განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058994
საქმე #1/ა.გ.346-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: შორენა ყ----–-–---–ი
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- შ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა------ გ-----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:
გ------- შ------ (დაბადებული 1----–-–-------------------------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ გ------- შ------ს სასჯელის მოხდის ვადაშია ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2010 წლის 26 ოქტომბრიდან 2010 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
2018 წლის 3 მაისს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა------ გ-----–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა გ------- შ------ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
შუამდგომლობის ავტორის მითითებით, გ------- შ------სა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის 2010 წლის 10 ნოემბრის საპროცესო შეთანხმა დადებული იყო მსჯავრდებულზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად. რაც დასტურდება მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიით, საქმეში არსებული ურთიერთასაპირისპირო ჩვენებებით და მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებებში მოწმეების და ადვოკატების მოწვევის უფლებაზე თითქოსდა უარის თქმით.
შუამდგომლობის ავტორის მითითებით ახალ ფაქტს, წარმოადგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გამოცემული დადგენილება, რომლითაც დაზარალებულად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ------- შ------ს მამა, ა-----– შ------. დადგენილების თანახმად, 2010 წლის 26 ოქტომბერს, ქ. თბილისის სამმართველოს გ-–-----------–------- სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა გ------- შ------. აღნიშნულის შემდეგ გ------- შ------ს მამა, ა-----– შ------ მოლაპარაკებებს აწარმოებდა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გ-–-----------–--------------------–----------------- ჯ--- მ----–--------ესთან ბრალდებულთან, გ------- შ------სთან საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. რაც წარმოადგენდა არა მის, არამედ პროკურორის უფლებამოსილებას. ჯ--- მ----–--------ე გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს და გ------- შ------ს ოჯახისგან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოითხოვა ავტომანქანა ტოიოტას ყიდვა და შემდგომ სახელმწიფოსთვის ჩუქების გზით გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს განაცხადებდა. ა-----– შ------მ შეიძინა ავტომობილი და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2010 წლის 11 ნოემბერს უსასყიდლოდ გადასცა შს სამინისტროს.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილია ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ 2----–-–----------------- გამოცემული დადგენილება, რომლითაც ირკვევა, რომ პროკურორმა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გაითვალისწინა ჯ--- მ----–--------ის თანამშრომლობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და საზოგადოებრივი ინტერესი და უარი თქვა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე.
შუამდგომლობას თან ერთვის ასევე დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მოწმეების: ა-----– შ------ს, შ----- ყ----–-–---–ის, ლ---- ს--------–--ის გამოკითხვის ოქმები. სადაც მოწმეები უთითებენ გ------- შ------ს უდანაშაულობაზე და ასევე იმ გარემოებაზე, რომ მათ მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენებები, გ------- შ------ს დანაშაულის ჩადენაში მხილების თაობაზე მიცემული იყო ზეწოლის, შანტაჟის და მოტყუების შედეგად, ასევე იმ მიზნით, რომ დახმარებოდნენ გ------- შ------ს რათა მისთვის გაეფომებინათ საპროცესო შეთანხმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ადვოკატი წარმოდგენილი შუამდგომლობით ითხოვს, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განაჩენი და გ------- შ------ს მიმართ დადგენს გამამართლებელი განაჩენი.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს. ამავე კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა საპროცესო კანომდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული.
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით, ამომწურავად განსაზღვრულია ის გარემოებანი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა მოხდეს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ. არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ. არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე. არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე.1 არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.
ვ. ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ. წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე, ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
ზ 1. წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ. არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები არცერთ ზემოთჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს და არ წარმოადგენს მსჯავრდებულ გ------- შ------ს მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ 2----–-–----------------- დადგენილებებით დასტურდება, შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გ-–-----------–--------------------–--------------- ჯ--- მ----–--------ის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მსჯავრდენულ გ------- შ------ს ოჯახის წევრებისთვის უკანონო მოთხოვნის წაყენების და მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტი და არა მსჯავრდებულ გ------- შ------ს უდანაშაულობა. 2----–-–----------------- დადგენილებით პროკურორმა ჯ--- მ----–--------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო, მის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების გამო.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დადგენილება არ წარმოადგენს ისეთ ახალ ფაქტს, ან მტკიცებულებას, რომელიც სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად დაადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, რაც შესაძლოა გამხდარიყო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
პალატა განმარტავს, გ------- შ------ სასამართლოში საქმის განხილვის დროს უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით, მის ინტერესებს იცავდა მის მიერვე არჩეული ადვოკატი და თუკი არ ეთანხმებოდა წარდგენილ ბრალდებას, მსჯავრდებულს უფლება ჰქონდა მოეთხოვა საქმის არსებითი განხილვა, თავად და დამცველის მეშვეობით მოეპოვებინა მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე დაყრდნობით დაესაბუთებინა თავისი პოზიცია და მოეთხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ამავე დროს, თუკი საპროცესო შეთანხმება მასთან დაიდო იძულებით, მას შეეძლო კანონით დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინა მის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი.
რაც შეეხება წარმოდგენილ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, რომლითაც ისინი მსჯავრდებულ გ------- შ------ს უდანაშაულობაზე მიუთითებენ, პალატა განმარტავს, რომ ყოველივე აღნიშნული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით დადასტურებული, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი განაჩენის გადასინჯვის. ამ ეტაპისთვის ეს გახლავთ დაუდასტურებელი ინფორმაცია, (არ არის წარმოდგენილი ამ ფაქტების დამადასტურებელი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი), რომელიც არ შეიძლება გახდეს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------- შ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს, აღნიშნული საფუძვლად ვერ დაედება ზემოთხსენებული განაჩენის გადასინჯვას, რის გამოც შუამდგომლობა დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მეექვსე ნაწილით, 310-ე, 312-ე, 313-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------- შ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა------ გ-----–---–ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ცნობილი იქნეს დაუშვებლად.
განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32)თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ.რობაქიძის გამზ.#7ა), განჩინების გამოტანიდან 2(ორი) კვირის ვადაში.
თავმჯდომარე: /შ. ყ----–-–---–ი/
მოსამართლეები: /კ. მაჭავარიანი/
/მ. კაპანაძე/