განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001128417
საქმე №3ბ/2141-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ლ--–- ჯ--------ა;
წარმომადგენელი - მ--------------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
წარმომადგენელი- გ-------------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - შ--–--------–-–--ლი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება ლ--–- ჯ--------ას სასარჩელო მოთხოვნა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ლ--–- ჯ--------ას სარჩელი, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2.1. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. 2012 წლის 05 ნოემბერს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისი, ლ----–---ას ქ.#21-ის მიმდებარედ N0----- ნაკვეთი მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0--------------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე (ტ.1, ს/ფ 130).
2.1.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ლ--–- ჯ--------ას მიმართ 2015 წლის 27 თებერვალს შედგენილი იქნა №0----- მითითება, რომლის თანახმად, ლ--–- ჯ--------ას მიერ ქ.თბილისში, ლ----–---ას ქ.#21-ის მიმდებარედ განხორციელდა შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობა შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს განემარტა, რომ 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში წარედგინა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინა შენობა-ნაგებობისა და ღობის დემონტაჟი (ტ.1, ს.ფ. 82-83).
2.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 20 მარტს შედგენილი იქნა #0----- შემოწმების აქტი ლ--–- ჯ--------ას მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ 2015 წლის 27 თებერვალს გაცემული #0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები არ იქნა შესრულებული (ტ.1, ს.ფ. 80-81).
2.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის #0----- ოქმით დგინდება, რომ სხდომაზე გამოცხადდა ლ--–- ჯ--------ა, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობა განხორციელებულია მის მიერ 2006-2007 წლებში. მანვე აღნიშნა, რომ აპირებდა დარღვევის გამოსწორებას და ითხოვა დახმარება ობიექტის დემონტაჟისათვის (ტ.1, ს.ფ. 75).
2.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 მაისის #4---------- ბრძანებით, 2015 წლის 27 თებერვალს #0----- მითითების საფუძველზე მოქალაქე ლ--–- ჯ--------ას მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებული იქნა 2 (ორი) თვით. ორთვიანი ვადა აითვალა 2015 წლის 20 მაისიდან 2015 წლის 20 ივლისამდე (ტ.1, ს.ფ. 79).
2.1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის #0----- ოქმით დგინდება, რომ სხდომაზე გამოცხადდა ლ--–- ჯ--------ა და მისი წარმომადგენელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ შენობა და ღობე არ იყო დემონტირებული. ამასთან, მიმართული აქვთ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მიწის ნაკვეთის ლეგალიზების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 140).
2.1.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის 2015 წლის 20 ივლისის #1-- მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ 2016 წლის 20 ივლისს მის მიერ დამატებით იქნა შემოწმებული ქ.თბილისი, ლ----–---ას ქ.#21-ის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა. გადამოწმებით, დადგინდა, რომ 2015 წლის 27 თებერვალს #0----- მითითებით გათვალისიწნებული მოთხოვნები არ იყო შესრულებული (ტ.1, ს.ფ. 66).
2.1.8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად, ლ--–- ჯ--------ა დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, დ-----ს მასივი, ლ----–---ას ქ.#21-ის მიმდებარედ უნებართვოდ შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობისათვის. მასვე დაევალა უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობისა და ღობის დემონტაჟი (ტ.1, ს.ფ. 63-65).
2.1.9. ლ--–- ჯ--------ამ 2015 წლის 05 აგვისტოს №1------------ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ივლისის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 28 სექტემბრის #6-- ბრძანებით ლ--–- ჯ--------ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ივლისის №0----- დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 113-115).
2.2. დასკვნები სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკლევისა და შეფასების საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დარღვეული იქნა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოთხოვნები,- ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ივლისის #0----- დადგენილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 28 სექტემბრის #6-- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ივლისის №0----- სადავო დადგენილებით, ლ--–- ჯ--------ა ქ.თბილისში, ლ----–---ას ქ.#21-ის მიმდებარედ, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობისათვის დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით და მასვე დაევალა სადავო ობიექტის დემონტაჟი.
სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლზე და განმარტა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,– დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ლ--–- ჯ--------ას მიმართ 2015 წლის 27 თებერვალს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლის თანახმად, ქ.თბილისში, დ-----ს მასივი, ლ----–---ას ქ.#21-ის მიმდებარედ ლ--–- ჯ--------ას მიერ განხორციელდა შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის გამოსწორების ვადად განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდრული დღე. ნაწარმოები მშენებლობა განხორციელებულია მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------), რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 20 მარტს შედგენილ იქნა #0----- შემოწმების აქტი ლ--–- ჯ--------ას მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ლ--–- ჯ--------ას მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები. ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის 2015 წლის 20 ივლისის #1-- მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ 2016 წლის 20 ივლისს მის მიერ დამატებით იქნა შემოწმებული ქ.თბილისი, ლ----–---ას ქ.#21-ის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა. გადამოწმებით, დადგინდა, რომ 2015 წლის 27 თებერვალს #0----- მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ იყო შესრულებული.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრიაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
სასამართლომ განმარტა, რომ ლ--–- ჯ--------ას მიერ სადავო სამუშაოები განხორციელებულია უნებართვოდ, ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში სადაც არ იდგა შენობა-ნაგებობა, რის გამოც ქ.თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დაჯარიმებული იქნა 10 000 ლარით და მასვე დაევალა უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობისა და ღობის დემონტაჟი.
სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი), ბ) რეკონსტრუქცია, გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას), დ) დემონტაჟი, ე) ლანდშაფტური მშენებლობა, ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება; ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ამავე მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არც მოსარჩელე ლ--–- ჯ--------ას მიერ გამხდარა სადავოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ.თბილისში, დ-----ს მასივი, ლ----–---ას ქ.#21-ის მიმდებარედ ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №0---------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობა, რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია ლ--–- ჯ--------ას არ გააჩნია.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლ--–- ჯ--------ას დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ივლისის №0----- დადგენილება კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 28 სექტემბრის №6-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ლ--–- ჯ--------ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე Nბს-180-177(კ-15), სადაც განმარტებულია, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას''.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ქ. თბილისის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 28 სექტემბრის №6-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლომ დამატებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ--–- ჯ--------ას სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი - ლ--–- ჯ--------ა ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა მოხდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სრული იგნორირებით, საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო ხელშეკრულებები, აქტები და კანონები ითვალისწინებენ, რომ ადმიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციიდან უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებელი პირობებით და სხვა საყოველთაოდ აღიარებული უფლებებით. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილით ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და აქვს უფლება ჰქონდეს კანონით დადგენილი წესით ცხოვრებისათვის განსაზღვრული ნორმალური პირობები. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ცხოვრების ნორმალური პირობები, მოცემულ შემთხვევაში კი ლ--–- ჯ--------ას საყოფაცხოვრებო პირობები მთლიანად არის დაუცველი სახელმწიფოს მიერ. 2006 წლიდან მოსარჩელე ცხოვრობს თბილისის დ-----ს მასივი ლ----–---ას N21-ში, სახლი არის 16 კვ.მ, ხოლო მიწა - 150 კვ.მ, აქვს მ------–----------ი, მან დაიკავა ცარიელი მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა თვითმმართველ ორგანოს. შემოღობა, ააშენა 16 კვ.მ. შენობა. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მერიას განცხადებით თვითნებურად დაკავებული მიწის შენობა-ნაგებობის ლეგალიზების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ქმედება წესრიგდებოდა კანონით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, რომელიც მიღებულ იქნა 2007 წლის 11 ივნისს. აპელანტს მიაჩნია, რომ მას თვითნებურად აქვს დაკავებული მიწა, რაზეც თვითნებურად ააშენა შენობა. მითითებული კანონით ასეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სარგებლობს მენაშენე, ექვემდებარება დაკანონებას საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ამ დროისთვის არ იყო სახელმწიფოს მიერ განკარგული, ლ--–- ჯ--------ა გააფრთხილეს მოეხდინა დემონტაჟი. აპელანტს ვინაიდან არ გააჩნდა შენობის დემონტაჟის ხარჯები თბილისის მერიას სთხოვა მერიის ხარჯებით მომხდარიყო დემონტაჟი რაზედაც მერიამ უთხრა უარი. 2015 წლის 20 მარტს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხდეველობის საქალაქო სამსახურმა ლ--–- ჯ--------ას ჩააბარა შეტყობინების აქტი N0-----, რითაც გააფრთხილეს აშენებული შენობის დანგრევის შესახებ. აპელანტმა მიმართა თბილისის მერს დაეშვა გამონაკლისი და არ დაენგრიათ მის მიერ აშენებული შენობა, რაზედაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 25 ივნისს ჩააბარა ბრძანება, რომლის საფუძველზე მას მიეცა საბოლოო გაფრთხილება შენობის დემონტაჟის შესახებ და დაჯარიმდა 10000 ლარით.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მას არ მიეცა პროცესზე დასწრების საშუალება, არ გააგებინეს კანონით დადგენილ ვადაში პროცესის დღე, არ მიეცა საშუალება სრულად წარედგინა მტკიცებულებები.
აპელანტის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ მთავარ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აპელანტი აღიარებს უკანონო მშენებლობის განხორციელებას, თუმცა მისი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ითხოვს დაკისრებული ფულადი სანქციისგან და შენობის დემონტაჟის ვალდებულებისგან გათავისუფლებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. 2012 წლის 05 ნოემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ.თბილისი, ლ----–---ას ქ.N21-ის მიმდებარედ არსებულ N0----- მიწის ნაკვეთი, (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით 0---------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.
4.1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ლ--–- ჯ--------ას მიმართ 2015 წლის 27 თებერვალს შედგა №0----- მითითება, რომლის თანახმად, ლ--–- ჯ--------ას მიერ ქ. თბილისში, ლ----–---ას ქ.#21-ის მიმდებარედ განხორციელდა შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობა შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს განემარტა, რომ 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში წარედგინა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინა შენობა-ნაგებობისა და ღობის დემონტაჟი.
4.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 20 მარტს შედგა #0----- შემოწმების აქტი ლ--–- ჯ--------ას მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ 2015 წლის 27 თებერვალს გაცემული #0----- მითითებით გათვალისწინებული პირობები არ იქნა შესრულებული.
4.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის #0----- ოქმის თანახმად, სხდომაზე გამოცხადდა ლ--–- ჯ--------ა, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობა განხორციელებულია მის მიერ 2006-2007 წლებში. მანვე აღნიშნა, რომ აპირებდა დარღვევის გამოსწორებას და ითხოვა დახმარება ობიექტის დემონტაჟისათვის.
4.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 მაისის #4---------- ბრძანებით, 2015 წლის 27 თებერვალს, #0----- მითითების საფუძველზე, მოქალაქე ლ--–- ჯ--------ას მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2 (ორი) თვით. ორთვიანი ვადა აითვალა 2015 წლის 20 მაისიდან 2015 წლის 20 ივლისამდე.
4.1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის #0----- ოქმით დგინდება, რომ სხდომაზე გამოცხადდა ლ--–- ჯ--------ა და მისი წარმომადგენელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ შენობის და ღობის დემონტაჟი არ იყო განხორციელებული. ამასთან, მიმართული აქვთ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მიწის ნაკვეთის ლეგალიზების მოთხოვნით.
4.1.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის 2015 წლის 20 ივლისის #1-- მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ 2016 წლის 20 ივლისს მის მიერ დამატებით იქნა შემოწმებული ქ.თბილისი, ლ----–---ას ქ.#21-ის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა. გადამოწმებით, დადგინდა, რომ 2015 წლის 27 თებერვალს #0----- მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ იყო შესრულებული.
4.1.8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 20 ივლისს მიღებულ იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად, ლ--–- ჯ--------ა დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, დ-----ს მასივი, ლ----–---ას ქ.#21-ის მიმდებარედ უნებართვოდ შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობისათვის. მასვე დაევალა უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობისა და ღობის დემონტაჟი.
4.1.9. ლ--–- ჯ--------ამ 2015 წლის 05 აგვისტოს №1------------ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ივლისის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 28 სექტემბრის #6-- ბრძანებით ლ--–- ჯ--------ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ივლისის №0----- დადგენილება.
4.2. სააპელაციო პალატა დამატებით ადგენს შემდეგ ფაქტობრივ გარემობებს:
4.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით, საქმეზე N3/8171-15, დაინიშნა მთავარი სხდომა 2017 წლის 31 იანვარს 12:00 საათზე (ტ.1, ს.ფ. 223-224).
2017 წლის 31 იანვრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე - ლ--–- ჯ--------ას წარმომადგენელი ხ------- ხ----–--–---, მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი შ--–--------–-–--ლი და მოპასუხე - ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ლ-–---------–აძე. სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ხ------- ხ----–--–---მ იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მთავარი სხდომა გადაიდო 2017 წლის 21 მარტს 12:00 საათზე (ტ.1, ს.ფ. 230-231).
4.2.2. 2017 წლის 21 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი (ტ.1, ს.ფ. 237-238).
სასამართლომ მოსარჩელის წარმომადგენელს ხ------- ხ----–--–---ს გაუგზავნა შეტყობინება სხდომის თარიღის შესახებ, თუმცა იგი ვერ ჩაბარდა (ტ.1. ს.ფ. 242-243).
4.2.3. 2017 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის სხდომის მდივანი ნ-----------ა დაუკავშირდა მოსარჩელის წარმომადგენელს ხ------- ხ----–--–---ს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 599957069 და აცნობა, რომ 2017 წლის 13 აპრილს 10:00 საათზე დანიშნული იყო სასამართლოს სხდომა საქმეზე N3/8171-15 (ტ.1, ს.ფ. 244).
4.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, N3/8171-15, ადმინისტრაციულ საქმეზე გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე (ტ.1, ს.ფ. 245-247).
4.3. სამართლებრივი დასაბუთება:
4.3.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.3.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მშენებლობის განხორციელების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აპელანტისთვის სანქციის სახით 10000 ლარის დაკისრებისა და შენობის დემონტაჟის დავალდებულების კანონიერების საკითხი. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს წარმოადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, ასევე, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
მითითებული ნორმა ადგენს ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობისათვის სანქციის დაკისრებას, ხოლო ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტი განმარტავს მშენებლობის ნებართვას და მიუთითებს, რომ იგი არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მან ქ. თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განახორციელა უნებართვო მშენებლობა. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ აპელანტს განუსაზღვრა ვადა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისათვის, რომლის შეუსრულებლობის შემდგომ გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ--–- ჯ--------ასთვის 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრებისა და შენობის დემონტაჟის განხორციელების შესახებ, რაც სადავოდ აქვს გამხდარი აპელანტს განსახილველი დავის ფარგლებში.
აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, ლ--–- ჯ--------ა აღიარებს მშენებლობის უკანონოდ განხორციელებას, თუმცა ითხოვს დაკისრებული ჯარიმისაგან და დემონტაჟის განხორციელების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან სადავო აქტების გამოცემის წინაპირობებს. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა ერთის მხრივ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს უკრძალავს უკანონო მშენებლობის განხორციელებას ქ. თბილისის მუნიციპალუტეტის ტერიტორიაზე, ხოლო მეორეს მხრივ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას აღკვეთოს აღნიშნული სახის დარღვევა. კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს არ ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას ინდივიდუალურ შემთხვევებში შეაფასონ დამრღვევის სოციალური მდგომარეობა თუ სხვა ობიექტური გარემოებები და მათ შესაბამისად უარი თქვას კანონით განსაზღვრული სანქციის გამოყენებისაგან. ამდენად, ვერც ადმინისტრაციული ორგანო და ვერც სასამართლო უზრუნველყოფს ლ--–- ჯ--------ას მოთხოვნის - გათავისუფლდეს კანონით დაკისრებული ვალდებულებისაგან, დაკმაყოფილებას იმ პირობებში, როცა დარღვევა სახეზეა და მას მხარეები სადავოდ არ ხდიან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე წარმოდგენილ მოსაზრებებსა, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ლ--–- ჯ--------ას სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას მასზედ, რომ მას არ მიეცა პროცესზე დასწრებისა და მტკიცებულებათა წარდგენის საშუალება, არ გააგებინეს კანონით დადგენილ ვადაში პროცესის დღე.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით უზრუნველყოფილია სასამართლო დაცვის უფლება. ეს უფლება მოიცავს პირის შესაძლებლობასა და სურვილს დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით. დაცვის უფლება აგრეთვე გულისხმობს პირის უფლებას ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება საკუთარი დაცვის მოსამზადებლად.
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, ეროვნულმა სასამართლოებმა მეტად დაკვირვებით უნდა შეაფასონ მხარეთა შეტყობინებები (ზეპირი თუ წერილობითი ფორმით) საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის თაობაზე, რათა ერთის მხრივ, თავიდან იქნეს არიდებული მხარეთა/წარმომადგენელთა მცდელობები საქმის განხილვის გაჭიანურების მიზნით, შესაბამისად მართლმსაჯულების განხორციელების არაეფექტიანი ხასიათი, ხოლო, მეორეს მხრივ, საჯარო ინტერესის _ მართლმსაჯულების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელების ინტერესის ხარჯზე არ დაუშვას მხარეთა საპროცესო უფლებების იგნორირება, რამდენადაც სწორედ მათი პროცედურული უფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის საფუძველზე შეიძლება მართლმსაჯულების კანონიერებისა და ეფექტიანობის განსაზღვრა (ბს-1422-1404(კ-11) 28/02/2012).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება. ევროპულმა სასამართლომ საქმეში
“მულტიპლექსი ხორვატიის წინააღმდეგ“ (2003წ. 10.07) დაადგინა, რომ საქმის საჯარო განხილვის უფლება მოკლებული იქნება დანიშნულებას, თუკი საქმის მონაწილე მხარე არ არის ინფორმირებული სასამართლოს სხდომის თაობაზე, იმ გათვლით, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა გამოცხადდეს სხდომაზე, თუკი ის გადაწყვეტს ისარგებლოს ნაციონალური კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებებით.
ამდენად, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობა იცავს პირის უფლებას მისი საქმე განხილულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს მიერ, რაც მათ შორის გულისხმობს მხარის მონაწილეობის უფლებას დაესწროს სასამართლო სხდომებს, დაიცვას საკუთარი ინტერესები, გამოთქვას აზრი სადავო საკითხთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე მოიაზრებს მართლმსაჯულების განხორციელებას სწრაფად და ეფექტურად. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს, პროცესში მონაწილე მხარეთა ქმედების მიუხედავად, საქმის განხილვა გაჭიანურების გარეშე.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 31 იანვარს 12:00 საათზე მთავარი სხდომის გამართვის შესახებ. სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელის წარმომადგენელი, თუმცა იშუამდგომლა სხდომის გადადება, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ. მორიგი მთავარი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 21 მარტს 12:00 საათზე, თუმცა აღნიშნულ სხდომაზე მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდა. გამოუცხადებლობის მიზეზად სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მითითებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი. სასამართლომ კვლავ გადადო მთავარი სასამართლო სხდომა. სასამართლომ მოსარჩელის წარმომადგენელს ხ------- ხ----–--–---ს გაუგზავნა შეტყობინება სხდომის თარიღის შესახებ, თუმცა იგი ვერ ჩაბარდა. 2017 წლის 12 აპრილს მოსამართლის სხდომის მდივანი დაუკავშირდა მოსარჩელის წარმომადგენელს ხ------- ხ----–--–---ს და აცნობა, რომ 2017 წლის 13 აპრილს 10:00 საათზე დანიშნული იყო სასამართლოს სხდომა. მოსარჩელე მხარე კვლავ არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე მხარე სრულად უზრუნველყო სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მიღების უფლებით, მით უფრო მტკიცებულებათა წარმოდგენით. პალატის მოსაზრებით მოსარჩელის წარმომადგენლის ქმედება მიმართული იყო მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებისკენ, რომლის რეალიზაციის შემთვევაშიც დაირღვეოდა მოპასუხე პირთა უფლება სამართლიან სასამართლოზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მსჯელობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართლმსაჯულება განახორციელა საპროცესო ნორმების სრული დაცვით, შესაბამისად, არც აღნიშნული საფუძვლით არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5.2. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ--–- ჯ--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა