განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210117002217822
საქმე№2/ბ-328-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
20 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე)- ლ------ ს---–--ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები)- ნ-------- კ-------, ი--- კ-------
წარმომადგენელი-ე----- ტ--–----ე
დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილიშვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1.სასარჩელო მოთხოვნა
2017 წლის 15 დეკემბერს ლ------ ს---–--ემ სარჩელი აღძრა ზ------------ რაიონულ სასამართლოში ნ-------- კ------ისა და ი--- კ------ის მიმართ არასრულწლოვანი შვილიშვილების -2001 წლის 30 მაისს დაბადებულ ნ-------- კ------ისა და 2012 წლის 01 აგვისტოს დაბადებულ თ------ კ------ის რჩენა-აღზრდისათვის სარჩელის აღძვრის დღიდან -2017 წლის 15 დეკემბრიდან, მათ სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე სოლიდარულად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდის დაკისრების მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი)
სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელეს მითითებით, მოპასუხეები არიან მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილების მამის მშობლები. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვების მამას - რ---- კ-------ს ბავშვების რჩენის მიზნით დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით, თუმცა იგი შეგნებულად თავს არიდებს შვილებისათვის ალიმენტის გადახდას, მთელი თავისი ქონება სხვის სახელზე გადააფორმა და ამასთან მალავს შემოსავლებს. ფაქტობრივად მამისაგან ვერ ხდება ალიმენტის თანხის მიღება, ხოლო თავად კი უჭირს შვილების შენახვა. ამასთან, უფროსი შვილი არის ავად, ჭირდება ოპერაციები და მკურნალობა და რადგან მამისგან ვერ ხდება ალიმენტის თანხის მიღება, ბებია - პაპა არიან ვალდებულინი შვილიშვილებს გადაუხადონ შესაბამისი ალიმენტის თანხა, რადგან მათ აქვთ საკმარისი შემოსავლები, ისინი დასაქმებულები არიან, პაპა მუშაობს შპს ,,ჯ--------- მ--------ში“, ხოლო ბებია სავაჭრო საქმიანობითაა დაკავებული და ამდენად, სრული შესაძლებლობა აქვთ შვილიშვილებს გადაუხადონ ალიმენტი.
2.2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობდა კანონისმიერი საფუძველი იმისა, რომ შვილიშვილებისათვის გადაეხადათ ალიმენტი, რადგან ბავშვებს ჰყავთ შრომისუნარიანი მშობლები და სწორედ მათ უნდა არჩინონ შვილები. ბავშვების მამას დაკისრებული აქვს კიდეც ალიმენტი, ეს გადაწყვეტილება არ გაუქმებულა, მის საფუძველზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და საქმე სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია. გარდა ამისა, მათ ალიმენტის სახით თანხის გასაღებად საკმარისი შემოსავლებიც არ აქვთ, ვინაიდან ნ-------- კ------- დაავადებულია მძიმე დაავადებით და მკურნალობისათვის სერიოზული თანხები ეხარჯება, რის გამოც ოჯახს აღებული აქვს ვალები სხვადასხვა ბანკებიდან, ხოლო ი--- კ------- კი უმუშევარია და არავითარი შემოსავალი არ აქვს.
2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ -სამართლებრივი დასაბუთება
ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ------ ს---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. 2001 წლის 30 მაისს დაბადებული ნ-------- კ------- და 2012 წლის 01 აგვისტოს დაბადებული თ------ კ------- არიან ნ-------- კ------ისა და ი--- კ------ის შვილიშვილები, კერძოდ, მათი შვილის -რ---- კ------ის შვილები.
2.3.2. ზ------------ რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ---- კ-------ს არასრუწლოვანი შვილების -2001 წლის 30 მაისს დაბადებულ ნ-------- კ------ისა და 2012 წლის 01 აგვისტოს დაბადებულ თ------ კ------ის სასარგებლოდ ზ------------ რაიონული სასამართლოს 2012 წლის 01 აგვისტოს განჩინებით დაკისრებული ალიმენტი 100 (ასი) ლარი გაეზარდა 50(ორმოცდაათი ლარით და მისი ოდენობა ყოველთვიურად თითოეულ შვილზე განისაზღვრა 150(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან -2013 წლის 16 სექტემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
2.3.3. რ---- კ-------ს შვილებისათვის ალიმენტის თანხა 2016 წლის იანვრიდან აღარ გადაუხდია. ამჟამად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და მისი დავალიანება საალიმენტო ვალდებულებიდან გამომდინარე შეადგენს 4 815 ლარს , საიდანაც 4 500 ლარი წარმოადგენს ალიმენტის თანხას, ხოლო 315 ლარი არის აღსრულების საფასური. აღნიშნული დავალიანების გადახდევინების მიზნით, სააღსრულებო ბიურო იძიებს მოვალე რ---- კ------ის ქონებებსა და შემოსავლებს. 2017 წლის 26 სექტემბერს მოვალის მისამართზე დაყადაღდა მოძრავი ქონება, ქონების რეალიზაცია შეჩერებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით.
2.3.4. თავად მოსარჩელე ლ------ ს---–--ეს რ---- კ------ის მიმართ აქვს საალიმენტო ვალდებულებიდან გამომდინარე დაგროვილი დავალიანება და ის შეადგენს 1081.50 ლარს.
2.3.5. ლ------ ს---–--ე არის შრომისუნარიანი.2018 წლის 03 იანვრიდან მუშაობს ქ.ზ----------ში, ფ---------ის ქუჩა N---ში მდებარე მაღაზიაში გამყიდვლად და მისი ხელფასი თვეში შეადგენს 100 (ასი) ლარს.
2.3.6. რ---- კ------- არის შრომისუნარიანი. 2017 წლის 01 დეკემბრიდან მუშაობს შპს ,,პ-----------–ში“ მცხობელად და მისი ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს.
2.3.7.ნ-------- კ------- მუშაობს შპს ,,ჯ--------- მ--------ში“, ზ--------------------–--------------------- N4 საამქროში მე-4 თანრიგის ელ -მონტიორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს.
2.3.8. ი--- კ-------ს 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით რაიმე შემოსავალი არ მიუღია. ასევე, მის მიერ წარდგენილი დეკლარაციებით მას 2015 წელს და 2016 წელს შემოსავალი არ ჰქონია.
2.3.9. ნ-------- კ------- ონკოლოგიური ავადმყოფია, დაავადებულია სისხლის სისტემური დაავადებით - სუბლეიკემიური მიელოზით და იმყოფება ქიმიოთერაპიულ მკურნალობაზე.
2.3.10. ნ-------- კ-------მ მკურნალობის გამო 2017 წლის 25 ნოემბერს სს ,,თ-----------საგან“ აიღო სესხი 8 600 (რვა ათას ექვსასი) ლარის ოდენობით, რისი გადახდის მიზნითაც 2017 წლის 18 დეკემბერს ხელფასიდან დაფარა 275 ლარი, ხოლო 2017 წლის 20 დეკემბერს 215 ლარი და 85 თეთრი, ჯამში 490 ლარი და 85 თეთრი. 2018 წლის 5 იანვრისათვის მისი ჯამური დავალიანება შეადგენდა 8 285 ლარსა 36 თეთრს, რისი დაფარვის მიზნით 2018 წლის 20 იანვარს ანგარიშზე შეიტანა 500 ლარი.
გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1225-ე მუხლებსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე, 354-ე მუხლებზე.
2.3.11.სასამართლომ უპირველესად აპელირება გააკეთა განსახილველი სამართაურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან. ზემოხსენებულზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ მოხმობილი ნორმის თანახმად, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი შვილიშვილისათვის ალიმენტის დაკისრება თუ მას არ შეუძლიათ სარჩო მიიღოს საკუთარი მშობლებისაგან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, პაპასა და ბებიას მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეკისროთ ალიმენტი, თუ შვილიშვილს მშობლები არ ჰყავს ან ისინი შრომისუუნარონი არიან და არ აქვთ შემოსავალი,ამასთან, წარმოდგენილი უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულებები პაპისა და ბებიის საკმაო სახსრების შესახებ.
2.3.12. სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივი გარემოებები შეაჯერა რა სადაო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებთან განმარტა,რომ არასრულწლოვანი ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტი უკვე დაკისრებული აქვს მამას, გარკვეულ დრომდე კიდეც უხდიდა მათ ამ თანხებს,ამჟამად ამ უკანასკნელის საალიმენტო ვალდებულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების მიზნით მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და სააღსრულებო ბიურო იძიებს მის, როგორც მოვალის ქონებებსა და შემოსავლებს. ამასთან სასამართლომ მიუთითა იმაზეც, რომ ბავშვების ორივე მშობელი ჯანმრთელი ,შრომისუნარიანი ადამიანები არიან , მიუხედავად მათი მცირე შემოსავლებისა, ისინი მაინც დასაქმებულები არიან და ამდენად, ნათელია, რომ შესწევთ უნარი შრომისა და ანაზღაურების გამომუშავებისა.
2.3.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შვილებისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში ბავშვების მშობლებმა, კონკრეტულად მამამ, როგორც ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელმა, შრომისუნარიანმა ახალგაზრდა ადამიანმა, თავად უნდა უზრუნველყოს შვილების რჩენა ყველაზე ელემენტარულ დონეზე მაინც, რაც მისთვის სავსებით ხელმისაწვდომია და ობიექტურადაც შესაძლებელია და მოცემული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება რა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბავშვებს სარჩოს მიღება მშობლებისგან არ შეუძლიათ , რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1212-ე მუხლების შესაბამისად ვალდებული არიან არჩინონ არასრუწლოვანი შვილები, არ არსებობს პაპისა და ბებიის მიმართ ალიმენტის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი .
2.3.14. სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების დაწყებისთანავე მიუთითა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწერიგებელ ნორმაზე (სსკ-ის 1225-ე მუხლი), განსაკუთრებული ხაზგასმა გააკეთა ამ ნორმის უმნიშვნელოვანესი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე დანათქმზე, რომლის თანახმადაც მხოლოდ ის პაპა და ბებია არიან ვალდებული არჩინონ არასრულწლოვანი შვილიშვილები, რომელთაც აქვთ საკმაო სახსრები .
2.3.15. სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე,რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები და ნორმის შინაარსის გადმოცემის შემდეგ განმარტა, რომ შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დასამტკიცებად. სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით, რასაც პირდაპირ ადგენს საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლი, არამედ მათი მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
2.3.16. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლებზე რომელთა თანახმადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით და რომ მტკიცებულებათა სასამართლოსათვის წარდგენა, წარმოადგენს მხარეთა ვალდებულებას, თუმცა აქვე აპელირება გააკეთა საოჯახო დავების განხილვის თავისებურებიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებაზე და მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოცემულ საქმეზე სასამართლომაც თავისი ინიციატივითაც გამოითხოვა მტკიცებულებები.
2.3.17. სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ასეთის დასამტკიცებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები,საქართველოს სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის ზემოთ მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით დაასკვნა,რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელის საფუძვლად მოყვანილი გარემოება, რომ მოპასუხეებს საკმაო სახსრები და შემოსავლები გააჩნიათ, რაც პაპასა და ბებიასთვის ალიმენტის დაკისრების ერთ-ერთი პირობაა.სახელდობრ სასამართლომ განმარტა, რომ საქმის განხილვისას, მოპასუხეთა შემოსავლებთან დაკავშირებით მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ მხოლოდ ნ-------- კ------- მუშაობს შპს ,,ჯ--------- მ--------ში“, ზ--------------------–--------------------- N4 საამქროში მე-4 თანრიგის ელ - მონტიორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს, ხოლო ი--- კ-------ს რაიმე შემოსავალი არ გააჩნია. მოპასუხეთა სხვა შემოსავლების დამადასტურებელი მტკიცებულები კი საქმეში წარმოდგენილი ვერ იქნა. ასევე, დადგინდა, რომ ნ-------- კ------- ონკოლოგიური ავადმყოფია,დაავადებულია სისხლის სისტემური დაავადებით-სუბლეიკემიური მიელოზით და იმყოფება ქიმიოთერაპიულ მკურნალობაზე, რისთვისაც მან 2017 წლის 25 ნოემბერს სს ,,თ-----------დან“ აიღო სესხი, რომლის დასაფარად სახელფასო ანგარიშიდან ყოვეთვიურად უკავდება გარკვეული თანხები.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ლ------ ს---–--ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
3.1 აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიკვლია და სწორად არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები, სახელდობრ სასამართლომ არ გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები: ბავშვების შესანახად გასაცემი თანხა არ არის სარჩო და რომ აღნიშნული ითვალისწინებს მხოლოდ საარსებო მინიმუმს, რომ მოპასუხეების შვილს დაეკისრა ალიმენტი 150-150 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე, მაგრამ არ იხდის და რომ მოპასუხეები და ბავშვების მამა არიან ერთი ოჯახის წევრები და ისინი შეგნებულად ერთობლივად ცდილობენ თავიდან აირიდონ ალიმენტის გადახდის ვალდებულებას.
3.2. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და ამასთან გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებლია.აპელანტის თვალსაზრისით სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა რა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გადაწყვეტილების ფაქტობრივი და იურიდიული დასაბუთება, მოისმინა სააპელაციო სასამართლო მთვარ სხდომაზე მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ამ განჩინების 2.3.1 -- 2.3.10 პუნქტებში მითითებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სავსებით სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაგან სააპელაციო სასამართლო გამოყოფს სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს სარჩელის უარყოფის საფუძვლებს. სახელდობრ:
4.1.1. არასრულწლოვანი ბავშვების პაპა,მოპასუხე ნ-------- კ------- მიუხედავად იმისა, რომ მუშაობს შპს ,,ჯ--------- მ--------ში“და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს, არის ონკოლოგიური ავადმყოფი, კერძოდ დაავადებულია სისხლის სისტემური დაავადებით - სუბლეიკემიური მიელოზით და იმყოფება ქიმიოთერაპიულ მკურნალობაზე, რა მიზნითაც მას 2017 წლის 25 ნოემბერს სს,, თ-----------დან“ აღებული აქვს სოლიდური სესხი 8 600 ლარის ოდენობით, რომლის ჯამური დავალიანებაც 2018 წლის 05 იანვრისათვის შეადგენდა 8 285 (რვა ათას ორასოთხმოცდახუთი ლარი და 36 თეთრი)ლარს, ხოლო რაც შეეხება მე-2 მოპასუხეს, ბავშვების ბებიას-ი--- კ-------ს, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებებით არ დგინდება 2015-2017 წლებში მის მიერ არათუ საკმაო და სოლიდური სახის, არამედ საერთოდ რაიმე სახის შემოსავლის მიღების ფაქტობრივი გარემოება.
4.1.2.არასრულწლოვანი ბავშვების-ნ-------- კ------ისა და თ------ კ------ის მშობლები-მამა რ---- კ------- და დედა ლ------ ს---–--ე არიან ჯანმრთელი, შრომისუნარიანი პიროვნებები და ამდენად, შესწევთ უნარი შვილების რჩენისა.
4.2. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნულ თეზას განამტკიცებს საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში არათუ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (პაპისა და ბებიის საკმაო შემოსავლების არსებობის შესახებ), არამედ ასეთის მოპოვების მიზნით, სასამართლო უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის საფუძველზე განხორციელებული თვით პირველი ინსტანციის სასამართლოს მცდელობაც კი უშედეგო აღმოჩნდა.
4.3. პალატა არ იზიარებს აპელანტის თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ თითქოსდა გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება აბსოლუტურად სრულყოფილია. შესაბამისად სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სამართლებრივ შეფასებებს, რაც გადმოცემულია წინამდებარე განჩინების 2.3.11.-2.3.17 პუნქტებში და მიიჩნევს, რომ აპელანტის პრეტენზიას არ აქვს სამართლებრივი თვალსაზრისით მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარგისი საფუძველი.
4.4. სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს აპელანტის თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ თითქოსდა პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი.სააპელაციო სასამართლო უპირველესად აპელანტის ყურადღებას მიაპყრობს განსახილველი სამართაურთიერთობის უშუალოდ მომწესრიგებელ ნორმის შინაარსზე, რომლის სიტყვასიტყვითი განმარტებით ნათლად დგინდება, თუ რა წინაპირობების საფუძველზე უშვებს კანონმდებელი პაპასა და ბებიაზე ალიმენტის დაკისრებას. კანონმდებლის მიერ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად გამოვლენილი ნების თანახმად პაპასა და ბებიას შვილიშვილების რჩენის ვალდებულება ეკისრებათ მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა: 1) პაპას და ბებიას აქვთ საკმაო შემოსავლები, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისთვის სარჩოს მიცემა; 2) სარჩოს მიმღები პირის მშობლები ვერ უზურნველყოფენ შვილის რჩენას, რაშიც უპირველესად მოიაზრება შრომისუნარიანობის არქონა (მკვეთრად გამოვლენილი სახის შრომის უნარის შეზღუდვა), ქმედუუნარობა .განსახილველ შემთხვევაში კი არ დასტურდება არათუ ორივე პირობის ერთდროულად არსებობის ფაქტობრივი გარემოება, არამედ დადასტურება ვერ ჰპოვა ვერც ერთმა. სახელდობრ უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეებს არ აქვთ საკმაო შემოსავალი და უფრო მეტიც, ასეთი მძიმე ავადმყოფურ მდგომარეობაში მყოფი პაპის მკურნალობის ხარჯებსაც კი ვერ ჰფარავს,რის გამოც იგი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება ს.ს. ,,თ----------თან“, მაშინ როდესაც არასრულწლოვანი შვილების მშობლები წარმოადგენენ სრულიად ჯანმრთელ, შრომისუნარიან პირებს, რომლებსაც შვილებისადმი არსებული თავიანთი კანონისმიერი, თუ მორალური ვალდებულებების სწორი , მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გააზრების შემთხვევაში შესწევთ ძალა და უნარი თავადვე იტვირთონ შვილების რჩენა-აღზრდა.
4.5.ამდენად, სააპელაციო სასამართლოს თვალსაზრისითაც არ დასტურდება რა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბავშვებს სარჩოს მიღება მშობლებისგან არ შეუძლიათ , რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1212-ე მუხლების შესაბამისად ვალდებული არიან არჩინონ არასრუწლოვანი შვილები, არ არსებობს პაპისა და ბებიის მიმართ ალიმენტის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი ისეთ შემთხვევაშიც კი, თუნდაც ამ უკანასკნელთ გააჩნდეთ საკმაო და სოლიდური შემოსავლები, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა. შესაბამისად სახეზე არაა საპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.6.როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ------ ს---–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით აბსოლუტურად სწორი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, ზემოთ მოხმობილი ნორმის თანახმად, ლ------ ს---–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ------ ს---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნანა კალანდაძე