განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.03.2018
საქმის ნომერი
190310016001508457
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190310016001508457 (3ბ/1847-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ ,,ქ------------–----”

წარმომადგენელი - ილ--------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი - თ------------

 

მესამე პირი - ზ----------------------

წარმომადგენელი - მ-------–---------–----

 

მესამე პირი - შპს ,,რ----------–---–-”

წარმომადგენელი - მ-------------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ ,,ქ------------–----ს” სარჩელი მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის და მესამე პირების შპს „რ----------–---–-ს” და ზ---------------------ას მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლოს მითითებით, 2016 წლის 02 აგვისტოს №0------ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიმართვის წერილით მოსარჩელე მხარეს ეცნობა, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი განცხადებაში მითითებული ფაქტები, რაზედაც დადგინდა, რომ ზ----------------------ს საკუთრებაში არსებული 8-----.მ მიწის ფართობზე გადის საკანალიზაციო ქსელი, რომელიც დახურულია და არ ბინძურდება მისი მიმდებარე ტერიტორია, აგრეთვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა 18.07.2016 წელს №---- მრავალფუნქციური ობიექტის ასაშენებლად.

 

2.2. 2016 წლის 18 ივლისის საქართველოს მუნიციპალიტეტის გამგებლის №---- ბრძანებით ქ. გარდაბნის ტერიტორიაზე, ზ----------------------ს საკუთრებაში არსებულ 8-----.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) გაიცა მშენებლობის ნებართვა მრავალფუნქციური ობიეტების ასაშენებლად.

 

2.3. 2016 წლის 25 აგვისტოს №0--------- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” განიხილა მისი განცხადება, სადაც მოსარჩელე მხარე ითხოვდა სამშენებლო ნორმების და წესების შესახებ ინფორმაციას და ეცნობა, რომ წყალსადენ-კანალიზაციის ქსელებთან მიმართებაში მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 200011 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოს ხარისხობრივი მდგომაროების ნორმების დანართი 5-ის და სამშენებლო ნორმებისა და წესების თანახმად, წყალსადენის მილთან მიმართებაში დადგენილია სანიტარული ზოლი, რომლის არეალი აითვლება წყალსადენის მილიდან ორივე მხარეს: თუ მშრალია გრუნტია - არანაკლებ 10 მ-ისა, როცა წყალსადენის დიამეტრი 1000 მმ - მდეა და არანაკლებ - 20 მ-ისა, როცა წყალსადენის დიამეტრის 1000 მმ-მზე მეტია, ხოლო გრუნტის წყლების არსებობისას, არანაკლებ 50 მეტრის, მილის დიამეტრის მიუხედავად. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სანიტარული დაცვის ზოლებში იკრძალება ნაგავსაყრელების, სასაფლაოების, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მოწყობა და ფუნქციონირება.

 

2.4. 2016 წლის 19 აგვისტოს №--- წერილით მოსარჩლეს ეცნობა, რომ შპს ,,რ----------–---––-” განხილულ იქნა წერილი და ეცნობა, რომ ჭა გაწმენდილია და მოწესრიგებულია. რაც შეეხება კომუნიკაციებს, ისინი არ შეიძლება მოხვდეს არცერთი მოქალაქის კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებში, სადაც არ ექნება წვდომა შპს ,,რ----------–---–-ს” საავარიო ბრიგადას.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.5. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ ,,ქ------------–----ს” საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა. მის: ქ. გარდაბანი, დ-----------–-----–-------. ს/კ : 8-----------.

 

2.6. ქ. გარდაბანში, დ-----------–-----–-ს ქუჩაზე, სსიპ „ქ------------–---ის” კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ :8-----------) გვერდით მდებარეობს მიწის ნაკვეთი (ს/კ 8-----------), რომელიც ეკუთვნის ზ---------------------ს პ/ნ 1----------.

 

2.7. ზ----------------------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) გადის საკანალიზაციო ქსელი. აღნიშნული დადასტურებულია ქ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წერილით.

 

2.8. მოსარჩელის მითითებით, ზ----------------------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი საკანალიზაციო ქსელიდან ხშირად გადმოედინება ფეკალური მასები, რაც წარმოშობს ანტისანიტარიას და აბინძურებს მიმდებარე ტერიტორიას, მათ შორის, სსიპ „ქ-------------–---ის” კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომელზეც მდებარეობს ღვთისმსახურება.

 

2.9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 ივლისის №---- ბრძანებით, ზ---------------------ს თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) მიეცა მშენებლობის ნებართვა №0-----.

 

2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით დამტკიცებული „გარემოს ხარისხობრივი ნორმების” დანართი №5-ის წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალსადენების სანიტარული დაცვის ზომები. სანიტარიული წესები და ნორმები. სანწდან 2.1.4. 000-00”) და სამშენებლო ნორმების და წესების (სანდაწ 2.04.02-84) თანახმად, წყალსადენის მილთან მიმართებაში დადგენილია სანიტარული ზოლი, რომლის არეალიც აითვლება წყალსადენის მილიდან ორივე მხარეს: თუ მშრალი გრუნტია არანაკლებ 10 მ-ისა, როცა წყალსადენის დიამეტრი 1000-მმ-მდეა და არანაკლებ 20 მ-სა ,როცა წყალსადენის დიამეტრი 1000 მ-ზეა, ხოლო გრუნტის წყლების არსებობისას არანაკლებ 50 მ-სა, მილის დიამეტრის მიუხედავად. ჰორიზონტალური მანძილი კანალიზაციის მიწისქვეშა ქსელებიდან ნებისმიერ შენობა-ნაგებობამდე უნდა იყოს: წყალსადენისა და სადაწნეო კანალიზაციის შემთხვევაში-5 მეტრი.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. იმავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 ივლისის №---- ბრძანება და მშენებლობის ნებართვა №0-----, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გაცემული აქტის მიმართ მხარეს უდავოდ აქვს. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით არსებითი ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს.

 

2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ „ქ------------–----ს” სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლო ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ ეწინააღმდეგება სარჩელში გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებას, მიუხედავად ამისა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც, აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, მიუთითებს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, ვინაიდან საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითი გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე. სასამართლომ არ განმარტა კანონი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ამასთან, სასამართლოს მიერ გამოყენებულია არსობრივად შეუსაბამო ნორმა. ასევე, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება, გადაწყვეტილება არის სრულად დაუსაბუთებელი და მისი სამართლებრივი შეფასება არის შეუძლებელი.

 

3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლო ფაქტობრივად ეთანხმება მოსარჩელეს, როდესაც მსჯელობს მტკიცებულებებზე და ხაზგასმით აღნიშნავს ყველა მტკიცებულებას და უდავოდ მიიჩნევს აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მიდის იმ დასკვნამდე, რომ არ დააკმაყოფილოს სარჩელი. მაგალითად, სასამართლო ადასტურებს, რომ მოპასუხის ტერიტორიაზე უდავო ინფორმაციით არსებობს საკანალიზაციო ქსელი, რაც უტყუარად დასტურდება როგორც შპს რ----------–--–-დან წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, ფოტომასალით და ასევე ქ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წერილით, ასევე ფოტომასალით. აღნიშნული ქსელი არის გაუმართავი და გარკვეული პერიოდულობით ამ ქსელის მწყობრიდან გამოსვლის გამო, აპელანტს ხელი ეშლება თავის საკუთრებით სრულფასოვნად სარგებლობაში. საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით დადგენილია სავალდებულო მანძილი წყალსადენის მილსა და შენობა-ნაგებობას შორის. ამასთან, დაუშვებელია საკანალიზაციო და წყლის არსებულ მოქმედ ქსელზე ყოველგვარი მშენებლობა, რადგან, ეს გამოიწვევს ისედაც დაზიანებული ქსელის კიდევ უფრო დაზიანებას და ამასთან შეუძლებელს გახდის შესაბამისი სამსახურების მიერ აღნიშნული ქსელის აღდგენა/გამოსწორებას.

 

3.4. აპელანტის მითითებით, მოპასუხეს მშენებლობის ნებართვის მოპოვებისას არ წარმუდგენია ტოპოგრაფიული რუკა, რაც წარმოადგენს ნებართვის მისაღებად წარსადგენილი განცხადების სავალდებულო რეკვიზიტს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის №57-ე დადგენილების 45-ე მუხლის მე-3 პუქნტის და 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ბ ქვეპუნტის თანახმად. ტოპოგრაფიული გეგმის წარდგენის შემთხვებაში კი ნათლად გამოჩნდებოდა საკანალიზაციო ქსელის არსებობა და ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იქნებოდა მოეთხოვა ქსელის გადატანა, მიუხედავად ამ გარემოებებისა, სასამართლო არავითარ ყურადღებას აქცევს მოსარჩელის მტკიცებულებებს და მაინც იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომელსაც არ წარმუდგენია რელევანტური მტკიცებულება. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენლისთვის გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილების მე-8 გვერდზე მოცემული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული ინდ. აქტების გამოცემისას ადგილი არ ჰქონდა ისეთ პროცედურულ დარღვევებს, რომელთა არსებობისასაც სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

 

3.5. ასევე, აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ თითქოს მხარეს კანონიერი ნდობა გააჩნდა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და შესაბამისად, ამ არგუმენტის გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გაებათილებინა აღმჭურველი აქტი, მისი მაღალი ლეგიტიმაციის გათვალისწინებით. თუმცა, აპელანტმა აღნიშნული არგუმენტის საწინააღმდეგოდ პირველივე პროცესიდან მოითხოვა მხარეებს წარმოედგინათ ტოპოგრაფიული რუკა, რაც მხარემ, ისევე როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ წარუდგინეს სასამართლოს, შესაბამისად, ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მოპოვების ეტაპზე არ იქნა მითითებული გარემოება სანებართვო ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის არსებობის შესახებ, ამის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის თანხმად - „კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება’’. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ კანონიერ ნდობაზე მითითება გაუმართლებელია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. 2016 წლის 02 აგვისტოს №0------ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიმართვის წერილით მოსარჩელე მხარეს ეცნობა, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი განცხადებაში მითითებული ფაქტები, რაზედაც დადგინდა, რომ ზ----------------------ს საკუთრებაში არსებული 8-----.მ მიწის ფართობზე გადის საკანალიზაციო ქსელი, რომელიც დახურულია და არ ბინძურდება მისი მიმდებარე ტერიტორია, აგრეთვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა 18.07.2016 წელს №---- მრავალფუნქციური ობიექტის ასაშენებლად.

 

4.3. 2016 წლის 18 ივლისის საქართველოს მუნიციპალიტეტის გამგებლის №---- ბრძანებით ქ. გარდაბნის ტერიტორიაზე, ზ----------------------ს საკუთრებაში არსებულ 8-----.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) გაიცა მშენებლობის ნებართვა მრავალფუნქციური ობიეტების ასაშენებლად.

 

4.4. 2016 წლის 25 აგვისტოს №0--------- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” განიხილა მისი განცხადება, სადაც მოსარჩელე მხარე ითხოვდა სამშენებლო ნორმების და წესების შესახებ ინფორმაციას და ეცნობა, რომ წყალსადენ-კანალიზაციის ქსელებთან მიმართებაში მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 200011 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,გარემოს ხარისხობრივი მდგომაროების ნორმების დანართი 5-ის და სამშენებლო ნორმებისა და წესების თანახმად, წყალსადენის მილთან მიმართებაში დადგენილია სანიტარული ზოლი, რომლის არეალი აითვლება წყალსადენის მილიდან ორივე მხარეს: თუ მშრალია გრუნტია - არანაკლებ 10 მ-ისა, როცა წყალსადენის დიამეტრი 1000 მმ - მდეა და არანაკლებ - 20 მ-ისა, როცა წყალსადენის დიამეტრის 1000 მმ-მზე მეტია, ხოლო გრუნტის წყლების არსებობისას, არანაკლებ 50 მეტრის, მილის დიამეტრის მიუხედავად. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სანიტარული დაცვის ზოლებში იკრძალება ნაგავსაყრელების, სასაფლაოების, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მოწყობა და ფუნქციონირება.

 

4.5. 2016 წლის 19 აგვისტოს №--- წერილით მოსარჩლეს ეცნობა, რომ შპს ,,რ----------–---––-” განხილულ იქნა წერილი და ეცნობა, რომ ჭა გაწმენდილია და მოწესრიგებულია. რაც შეეხება კომუნიკაციებს, ისინი არ შეიძლება მოხვდეს არცერთი მოქალაქის კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებში, სადაც არ ექნება წვდომა შპს ,,რ----------–---–-ს” საავარიო ბრიგადას.

 

4.6. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ ,,ქ------------–----ს” საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა, მის: ქ. გარდაბანი, დ-----------–-----–-------. ს/კ : 8-----------.

 

4.7. ქ. გარდაბანში, დ-----------–-----–-ს ქუჩაზე, სსიპ „ქ------------–---ის” კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ :8-----------) გვერდით მდებარეობს მიწის ნაკვეთი (ს/კ 8-----------), რომელიც ეკუთვნის ზ---------------------ს პ/ნ 1----------.

 

4.8. ზ----------------------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) გადის საკანალიზაციო ქსელი. აღნიშნული დადასტურებულია ქ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წერილით.

 

4.9. მოსარჩელის მითითებით, ზ----------------------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი საკანალიზაციო ქსელიდან ხშირად გადმოედინება ფეკალური მასები, რაც წარმოშობს ანტისანიტარიას და აბინძურებს მიმდებარე ტერიტორიას, მათ შორის, სსიპ „ქ-------------–---ის” კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომელზეც მდებარეობს ღვთისმსახურება.

 

4.10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 ივლისის №---- ბრძანებით, ზ---------------------ს თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) მიეცა მშენებლობის ნებართვა №0-----.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.11. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.14. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 ივლისის №---- ბრძანება, რომლითაც ზ---------------------ს თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) მიეცა მშენებლობის ნებართვა და ასევე უშუალოდ №0----- მშენებლობის ნებართვა გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. იმავე დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს: ა) განცხადებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის ასახვა; ბ) საპროექტო სამუშაოებისათვის საჭირო საწყისი მონაცემების მოძიება; გ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტის მომზადება; დ) ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად სათანადო სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენა და წარდგენა; ე) საჭიროების შემთხვევაში თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობის წარდგენა; ვ) საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა; ზ) შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობა; თ) კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო სხვა მოთხოვნების შესრულება. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მშენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა უნდა მოიპოვოს შემდეგი დოკუმენტები: ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; ბ) საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა ამ დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად; გ) სავალდებულო საექსპერტო შეფასების განხორციელება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად; დ) მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი ამ დადგენილების 61-ე მუხლის შესაბამისად; ე) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული პროექტი ან სქემა შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით, მათ შორის: ე.ა) II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – კონსტრუქციული სქემა საჭირო დეტალიზაციით; ე.ბ) III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან; ე.გ) V კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და მისი ყველა სხვა კონსტრუქციული ელემენტის დეტალური პროექტისაგან. ასევე, ზემოაღნიშნული დადგენილება დეტალურად აწესრიგებს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. განსახილველ შემთხვევაში კი აპელანტი ვერ მიუთითებს, გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროს საქართველოს კანონმდებლობის რომელი კონკრეტული მოთხოვნები იქნა დარღვეული და რატომ არის ეს აქტები უკანონო.

 

4.15. აპელანტი მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მშენებლობით მოხდება საერთო სარგებლობაში არსებული საკანალიზაციო ჭის დაფარვა, რომელიც მდებარეობს ზ----------------------ს მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე და რომლის დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოები ვეღარ შეძლებენ ამ ჭასთან მისვლას და მისი გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული კი გამოიწვევს ჭიდან გამომავალი ფეკალური მასით სსიპ ,,ქ------------–----ს’’ ტერიტორიის დაბინძურებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

4.16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ და ასეთი აქტის ბათილად ცნობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, იმავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ პუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან ისინი დაინტერესებულ პირს - ზ---------------------ს ანიჭებენ მშენებლობის უფლებას. შესაბამისად, ამ აქტების ბათილად ცნობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ დადგინდება, რომ სადავო მშენებლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

 

4.17. საქმის მასალების, მათ შორის, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო მშენებლობა არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მოსარჩელე სსიპ ,,ქ------------–----ს’’ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ზ----------------------ს საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთი, სადაც გაცემულია მშენებლობის ნებართვა და სსიპ ,,ქ------------–----ს’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენენ სამეზობლო მიზის ნაკვეთებს, ვინაიდან მათ შორის არსებობს სხვა დამოუკიდებელი, ცარიელი მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უშუალოდ სადავო მშენებლობით არანაირი ზიანი არ ადგება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული აშკარად ჩანს საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებიდანაც. ასევე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ, მართალია საერთო სარგებლობაში არსებული საკანალიზაციო ჭა მდებარეობს ზ----------------------ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მაგრამ სადავო მშენებლობა არ მოიცავს და ამ მშენებლობით არ იფარება მითითებული ჭა. შესაბამისად, მტკიცებულებების გამოკვლევით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული საკანალიზაციო ჭის დატბორვისა და დაბინძურების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს სრული შესაძლებლობა ექნებათ მიუდგნენ ამ ჭას და აწარმოონ მისი გაწმენდითი სამუშაოები. ამასთან, სააპელაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, თითქოს საკანალიზაციო ჭის დაბინძურების შემთხვევაში იქიდან წამოსული ფეკალური მასები მოხვდება და დააბინძურებს სსიპ ,,ქ------------–----ს’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და იქ არსებულ შენობა-ნაგებობას. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ნათლად ჩანს, რომ ზ----------------------ს საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთი, სადაც გაცემულია მშენებლობის ნებართავა და სსიპ ,,ქ------------–----ს’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არა მარტო არ წარმოადგენენ სამეზობლო მიწის ნაკვეთებს, ვინაიდან მათ შორის არსებობს სხვა დამოუკიდებელი, ცარიელი მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთებს შორის მანძილიც საკმაოდ დიდია, არამედ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამ ორ მიწის ნაკვეთს შორის გადის საკანალიზაციო არხი, სადაც ჩაედინება ჭის დაზიანების შემთხვევაში იქიდან გამოსული მასა. ამასთან, მოსარჩელის მიწის ნაკვეთი მდებარეობს უფრო მაღალ ადგილზე, ვიდრე ზ----------------------ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკანალიზაციო ჭის დაზიანების შემთხვევაშიც კი, იქიდან წარმოსული ფეკალური მასა (თუ ეს ასე მოხდა) ვერანაირად ვერ მიაღწევს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე და ვერ დააზიანებს მას. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საკანალიზაციო ჭის დაზიანების შემთხვევაში კიდევაც რომ რაიმე სახის ზიანი მიადგეს მოსარჩელეს და ამაში ბრალი მიუძღვოდეს ზ---------------------ს, ეს შეიძლება იყოს ცალკე დავის საგანი და ამ გარემოებას არანაირი კავშირი არ გააჩნია მშენებლობის ნებართვის კანონიერების საკითხთან, მით უფრო იმ პირობებში, რომ სადავო მშენებლობა არ ფარავს საკანალიზაციო ჭას და მისი დაზიანიების შემთხვევაში არანაირად არ ეშლება ხელი გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ,,ქ------------–----ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე