განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018002255282
საქმე№2/ბ-329-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
20 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე)-გ--------- ჩ------–---ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)-ზ---- ც---–---ე
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება დაუკმაყოფილებელ ნაწილში, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1.სასარჩელო მოთხოვნა
2018 წლის 12 იანვარს გ--------- ჩ------–---მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ზ---- ც---–---ის წინააღმდეგ არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- ც---–---ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელეს მითითებით, 2010 წლის 20 აპრილს იქორწინა ზ---- ც---–---ესთან. თანაცხოვრების პერიოდში -2011 წლის 17 ივნისს შეეძინათ შვილი ნ-----–---- ც---–---ე, რომელსაც ორი წლის ასაკიდან აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. კერძოდ, დაავადებულია აუტიზმით, საჭიროებს ექიმთა კონსულტაციებს და სისტემატურ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ისინი მეოთხე წელია ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მოპასუხე სათანადო მზრუნველობას არ იჩენს შვილის მიმართ, სახელდობრ ბოლო პერიოდში მისი მონაწილეობა შვილის აღზრდაში შემოიფარგლება მხოლოდ 25-25 ლარით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი არასერიოზულად ეკიდება თავის,როგორც მშობლის, მოვალეობებს და მასთან შეთანხმება ალიმენტის ოდენობაზე შეუძლებელია, რამაც განაპირობა ის, რომ იგი იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
2.2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ თავისი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის განმარტება, რომ იგი არასერიოზულად ეკიდება მშობლის მოვალეობას, არასწორია, რადგან სისტემატიურად აწვდის მას ბავშვისთვის საჭირო სამკურნალო და მიმდინარე ხარჯებს, ხოლო რაც შეეხება მოთხოვნის სახით საალიმენტო დანაკისრის სახით განსაზღვრული 400(ოთხასი) ლარის გადახდას, ასეთს ვერ შეძლებს, რადგან არის უმუშევარი, რასაც ფაქტობრივად მოსარჩელის პროვოკაციულმა ქმედებებმა შეუწყო ხელი, რაც გამოიხატა იმაში, რომ მის მცდელობას მოინახულოს შვილი, მოსარჩელე ოჯახური ძალადობის ფაქტად აფასებს და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ითხოვს რეაგირებას. სახელდობრ, ამგვარი რეაგირების სახით მის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების სახით დაეკისრა გირაოს თანხის შეტანა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რისთვისაც მოუწია ბანკიდან სესხის აღება, რის შემდეგაც იგი მსჯავრდებული იქნა ოჯახური ძალადობის დანაშაულისათვის და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, რაც აბრკოლებს როგორც ადგილზე მუდმივად დასაქმებისა და სტაბილური შემოსავლის მიღებით დასაქმების შესაძლებლობას, ასევე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას. ამდენად, იმყოფება მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში,თუმცა მიუხედავად ამისა, გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საკუთარ შვილს ალიმენტის სახით ყოველთვიურად ნებაყოფლობით გადაუხდის 100 (ასი) ლარს, საბანკო გადარიცხვით, ხოლო ეკონომიური პრობლემების გადაჭრის შემდეგ თავადვე , ასევე ნებაყოფლობით, გაზრდის ამ თანხის ოდენობას.
2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ -სამართლებრივი დასაბუთება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გ--------- ჩ------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ზ---- ც---–---ეს თავისი არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- ც---–---ის (დაბადების თარიღი: 17 ივნისი, 2017 წელი) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 12 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე , ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. მოსარჩელე გ--------- ჩ------–---ი 2010 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ზ---- ც---–---ესთან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - ნ-----–---- ც---–---ე, დაბადებული 2011 წლის 17 ივნისს.
2.3.2. მხარეთა შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც ისინი ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ.
2.3.3. ნ-----–---- ც---–---ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი დიაგნოზია: ბავშვთა აუტიზმი F84.0. მოსარჩელის განმარტებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მას სჭირდება განსაკუთრებული მზრუნველობა. სისტემატურად ესაჭიროება ექიმის, მათ შორის ფსიქიატრის კონსულტაციები, ჩვეულებრივ ჯანმრთელ ბავშვთან შედარებით, ესაჭიროება უფრო მეტი საკვები. მისი მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჭირს და საჭიროებს სისტემატურ ზედამხედველობას.
2.3.4. მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს და თანახმაა ალიმენტი გადაიხადოს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.
2.3.5. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ზ---- ც---–---ის მიმართ მიმდინარეობს სს საქმის წარმოება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით. მოპასუხე იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, რის გამოც მუდმივ სამსახურს ვერ შოულობს. იგი ამჟამად უმუშევარია და თუ გაუჩნდება რაიმე სახსრები, თავისივე ინიციატივით დაეხმარება ბავშვს.
2.3.6. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე დასაქმებულია ერთ-ერთ კომპანიაში, თუმცა კონკრეტულად რომელში და რა პოზიციაზე, ვერ ასახელებს. ამასთან მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა მოპასუხის დასაქმების შესახებ მიცემულ განმარტებებს.
2.3.7. მოსარჩელე გ--------- ჩ------–---ი არის უმაღლესი განათლებით, პედაგოგი, თუმცა ამჟამად ვერ მუშაობს თავისი პროფესიით. მოსარჩელე და მისი შვილი იმყოფებიან გ--------- ჩ-------–---ის ოჯახის კმაყოფაზე. მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა, რის გამოც მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რათა დაავალდებულოს ბავშვის მამა, მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდა- განვითარებაში.
გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, 18-ე, 27-ე მუხლებზე, ამავე კონვენციის კომენტარებზე, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების“ შესახებ საერთაშორისო პაქტის 23-ე მუხლზე, ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე, მუხლებსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებზე.
2.3.8. სასამართლომ უპირველესად აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
2.3.9. სასამართლომ მოუხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლს, რომლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და განმარტა, რომ მოცემული დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ და რომ მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.
2.3.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე, რომლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას და საჭიროებებს. ზემოხსნებულიდან გამომდინარე, სასამართლომ ხასგასმით აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის მოცემულმა დებულებამ, მართალია ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა, თუმცა ასეთი თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა, არამედ ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთის მხრივ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
2.3.11.ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობის განვითარების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ შვილისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში მამამ, მოპასუხე ზ---- ც---–---ემ უნდა უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილის რჩენა ელემენტარულ დონეზე მაინც, ბავშვისათვის თუნდაც საარსებოდ აუცილებელი ყოველდღიური კვების ღირებულების ანაზღაურებით. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ არასრულწლოვან ნ-----–---- ც---–---ეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და დაასკვნა, რომ მოპასუხის საალიმენტო ვალდებულება შვილის სასარგებლოდ უნდა განისაზღვროს 150 ლარით ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, რაც სასამართლოს აზრით, მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის გონივრულად და სამართლიანად უნდა ჩაითვალოს. აღნიშნულთან ერთად სასამართლომ მიუთითა იმაზეც, რომ ალიმენტის ოდენობის დადგენისას გათვალისწინებულ იქნა მეორე მშობლის, მოსარჩელე გ--------- ჩ------–---ის თანაბარი ვალდებულებაც შვილის მიმართ, რომელსაც ასევე ძალუძს ნაწილობრივ საკუთარი მოწადინებით და შრომითაც მოუპოვოს არასრულწლოვან შვილს საარსებო საშუალებები.
2.3.12. სასამართლომ განსახილველი სამართაურთიერთობის მოსაწესრიგებლად გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებისა, მოუხმო აგრეთვე ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციას, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
2.3.13. სასამართლომ ასევე მიუთითა განსახილველი კონვენციის კომენტარებზე , სადაც , აღნიშნულია იმის თაობაზე, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. კერძოდ, ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
2.3.14 სასამართლომ გადმოსცა განსახილევლი კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსი, რომლის ძალითაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
2.3.15. სასამართლომ ხაზგასმა გააკეთა ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის უმნიშვნელოვანეს ნორმაზე, 27-ე მუხლზე, რომლითაც აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები და განმარტა, რომ კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
2.3.16. სასამართლომ აგრეთვე მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
2.3.17 ზემოთ მოხმობილი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
2.3.18. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცეოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს და განმარტა, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომლის მიხედვითაც მოსარჩელმ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლეზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ-გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მოხმობილი ნორმის ანალიზის საფუძველზე მოახდინა საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასება და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანი ნ-----–---- ც---–---ე იზრდება დედასთან, იგი დაავადებულია ბავშვთა აუტიზმით, რის გამოც განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს. მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს, კერძოდ, 100 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან მისი განმარტებით, მისი შემოსავალი მეტის გადახდის საშუალებას არ იძლევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული განმარტებების მიზანი არის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდისაგან თავის არიდება, რომლის რჩენის ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება, ამასთან გასათვალისწინებლად მიიჩნია არასრულწლოვან ნ-----–---- ც---–---ის განსაკუთრებული მოთხოვნილებები, ვინაიდან ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სასამართლომ მიიჩნია რომ მოპასუხე ზ---- ც---–---ეს უნდა დაკისრებოდა ალიმენტის გადახდა თვეში 150(ასორმოცდათი) ლარის ოდენობით მისი შვილის - ნ-----–---- ც---–---ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 12 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე გ--------- ჩ------–---მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
3.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული ალიმენტის ოდენობად 150(ასორმოცდათი) ლარი, რადგან მის მიერ წარდგენილი იქნა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც იძლეოდა შესაძლებლობას მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად.
3.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ე1 პუნქტის თანახმად ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტურ საფუძველს წარმოადგენს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა რა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლები,შეამოწმა გადაწყვეტილების ფაქტობრივი და იურიდიული დასაბუთება,მოისმინა სააპელაციო სასამართლო მთვარ სხდომაზე მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ამ განჩინების 2.3.1 -- 2.3.7 პუნქტებში მითითებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სავსებით სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით სადაო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ზ---- ც---–---ის მატერიალურ მდგომარეობას, მიუთითებს, რომ საქმეში მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა არათუ მოსარჩელის მოთხოვნის მოცულობით - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, მოპასუხის მიერ ალიმენტის გადახდის შესაძლებლობას, არამედ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. უფრო მეტიც, მხარეთა მიერ სადავო არაა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ---- ც---–---ე მსჯავრდებულია ოჯახში ძალადობის მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი) და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, რისი გათვალისწინებითაც გასაზიარებელია ამ უკანასკნელის განმარტება იმის თაობაზე, რომ შეზღუდული აქვს როგორც დასაქმების სფერო, ასევე მუდმივი სამუშაო ადგილის მოპოვებისა და ამავე მიზნით საზღვარგარეთ გასვლის შესაძლებლობა.
4.2. პალატა არ იზიარებს აპელანტის თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ თითქოსდა გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება აბსოლუტურად სრულყოფილია. შესაბამისად სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სამართლებრივ შეფასებებს, რაც გადმოცემულია წინამდებარე განჩინების 2.3.8.-2.3.18 პუნქტებში და მიიჩნევს, რომ აპელანტის პრეტენზიას არ აქვს სამართლებრივი თვალსაზრისით მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარგისი საფუძველი.
პალატა უპირველესად აპელანტის ყურადღებას მიაპყრობს განსახილველი სამართურთიერთობის უშუალოდ მომწესრიგებელ ნორმაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას და განმარტავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს საქმეზე წარმოდგენილი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, რა დროსაც აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნას მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები. ამდენად,ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ალიმენტმიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის მხედველობაში მიღებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან გააჩნია უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც, ამასთანავე, მშობლის ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება ფაქტობრივად არსებული შემოსავლით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე შესაძლოა სასამართლომ ჩათვალოს მნიშვნელოვნად. სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი სტაბილური შემოსავლის არსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან და ის ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებულ უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე. მშობლის მაღალი შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომლებიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს.
განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებზე დაყრდნობით სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაკისრებოდა ზ---- ც---–---ეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა განსაზღვრულიყო 150 (ასორმოცდათი) ლარის ოდენობით.
4.3. ზემოაღნიშნულთან ერთად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აპელანტს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლი) აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ განსაკუთრებული გარემოებიდან გამომდინარე, რაშიც მოიაზრება ბავშვის მძიმე ავადმყოფობაც, შესაბამისი დასაბუთებით მიმართოს სასამართლოს, მშობლის, რომელიც ალიმენტს უხდის არასწრულწლოვან შვილს, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დაკისრების მოთხოვნით, ანდა თუკი გაუმჯობესდა მშობლის მატერიალური მდგომარეობა ალიმენტის ოდენობის შეცვლის-გაზრდის მოთხოვნით(საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლი).
4.4. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ--------- ჩ------–---ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, ზემოთ მოხმობილი ნორმის თანახმად, გ--------- ჩ------–---ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ--------- ჩ------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნანა კალანდაძე