განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2018
საქმის ნომერი
330100118002307437
ინსტანცია
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002307437 - 1ბ/478-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

16 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ა---------------–-–---–ი (პ/ნ №0----------), დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, დ----–-------------------–--------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორმა ა----–----–---–მა, ასევე მსჯავრდებულ ა---------------–-–---–მა.

 

ბრალდების მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ა---------------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის შემცირებას 6 თვემდე და დამატებითი სასჯელისაგან გათავისუფლებას.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, პ---–-----------ე ბ-------------ესთან, გ-----------–--–---–თან და ა-------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ქ--–-----------------ში მდებარე ბარ-რესტორან „შ----–---–-“, რა დროსაც მათთან მივიდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ა---------------–-–---–ი და თავისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის - 9 მმ. კალიბრის “SIG SAUER P226” მოდელის პისტოლეტის დემონსტრირებით, რომელიც საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა პ---–-----------ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის ნიადაგზეც დაკარგა გონება. ა---------------–-–---–მა ცეცხლსასროლი იარაღი მიადო, აგრეთვე გ-----------–--–---–ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გ-----------–--–---–ის მიერ აღქმულ იქნა, როგორც მისი სიცოცხლის ხელყოფის მუქარა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა---------------–-–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების პ---–-----------ის, გ-----------–--–---–ის, ბ-------------ის, ა-------–---–ის და ი--------–--ის გამოკითხვის ოქმებით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღით, ბალისტიკური ექსპერტიზის №1216/ბ დასკვნით, ბრალდებულს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ასევე საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა---------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა---------------–-–---–მა ჩაიდინა მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა---------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ა---------------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას არაფხიზელ მდგომარეობაში ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირება (გამოყენება).

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ვადით ვადით ერთ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან გაზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი (არაფხიზელ მდგომარეობაში იარაღის ტარება) და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება (იგი წარსულში დასაქმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში) და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა---------------–-–---–ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან, თუმცა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეცვალა მისი მოხდის რეჟიმი და ჩაუთვალა პირობითად. გარდა აღნიშნულისა, ძირითად სასჯელთან ერთად, ასევე განუსაზღვრა დამატებითი სასჯელი ჯარიმა. ამდენად პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელი, მთლიანობაში არ წარმოადგენს მსუბუქი ხასიათის სასჯელს.

 

ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გარდა ქმედების ხასიათის და ხერხის, დამნაშავის პირივნების ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ორი პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული მუქარის ფაქტზე, რაც დამნაშავის უფრო მეტ საშიშროებაზე მიუთითებს, ასევე პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის მითითებაზე სასჯელის სახით გამოყენებული ჯარიმის გაუქმების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლო ჯარიმის ოდენობას ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზრვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებებით.

 

პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ჯარიმის ოდენობა განსაზღვრული აქვს როგორც დანაშაულის სიმძიმის ასევე მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს რომ, ჯარიმა წარმოადგენს სასჯელის სახეს და ემსახურება სასჯელის მიზნის შესრულებას. პალატას მიაჩნია, რომ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულს საკუთრებაში გააჩნია 3 (სამი) ცეცხლსასროლი იარაღი, მფლობელობაში გააჩნია ავტომანქანა, აქვს საცხოვრებელი სახლი, სტუმრობს რესტორნებს, რაც მის მატერიალურ მდგომარეობაზე მიუთითებს, ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი სასჯელის ფუნქციიდან გამომდინარე არ წარმოადგენს მის მატერიალურ მდგომარეობასთან შეუსაბამო ოდენობას.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენი, ა---------------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხთა გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, პისტოლეტი ერთი მჭიდით და ექვსი ცალი ვაზნით, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შსს შეიარაღების სამსახურს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორის ა----–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ა---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა---------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

ა---------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების დღიდან. მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 18 იანვრიდან 2018 წლის 27 იანვრის ჩათვლით.

 

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

პისტოლეტი ერთი მჭიდით და ექვსი ცალი ვაზნით, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შსს შეიარაღების სამსახურს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი