განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2018
საქმის ნომერი
190210015970272
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210015970272 (№2ბ/5566-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - გელა ქირია, ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

პირველი აპელანტი - ს------- გ----------ე

პირველი აპელანტის წარმომადგენლები - დ-------- ბ--–-------ე, თ------ ჯ--–--–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ------ მ----–--ე

 

მეორე აპელანტი - ზ---- მ----–--ე

მეორე აპელანტის და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი - ე---------- მ-–---–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს------- გ----------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვა

 

I. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ს------- გ----------ის სარჩელის დაკმაყოფილება

 

II. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზ---- მ----–--ის სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ს------- გ----------ის სარჩელი მოპასუხე მ------ მ----–--ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მესამე პირის (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) ზ---- მ----–--ის სარჩელი.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. ს------- გ----------ე და მ------ მ----–--ე 2005 წლის 25 ივნისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი.

 

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. დღეის მდგომარეობით ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

 

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ------ მ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილი იქნა ს------- გ----------ის სახელზე საკუთრების უფლებით რ-–----–- უძრავი ქონების, კერძოდ, საცხოვრებელი ბინის, მდებარე, ქ. რუსთავი, მ----–---–ის ქ--------, საკადასტრო კოდით 0------------------, თანამესაკუთრედ და ამ ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განჩინებით საქმეზე №2-238-14 ს------- გ----------ის სარჩელისა გამო მოპასუხე მ------ მ----–--ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით დამტკიცდა მორიგება იმ პირობით, რომ მოპასუხე მ------ მ----–--ეს ს------- გ----------ისთვის უნდა გადაეხადა 13500 (ცამეტიათას ხუთასი) ლარი, მორიგების აქტის დამტკიცებიდან ექვსი თვის ვადაში, რის შემდეგაც მათ თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. რუსთავი, მ----–---–ის #-----, ს/კ 0------------------ გაუქმდებოდა საზიარო უფლება და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხებოდა მ------ მ----–--ის სახელზე. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.

 

2.5. 2010 წლის 12 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ქალაქ რუსთავში ქუჩა მ----–---–ის #-----, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ზ---- მ----–--ის საკუთრებად.

 

2.6. სადავო მოძრავი ნივთები, გადაწყვეტილების გამოტანის დღის მდგომარეობით იმყოფებოდა ზ---- მ----–--ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში მდებარე ქალაქი რუსთავი, მ----–---–ის ქუჩა #-----.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ის ნივთები, რომლებსაც წარმოდგენილი სარჩელით მოითხოდა მოსარჩელე ს------- გ----------ე, წარმოადგენდა არა ს------- გ----------ის ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ მეუღლეთა - ს------- გ----------ის და მ------ მ----–--ის თანაცხოვრების - ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებას და მასზე უნდა გავრცელებულიყო მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განაწილების (გაყოფის) პრინციპი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ადგილზე დათვალიერება და საქმეზე არსებული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ადგილზე შემოწმება. ადგილზე დათვალიერება განხორციელდა ზ---- მ----–--ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ. რუსთავი მ----–---–ის ქ. #-----. ადგილზე დათვალიერების დროს დაიკითხა ასევე მოწმე გ--–- ბ-–---–---–ი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადგილზე დათვალიერებისას სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ს------- გ----------ე და მ------ მ----–--ე ქორწინების ბოლო რამდენიმე წელიწადი, ნამდვილად ცხოვრობდნენ ქ. რუსთავი მ----–---–ის ქ. #-----, ანუ იმ ბინაში, რომელიც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ზ---- მ----–--ის სახელზე. სადავო ნივთები, რომელთა დაბრუნებასაც მოითხოვდა ს------- გ----------ე, ნამდვილად იმყოფებოდა აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ასევე, ის გარემოება, რომ სადავო ნივთები შეძენილ იქნა ქორწინებიდან ანუ 2005 წლიდან რამდენიმე წლის შემდეგ 2010-2012 წლებში. ნივთები ნაწილი საძინებელი გარნიტური, ჭურჭლის კარადა სარკით დამზადებულ იქნა გ--–- ბ-–---–---–ის მიერ. ამ ავეჯის დამზადება მას შეუკვეთეს ს------- გ----------ემ და მ------ მ----–--ემ. ფული გადახდილ იქნა მ------ მ----–--ის ხელით. დადასტურდა ასევე ის გარემოება, რომ ავეჯის დამზადებისას გამოყენებულ იქნა დამკვეთის ხის მასალა. ხის მასალა მიწოდებულ იქნა ს------- გ----------ის ნათესავების მიერ. დადგენილ იქნა ასევე ის ფაქტი, რომ საძინებლის ტუმბოების, სარკის და სარკიანი ჭურჭლის კარადის მარმარილოს ზედაპირები დამზადდა მ------ მ----–--ის თანხით. დადგენილ იქნა ასევე, რომ ჭურჭლის კარადას წინა ფასადის მხარეს ამოტვიფრული აქვს სახელი ,,ს------“. მ------ მ----–--ემ მიიღო ასევე მონაწილეობა ჟურნალების მაგიდის შეძენაში მაღაზია ,,ბელუქსში“. ჟურნალების მაგიდა შერჩეულ იქნა ორივეს გემოვნებით, იგი შეუხამეს ოთახში უკვე არსებულ სავარძლებს და მასში გადახდილ იქნა ს------- გ----------ის მიერ ის თანხა, რომელიც მან მიიღო ე.წ. ლატარიის თამაშით, რომელსაც თამაშობდა ოჯახის საერთო სახსრებით. მხარეებმა აღნიშნული დაადასტურეს თავის ახსნა-განმარტებებში, რომელიც მისცეს სასამართლოს ადგილზე დათვალიერებისას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ თუ ს------- გ----------ის დედას ან სხვა ნათესავებს რაიმე სახით მიღებული აქვთ მონაწილეობა ს------- გ----------ის ოჯახისთვის განკუთვნილი საოჯახო ნივთების შეძენაში, მათ შორის ჭაღის ან ჟურნალების მაგიდის, ან ავეჯის შეძენაში, ეს მიჩნეულ უნდა ყოფილიყო როგორც მათი საჩუქარი ოჯახისადმი და არა როგორც ს------- გ----------ის ინდივიდუალური ქონება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნივთები შეძენილ იქნა ს------- გ----------ის და მ------ მ----–--ის ქორწინების პერიოდში, მხარეთა უშუალო მონაწილეობით და საერთო სახსრებით და გამიზნული იყო ოჯახის საერთო სამეურნეო დანიშნულებისთვის.

 

რაც შეეხება ზ---- მ----–--ის სარჩელს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ---- მ----–--ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ვერცერთი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, ვერ იქნა დადგენილი როდის ან რა ვითარებაში შეიძინა ის ნივთები, რომელზედაც მესაკუთრედ ცნობას მოითხოვს, მას ადგილზე დათვალიერების დროს აღარ უარყვია ის გარემოება, რომ ს------- გ----------ე და მ------ მ----–--ე მის კუთვნილ ბინაში ცხოვრობდნენ მისივე თანხმობით, თავად არ უცხოვრია მათთან ერთად, არ მიუღია უშუალო მონაწილეობა მატერიალურად ამ ნივთების შეძენაში. ვერ იქნა მის მიერ ახსნილი ასევე ის გარემოება, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სახელდებული, მისი კუთვნილი ქონება, ანუ მის მიერ შეძენილ ქონებაზე როგორ უნდა აღმოჩენილიყო სახელი ,,ს------“. ეს გარემოება ნათელყოფს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ავეჯი არ იყო განკუთვნილი მისი საკუთარი ოჯახისთვის და არც მას მიუღია მონაწილეობა მათ დამზადებასა თუ შეძენაში.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ს------- გ----------ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოებები, რომ ის ქონება, რომლის დაბრუნებასაც მოითხოვდა, არის მისი ინდივიდუალური საკუთრება. ასევე ვერ იქნა დადასტურებული ზ---- მ----–--ის მიერ მისი საკუთრების უფლება, იმ ნივთებთან დაკავშირებით, რომელსაც იგი ითხოვდა წარმოდგენილი სარჩელით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა იმ სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციაზე, რომელიც წარმოშობილია მხარეთა შორის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,მზითები“, „გამზითვა“, ეს არის ქართული ტრადიციული წეს-ჩვეულება, რომელიც არ არის ასახული თანამედროვე სამართლებრივ კანონმდებლობაში და მას როგორც სამართლებრივ ინსტიტუტს, ქართული სამოქალაქო კანონმდებლობა არ იცნობს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,გამზითვა“ ეს იყო საქორწინო წეს-ჩვეულება, როდესაც ქალის ოჯახი - მშობლები, ქალს გათხოვებისას ატანდნენ ფასეულ საჩუქრებს. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სახით, საქონლის, ავეჯის თუ სხვა საოჯახო ნივთების სახით. მზითვის დამზადებაში საპატარძლოს ოჯახს ახლო ნათესაობა ეხმარებოდა, რომლებსაც საჩუქრების სახით მოჰქონდათ ყველა ის ნივთი, რომელიც მზითვისთვის იყო განკუთვნილი. დგებოდა საგანგებო „მზითვის წიგნი“, - ქორწილის დღეს ლხინის დასასრულს აუცილებელი იყო „მზითვის წიგნის“ ხმამაღლა წაკითხვა. ხალხის წინაშე გამოიტანდნენ მზითვს, რომელსაც მოსწრებული სიტყვა-პასუხის მქონე საგანგებოდ არჩეული მამაკაცი ფეხზე მდგარი წაიკითხავდა. მზითვის საჯაროდ გამოცხადება საქართველოში ძველად საერთო წესს წარმოადგენდა. მეუღლეთა გაყრის შემთხვევაში, შესაძლოა მზითვი უკან დაბრუნებულიყო, ეს დამოკიდებული იყო დაქორწინებულ პირთა თანხმობაზე, იმ წლების რაოდენობაზე თუ რამდენი წელი გაატარა ცოლმა ქმრის ოჯახში და ა.შ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ თანამედროვეობაში ბევრი რამ შეიცვალა ამ მხრივ. დღევანდელი საზოგადოებისთვის აღარ აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა „მზითევს“ და მის რაოდენობას და საერთოდ არც მის არსებობას. საჩუქრებს ახლაც ჩუქნის ნათესაობა წყვილს, მაგრამ არა იმიტომ რომ დაეხმაროს რომელიმეს მზითვის შეგროვებაში ან დაქორწინებაში, არამედ იმისთვის, რომ გამოხატონ პატივისცემა და სიხარული ახალი ოჯახის შექმნისადმი და მიიღონ მონაწილეობა საქორწინო ზეიმში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ თანამედროვე ქართული სამოქალაქო კანონმდებლობა მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებში იცნობს ქონების ორ კატეგორიას: მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას და მეუღლეთა თანასაკუთრებას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე, რომლის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1159-ე მუხლზე, რომლის თანხმად თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლზე, რომლის თანახმად თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ამავე კოდექსის 1162-ე მუხლით ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ის ნივთები, რომელთა დაბრუნებასაც იგი ითხოვდა, წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას და მოითხოვდა მ------ მ----–--ის მფლობელობიდან მათ გამოთხოვას, ანუ მისი სარჩელი, მის მიერვე მითითებული ფაქტობრივი გარემოებების თუ სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით, წარმოადგენდა ვინდიკაციურ სარჩელს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მფლობელისაგან მესაკუთრის მიერ ნივთის დაბრუნების მოთხოვნისთვის აუცილებელია შემდეგი საფუძვლების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე - ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ს------- გ----------ე ვერ განიხილებოდა, როგორც სადავო ნივთების მესაკუთრე, ანუ ქონება ვერ იქნებოდა მიჩნეული მის ინდივიდუალურ საკუთრებად, რადგან პირველი - იგი შეძენილ იქნა მხარეთა ოჯახის შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ანუ არ ეკუთვნოდა ს------- გ----------ეს დაქორწინებამდე, მეორე, ეს ნივთები არ იყო განკუთვნილი მისი ინდივიდუალური სარგებლობისთვის და გამიზნული იყო საერთო საოჯახო მეურნეობისთვის, მესამე - ამ ნივთების შეძენაში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული, მათ შორის მატერიალურადაც მ------ მ----–--ეს, აღნიშნული დადასტურდა როგორც მოწმის გ--–- ბ-–---–---–ის, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებით, საძინებლის გარნიტურის სარკიანი მაგიდის, ასევე ტუმბოების, და მისაღების ოთახის ჭურჭლის სარკიანი კარადის მარმარილოს ზედაპირები დამზადებულია მხოლოდ მ------ მ----–--ის მიერ მისივე ხარჯებით, ანუ საერთო საოჯახო სახსრებით, ამასთან ეს ზედაპირები წარმოადგენს ამ ნივთების განუყოფელ ნაწილს, რადგან მათი მოცილებით ისინი დაკარგავენ თავის პირვანდელ დანიშნულებას. ასევე მ------ მ----–--ის მონაწილეობით არის შეძენილი ჟურნალების მაგიდა, ფული გადახდილ იქნა ს------- გ----------ის მიერ იმ ფულით, რომელიც მან მიიღო საერთო საოჯახო ფულის განკარგვის შედეგად. ვერ იქნა ასევე დადგენილი ჭაღის საკუთრება მხოლოდ ს------- გ----------ისადმი, ეს ნივთი შეიძლება მართლაც აჩუქა დედამ მაგრამ ვინაიდან იგი განკუთვნილი იყო საერთო საოჯახო მეურნეობისთვის, ვერ იქნება განხილული, როგორც ინდივიდუალური საკუთრება.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე, იმ გარემოებას, რომ ნივთები რომელთა გამოთხოვასაც ითხოვდა მოსარჩელე მ------ მ----–--ისგან არ იმყოფებოდა მის უშუალო მფლობელობაში, ისინი განლაგებულია ზ---- მ----–--ის საცხოვრებელ ბინაში და გადაწყვეტილების გამოტანის დღის მდგომარეობით ცხოვრობს თუ არა იქ მ------ მ----–--ე უცნობი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისთვის აუცილებელი სამი წინაპირობიდან ორი: მოსარჩელე არ იყო ნივთების ინდივიდუალური მესაკუთრე, იგი შეიძლება განხილულიყო მხოლოდ ამ ნივთების ½ წილის მესაკუთრედ და სადავო ნივთებს არ ფლობდა მ------ მ----–--ე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ს------- გ----------ის მიერ მოთხოვნა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის შესახებ ამ სარჩელით არ არის წარმოდგენილი

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე, რომლის მიხედვით კი სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად ამ სარჩელის ფარგლებში სასამაღთლო ამ ქონების, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებაზე და მათ შორის განაწილებაზე ვერ იმსჯელებს.

 

მესამე პირის ზ---- მ----–--ის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში. ამდენად საკუთრების უფლების წარმოშობა უკავშირდება ნივთის გადაცემას, ნივთის გადაცემის საფუძველი კი შეიძლება იყოს სხვადასხვა ორმხრივი ან ცალმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობები: ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, ანდერძი და სხვა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზ---- მ----–--ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მისი საკუთრების უფლება სადავო ნივთებთან დაკავშირებით, ვერ იქნა მითითებული თუ რა საფუძვლით, რა ფორმით ან როდის იქნა შეძენილი ეს ნივთები მის მიერ, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ სადავო ქონება წარმოადგენს ს------- გ----------ის და მ------ მ----–--ის საერთო ქონებას, რომელიც შეძენილ იქნა მათ მიერ ქორწინების განმავლობაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ს------- გ----------ის და ზ---- მ----–--ის სარჩელების დაკმაყოფილებისათვის საკმარისი სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის ს------- გ----------ის მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ფაქტი, რომ ს------- გ----------ის სარჩელით მოთხოვნილი მოძრავი ნივთები არ წარმოადგენდნენ მის ინდივიდუალურ საკუთრებას, როგორც მშობლებისგან პირადად მისთვის საჩუქრად გადაცემული - მზითვის სახით, არამედ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილი. აღნიშნულის საპირისპიროდ აპელანტი განმარტავს, რომ ს. გ----------ის და ს----- მ----–--ის ახსნა-განმარტებები, ზ---- მ----–--ის პოზიცია, რომელიც წარმოდგენილია მის სარჩელში, ასევე სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელთა განმარტებები და დაკითხული ყველა მოწმის ჩვენება ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნივთები ს. გ----------ისა და ს. მ----–--ის ერთობლივი დაკვეთით ან დანახარჯებით არ არის შეძენილი.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მხარეებს განუმარტა, რომ ,,მზითები", ,,გამზითვა“, ეს არის ქართული ტრადიციული წეს-ჩვეულება, რომელიც არ არის ასახული თანამედროვე სამართლებრივ კანონმდებლობაში და მას როგორც სამართლებრივ ინსტიტუტს, ქართული სამოქალაქო კანონმდებლობა არ იცნობს. ტექსტში აღწერილია ვინ ვის რით მზითავდა, რომ დგებოდა ,,მზითვის წიგნი“, რომელსაც თურმე მოსწრებული სიტყვა-პასუხის მქონე მამაკაცი ფეხზე მდგარი წაიკითხავდა. დასასრულს აღნიშნულია, რომ თანამედროვეობაში მზითევს, მის რაოდენობას და საერთოდ მის არსებობასაც, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. შესაბამისად, მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებში კანონი იცნობს ქონების ორ კატეგორიას: მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას და მეუღლეთა თანასაკუთრებას.

 

რამდენადაც გადაწყვეტილების ავტორი წყაროს არ მიუთითებს (არადა უპრიანი იქნებოდა) ივარაუდება, რომ ტექსტი თვისუფალი და არ მეორდება ცნობილ კომენტარებში ან უზენაესი სსამართლოს გადაწყვეტილებებში ანალოგიურ საქმეებზე. აპელანტი მხარე დააფიქრა, რომ გამზითვის ტრადიცია აღწერილია უფრო კინოსურათ ,,ქეთო და კოტეს“, ან დიდი ილიას ..კაცია-ადამიანი?-დან.

 

აპელანტის განმარტებით, გამომცემლობა ,,პალიტრა L”-ის მიერ 2016 წლის განმავლობაში გამოცემულია ,,სამაგიდო წიგნი წიგნების ათეული წიგნი 18 (,,ქართველები“) ტრადიციას ქალის ქონებრივი უფლებების შესახებ ამგვარად გადმოცემს: ,,გათხოვებისას მშობლებს ქალისთვის გარკვეული ქონება მზითვისა (პირადი მოხმარების ნივთები, სამკაული და უძრავ-მოძრავი ქონება) დაასათავნოს, ანუ თავნის სახით უნდა გაეტანებინათ, მზითევის შემადგენლობა და რაოდენობა ქალის ოჯახის შეძლებაზე იყო დამოკიდებული. ყოველივე ეს ქალის პირად საკუთრებას წარმოადგენდა. მზითევი და სათავნო ქმრის ოჯახში ხელშეუხებელ საკუთრებად ითვლებოდა და მას ქალი თავისი სურვილის მიხედვით განკარგავდა. თავნიდან მონაგებს ძირითადად თავის ოჯახს (იგულისხმება მამისეული) ახმარდა, პირადი მოხმარების ნივთებს და სამკაულს კი ქალიშვილებს მემკვიდრეობით გადასცემდა მზითვისთვის „იხ. გვ. 380). ქორწილის პარალელურად გამოიყოფოდა მზითევი და სათვნო. სათავნოს ნამატით სარგებლობა ქალს შეეძლო სამ წლამდე, ხოლო შემდეგ ეს სათავნოც საერთო-საოჯახო საკუთრებად იქცეოდა, ამისგან განსხვავებით, მზითევი ყოველთვის ქალის პირად საკუთრებას შეადგენდა და ოჯახის გაყრის დროსაც ის გაყოფას არ ექვმდებარებოდა, საოჯახო ქონების გაყოფის დროს ასევე, მოწილის პირად საკუთრებაში რჩებოდა ოჯახის გაყრამდე მის მიერ საკუთარი შრომით შეძენილი ქონება“ (იხ. გვ. 365).

 

აპელანტი განმარტავს, რომ მოხმობილი ისტორიული წყაროს ეს მონაკვეთი გამოკვლეულია უცნობილესი ქართველი მეცნიერ-ეთნოგრაფების მიერ და როგორც ხედავთ ,,მზითვის წიგნის“ წაკითხვა ფეხზე მდგომი მაჭანკალი ქალი ,,ქაბატოს“, ან მოსწრებული სიტყვა პასუხის მქონე მამაკაცის მიერ აღწერილი არ არის. ამდენად, მზითევის ტრადიციული სამართლებრივი მნიშვნელობის იგნორირება მხოლოდ თანამედროვეობაში ვიღაცას მზითვიანი ცოლი მოჰყავს, ვიღაცა კი ქმარს მიიყვანს თვის სახლში ტრადიციის მნიშვნელობას სულაც არ აკნინებს.

 

აპელანტმა განმარტა, რომ სასამართლოს მსჯელობა, რომ მზითევი არ არის სამართლებრივი კატეგორია სწორია, ვინაიდან მზითევი სხვა არაფერია, თუ არა საჩუქარი სახელდობრ მშობლებისგან საკუთარი ოჯახისგან), რომლიც მიღებულია ქორწინებისას, ან ქორწინების განმავლობაში. სკ-ს 1161-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ასეთ ქონებას ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად მიიჩნევს, და ტერმინილოგიურად ,,მზითევად“ ყოფილიყო მოხსენიებული. ასეთ ვითრებაში სასამართლომ სრულად გაუმართლებლად გამოიყენა მსჯელობაში სკ-ის 170-ე172-ე მუხლები და არ გამოიყენა სკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის დებულებანი, თუკი სხვა არაფერი მოიძებნებოდა ამ კოდექსში.

 

აპელანტის მითითებით, სამართლებრივ უსწორობად მიიჩნევს აგრეთვე, რომ სასამართლომ ნივთები სამარადჟამო სარგებლობაში, ფაქტობრივად კი საკუთრებაში დაუტოვა პირს, რომელსაც ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით თურმე ნივთები არ ეკუთვნის, გვესახება რომ მოპასუხე მ------ მ----–--ის პოზიციიდან გამომდინარე, სასამართლოს შეეძლო თავისი ინიციატივით გადაეწყვიტა მისი, როგორც მოპასუხის სათანადოობის საკითხი და მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე (ქონებების დაბრუნების ვალდებულების დაკისრება), თავდაპირველად, ნაცვლად მოსარჩელისთვის მოპასუხეს შეეთავაზებინა ზ---- მ----–--ე, რის სანაცვლოდაც სასამართლომ ხელი მოუწყო ყოვლად უსაფუძვლო დამოუკიდებელი სარჩელის წარმოდგენას. შედეგად მიიღეს, რომ მ------ მ----–--ე არ ითხოვს ქონებას, სასამართლო კი მას აკუთვნებს, ხოლო ვინც ქონებას ითხოვს ან ჩემულობს (ს. გ----------–--ე და ზ. მ----–--ე) იმას უარს ეუბნებიან.

 

აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს საფუძვლის მქონე მოსაზრება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში დაეყრდნო ძირითადად ავეჯის დამამზადებელი მოხელის მოწმე გ--–- ბ-–---–---–ის ჩვენებას. სასამართლომ ეს პირი დაკითხა ადგილზე დათვალიერების პროცესში - სტუმრის სტატუსით მყოფი. დაინტერესებული პირის ოჯახში, რაც ეწინააღმდეგება საპროცესო სამართლის შესაბამის ნორმებს. სსკ-ს 147-ე მუხლის დასაშვებად მიიჩნევს მათ შორის მოწმის მონაწილეობას დათვალიერებისას. მათ უფლება აქვთ მოსამართლის ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ გარემოებას თუნდაც ცის ქვეშ მისცენ ჩვენება. სსკ-ის 147-ე მული მართალია უთითებს მოწმის სასამართლოს სხდომის გარეშე დაკითხვის შესაძლებლობასაც, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობისას და არა საქმის შედეგით დაინტერესებული (ქონების კუთვნილებაზე პრეტენზიის მქონე) რომელიმე მხარის სახლში, არამედ მის ჩვეულებრივ ადგილსამყოფელზე, როგორც სამართლის ნორმაშია მითითებული. აღნიშნულზე ყურადღებას არ გაამახვილებდნენ, რომ არა ეჭვი მოწმის მიკერძოებულობაზე სწორედ მასპინძლის ხათრის გამო;

 

3.2. აპელანტის ზ---- მ----–--ის მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 151-ე მუხლის მოთხოვნები, არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სადავო ნივთები განთავსებული იყო ზ---- მ----–--ის კუთვნილ უძრავ ქონებაში და არასწორად არ მიიჩნია დადგენილად გარემოება, რომ აღნიშნული ნივთები წარმოადგენდნენ ზ---- მ----–--ის საკუთრებას.

 

სასამართლომ არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ავეჯის დამზადებისას გამოყენებულ იქნა ს------- გ----------ის ნათესავების მიერ მიწოდებული ხის მასალა. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ავეჯი დამზადდა მ----–--ეების ოჯახის კუთვნილი მასალით, რომლის შესახებაც სასამართლოს ზეპირი განხილვის დროს განაცხადეს მ------ და ზ---- მ----–--ეებმა, ხოლო მოწმე გ--–- ბ-–---–---–მა დაადასტურა ფაქტი, რომ მასალა წაიღო ბინიდან სადაც მიმდინარეობდა მისი დაკითხვა, ანუ ზ---- მ----–--ის სახლიდან.

 

აპელანტის მითითებით ჟურნალების მაგიდა ისევ როგორც სხვა დანარჩენი ნივთები შეძენილ იქნა ზ---- მ----–--ის ფულადი რესურსით რაც დასტურდებოდა მ------ მ----–--ის ახსნა -განმარტებებით.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ---- მ----–--ის მიერ თითქოს ვერ იქნა დადასტურებული სადაო ნივთებზე მისი საკუთრება, რასაც არ ეთანხმება აპელანტი. სასამართლოს მიმდინარეობისას, როგორც მისმა წარმომადგენლებმა ასევე, მ------ მ----–--ემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ს------- გ----------ის მიერ სადაოდ გახდილი ნივთები შეძენილი იყო ზ---- მ----–--ის თანხებით, მისი სურვილით და შესაბამისად დღესაც განლაგებულია მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში. გ--–- ბ-–---–---–მა დაკითხვისას აღნიშნა, რომ ნივთების შეკვეთის საფასურის გადახდისას მ------ და ზ---- ერთად იყვნენ მასთან მისულები და კონკრეტულად ვინ გადაუხადა საფასური ეს არ ახსოვდა. ჭაღთან დაკავშირებითაც აღნიშნეს, რომ იგი ზ---- მ----–--ის მიერ შეძენილია სავაჭრო ცენტრ ,,საბაში“ წლების წინ. რაც შეეხება ავეჯზე ამოტვიფრულ სახელ ,,ს------“ მოსარჩელემ მიუთითა, რომ მ------ მ----–--ემ მისგან დაუკითხავად გააკეთებინა ხელოსანს ეს წარწერა, ხოლო მ------ მ----–--ემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ აღნიშნულზე თანხმობა თავისი ძისგან არ მიუღია, მაგრამ ამ სახელის ნივთზე არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ნივთის საფასური ზ---- მ----–--ეს არ გადაუხდია. ნივთის საფასურის ზ---- მ----–--ის სახსრებით გადახდის ფაქტს ადასტურებს მ------ მ----–--ეც. ასევე, საძინებლის ტუმბოების, სარკის და სარკიანი ჭურჭლის კარადის მარმარილოს ზედაპირები დამზადდა არა მ------ მ----–--ის თანხით, არამედ ზ---- მ----–--ის თანხით.

 

აპელანტის განმარტებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ნივთები განლაგებულია ზ---- მ----–--ის უძრავ ქონებაში და თითოეული მათგანი თავისი სამეურნეო დანიშნულებით მყარადაა დაკავშირებული მთავარ ნივთთან და აპელანტი მხარისთვის გაუგებარია თუ როგორ უნდა დადასტურებულიყო მათი მხრიდან მოძრავი ნივთების საკუთრების უფლება უძრავი ნივთის მესაკუთრის მიმართ.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ს------- გ----------ისა და ზ---- მ----–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

 

4.3. უდავოა, ს------- გ----------ე და მ------ მ----–--ე 2005 წლის 25 ივნისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. დღეის მდგომარეობით ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

 

4.4. ასევე უდავოა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ------ მ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილი იქნა ს------- გ----------ის სახელზე საკუთრების უფლებით რ-–----–- უძრავი ქონების, კერძოდ, საცხოვრებელი ბინის, მდებარე, ქ. რუსთავი, მ----–---–ის ქ--------, საკადასტრო კოდით 0------------------, თანამესაკუთრედ და ამ ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

4.5. უდავოა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განჩინებით საქმეზე №2-238-14 ს------- გ----------ის სარჩელისა გამო მოპასუხე მ------ მ----–--ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით დამტკიცდა მორიგება იმ პირობით, რომ მოპასუხე მ------ მ----–--ეს ს------- გ----------ისთვის უნდა გადაეხადა 13500 ლარი, მორიგების აქტის დამტკიცებიდან ექვსი თვის ვადაში, რის შემდეგაც მათ თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. რუსთავი, მ----–---–ის #-----, ს/კ 0------------------ გაუქმდებოდა საზიარო უფლება და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხებოდა მ------ მ----–--ის სახელზე. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.

 

4.6. ასევე, უდავოა, რომ 2010 წლის 12 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ქალაქ რუსთავში ქუჩა მ----–---–ის #-----, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ზ---- მ----–--ის საკუთრებად. მოძრავი ნივთები, დღეის მდგომარეობით იმყოფება ზ---- მ----–--ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში მდებარე ქალაქი რუსთავი, მ----–---–ის ქუჩა #-----.

 

4.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ის ნივთები, რომლებსაც წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს მოსარჩელე ს------- გ----------ე, წარმოადგენს არა ს------- გ----------ის ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ მეუღლეთა - ს------- გ----------ის და მ------ მ----–--ის თანაცხოვრების - ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებას და მასზე უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განაწილების (გაყოფის) პრინციპი.

 

სასამართლომ დაადგინა ადგილზე დათვალიერება და საქმეზე არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ადგილზე შემოწმება. ადგილზე დათვალიერება განხორციელდა ზ---- მ----–--ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ. რუსთავი მ----–---–ის ქ. #-----. ადგილზე დათვალიერების დროს დაიკითხა ასევე, მოწმე გ--–- ბ-–---–---–ი.

 

ადგილზე დათვალიერებისას სასამართლომ დაადგინა, რომ ს------- გ----------ე და მ------ მ----–--ე ქორწინების ბოლო რამდენიმე წელიწადი, ნამდვილად ცხოვრობდნენ ქ. რუსთავი მ----–---–ის ქ. #-----, ანუ იმ ბინაში, რომელიც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ზ---- მ----–--ის სახელზე. სადავო ნივთები, რომელთა დაბრუნებასაც მოითხოვს ს------- გ----------ე, ნამდვილად იმყოფება აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში.

 

სასამართლომ დაადგინა ასევე, ის გარემოება, რომ სადავო ნივთები შეძენილია ქორწინებიდან ანუ 2005 წლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2010-2012 წლებში. ნივთების ნაწილი საძინებელი გარნიტური, ჭურჭლის კარადა სარკით დაამზადა გ--–- ბ-–---–---–მა. ამ ავეჯის დამზადება მას შეუკვეთეს ს------- გ----------ემ და მ------ მ----–--ემ. ავეჯის დამზადების ღირებულება გადაიხადა მ------ მ----–--ემ. დადასტურდა ასევე ის გარემოება, რომ ავეჯის დამზადებისას გამოყენებულია ს------- გ----------ის ნათესავების მიერ მოწოდებული ხის მასალა. დადგიდა ასევე ის ფაქტი, რომ საძინებლის ტუმბოების, სარკისა და სარკიანი ჭურჭლის კარადის მარმარილოს ზედაპირები დამზადდა მ------ მ----–--ის თანხით. დადგენილ იქნა ასევე, რომ ჭურჭლის კარადას წინა ფასადის მხარეს ამოტვიფრული აქვს სახელი ,,ს------“. მ------ მ----–--ემ მიიღო ასევე მონაწილეობა ჟურნალების მაგიდის შეძენაში მაღაზია ,,ბელუქსში“. ჟურნალების მაგიდა შეირჩა ორივეს გემოვნებით, იგი შეუხამეს ოთახში უკვე არსებულ სავარძლებს და მასში გადახდილ იქნა ს------- გ----------ის მიერ ის თანხა, რომელიც მან მიიღო ე.წ. ლატარიის თამაშით, რომელსაც თამაშობდა ოჯახის საერთო სახსრებით. მხარეებმა აღნიშნული დაადასტურეს თავის ახსნა-განმარტებებში, რომელიც მისცეს სასამართლოს ადგილზე დათვალიერებისას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თუ ს------- გ----------ის დედას ან სხვა ნათესავებს რაიმე სახით მიიღეს მონაწილეობა ს------- გ----------ის ოჯახისთვის განკუთვნილი საოჯახო ნივთების შეძენაში, მათ შორის ჭაღის ან ჟურნალების მაგიდის, ან ავეჯის შეძენაში, ეს მიიჩნვა როგორც მათი საჩუქარი ოჯახისადმი და არა როგორც ს------- გ----------ის ინდივიდუალური ქონებად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნია, რომ სადავო ნივთები შეძენილია ს------- გ----------ისა და მ------ მ----–--ის ქორწინების პერიოდში, მხარეთა უშუალო მონაწილეობით და საერთო სახსრებით და გამიზნული იყო ოჯახის საერთო სამეურნეო დანიშნულებისთვის.

 

რაც შეეხება ზ---- მ----–--ის სარჩელს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ---- მ----–--ემ ვერ დაადასტურა ვერცერთი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, ვერ დადგინდა როდის ან რა ვითარებაში შეიძინა აღნიშნული ნივთები, რომელზედაც მესაკუთრედ ცნობას მოითხოვს, მას ადგილზე დათვალიერების დროს აღარ უარყვია ის გარემოება, რომ ს------- გ----------ე და მ------ მ----–--ე მის კუთვნილ ბინაში ცხოვრობდნენ მისივე თანხმობით, თავად არ უცხოვრია მათთან ერთად, არ მიუღია უშუალო მონაწილეობა მატერიალურად ამ ნივთების შეძენაში. ვერ ახსნა ასევე ის გარემოება, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სახელდებული, მისი კუთვნილი ქონება, ანუ მის მიერ შეძენილ ქონებაზე როგორ უნდა აღმოჩენილიყო სახელი ,,ს------“. ეს გარემოება ნათელყოფს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ავეჯი არ იყო განკუთვნილი მისი საკუთარი ოჯახისთვის და არც მას მიუღია მონაწილეობა მათ დამზადებასა თუ შეძენაში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ს------- გ----------ემ ვერ დაადასტურა ის გარემოებები, რომ ის ქონება, რომლის დაბრუნებასაც მოითხოვს, არის მისი ინდივიდუალური საკუთრება. ასევე ზ---- მ----–--ემ ვერ დაადასტურა მისი საკუთრების უფლება, იმ ნივთებთან დაკავშირებით, რომლებსაც იგი ითხოვს წარმოდგენილი სარჩელით.

 

4.6. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტ ს------- გ----------ის მოსაზრებას, რომ სასამართლომ სრულად გაუმართლებლად გამოიყენა მსჯელობაში სკ-ის 170-ე172-ე მუხლები, რომ სასამართლომ ნივთები სამარადჟამო სარგებლობაში, ფაქტობრივად კი საკუთრებაში დაუტოვა პირს, რომელსაც ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით თურმე ნივთები არ ეკუთვნის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, თუმცა, სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის პირობებში, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის სამივე საფუძვლის დამტკიცების მოვალეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნება აღიარებული სადავო ნივთზე მისი მოთხოვნის მართლზომიერება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორი პოზიციას, რომ სასამართლომ მოწმე გ--–- ბ-–---–---–ი დაკითხა ადგილზე დათვალიერების პროცესში - სტუმრის სტატუსით მყოფი. დაინტერესებული პირის ოჯახში, რაც ეწინააღმდეგება საპროცესო სამართლის შესაბამის ნორმებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი მოწმის ჩვენებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მართალია, ერთ-ერთ დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სააპელაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის №ას-1326-1252-2012 გადაწყვეტილება).

 

პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში ყველა გარემოება გამოკვლეულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეულ გარემოებებს, მტკიცებულებათა შეფასებებს, სამართლებრივ დასკვნებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია.

 

საბოლოოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის - ს------- გ----------ისა და მ------ მ----–--ს მიერ ქორწინების პერიოდში, ფულადი თანხების გაღება ემსახურებოდა საერთო საოჯახო მეურნეობის მოწყობას და ოჯახის კეთილდღეობას.

