განაჩენი

სისხლის სამართლის 10.05.2018
საქმის ნომერი
120100118002242822
ინსტანცია
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002242822

საქმე №1ბ/335-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: კ---------–---–---–ის

მსჯავრდებულის: ნ----–--------------ის

ადვოკატის: კ---------------ის

თარჯიმნის: თ------------------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №016041117001): ნ----–--------------ის მიმართ, დაბადებული 1987 წლის 25 მარტს, საქართველოს მოქალაქე (პირადი #4----------), ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ახ--––-------------–-------ა N11/1-ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ----–--------------მა ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა ორი პირის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ნ----–--------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 4 ნოემბერს ნ----–--------------მა ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქვე არსებულ ფოტოატელიეში მეგობარ გოგონას მ-------------ეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ დაუჭირა ხელები და ძალის გამოყენებით გადაუგრიხა მარცხენა ხელი. ასევე სახის არეში გაარტყა გაშლილი ხელი, რითიც მ-------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ნ----–--------------მა დის დასახმარებლად მისულ ი---------------ეს ასევე ერთხელ დაარტყა ფეხი მარცხენა ფეხის არეში, რა დროსაც ი---------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვალის განაჩენით:

 

ნ----–--------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათით.

 

მსჯავრდებულ ნ----–--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

ნ----–--------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულის სახით ჩვენების მიცემისას აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება. რაც ასევე დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინებით, დ---------------ის, ხ-----------------ის, ნ-----–--------------ის, მ-------------ის, ი---------------ის, ა---–---–--–-----ის მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმებით, ნ-----–--------------ის სასამართლო სამედიცინო შემოწმების #74 ბარათით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #641/05/9-4 დასკვნით ნ-----–--------------ის მიმართ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #640/05/9-3 დასკვნით მ-------------ის მიმართ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #639/05/9-3 დასკვნით ი---------------ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია. მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ნ----–--------------ის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა. სააპელაციო საჩივრით ბრალდების მხარემ მოითხოვა განაჩენში ცვილების შეტანა და მსჯავრდებულ ნ----–--------------ის მიმართ სასჯელის დამძიმება.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდინა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ----–--------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ნ----–--------------ის ბრალეულობა.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ----–--------------ი იქნა მსჯავრდებული.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ნ----–--------------მა ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა ორი პირის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, პალატა ვერ გაიზიარებს. ნ----–--------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული. კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ პუნქტის სანქციით განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელები, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ----–--------------ს აღნიშნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა განუსაზღვრა. პალატის აზრით დანიშნული სასჯელი არ არის ლმობიერი და წამახალისებელი, როგორც ამას ბრალდების მხარე მიუთითებს. აპელანტის მოსაზრებით განაჩენი იმიტომაა ლმობიერი, რომ ნ----–--------------ი არის არაერთხელ მსჯავრდებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ჩადენილი დანაშაულებისთვის. ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულვებელყო დაზარალებულის მდგომარეობა (მას მიაყენეს დაზიანებები და საზოგადოების წინაშე მოექცნენ დამამცირებლად) და ისეთი სასჯელი განუსაზღვრა ნ----–--------------ს, რომ მას დაუსჯელობის გრძნობა გაუჩნდა. პალატის აზრით პროკურორის ასეთი პოზიცია საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისიწინა ის გარემოება, რომ ნ----–--------------მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მოინანია, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე გაითვალისიწინა, რომ 2001 წელს და 2005 წელს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის ნასამართლევ ნ----–--------------ს გაქარწყლებული ჰქონდა ნასამართლობა, არ გააჩნდა დამამძიმებელი გარემოება და ისე დაუნიშნა სასჯელი. საქმის საპელაციო წესით განხილვისას ნ----–--------------მა შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ თავს ცნობს დამნაშავედ, აღიარებს და ინანიებს გულწრფელად. იგი დანიშნული სასჯელის შესრულებას უკვე შეუდგა და წარმოდგენილი წერილობითი ცნობის თანახმად დაკისრებული შრომის საათების უდიდესი ნაწილი უკვე შესრულებული აქვს. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ სურს წარსულისგან განსხვავებული წესით იცხოვროს. ამიტომ სწავლობს ხელობას - არის ელექტრო შემდუღებლის შეგირდი. სურს რომ შეძლოს შავისი შრომით შეინახოს ოჯახი, რომლის შექმნაც აქვს გადაწყვეტილი. შერიგებულია დაზარალებულ მ-------------ესთან, რომელიც საცოლეა და დაქორწინებას აპირებენ. შესაბამისად ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ ნ-------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი მის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ვერ მოახდენს და თავიდან ვერ ავიცილებთ ახალი დანაშაულის ჩადენას, საფუძველს მოკლებულია.

 

პალატას მიაჩნია, რომ კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ნ----–--------------ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ----–--------------ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ნ----–--------------ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

 

ამდენად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვალის განაჩენი მსჯავრდებულ ნ----–--------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ----–--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვალის განაჩენი მსჯავრდებულ ნ----–--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ნ----–--------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ----–--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე