განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4446 -15 16 იანვარი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი – ნ----–---------–---–ი
წარმომადგენელი - სო------------–-ა
მოწინააღმდეგე მხარე – გ------------–--–---ე
წარმომადგენელი - დ------------------ე
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით ნ----–---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. 2009 წლის 16 ივლისს მოპასუხე გ------------–--–---ემ ნ----–---------–---–ისგან ისესხა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2009 წლის 20 ნოემბერს.
2.2.2 ს----------–-----------–----------------------------–---------------–----------- N1------------- გადაწყვეტილებით აპლიკანტ - ნ----–---------–---–ს უარი ეთქვა დავალიანების დაკისრების შესახებ ბრძანების გამოცემაზე.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.3 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. სარჩელზე თანდართული ხელწერილის მიხედვით, რომლის ნამდვილობაც არ შედავებულა, გ------------–--–---ემ ნ----–---------–---–ისგან მიიღო სესხის სახით თანხა 3000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 20 ნოემბერი. ხელწერილი შედგენილ იქნა 2009 წლის 16 ივლისს.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ ნ----–---------–---–ს სესხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2009 წლის 21 ნოემბრიდან.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ის პოზიცია, რომ სესხის გადახდის დაპირება ზეპირი ფორმით, მიჩნეულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის საფუძვლად, რადგან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ვალის აღიარების დამადსტურებელი მტკიცებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები; ამდენად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მხარის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, ვერ იქნა უარყოფილი მოპასუხის მიერ დასახელებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა , როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ 2009 წლის 16 ივლისს მოპასუხე გ------------–--–---ემ ნ----–---------–---–ისგან ისესხა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2009 წლის 20 ნოემბერს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 128-ე მუხლის პირველის ნაწილით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად კი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, გ------------–--–---ეს, 2009 წლის 16 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით, 3000 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა 2009 წლის 20 ნოემბერს; მოსარჩელე ნ----–---------–---–ს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნა წარმოეშვა 2012 წლის 21 ნოემბერს. სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილი იქნა 2015 წლის 07 აპრილს, ანუ ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მიხედვით იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
განსახილველ შემთვევაში, მოსარჩელემ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომელებიც დაადასტურებდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. ასეთი კი შეიძლება ყოფილიყო ხანდაზმულობის ვადის დინებისას ან გასვლის შემდეგ პროცენტის გადახდის, ვალის აღიარების და ა.შ დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ----–---------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდავოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ------------–--–---ე სისტემატურად წლების განმავლობაში პირდებოდა მას (ნ----–---------–---–ს) თანხის გადახდას.
სასამართლომ მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, სსს კოდექსის 137-ე მუხლი. აპელანტი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელს არ აქვს განსაზღვრული რა სახით უნდა მოხდეს უფლებამოსილი პირის წინაშე გარანტიის მიცემა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გარანტიის მიცემა ზეპირსიტყვიერადაც.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონწინააღმდეგობრიობა არგუმენტირებულია სარჩელის ხანდაზმულობის არასწორ გამოთვლაში იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე მხარემ კრედიტორს უღიარა რა ვალი, ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხანდაზმულობა შეწყდა და მისი ათვლა დაიწყო ვალის არსებობის აღიარებიდან.
4.2. სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2009 წლის 16 ივლისს მოპასუხე გ------------–--–---ემ ნ----–---------–---–ისგან ისესხა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2009 წლის 20 ნოემბერს.
საყურადღებოა, რომ მოპასუხე მხარე არ ცდლობს ამტკიცოს ვალდებულების დაფარვის ფაქტი, რადგან მიაჩნია, რომ ვალდებულებითი ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნა ხანდაზმულია.
მოსარჩელე მხარის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა მოვალის მიერ ვალის აღიარება (კრედიტორის წინაშე მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების თაობაზე სისტემატიური დაპირება), მხოლოდ მაშინ იქნებოდა დავა ხანდაზმული. ამიტომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა უნდა დაიწყოს არა ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტიდან, არამედ ვალის არსებობის აღიარებიდან.
4.3 პალატა განმარტავს, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე, რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით და განმტკიცებულია საპროცესო კანონმდებლობით, დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია საპროცესო თუ მატერიალური კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ეს არის უფლების დაცვის წინასწარ დადგენილი დროის ლეგიტიმური მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დარღვეული უფლების სამართალწარმოებით აღდგენა ყველასთვის უზრუნველყოფილია, ხოლო ამ დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც დასაბუთებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ინტერესი არარეალიზებადი ხდება. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ეს ის შემთხვევაა, როცა სახეზეა მართლმსაჯულების მხოლოდ ფორმალური ხელმისაწვდომობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.1 მუხლის მიხედვით, კი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
4.4 მოცემულ ვითარებაში, სააპელაციო პრეტენზიების გათვალისწინებით სასამართლო იმსჯელებს სარჩელის ხანდაზმულობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე, 141-ე და 341-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების თანახმად.
როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტის მტკიცებით, სარჩელის ხანდაზმულობა გამორიცხულია იმ ფაქტით, რომ მოპასუხე მხარემ 2009 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, აღაიარა რა ვალის არსებობა, იგი შეწყდა და მისი ათვლა სწორედ ვალის არსებობის აღიარებიდან დაიწყო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
ხოლო ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
ამდენად, მოცემულ ნორმათა ლოგიკური განმარტებიდან ვალდებულების აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია და მისი თავიდან დაწყება/ათვლა კანონით დადგენილი ფორმით ვალდებულების არსებობის აღიარების მომენტს უკავშირდება.
4.5. მოსარჩელე მხარე აპელირებს რა მოვალის მიერ ვალის არსებობის აღიარების ფაქტით, ამტკიცებს, რომ იგი ზეპირად განხორციელდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341.1-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
ცხადი ხდება, რომ კანონი ხაზს უსვამს ვალის არსებობის აღიარების სამ შემთხვევას: ვალის არსებობის აღიარება წერილობითი ფორმით, ვალის არსებობის აღიარება ანგარიშსწორების საფუძველზე და მხარეთა მორიგება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლში გაწერილი ვალის არსებობის აღიარების სამართლებრივი ურთიერთობის ცნება განსაზღვრავს ასეთი ურთიერთობის აბსტრაქტულ, იგივე კონსტიტუციურ, დამდგენ ხასიათს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობა არის დამოუკიდებელი სამოქალაქო ხელშეკრულება და მისი სტრუქტურა მოიცავს ხელშეკრულების არსებობისათვის ყველა ძირითად ელემენტს.
ვინაიდან ვალის არსებობის აღიარება დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა, მხარეებს ასეთი ხელშეკრულებით ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ ახალი, დამოუკიდებელი მოთხოვნები, რაც ავტონომიურობას ქმნის საწყისი (ძველი) სამართლებრივი ურთიერთობისგან და ძველი სამართალურთიერთობიდან გამომდინარე შესაგებელი მხედველობაში ვეღარ მიიღება.
ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების ნამდვილობისთვის კი უპირველესად, მნიშვნელოვანია მისი შინაარსი, იგი ხელშეკრულების ნამდვილობისთვის დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები შეთანხმდებიან მის ყველა არსებით პირობაზე, ანუ მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე ხელშეკრულების არსებობას გულისხმობს.
ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების არსის თანახმად, ასეთი პირობებად შეიძლება მიჩნეულ იქნას შემდეგი:
1. შეთანხმება ყველა არსებით პირობაზე, რომელიც ვალდებულების შინაარსს განსაზღვრავს. არ არის აუცილებლი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლის მითითება.
2. მოვალის თანხმობა შეასრულოს ვალდებულება;
3. მითითება ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროზე.
ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, მაგალითად, პალატა მოიხმობს საკასაციო სასამართლოს განმარტებას ერთ-ერთ საქმეში სადაც აღნიშნულია, რომ ,,ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან (სკ-ის 327-ე მუხლიდან) გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.. (სუსგ. N-ას-1485-1401-2012)
აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ვალის არსებობის აღიარების ფაქტი, ასეთი აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს დადასტურებულ ხელშეკრულების არსებით პირობებს.
პალატა განმარტავს, რომ სადავო გარემოებების მტკიცებათა დასაბუთება, შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინება და შედეგია. ასეთი დასაბუთების ტვირთი მოდავე მხარეთა მიმართ კონკრეტული დავის და შესაფასებელი გარემოებების მიხედვით მხარეთა მიმართ განსხვავებული ვალდებულებით დგინდება, რასაც კონკრეტული ურთიერთობის მატერიალურ სამართლებრივი არსი განსაზღვრავს მტკიცებათა განაწილების პროცესუალურ პრინციპებთან ერთად.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე უარყოფს ვალის არსებობის აღიარების შესახებ რაიმე შეთანხმებას, მოსარჩელე მხარე კი სსს კოდექსის 341-ე მუხლით დადგენილი ფორმების დაცვის შესაბამისად, ასეთი შეთანხმების დადასტურებას ვერ უზრუნველყოფს. 2009 წლის 16 ივლისის სასესხო ვალდებულება მხარეებს შორის ხელწერილით გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება დაიდო წერილობით, შესაბამისად ვალის აღიარების არსებობის შესახებ შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. სსს კოდექსის 341-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას კი ადგილი არ აქვს.
ამდენად, მოსარჩელის მტკიცება მხარეთა შორის ვალის არსებობის აღიარების შესახებ შეთანხმებაზე, დაუდასტურებელია; შესაბამისად, არ მტკიცდება სესხის ხელშეკრულების მიმართ ხანდაზმულობის შეწყვეტის ფაქტი, რომელსაც სარჩელის ხანდაზმულობა შეიძლება გამოერიცხა.
4.6 პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, რის გამოც არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1-ე მუხლის ,,ვ“ პუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ----–---------–---–იდ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /
მოსამართლეები: /გოგიტა თოთოსაშვილი/
/ გელა ქირია /