 

4.8. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, სამართლებრივ უსწორობას წარმოადგენს ასევე, ის გარემოება, რომ სასამართლომ სადავო ნივთები ფაქტობრივად საკუთრებაში დაუტოვა პირს, რომელიც არ იყო მათი მესაკუთრე. სასამართლო ძირითადად დაეყრდნო ავეჯის დამამზადებელი პირის გ--–- ბ-–---–---–ის ჩვენებას, რომელიც დაიკითხა ადგილზე დათვალიერების პროცესში - სტუმრის სტატუსით რაც ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის კატეგორიისა და თითოეული მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების გათვალისწინებით, მოწმეები, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე ფაქტობრივ გარემოებათა დამტკიცების მიზნებისათვის იკითხება, უმეტეს შემთხვევაში, მხარეთა ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმის ჩვენების არ გაზიარება მხოლოდ იმ მოტივაციაზე დაყრდნობით, რომ მოწმე მხარის ნათესავია, არ გამომდინარეობს კანონის სწორი ინტერპრეტაციიდან. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ნივთების მოპასუხის მფლობელობაში არსებობის ფაქტი.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ გარემოებაზე, რომ ს------- გ----------ე ვერ განიხილება, როგორც სადავო ნივთების მესაკუთრე, ანუ ქონება ვერ მიიჩნევა მის ინდივიდუალურ საკუთრებად, რადგან პირველი - იგი შეძენილია მხარეთა ოჯახის შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ანუ არ ეკუთვნოდა ს------- გ----------ეს დაქორწინებამდე, მეორე, ეს ნივთები არ იყო განკუთვნილი მისი ინდივიდუალური სარგებლობისთვის და გამიზნული იყო საერთო საოჯახო მეურნეობისთვის, მესამე - ამ ნივთების შეძენაში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული, მათ შორის მატერიალურადაც მ------ მ----–--ეს, აღნიშნული დადასტურდა როგორც მოწმის გ--–- ბ-–---–---–ის, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებით, საძინებლის გარნიტურის სარკიანი მაგიდის, ასევე ტუმბოების, და მისაღები ოთახის ჭურჭლის სარკიანი კარადის მარმარილოს ზედაპირები დამზადებულია მხოლოდ მ------ მ----–--ის მიერ მისივე ხარჯებით, ანუ საერთო საოჯახო სახსრებით, ამასთან ეს ზედაპირები წარმოადგენს ამ ნივთების განუყოფელ ნაწილს, რადგან მათი მოცილებით ისინი დაკარგავენ თავის პირვანდელ დანიშნულებას. ასევე მ------ მ----–--ის მონაწილეობით შეძენილია ჟურნალების მაგიდა, ფული გადაიხადა ს------- გ----------ემ იმ ფულით, რომელიც მან მიიღო საერთო საოჯახო ფულის განკარგვის შედეგად. ვერ იქნა ასევე, დადგენილი ჭაღის საკუთრება მხოლოდ ს------- გ----------ისადმი, ეს ნივთი შეიძლება მართლაც აჩუქა დედამ მაგრამ ვინაიდან იგი განკუთვნილი იყო საერთო საოჯახო მეურნეობისთვის, ვერ იქნება განხილული, როგორც ინდივიდუალური საკუთრება.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს ს------- გ----------ისა და მ------ მ----–--ის საერთო ქონებას და აღნიშნული ქონება, განთავსებულია ზ---- მ----–--ის საცხოვრებელ ბინაში.

 

სოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ დასაერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა“ (იხ., სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ქონება წარმოადგენს ს------- გ----------ის და მ------ მ----–--ის საერთო ქონებას, რომელიც შეძენილია ქორწინების განმავლობაში. ს------- გ----------ემ მოთხოვნა - თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის შესახებ სარჩელით არ არის წარმოდგენილი.

 

4.7. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 151-ე მუხლის მოთხოვნები, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ავეჯის დამზადებისას გამოყენებულია ს------- გ----------ის ნათესავების მიერ მიწოდებული ხის მასალა. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ავეჯი დამზადდა მ----–--ეების ოჯახის კუთვნილი მასალით, რომლის შესახებაც სასამართლოს ზეპირი განხილვის დროს განაცხადეს მ------ და ზ---- მ----–--ეებმა, ხოლო მოწმე გ--–- ბ-–---–---–მა დაადასტურა ფაქტი, რომ მასალა წაიღო ბინიდან სადაც მიმდინარეობდა მისი დაკითხვა, ანუ ზ---- მ----–--ის სახლიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება, შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

სსკ-ის 186-ე მუხლის სამართლებრივი ანალიზით, მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა.

 

ვინაიდან, ზ---- მ----–--ემ ვერ დაადასტურა მისი საკუთრების უფლება სადავო ნივთებთან დაკავშირებით, ვერ მიუთითა თუ რა საფუძვლით, რა ფორმით ან როდის შეიძინა ეს ნივთები, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ქონება წარმოადგენს ს------- გ----------ის და მ------ მ----–--ის საერთო ქონებას, რომელიც შეძენილია მათი ქორწინების განმავლობაში.

 

ამდენად, ვინაიდან სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე,-186-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ს------- გ----------ის სარჩელი და მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ზ---- მ----–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს------- გ----------ისა და ზ---- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სსს კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

ოთარ სიჭინავა