განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
330210015001179836
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210015001179836

საქმე №2ბ/845-2017

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ს----------–ოს სახელით

 

13 მარტი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - გელა ქირია

ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ს----------–ო პ----–------ი

წარმომადგენელი - ბ----რ ჩ------–---ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ა-----ა’’

წარმომადგენელი - მ-------ა ლ-–--ა

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს----------–ოს პ----–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპაუსუხე შპს ,,ა-----ა’’-ს მოსარჩელე ს----------–ოს პ----–------ის სასარგებლოდ დაეკისრა 8 000 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2014 წლის 11 ნოემბერს ს----------–ოს პ----–------ის აპარატსა და შპს ,,ა-----ა“-ს შორის გაფორმდა N-------- საიჯარო ხელშეკრულებები. N-------- საიჯარო ხელშეკრულებების 1.1. პუნქტების მიხედვით მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა საიჯარო ქონება ქ. თბილისში, რ---------–ის გ---------ში მდებარე ს----------–ოს პ----–------ის სასახლეში 6 ერთეული პროდუქტის აპარატისა და 4 ერთეული ყავის აპარატის განთავსების მიზნით 12 კვ.მ და 8 კვ.მ ფართობი ორწლიანი სარგებლობის უფლებით. ამავე ხელშეკრულებით საიჯარო ქონებით სარგებლობის ყოველთვიური საფასური განისაზღვრა 390 ლარის და 290 ლარის ოდენობით. საიჯარო საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა.

 

სასამართლო დაეყრდნო - 2014 წლის 11 ნოემბრის N-------- საიჯარო ხელშეკრულებები;

 

2.2. 2014 წლის 11 ნოემბრის N-------- საიჯარო ხელშეკრულებების 4.2 პუნქტების შესაბამისად, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0,1% ყოველთვიური საიჯარო ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში 50 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო დაეყრდნო -2014 წლის 11 ნოემბრის N-------- საიჯარო ხელშეკრულებები;

 

2.3. მოიჯარის - შპს ,,ა-----ას“ მიერ დაირღვა 2014 წლის 11 ნოემბრის N-------- საიჯარო ხელშეკრულებებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები; N05/15/115 მიმართვა; N9------- მიმართვა; 2015 წლის 15 ოქტომბრის N05/05/116 მიმართვა; 2015 წლის 15 ოქტომბრის ურთიერთშედარების აქტი; 23.10.2015 წლის N9------- მიმართვა; გადახდის გრაფიკები;

 

2.4. მოპასუხემ მხარემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო 8 000 ლარის ნაწილში.

 

სასამართლო დაეყრდნო - მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.5. სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ - 24 105.20 ლარის ოდენობით არაგონივრულად მიიჩნია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები; N05/15/115 მიმართვა; N9------- მიმართვა; 2015 წლის 15 ოქტომბრის N05/05/116 მიმართვა; 2015 წლის 15 ოქტომბრის ურთიერთშედარების აქტი; 23.10.2015 წლის N9------- მიმართვა; გადახდის გრაფიკები; 2014 წლის 11 ნოემბრის N-------- საიჯარო ხელშეკრულებები;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581.1 მუხლზე, რომლის მიხედვით იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

სასამართლომ მიიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ მათ შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობას, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 11 ნოემბერს ს----------–ოს პ----–------ის აპარატს და შპს ,,ა-----ა“-ს შორის გაფორმდა N-------- საიჯარო ხელშეკრულებები. N-------- საიჯარო ხელშეკრულებების 1.1. პუნქტების მიხედვით მეიჯარემ გადასცა, ხოლო მოიჯარემ მიიღო ქ. თბილისში, რ---------–ის გ---------ში მდებარე ს----------–ოს პ----–------ის სასახლეში 6 ერთეული პროდუქტის აპარატისა და 4 ერთეული ყავის აპარატის განთავსების მიზნით 12 კვ.მ და 8 კვ.მ ფართობი ორწლიანი სარგებლობის უფლებით. ამავე ხელშეკრულებით საიჯარო ქონებით სარგებლობის ყოველთვიური საფასური განისაზღვრა 390 ლარის და 290 ლარის ოდენობით. საიჯარო საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 11 ნოემბრის N-------- საიჯარო ხელშეკრულებების 4.2 პუნქტების შესაბამისად, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0,1% და 50 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მხარეები ასევე სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება, რომ მოპასუხე მხარეს 2014 წლის 11 ნოემბრის N-------- საიჯარო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია ჯეროვნად, რის შედეგადაც საიჯარო დავალიანების გარდა მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 50 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდიდა პირგასამტეხლოს ოდენობას გონივრულობის თვალსაზრისით. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო გადასახადი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (2 წელი) შეადგენს 15 600 ლარს, ხოლო ს----------–ოს პ----–------ის მიერ დარიცხულმა პირგასამტეხლომ 2014 წლის 11 ნოემბრდან 2015 წლის 23 ოქტომბრამდე შეადგინა 24 105.20 ლარი, რაც აშკარად აღემატება მოსალოდნელ ზიანს, რომელიც შესაძლებელია მიეყენებინა შპს ,,ა-----ას“ ს----------–ოს პ----–------ისათის იჯარის თანხის ვადაგადაცილებით გადახდით. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოპასუხემ სარჩელი 8 000 ლარის ნაწილში ცნო.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო განმარტებულია, როგორც ფულადი თანხა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას.პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მხარე არ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამდენად პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის ინტერესის დაცვა და დამატებითი გარანტიის მიცემა მოვალის არაკეთილსინდისიერი ქმედებისაგან, თავის მხრივ პირგასამტეხლოს შემოღება ხელს უწყობს მოვალის სტიმულირებას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ვინაიდან მისთვის წინასწარვე არის ცნობილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამატებითი სახდელის დაკისრების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაწესების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კრედიტორისათვის დამატებითი შემოსავლის მიღების წყაროდ. ზუსტად ამ უკანასკნელი გარემოების თავიდან აცილების მიზნით შემოღებულ იქნა ისეთი ცნება, როგორიცაა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით. აღნიშნული ცნების შემოღებით სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება შეზღუდოს სამოქალაქო ურთიერთობების ისეთი ფუძემდებელი ინსტიტუტი როგორიცაა ნების ავტონომია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერების პრინციპი სამართლის აღიარებული ზოგადი დათქმაა, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. მართალია, ნორმათა უმრავლესობა მასზე პირდაპირ არ უთითებს, მაგრამ მაინც მას ემყარება, ვინაიდან სამოქალაქო მართლწესრიგი სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და სიმყარეს, შესაბამისად წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის ფუძემდებლურ პრინციპს. კეთილსინდისიერების პრინციპი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს. თავის მხრივ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ინსტიტუტი ემსახურება, ზუსტად აღნიშნული პრინციპის დაცვას, კერძოდ, კრედიტორის მხრიდან, რომ არ მოხდეს თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება. სამოქალაქო ურთიერთობებიდან გამომდინარე კრეტიტორის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს, მის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულება, იგი ყოველმხრივ უნდა ეცადოს ხელი შეუწყოს მოვალეს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის შემთხვევაში მისი ინტერესი შესაძლოა გარდაისახოს, კერძოდ კრეტიტორის ინტერესს წარმოადგენს მოვალის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემთხვევაში მისი ინტერესი შესაძლოა იყოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა, რამდენადაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მოგება, რომელსაც იგი მიიღებს შესაძლოა გაცილებით აღემატებოდეს იმ მოგებას რასაც მიიღებდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დროს. მითითებულით, კი, უდავოდ სახეზე იქნება არამხოლოდ უფლების ბოროტად გამოყენება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესს, რომლის მიხედვით სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, არამედ უსაფუძვლო გამდიდრებასაც.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0,1% (ყოველთვიური საიჯარო ფასის) გადახდის ფაქტს. მეიჯარემ სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვა ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში 50 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და შეადგინა 24 105.20 ლარი, რაც უდავოდ იყო შეუსაბამოდ მაღალი და სცილდებოდა გონივრულ ფარგლებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და უნდა შემცირებულიყო 8 000 ლარამდე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისას შემოიფარგლა პირგასამტეხლოს შესახებ სამართლებრივი ნორმების ზოგადი ანალიზით და არ იმსჯელა ისეთ ნორმაზე, როგორიცაა 418-ე მუხლი, რომელიც ეხება პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მხარეთა თავისუფლების პრინციპს, რომლის შესაბამისად მხარეები არ არიან შეზღუდული კანონით, რომ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

აპელანტის განმარტებით, მართალია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განისაზღვრა სასამართლოს დისკრეცია, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება შესაძლებელია სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ზემოაღნიშნული ნორმების კონფლიქტისას უპირობოდ, უპირატესობა მიენიჭოს 420-ე მუხლის გამოყენებას, რომლის თანახმად სასამართლოები უფლებამოსილნი არიან შეამცირონ არა ყოველგვარი ოდენობის პირგასამტეხლო, არამედ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რომელიც ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 418-ე მუხლი. აპელანტის მითითებით, პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება განსაზღვრულია სსკ-ის 416-420 მუხლებში. სსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან (ნების ავტონომია) გამომდინარე, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობებს, მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხებს, დავების განხილვის წესს, რაც ბუნებრივია, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

აპელანტის მითითებით, აღნიშნულ შემთხვევაში დაცულია ყველა პირობა, რაც პირგასამტეხლოს გამოყენებისას უნდა გაითვალისწინონ მხარეებმა. აპელანტი აღნიშნავს, რომ როდესაც საკითხი შეეხება პ----–---------–-------ს, აპარატის თანამშრომლებისა და პ----–------ის უამრავი სტუმრის კვებით უზრუნველყოფის საკითხს შეუძლებელია ზუსტად განსაზღვრა იმ ზიანისა, რაც შეიძლება დადგეს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, რისი მტკიცების ტვირთი იქნებოდა აპელანტის მხარეს, შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობაც არის გონივრული და სამართლიანი და სავსებით შეესაბამება სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპს. ს----------–---------–------- წარმომადგენლის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება შესაძლოა მათ დაკისრებოდათ ზიანის ანაზღაურება, რაც მათ სასარჩელო მოთხოვნაში არ მიუთითეს რისი მოთხოვნის უფლებასაც უშვებს სსკ-ის 419-ე მუხლი, ხოლო სსკ-ის 418-ე მუხლის მიხედვით, შესაძლებელია პირგასამტხლოს ოდენობა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავდროულად სსკ-ის 411-ე მუხლი ითვალისწინებს რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებელად ითვლება ის შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა.

 

აპელანტმა აღნიშნა, რომ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მთავარი არსი მეიჯარისთვის იყო ის რომ მოიჯარეს უზრუნველეყო საიჯარო ფართზე კვებისა და ყავის აპარატების ფუნქციონირება, რაც ვალდებულების დარღვევის ან მით უფრო შეუსრულებლობის შემთხვევაში მეიჯარისთვის არ ნიშნავს ზიანს მხოლოდ საიჯარო საფასურის სახით, ვინაიდან კვებით უზრუნველყოფის შესრულებაზე უარის თქმა ისეთ სახელმწიფო დაწესებულებისათვის, სადაც ასეულობით პ----–--------- წევრი, აპარატის თანამშრომელი თუ უამრავი სტუმარი იღებს კვებით მომსახურებას, ზიანი გაცილებით დიდი შეიძლება იყოს. შესაბამისად აპელანტის განმარტებით, მხარეების მიერ პირგასამტეხლოს განსაზღვრა და თანაც დათქმული ოდენობით, სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

აპელანტის განმარტებით, მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დადებული გარიგებების ყოველგვარის მიზეზის გარეშე შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გაცილებით, მეტ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, ვიდრე მხარეთა გონივრული განსჯის საფუძველზე, შეთანხმებით განსაზღვრული მაღალი (და არა ,,შეუსაბამოდ მაღალი’’) პირგასამტეხლოს დაკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს კარგავს პირგასამტეხლო. როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების არსებობა და უგულებელყოფილი იქნება საჯარო წესრიგიც და კეთილსინისიერების პრინციპიც. აპელანტის განმარტებით, ანალოგიური შინაარსის სახელშეკრულებო პრაქტიკამ ნათლად აჩვენა, რომ მხარის მიერ თავისის ვალდებულებების შესრულებისათვის უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ თავის არიდების ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორია მაღალი პირგასამტხელოს დაკისრება, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, დაბალი პირგასამეხლოს არსებობის შემთხვევაში ვალდებულებათა უმეტესი ნაწილი დარჩება შეუსრულებელი მათზე უარის თქმის გამო ან უკეთეს შემთხვევაში მოხდება მათი შესრულებეისთვის განკუთვნილი ვადების დარღვევა, რის შედეგადაც ერთი მხარისათვის აზრს კარგავს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგარძელება.

 

აპელანტის მითითებით, პირგასამტეხლოს საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა სასამართლო პრაქტიკაც: 1) გადაწყვეტილება (ბს-1840-1794(კ-10) 9 ივნისი, 2011 წელი. დავის საგანი: ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიყენებული ზიანისა და პირგასამტხელოს ანაზღაურების დაკისრება. (იხ. ს.ფ. 95) და 2) განჩინება ბს-740-734(2კ-11) 17 იანვარი, 2012 წელი, დავის საგანი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. (იხ. ს.ფ. 96).

 

აპელანტის განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არის გონივრული და სამართლიანი. თუ გათვალისწინებული იქნება საიჯარო ქირის დროულად გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ხელშეკრულების 4.2. პუნქტის ა) ქვეპუნქტი) სასამართლო დარწმუნდება რომ #02 ხელშეკრულების შემთხვევაში - 3.12 ლარი, ხოლო #03 ხელშეკრულების შემთხვევაში - 2.08 ლარი, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე არ შეიძლება იყო ,,გონივრული’’. ხოლო რაც შეეხება ხელშეკრულების 3.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ადეკვატურ პასუხისმგებლობას და ისიც რეალურად ნაკლებია, ვიდრე ის ზიანი და მიუღებელი შემოსავალი რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობით, შეიძლებოდა დამდგარიყო მოსარჩელე მხარისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის განმარტებით, სასამართლომ იურიდიულად საკმარისად ვერ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება.

 

აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა მოპასუხე მხარისადმი 24 205.20 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ს----------–ოს პ----–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.6. პუნქტები).

 

4.2. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.3. 2014 წლის 11 ნოემბერს ს----------–ოს პ----–------ის აპარატსა და შპს ,,ა-----ას“ შორის გაფორმდა N-------- საიჯარო ხელშეკრულებები.

 

4.4. 2014 წლის 11 ნოემბრის N-------- საიჯარო ხელშეკრულებების 1.1. პუნქტების მიხედვით მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა საიჯარო ქონება ქ. თბილისში, რ---------–ის გ---------ში მდებარე ს----------–ოს პ----–------ის სასახლეში 6 ერთეული პროდუქტის აპარატისა და 4 ერთეული ყავის აპარატის განთავსების მიზნით 12 კვ.მ და 8 კვ.მ ფართობი ორწლიანი სარგებლობის უფლებით.

 

4.5. 2014 წლის 11 ნოემბერს ხელშეკრულებით საიჯარო ქონებით სარგებლობის ყოველთვიური საფასური განისაზღვრა 390 ლარის და 290 ლარის ოდენობი - მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა.

 

4.6. ამავე ხელშეკრულებების 4.2 პუნქტების შესაბამისად, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულა პირგასამტეხლო 0,1% ყოველთვიური საიჯარო ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში 50 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

4.7. მოიჯარე - შპს ,,ა-----ამ“ დაარღვია 2014 წლის 11 ნოემბრის N-------- საიჯარო ხელშეკრულებებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებები.

 

4.8. სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. ამავე ნორმის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-ე-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების შედეგად დაადგინა, მხარეები ასევე სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომელიც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება, რომ მოპასუხე მხარეს 2014 წლის 11 ნოემბრის N-------- საიჯარო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია ჯეროვნად, რის შედეგადაც საიჯარო დავალიანების გარდა მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 50 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ს----------–ოს პ----–------ის დარიცხულმა პირგასამტეხლომ 2014 წლის 11 ნოემბრდან 2015 წლის 23 ოქტომბრამდე შეადგინა 24 105.20 ლარი. მოპასუხე შპს ,,ა-----ამ“ სარჩელი ცნო 8000 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება Nას-988-1021-2011; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 იანვრის ას-721-728-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც შპს ,,ა-----ამ“ დაარღვია 2014 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებების პირობები, მოპასუხეს წარმოეშვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნისა და პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება მოაპსუხის მიმართ.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოიჯარის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ამავე კოდექსის 416-ე მუხლიდან გამომდინარე, მეიჯარეს შეუძლია, გამოიყენოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება _ პირგასამტეხლო, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ ვალდებულების შესრულების გარანტს. ვინაიდან მოპასუხის მხრიდან არ მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, მხარეს მართებულად დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლო 8000 ლარის ოდენობით;

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესრულებული ვალდებულების და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე სწორად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა იგი 24 105.20 ლარიდან 8000 ლარამდე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----------–ოს პ----–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩიების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სსს კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

ოთარ სიჭინავა