განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2018
საქმის ნომერი
010210017001989165
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210017001989165

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1290-2017 20 მარტი, 2017 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი - მ--------–--–ი

წარმომადგენელი - რ------------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ს---------------ე

წარმომადგენელი - ლ--–---–--–--ა

 

დავის საგანი - განქორწინება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს---------------ის სარჩელი მ--------–--–ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. შეწყდა ს---------------ეს (დაბ. 0---------წ. პ/ნ №6----------) და მ--------–--–ს (დაბ. 2---------წ. პ/ნ№6---------2) შორის 1966 წლის 28 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ს---------------ე და მ--------–--–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1966 წლის 28 ივლისიდან. 2.2. მხარეებს შორის ამჟამად არის დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად ქორწინება წყდება განქორწინებით. 2.4. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით და თუ მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა, მოხდება განქორწინება. სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლით გათვალისწინებული ქორწინების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან სასამართლო განმარტა, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 55-ე მუხლის თანახმად განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ--------–--–მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები შეაფასა ცალმხრივად და არაობიექტურად; მიღებულია ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება; ეს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება საერთოდ შეუძლებელია. 3.2. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელემ სარჩელი წარმოადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა: მოსაფიქრებელი ვადის გარეშე შეწყდეს მხარეთა შორის 1966 წლის 28 ივლისიდან რეგისტრირებული ქორწინება. 3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 3.4. ამავე კოდექსის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხევვაში მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება სარჩელში მითითებული გარემოებები. 3.5. ქალისა და მამაკაცის ქორწინება და ერთ ოჯახად ცხოვრება წარმოადგენს მხარეთა ნების შერწყმის პროცესს. ოჯახი დამყარებულია ქალისა და მამაკაცის ურთიერთ სიყვარულზე, ურთიერთდაფასებას და პატივისცემაზე. მოპასუხის საფუძვლიანი მოსაზრებით, მხარეთა ერთად ცხოვრება შესაძლებელია. არ არის გამორიცხული მოხერხდეს მხარეთა მორიგება და აღსდეს საქორწინო ურთიერთობები. 3.6. სამწუხაროდ მოსარჩელე ნაცვლად იმისა, რომ დაბრუნდეს სახლში და შეურიგდეს მოპასუხეს, ითხოვს განქორწინებას. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსარჩელეს აინტერესებს მხოლოდ განქორწინების საკითხი და მას გადაწყვეტილი აქვს მეორე ოჯახის შექმნა; იგი წინააღმდეგია შერიგებაზე; მოპასუხის წარმომადგენელი დაუკავშირდა რამდენჯერმე მოსარჩელეს და სცადა შერიგება, მაგრამ იგი სრულიად უმიზეზოდ კატეგორიული წინააღმდეგია მოხდეს მათი შერიგება. 3.7. აპელანტი ითხოვს შერიგების ექვს თვიანი ვადის გამოყენებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ს---------------ე და მ--------–--–ი დაქორწინდნენ 1966 წლის 28 ივლისს. 4.2. 2017 წლის 29 ივნისს ს---------------ემ აღძრა სარჩელი და მოითხოვა განქორწინება. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.3.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლისა და 1123-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მართებულად დაკმაყოფილა სარჩელი. 4.4. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მხარეთა შესარიგებლად უნდა განესაზღვრა ვადა. 4.4.1. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვა, არაუმეტეს, ექვსი თვით გადადოს, თუ მიიჩნევს, რომ ეს მხარეთა შერიგებას ხელს შეუწყობს. 4.4.2. როგორც აღინიშნა, ს---------------ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა 2017 წლის 29 ივნისს. 4.4.3. აპელანტმა სარჩელზე შესაგებელი წარადგინა 2017 წლის 2 აგვისტოს, ხოლო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა 2017 წლის 31 ოქტომბერს. 4.4.4. პალატას მიაჩნია, რომ ეს ვადა მხარეთა შესარიგებლად სავსებით საკმარისი იყო და მათთვის დამატებითი ვადის განსაზღვრის აუცილებლობა არ არსებობდა. 4.4.5. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვისაც კი მხარეები ვერ შერიგდნენ. 4.4.6. ეს კი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მხარეთა შერიგების შეუძლებლობას უთუოდ ადასტურებს. 4.5. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. 4.5.1. ეს კი ნიშნავს, რომ იძულებითი საქორწინო კავშირი დაუშვებელია და თუ ერთ-ერთ მეუღლეს იგი აღარ სურს, ქორწინება უნდა შეწყდეს. 4.6. დადგენილია, რომ ს---------------ე მ--------–--–თან ქორწინების წინააღმდეგია. 4.6.1. ამის გამო, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად მიიღო გადაწყვეტილება ამ ქორწინების შეწყვეტის შესახებ. 4.7. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ--------–--–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე