განაჩენი

სისხლის სამართლის 18.05.2018
საქმის ნომერი
010141318700056111
ინსტანცია
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700056111, №1/აგ-270-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ--------------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ--------------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ--------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, გ--------------–--ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

გ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო 2011 წლის 17 იანვრიდან 2011 წლის 18 იანვრის ჩათვლით.

 

მასვე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 22 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ--------------–--ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

 

შუამდგომლობის დასაშვებად ცნობამდე, საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, სასამართლომ ვერ მიიღო გ--------------–--ის პირადი საქმე პრობაციის ეროვნული სააგენტოდან (პრობაციის ეროვნული სააგენტოს თავდაპირველი წერილით, სასამართლოს უარი ეთქვა გ--------------–--ის პირადი საქმის გადმოგზავნაზე), რის თაობაზეც მითითებული იქნა განჩინებაშიც. პირადი საქმის გადმოგზავნის შემდეგ ცნობილი გახდა 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გამოყენების შესახებ, რაც შუამდგომლობას არ ერთვოდა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებული გ--------------–--ე 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სრულად გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის, პირობით მსჯავრად ჩათვლილი 01 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან და შესაბამისად გამოსაცდელი ვადისაგან. მსჯავრდებულ გ--------------–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები აღუდგა სრულად.

 

დოკუმენტების შესწავლის შემდეგ პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. პირადი საქმის მასალების მიხედვით კი, 2013 წლის თებერვლიდან გ--------------–--ეს არ გააჩნია არც ნასამართლობა და არც რაიმე სახის პასუხისმგებლობა. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს არ წარდგენია.

 

სსიპ - პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს აჭარის პრობაციის ბიუროს 2013 წლის 01 თებერვლის შეტყობინების თანახმად, გ--------------–--ეს გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2013 წლის 31 იანვარს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული გ--------------–--ე 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სრულად გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან (პირობით მსჯავრად ჩათვლილი 01 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან და საგამოცდო ვადისაგან) და სრულად აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები.

 

წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, გ--------------–--ე არ წარმოადგენს ნასამართლობის მქონე პირს, მას არ გააჩნია არც სასჯელი და არც რაიმე სახის პასუხისმგებლობა. სასჯელის და ნასამართლობის არარსებობისა პირობებში პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გ--------------–--ის გათავისუფლების თაობაზე, რის გამოც არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ--------------–--ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

 

გერონტი კახეთელიძე