განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2018
საქმის ნომერი
010100218700050677
ინსტანცია
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050677

საქმე № 1ბ/1103-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

პროკურორ - ვ-–-----------ს

ადვოკატ - გ--–--------–--–---–ის

მონაწილეობით,გამართლებულ - ვ--–----------------ას დასწრების გარეშე

 

მთავარი პროკურატურის პროკურორ ვ-–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლი საქმე:

 

ვ--–----------------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 19 დეკემბერს სამტრედიაში, საქართველოს მოქალაქის, პირადი N3----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ს--------------------------------------------------ში, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განაჩენით ვ--–----------------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

კერძოდ, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ--–----------------ას ბრალი წარედგინა მასზედ, რომ მან ჩაიდინა კანონიერი ქურდობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ვ--–----------------ა 2012 წელს აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად. იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან. იგი ასევე აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებსა და სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით. 2017 წლის 12 ივლისს, ვ--–----------------ა დაკავებულ იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: მთავარი პროკურატურის პროკურორმა ვ-–-----------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც საკმარისია გამართლებულ ვ--–----------------ას დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ, ესენია მოწმეების: გ--------–-------–---–----------–--------------–------------- ჩვენებები და რუსული ვებ გვერდის დათვალიერების ოქმი, სადაც რუსულ ენაზე მითითებულია კანონიერი ქურდები, თავისივე ქურდული ზედმეტსახელებით, მონათვლის თარიღით და სასჯელის მოხდის წლების მითითებით.

აპელანტი ასევე ითხოვს გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაბრუნებას, რადგან გამართლებულმა დაარღვია გირაოს პირობები და არ შეასრულა ვალდებულება - პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლებისთანავე ჩაებარებინა საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე პროკურორმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

გამართლებულის ადვოკატი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სრულად დასტურდება გამართლებულ ვ--–----------------ას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ არ არსებობს ვ--–----------------- მიერ, ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს:

„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს. ამდენად, კანონიერი ქურდის ობიექტური მხარე გამოიხატება ქურდული სამყაროს ან სხვა პირთა გარკვეულ ჯგუფის მართვაში ან ორგანიზებაში ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად, ნებისმიერ ფორმით. ქურდული სამყაროს ორგანიზება კი ნიშნავს პირთა ერთობის ჩამოყალიბებას, კერძოდ, წევრების გამოძებნასა და გადმობირებას, სპეციალური წესების დადგენას, ან სხვის მიერ დადგენილი წესების აღიარებას, მის გაცნობას ქურდული სამყაროს წევრებზე, მათგან პირობის მიღებას, რომ დაემორჩილებიან ამ წესებს, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ასე შემდეგ. რაც შეეხება ქურდული სამყაროს მართვას, იგი გამოიხატება ცალკეული დავალების მიცემაში ამ სამყაროს წევრებისათვის, კონკრეტული დანაშაულის ხელმძღვანელობაში და ასე შემდეგ, კანონიერმა ქურდმა შეიძლება მართოს არა მარტო ქურდული სამყარო, არამედ პირთა გარკვეული სხვა ჯგუფიც, რომლებსაც არ უღიარებიათ ქურდული სამყარო და არც მისი წევრები არიან, მაგრამ შეიძლება საშველად მიმართეს ,,კანონიერ ქურდს“ ან კანონიერ ქურდი იძულებისა და მუქარის გამოყენებით ახერხებს მათ მართვას.

შესაბამისად, იმისათვის, რომ კანონიერი ქურდობისათვის დადგეს პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, უნდა დადგინდეს, რომ პირი მოქმედებდა (მართავდა ან/და ორგანიზებას უწევდა პირთა წრეს) სწორედ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვ--–----------------ა ოპერატიული ინფორმაციის და ინტერნეტ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად დასახელებულია კანონიერ ქურდად, არაა საკმარისი აღნიშნული მუხლით პირის მსჯავრდებისათვის. კანონის თანახმად აუცილებელია, პირს დაუმტკიცდეს კონკრეტულ მოქმედებების განხორციელება - პირთა გარკვეული წრის მართვა ან/და ორგანიზება, რაც თავის სათანადო მტკიცებასაც საჭიროებს.

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები ვ--–----------------ას მიერ ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეული ჯგუფის მართვის ან/და ორგანიზების, ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად. მოწმეების - გ--------–-------–---–----------–--------------–------------- ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მათ გააჩნიათ ოპერატიული ინფორმაცია ვ--–----------------ას კანონიერი ქურდობის შესახებ, მაგრამ მის მიერ რაიმე კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ, რაც დაადასტურებდა ამ პიროვნების ქურდული სამყაროს წევრობას ან/და კანონიერ ქურდობას. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია, თუ იგი არ იქნა სათანადოდ შემოწმებული, რომლის შედეგად დადგინდება მისი ნამდვილობა, ვერ შეიძენს მტკიცებულებით მნიშვნელობას. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ამგვარი ინფორმაციის მიჩნევა სარწმუნო მტკიცებულებად, მართებულად ვერ ჩაითვლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე კოსტოვსკი (kostovski) ნიდერლანდების წინააღმდეგ (განაცხადი #11454/85), დაასკვნა, რომ გამოძიების ეტაპზე ანონიმური ინფორმატორის გამოყენება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას არ არღვევს, მაგრამ სასამართლო განხილვის ეტაზე ჩვენებები, რომელიც ემყარება ანონიმურ ინფორმატორს ვერ ჩაითვლება იმ საკმარის მტკიცებულებად, რომლის საფუძველზეც შეიძლება პირის მსჯავრდება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1989 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 44).

 

ბრალდება ასევე აპელირებს ვ--–----------------ას ბრალეულობის დასამტკიცებლად ინტერნეტ-გვერდის „w----------------” დათვალიერების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე, თუმცა არც აღნიშნული შეიძლება ჩაითვალოს მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან უცნობია რა წყაროებს ეყრდნობა იგი, რაც საეჭვოს ხდის მის სანდოობასა და ავთენტიკურობას.

 

რაც შეეხება აპელანტის განმარტებას გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაბრუნების შესახებ, პალატა ასევე არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ--–----------------ას ბრალეულობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად კი ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი გამამტყუნებლ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ასევე სსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად პალატას მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მთავარი პროკურატურის პროკურორ ვ-–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ვ--–----------------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

გაუქმდეს ვ--–----------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

გამართლებულ ვ--–----------------ას განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე