განაჩენი

სისხლის სამართლის 04.05.2018
საქმის ნომერი
330100117001919882
ინსტანცია
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001919882

საქმე №1ბ/239-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-------------ის

მსჯავრდებულის: ი-----–--------–--ის

ადვოკატის: ზ--------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი-----–--------–--ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ--------------ის და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის ა-–---------------–------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ი-----–--------–--ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–--ს ქ. ქუთაისში, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №5-----------), საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წ---–-------- რაიონის სოფელ ყ---------–-. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით, –

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: 2017 წლის 24 მარტს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. თბილისში, რ---------–-----------–--–-----------------------------ში ოჯახური კონფლიქტის დროს ი-----–--------–--ე სამზარეულოს დანის გამოყენებით შეეცადა, მეუღლის მ----------------ის განზრახ მკვლელობას. აღნიშნულს შეესწრო მათი მცირეწლოვანი შვილი თ-------------–----. ი-----–--------–--ემ დანაშაულებრივი განზრახვა დამოუკიდებელი მიზეზების გამო სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან ხელი შეუშალა დანაშაულის თვითმხილველმა ბინის დიასახლისმა, რის შემდგომაც ი-----–--------–--ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქმედება დაკავიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენით ი-----–--------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111-19-108-ე მუხლზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი-----–--------–--ემ, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ--------------ემ და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილემ ა-–---------------–------–---–მა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ი-----–--------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111-19-108-ე მუხლით დადგენილ მსჯავრდებაში გამართლება, მისი დამნაშავედ ცნობა მის მიერ რეალურად ჩადენილი ქმედების შესაბამისი კვალიფიკაციით. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ, როგორც შესავალ ისე დასკვნით სიტყვებში დაზუსტებით მოითხოვა ი-----–--------–--ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა, ვინაიდან ი-----–--------–--ეს ეჭვიანობის ნიადაგზე სურდა, მეუღლისთვის სახის არეში მიეყენებინა დაზინება - ,,დაესახიჩრებინა ისე, რომ კაცს არ შეეხედა მისთვის“. აღნიშნულის დასადასტურებლად მიუთითა მოწმის სახით დაკითხული მ--------------–--ის და ნ------------–---–ის ჩვებებებზე და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე.

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილემ ა-–---------------–------–---–მა სააპელაციო საჩივარში მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენით ი-----–--------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-19-108-ე მუხლით დადგენილი მსჯავრდების ნაწილში განაჩენის შეცვლა და მისი საქართველოს სსკ-ის 111-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით მსჯავრდება. ბრალდების მხარე საპელაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს ი-----–--------–--ის ქცევაზე დანაშაულის ჩადენამდე, დანაშაულის ჩადენის დროს და მის შემდგომ დამოკიდებულებას მომხდარის მიმართ. კერძოდ: ი-----–--------–--ემ შემთხვევის დილას ხელში აიყვანა თავისი მცირეწლოვანი შვილი თ-------------–--ე და უთხრა, რომ მას დიდი ხანი ვეღარ ნახავდა და დასვა დივანზე. სამზარეულოდან აიღო პურის საჭრელი დანა და კართან დაელოდა მეუღლეს. მ----------------ის მიახლოებისთანავე მოახერხა მისი გაკავება, ყელის და სახის არეში დანის გამოყენებით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. მიუხედავად მ----------------ის მიერ გაწეული წინააღმდეგობისა, მცირეწლოვანი შვილის ყვირილისა ,,მამა არა“, მამა არა“ არ შეაჩერა დანაშაულებრივი განზრახვა - მოეკლა მეუღლე. ბავშვის ყვირილზე ოთახში შესულმა ნ------------–---–მა საშველად უხმო მეზობლებს, რის შემდეგაც ი-----–--------–--ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულის გათვალსწინებით ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ი-----–--------–--ის მიერ ჩადენილია დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიკვლია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მ----------------ე, ასევე დაიკითხნენ მოწმეები: ნ------------–---–ი, მ--------------–---–-, ქ-------------------ა, თ---------------, გამოკვლეული იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------–--ემ, გამოკვლეული იქნა ბიოლოგიური ექსპერტიზის №031401170 დასკვნა და დაიკითხა მოწმის სახით ექსპერტი შ-----------–------, გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, წარმოდგენილი ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. მითითებული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ი-----–--------–--ის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა, მაგრამ გამორიცხა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მცდელობა და ი-----–--------–--ის ქმედებას მისცა საქართველოს სსკ-ის 111-19-108-ე მუხლის კვალიფიკაცია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი-----–--------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ხოლო ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის ა-–---------------–------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საერთო ანალიზი იძლევა ერთმნიშვნელოვანი უტყუარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ი-----–--------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. თუმცა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნა ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით არ შეესაბამება საქმეში არსებული მტკიცებულებებს. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ი-----–--------–--ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიერ განხორცილებული დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლისას საქართველოს სსკ-ის მე-111-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტიდან მე-111-19-108-ე მუხლზე მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ი-----–--------–--ის მიერ მ----------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობას შეესწრო და ყველაფერი გააცნობიერა მათმა მცირეწლოვანმა შვილმა თ-------------–--ემ. მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენისას ბავშვი იმყოფებოდა მისაღებ ოთახში დივანზე და შემთხვევას ვერ დაინახავდა, თუ დივანიდან არ ჩამოვიდოდა და არ მივიდოდა მისაღები ოთახიდან სამზარეულოს ოთახში გამავალ კართან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ყურადღება გამახვილებულია არა მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შეფასებას აძლევენ მოწმეები მომხდარს - თ-------------–--ე შეძლებდა თუ არა დანაშაულის ჩადენის პროცესის დანახვას და აქცენტი გაკეთებულია ამ ნაწილში მოწმეთა განსხვავებულ ჩვენებებზე.

 

გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებულია მსჯელობა, რომ მცირეწლოვან თ-------------–--ეს კიდეც რომ დაენახა მომხდარი ფაქტი, მისი ასაკი (იყო 2-3 წლის) აჩენს კითხვას, შესწევდა თუ არა უნარი მომხდარის აღქმისა და გაცნობიერებისა. პირველი ინსტანციის სასამართლო თვლის, რომ მცირეწლოვანის შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ყოფნის გამო ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშნის გამოყენება ობიექტური შერაცხვაა, რაც დაუშვებელია. სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება მცირეწლოვანი თ-------------–--ის აღქმის უნარი, ვინაიდან ფსიქოლოგის მონაწილეობით არ დაკითხულა იგი, არ გამოკვლეულა მისი განვითარების დონე, აღქმის უნარი. სასამართლო საეჭვოდ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებში ხაზგასმას ბავშვის სტრესულ მდგომარეობაში ყოფნაზე და აღნიშნულს აფასებს, როგორც ტენდენციურს. გამოთქვავს ეჭვს, რომ მოწმეები ამ დეტალის დაფიქსირებისას თითქოს ვიღაცის დარიგებულები არიან. ამ მოსაზრების საფუძვლად განაჩენში მითითებულია მეზობლების ქ-------------------ასა და თ--------------ის ჩვენებებზე, რომლებიც უთითებენ, რომ სანამ ბავშვს ნათესავები წაიყვანდნენ, იგი ერთი საათი იყო მათთან. ბავშვი გაღიზიანებული იყო ტიროდა და დედას ითხოვდა, თუმცა იგი პარკში წაიყვანეს, სადაც ითამაშა კიდეც. სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია, რამდენად შეძლებდა ბავშვი თამაშს, თუკი იგი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სასამართლო არაფერს ხედავს ალოგიკურსა და უჩვეულოს იმაში, რომ ბავშვი ტიროდა და დედას ითხოვდა, ვინაიდან იგი შეშინებული იყო შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენებით - ხმაურით, ყვირილით, მუქარით და ა.შ. გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახეზე არ იყო მსჯავრდებულის გულგრილი დამოკიდებულება მცირეწლოვანის შემთხვევის ადგილზე ყოფნისა და მისთვის მიყენებული შესაძლო სულიერი ტანჯვის მიმართ, ვინაიდან მან ბავშვი მისაღებ ოთახში დივანზე დატოვა, მეუღლეს კი დაზიანება სამზარეულოში მიაყენა.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებულ მსჯელობას ქმედების კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით და განმარტავს შემდეგს: განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენისას დამნაშავის ფსიქიკური დამოკიდებულება უშუალოდ ქმედების მაკავალიფიცირებელი ნიშნის - განსაკუთრებული სისასტიკის მიმართ განზრახია, თუმცა ეს განზრახვა შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი - როცა პირს სურს რომ მის მიერ ჩადენილი მკვლელობით მსხვერპლის ახლობელმა განიცადოს ძლიერი სულიერი ტკივილი, ასევე - არაპირდაპირი, როცა პირს არ სურს ვინმესთვის ასეთი ტკივილის მიყენება, თუმცა აცნობიერებს, რომ პირი გახდება ახლობლის სიკვდილის მომსწრე, შეესწრება სიცოცხლის მოსპობის პროცესს და ამით დაიტანჯება, თუმცა უშვებს ამას, ვინაიდან გულგრილად ეკიდება მსხვერპლის ახლობელთა გრძნობას. განსახილველ შემთხვევაში განსაკუთრებული სისასტიკის არსებობაზე მიუთითებს სწორედ მსჯავრდებულის გულგრილი დამოკიდებულება თავისი მცირეწლოვანი შვილის სულიერი მდგომარეობის მიმართ.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ ი-----–--------–--ე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამდე მცირეწლოვან შვილს ემშვიდობება - ეუბნება, რომ იგი მამას დიდი ხნით ვერ ნახავს. ეს კი მოწმობს, რომ მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს მეუღლის მოკვლის განზრახვა და იცის, რომ სწორედ მისი განხორციელება მოუსპობს დიდი ხნით შვილთან ურთიერთობის საშუალებას მიმალვის თუ ჩადენილი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის გამო. სწორედ მითითებულ დეტალს აქვს არსებითი მნიშვნელობა იმის განსაზღვრისათვის, რომ ი-----–--------–--ე გულგრილად ეკიდებოდა მცირეწლოვანი შვილის მძიმე სულიერ განცდებს, რასაც გამოიწვევდა მის მიერ დედის სიცოცხლის მოსპობის პროცესის ნახვა. დადგენილია, რომ მეუღლეთა შორის ადგილი ჰქონდა ეჭვიანობის საფუძველზე წარმოშობილ კონფლიქტს. მათ შორის დაძაბული სიტუაცია იყო, ვინაიდან მ----------------ე არ ემორჩილებოდა ქმარს - არ მიჰყვებოდა სოფელში საცხოვრებლად და კვლავ გადაწყვეტილი ჰქონდა ქმრის გარეშე ცხოვრების გაგრძელება თბილისში. მეუღლეთა შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობის ფონზე მ----------------ის ნებისმიერ ქმედებას - მის აგდებულ ტონს, გამომწვევ საქციელს ან შეპასუხებას შეეძლო, ეთამაშა დამატებითი გამაღიზიანებლის როლი და პროვოცირება მოეხდინა ი-----–--------–--ის მხრიდან ძალადობრივი ქმედების ჩადენისა. თუკი განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას ადგილი ექნებოდა მოვლენების სწორედ ამგვარი განვითარების ფონზე, ეს, ბუნებრივია, გამორიცხავდა ქმედების ჩადენის მაკვალიფიცირებელი ნიშნის - განსაკუთრებული სისასტიკის არსებობას, ვინაიდან ემოციურად გაუწონასწორებელ მდგომარეობაში ყოფნისას მეუღლის მკვლელობის, განზრახვის იმწუთიერად წარმოშობის შემთხვევაში მსჯავრდებულს არ ექნებოდა სათანადო უნარი, რომ ეფიქრა და გაეაზრებინა, რა ტკივილს მიაყენებდა ბავშვს მის თვალწინ დედის მოკვლით.

 

საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენას ადგილი ჰქონდა დილით, როცა ბინაში მყოფი პირები ახალი გაღვიძებულები იყვნენ. დანაშაულის ჩადენას წინ არ უსწრებდა მეუღლეთა შორის დაძაბული საუბარი მათ ოჯახურ პრობლემებზე, რაც გვაფიქრებინებდა, რომ მსჯავრდებულს განზრახ მოკვლის განზრახვა წარმოეშვა კონფლიქტის მორიგი გამწვავების კულმინაციის მომენტში. ის ფაქტი, რომ იგი მცირეწლოვან შვილს დაემშვიდობა და მხოლოდ ამის შემდეგ დაესხა თავს მეუღლეს, იმაზე მიუთითებს, რომ მკვლელობის ჩადენა განიზრახა გაცილებით ადრე და აცნობიერებდა დანაშაულის ჩადენის შედეგებს. შესაბამისად, მას იმისი შესაძლებლობაც ჰქონდა, რომ ცხადად აღექვა, თუ როგორ ზემოქმედებას იქონიებდა დედის მოკვლა შვილზე.

 

აქ სასამართლოს ზოგადად ბავშვის დაობლება კი არა აქვს მხედველობაში, არამედ ის, რომ ბავშვი შეესწრებოდა დედისთვის სიცოცხლის მოსპობას. სწორედ ამას აცნობიერებდა ი-----–--------–--ე, თუმცა გულგრილად ეკიდებოდა შვილის გრძნობებს. მას არ მიუღია არავითარი ზომა, რომელიც დაგვარწმუნებდა, რომ შეძლებისდაგვარად ზრუნავდა ბავშვი მოერიდებინა მისთვის ასეთი შემაძრწუნებელი სანახაობისაგან. როგორც აღინიშნა, მსჯავრდებულს დილით უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მეუღლის მოკვლა და ამ გადაწყვეტილების მიღება არ გამოუწვევია იმწუთიერ რაიმე ბიძგს. ამიტომ, სანამ ჩანაფიქრის განხორცილებას შეუდგებოდა მსჯავრდებულს არაფერი უშლიდა ხელს, ეზრუნა იმაზე, რომ ბავშვი მოერიდებინა დაგეგმილი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან. მას შეეძლო, ბაშვი გაეყვანა სახლიდან, გაეტანებინა იგი თავისი დედინაცვლისთვის, ან თუნდაც მეუღლეზე თავდასხმამდე მიეხურა მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გამავალი კარი, რათა მისაღებ ოთახში მყოფ ბავშვს ვერ შეძლებოდა დანაშაულის ფაქტის დანახვა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბავშვთან დამშვიდობებისას ეს უკანასკნელი იჯდა დივანზე, არ იძლევა დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ბავშვი დანაშაულის პროცესს ვერ დაინახავდა. მას ხელს არაფერი უშლიდა ხმაურზე და დედის ყვირილზე ჩამოსულიყო დივანიდან. ი-----–--------–--ე აღნიშნულს აცნობიერებდა და მისთვის ცხადიც იყო, რომ ბავშვი ხედავდა ძალადობის სცენას, ვინაიდან უყვიროდა - ,,მამა არა, მამა არა“. უფრო მეტიც, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ჰქონდა იმას, უშუალოდ დედის სიცოცხლის მოსპობის პროცესს შეესწრებოდა თუ არა შვილი. მამისთვის კარგად იყო ცნობილი ასაკის გამო ბავშვის ძლიერი მიჯაჭვულობა დედაზე და ის, რომ იგი დედასთან ერთად უცხო გარემოში - სხვის სახლში იმყოფებოდა, რის გამოც იგი მალევე მოიკითხავდა დედას, ამიტომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულმა დატოვა რა შემთხვევის ადგილი, აცნობიერებდა, რომ ბავშვი თუნდაც არ შესწრებოდა უშუალოდ თავდასხმას, თავდასხმის დასრულებისთანავე ნახავდა გასისხლისნებულ დედას მრავლობითი ჭრილობებით და იგი ასეთი სურათის ნახვისაგან არაფრით არ იყო დაცული. ამიტომ იმისთვის, რომ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის - განსაკუთრებული სისასტიკის არსებობა დავადგინოთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს იმას, შვილი უშუალოდ შეესწრო თუ არა დედისთვის სიცოცხლის მოსპობის პროცესს. ბუნებრივია იგი სრული სიმძაფრით განიცდიდა სულიერ ტკივილს ქმედების დასრულების შემდეგაც დედის დასახიჩრებული გასისხლიანებული სხეულის ნახვისას. განსაკუთრებული სისასტიკის დასადგენად მნიშვნელობა სწორედ იმას აქვს, რომ ი-----–--------–--ემ მიატოვა რა შემთხვევის ადგილი, აცნობიერებდა რომ მცირეწლოვან შვილს იქ ტოვებდა და გულგრილად ეკიდებოდა იმას, რომ ბავშვი ამ საზარელ სურათს ნახავდა.

 

როგორ აღინიშნა, პირველი ინსატანციის სასამართლო თავის განაჩენში აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია იმასთან დაკავშირებით, შეძლებდა თუ არა დივანზე მჯდომი ბავშვი თავდასხმის სცენის დანახვას. აღნიშნულის საპირისპიროდ საპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ანალიზი უნდა გაუკეთოს მოწმის მიერ ჩვენებაში დაფიქსირებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ფაქტს, მოვლენას, ადგილმდებარეობის, ადამიანების, საგნების განლაგებას და ა.შ. სასამართლო ამ დროს ვერ დაეყრდნობა მოვლენების მოწმისეურ შეფასებას. როგორც უკვე აღინიშნა, იმ ფაქტს, დივანზე მჯდომი ბავშვი დივანიდან ჩამოუსვლელად შეძლებდა თუ არა შემთხვევის ადგილის დანახვას, მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. დივანი, რომელზედაც ბავშვი იჯდა, იმავე კედელზე იყო მიდგმული, რომელზე არსებული კარიც გადიოდა სამზარეულოში. სამზარეულოს კარი ღია იყო და ბავშვს ყველაფერი ესმოდა. მამა სამზარეულოდან აღებული დანით ხელში კართან ელოდებოდა დედას. დედა სწორედ მისაღები ოთახიდან მივიდა მითითებულ კართან, სადაც განხორციელდა თავდასხმა. დედა იმგვარად წააქცია მამამ, რომ მას ფეხები მისაღები ოთახისკენ ჰქონდა, თავი კი - სამზარეულოსკენ. წარმოუდგენელია აღწერილი მოვლენების მიმდინარეობის პარალელურად ბაშვი უძრავად ყოფილიყო დივანზე და არ დაინტერესებულიყო, რა ხდებოდა. მისი ყვირილი - ,,მამა არა, მამა არა“ ი-----–--------–--ეს სწორედ იმაში არწმუნებდა, რომ ბავშვი ყველაფერს ხედავდა, აანალიზებდა, რომ ძალადობა მამის მხრიდან მომდინარეობდა დედის მისამართით. სწორედ ამიტომ თავისი ტერმინოლოგიით მოუწოდებდა - ეხვეწებოდა მამას, შეეწყვიტა ასეთი ქმედება.

 

პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებულ არგუმნეტაციას ფსიქოლოგის თანდასწრებით ბავშვის დაკითხვის ჩაუტარებლობაზე. ბუნებრივია, ასეთი ჩვენება სასამართლოს გაცილებით მეტ ინფორმაციას მიაწვდიდა და გაუადვილებდა დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისია დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის არსებობის დასადგენად. ფსიქოლოგის დასწრებით მცირეწლოვანის დაკითხვის გარეშე რთულია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ისეთ საქმეებზე, როცა დანაშაულის მსხვერპლი თვითონ მცირეწლოვანია და სხვა მოწმე საქმეზე არ არის. მოცემულ შემთხვევაში კი უტყუარადაა დადგენილი მცირეწლოვანის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი. ასევე გაუმართლებელია მსჯელობა ბავშვის მიერ გადატანილი სტრესის ხარისხთან დაკავშირებით, რაც ასევე ბავშვის ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხვით და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებით უნდა დადგენილიყოო. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას არ წარმოადგენს იმის გარკვევა, შემთხვევიდან ერთი საათის შემდეგ ბავშვი შეძლებდა თუ არა თამაშს. ყოველივე ეს, ბუნებრივია, დაკავშირებულია ბავშვის ინდივიდუალურ თვისებებთან, თუმცა განზრახ მკვლელობის მცდელობისას ი-----–--------–--ის მიერ გამოვლენილი სისასტიკის დადგენა არ შეიძლება, დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რა სიმძიმის კვალი დატოვა ნანახმა ბავშვის ფსიქიკაზე. განსაკუთრებულ სისასტიკეზე, როგორც უკვე აღინიშნა, მიანიშნებს მსჯავრდებულის გულგრილობა ბავშვის რეაქციის მიმართ. ბავშვის მცირე ასაკის მიუხედავად - იგი არ იყო შესრულებული 3 წლის, ვერ მივიჩნევთ, რომ მას არ შეეძლო მოვლენების აღქმა და გაცნობიერება. ამაზე მიუთითებს მისი რეაქციაც, როდესაც მამას მოუწოდა, შეეწყვიტა ძალადობა. მოწმეთა ჩვენებით ასევე დგინდება, რომ ბავშვმა ბოლომდე გააცნობიერა, რომ მამამ დედას ჭრილობები მიაყენა - სისხლი ადინაო. უდავოა, რომ ბავშვის უნარის შესახებ, გაეცნობიერებინა მის თვალწინ განვითარებული მოვლენების არსი, ცნობილი იყო მისი მამისთვის.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა თვლის, რომ ი-----–--------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება მეუღლის მ----------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით დადასტურებულია და მისი ქმედების თავდაპირველი სამართლებრივი კვალიფიკაცია გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-19,109-ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით სწორია. სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ი-----–--------–--ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–--------–--ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-19,109-ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ ქმედება ვერ იქნება დაკვალიფიცირებული ფაქტობრივად დამდგარი შედეგის შესაბამისად, რომ თითქოს მსჯავრდებულმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად დაზარალებული მ----------------ე, ქ. თბილისის ,,ნიუ ჰოსპიტალის“ სტაციონალურ კლინიკაში შესულია 2017 წლის 24 მარტს, სადაც უტარდებოდა მკურნალობა დიაგნოზით: სახის და პირის ღრუს მრავლობითი ჭრილობები, კისრის წინა ზედაპირის დიდი ზომის ჭრილობა, წინამხრის ღია ჭრილობა, მტევნის ღია ჭრილობა, თითების მრვალობითი ღია ჭრილობა, ფრჩხილის ტრავმის გარეშე. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ჩამოთვლილი დაზიანებების სიმრავლე და მათი მიყენება უმეტესწილად საციცოცხლოდ მნიშველოვან ადგილებში პირდაპირ მიუთითებს დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვის არსებობაზე და ამგვარი შედეგი არ დადგა მხოლოდ მსჯავრდებულის ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ხელის არეში დაზიანებები მიიღო მოქნეული დანის მოგერიებისას.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნას, სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებელებს, შემამასუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ი-----–--------–--ეს შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი-----–--------–--ეს უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-----–--------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, რომელიც არ იქნება უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენში ი-----–--------–--ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება - მსჯავრდებულ ი-----–--------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ--------------ის სააპელაციო საჩვრის დაკმაყოფილებაზე უნდა ითქვას უარი, ხოლო ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის ა-–---------------–------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-----–--------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ--------------ის სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის

+ ა-–---------------–------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენში ი-----–--------–--ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

 

ი-----–--------–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ი-----–--------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

მსჯავრდებულ ი-----–--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების

მომენტიდან - 2017 წლის 25 აპრილის 18:10 საათიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად

ცნობილი:

მ----------------ის ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს; ი-----–--------–--ის მობილური ტელეფონი დაუბრუდნეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს; მ----------------ისაგან აღებული სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად, შავი ფერის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით, 3 ცალი ქაღალდის ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით, ბეწვის ამონაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით, მისაღები ოთახის ხის კარის ჩარჩოს შიდა ზედაპირიდან მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, პოლიეთილენის ამონაჭერი მოწითალო ფერის ამოღებული ნაჭრის ამონაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი ცალი პლასტმასის საგანი მეტალის თავით (დანა) დეფორმირებულ მდგომარეობაში - განადგურდეს.

 

ერთი ცალი CD დისკი დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნას სისხლის

სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

გ. ჯეირანაშვილი