განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058312
საქმე №1/ა.გ-328-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
მზია ლომთათიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ო---------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ო---------------–---–ი (დაბადებული 1----–-–---------------------------0) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ო---------------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ,, 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა მსჯავრდებულ ო---------------–---–ის მიმართ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენში ო---------------–---–ის მიმართ შევიდა ცვლილება.
მსჯავრდებულ ო---------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნატიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-6 ნაწილზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
2018 წლის 24 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ო---------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა და პირობით მსჯავრისგან გათავისუფლება.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ო---------------–---–ის შუამდგომლობა დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა საპროცესო კანომდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული.
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით, ამომწურავად განსაზღვრულია ის გარემოებანი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა მოხდეს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე 1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ 1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ვერ უთითებს, თუ რომელი ახალი გარემოების გამო უნდა მოხდეს განაჩენის გადასინჯვა. თუმცა მსჯავრდებული შუამდგომლობით ითხოვს ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენას და პირობით მსჯავრისგან გათავისუფლებას.
პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების და ასევე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის ერთ- ერთი საფუძველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაა, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ო---------------–---–ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანას“ უკანონოდ შეძენა და შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაზეც არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი არის დაუსაბუთებელი და დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-313-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ო---------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნას ცნობილი;
განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან 2 კვირის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: შ. ყაველაშვილი
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
მ. ლომთათიძე