განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058096
საქმე №1აგ/322-18აგ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ შ-----------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - შ-----------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალა 2015 წლის 11 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა.
დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
შ-----------–--ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
შ-----------–--ეს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყო გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განაჩენით:
შ-----------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
შ-----------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
შ-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2015 წლის 10 ოქტომბრიდან 2015 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით.
2018 წლის 20 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა შ-----------–--ემ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1/13/732) საფუძველზე ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის და 2017 წლის 21 აპრილის განაჩენების გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ შ-----------–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
როგორც უკვე აღინიშნა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განაჩენით შ-----------–--ე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 აპრილის განაჩენით შ-----------–--ე გათავისუფლდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელისგან, რის გამოც პალატა ვეღარ განიხილავს მსჯავრდებულის განმეორებულ შუამდგომლობას აღნიშნული განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
შ-----------–--ეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განაჩენით მსჯავრი დაედო ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ - მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისთვის. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 24 აპრილის MOC 5 18 00362039 მომართვის თანახმად, შ-----------–--ის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათი 2017 წლის 15 მაისის მდგომარეობით აღსრულებულია, რის გამოც პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულზე. ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გავლენას ახდენს მსჯავრდებულ შ-----------–--ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე. შ-----------–--ე უნდა გათავისუფლდეს როგორც საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ასევე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ-----------–--ის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - ცვლილება უნდა შევიდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ-----------–--ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
შ-----------–--ე განთავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან;
შ-----------–--ეს აღუდგეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 21 აპრილის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
გ. ჯეირანაშვილი