიმართ გამოიყენა ზედმეტად ლოიალური სასჯელი, ამასთან, არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსჯავრდებულის პიროვნება. გ----------------ემ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრების მიმართ, კერძოდ, შვილის თანდასწრებით მეუღლეს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ შესაძლოა მან მომავალშიც გააგრძელოს ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენება, მისი მსუბუქი ხასიათიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ--------–--------ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა გ----------------ემ და მისმა ადვოკატმა ს------------–--ემ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ--------–--------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. გ----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: გ----------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ალკოტესტით შემოწმების ოქმით; სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით; მოწმეთა დაკითხვისა და გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ----------------ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ერთის მხრივ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას და განმარტავს, რომ ოჯხაში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს და გაითვალისწინოს, რომ მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა არის აღნიშნული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა. ამასთან, ადეკვატური სასჯელი მოძალადეზე ზემოქმედების კარგი საშუალებაა, რათა მან შეიგნოს მართლწესრიგის დაცვის აუცილებლობა და განიმსჭვალოს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპირციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება - აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სწორად შეაფასა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაული) და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მისი საზოგადოებრივი საშიშროება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მისი არაინტენსიური ხასიათი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი; გაითვალისწინა ასევე დაზარალებულის პოზიცია, რომლის თანახმად, მას გ----------------ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, გ----------------ე არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, დღეის მდგომარეობით ისინი ცხოვრობენ ერთად და მისი თავისუფლების აღკვეთის პირობებში ყოფნა გააუარესებს მათი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ გ----------------ის მიმართ გამოყენებული სასჯელის - 1 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა, თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას გამოყენებული სასჯელის ლოიალურობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ----------------ეს განესაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი დადგენილი სანქციის ფარგლებში, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ნამდვილი ნების გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, პირობითი მსჯავრის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის დაწესებული გამოსაცდელი ვადა არის ის პირობა, რომელიც უზრუნველყოფს გ----------------ის მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი;
გ----------------ის ბრალდებიდან ამოირიცხოს 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითება.
გ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
მსჯავრდებულ გ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 27 დეკემბრიდან - 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
მსჯავრდებულ გ----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და მეთვალყურეობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ----------------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულებები:
გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი ორი სიმბარათით, ყავისფერი ტყავის საფულე, თანხა 6 ლარისა და 20 თეთრის ოდენობით, ორი ერთეული პლასტიკური ბარათი და ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ----------------ეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე