განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2018
საქმის ნომერი
330210015001055886
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001055886

საქმე №2ბ/306-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - გელა ქირია, ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - კ---- ლ-------ია

წარმომადგენელი - გ----ზ ნ-–-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს----------–ოს რ-------ა’’

წარმომადგენელი - მ--- მ---------–ი

 

დავის საგანი – სარჩოს გადაანგარიშება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ---- ლ-------იას სარჩელი სს ,,ს----------–ოს რ-------ის“ მიმართ სარჩოს გადაანგარიშების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე კ---- ლ-------იამ, მოპასუხე შპს ,,ს----------–ოს რ-------აში“ ,,თ------–-ს“ ს------------------ის თანამდებობაზე მუშაობისას, 1974 წლის 4 სექტემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა და აღნიშნული ტრავმის გამო დაუდგინდა პირველი ჯგუფის ინვალიდობა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

-1975 წლის 12 თებერვლის ბრძანება;

-1975 წლის 7 იანვრის სამედიცინო შემოწმების აქტი;

 

2.2. მოსარჩელე კ---- ლ-------ია, საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანისთვის ყოველთვიურად 2012 წლის აგვისტოს თვიდან იღებს 275 ლარს, რაც განსხვავდება მოქმედი რ-------ის ს------------------ის ხელფასისგან.

 

სასამართლო დაეყრდნო - სადგური ფ-------------------–------------------------ის 2----–-–---- სექტემბრის წერილი;

 

2.3. ს----------–ოს რ-------ის სადგურ ,,თ------–ში“, რომელიც წარმოადგენს მე-4 კატეგორიის სადგურს, 2013 წლის იანვრიდან ს------------------ის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 500 ლარს, ასევე, 2013 წლის 1 მარტიდან შემოღებულ იქნა დანამატი ღამის საათებში მუშაობისათვის, რომლის ოდენობა 2013 წლის 1 მარტიდან შეადგენს საშუალოდ თვეში 41 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო - შპს ,,ს----------–ოს რ-------ის“ დ-----------------------------–---–----------------------------–-- წერილი;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე იღებდა ყოველთვიურ სარჩოს 275 ლარის ოდენობით (იხ. 3.1.2. უდავო ფაქტობრივი გარემოება). ასევე დადასტურებულია, რომ დელიქტი განხორციელებულია და ვალდებულება მოპასუხეს აღიარებული აქვს, რაც გამოიხატება განვლილ პერიოდზე სარჩოს გადახდით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ მომენტში, სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერება.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაზე და აღნიშნა, რომ ნორმა განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს ვალდებულ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად განხორციელდეს ე.წ. რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მეორე ნაწილი მიუთითებს იმაზე, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს მართებულად, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული ზიანის მიმყენებელი გადაეხადა კომპენსაცია დაზარალებულისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ამჟამად, 86 წლისაა, პრეზუმირებულია, რომ იგი იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმ პერიოდისათვის მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა. შესაბამისად, სადავო პერიოდში 2013-2017 წლებში მოსარჩელე ვერ შეასრულებდა საწარმოში შრომით მოვალეობას და მასზე ვერც დასახელებულ პერიოდში განხორციელებული სახელფასო ცვლილებები გავრცელდებოდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება მარჩენალდაკარგული პირისათვის სარჩოს გადაანგარიშებას(იხ., სუსგ Nას-789-746-2015, 22.02.2016წ.)

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და სასამართლოს დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ავტორმა მიუთითა მხოლოდ კ---- ლ-------იას საპენსიო ასაკზე და სარჩელის არ დაკმაყოფილების მიზეზს, საფუძვლად დაუდო მხოლოდ ის გარემოება, რომ კ. ლ-------ია იმუშავებდა თუ არა დღეისათვის ს----------–ოს რ-------აში, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს განსახილველი საქმესთან. მოსამართლის მიერ არ იქნა გაბათილებული შესაბამისი არგუმენტაციით კ---- ლ-------იას სარჩელის მოთხოვნის, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი დაფუძვლები. შესაბამისად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებული იყო იურიდიულ დასაბუთებას.

 

აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992, 411-ე და 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, მათ არ გაუკეთა სწორი ინტერპრეტაცია და ამასთან არ გამოიყენა სამოქალქო კოდექსის 409-ე მუხლი.

 

აპელანტის განმარტებით, სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. კონკრეტულ შემთხვევაში რომ არა მოპასუხის ბრალეული ქმედება კ---- ლ-------ია არ იქნებოდა ასეთ მდგომარეობაში. შესაბამისად, მოპასუხე მოსარჩელეს ვერ აღუდგენს იმ მდგომარეობას ჯანმრთელობის მიმართულებით, რაც მას ჰქონდა შრომით დასახიჩრებამდე. (დადგენილია, საწარმოო ტრამვის შედეგად გაუკეთდა მარცხენა ფეხის მუხლის ზევით ნაწილის, მარჯვენა მტევანის და მარცხენა ხელის თითების ამპუტაცია)

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სსკ-ის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირველადი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება კ.ლ-------იას ამპუტირებული სხეულის ნაწილებს ს----------–ოს რ-------ა ვერ დაუბრუნებს პირვალდელ მდგომარეობაში. შესაბამისად მან უნდა მიიღოს ფულადი ანაზღაურება.სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები,დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. აპელანტის მითითებით, კ---- ლ-------იას ჯანმრთელობის მოშლის გამო დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქიები, რაც განაპირობებს შრომის უნარის სრულ დაკარგვას, ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც იგი მიჰყავს ქმედუნარიანობის მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე. შრომის უნარი არ ნიშნავს მხოლოდ სამუშაო ადგილას მუშაობას. მოსარჩელის მოთხოვნილებები გაზრდილია, მას სახლში შესაძლებლობა არ აქვს შეასრულოს ელემენტარული საყოფაცხოვრებო ფუნქციები, ის ვერ გაუთანაბრდება პირს ვინც 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ გასულია პენსიაზე. სარჩოს გამოანგარიშება მოქმედი მუშაკის ხელფასიდა გამომდინარეობს იქედან, რომ ხელფასის მიღებით, მოქმედი მუშაკი უნდა იყოს სოციალურად უზრუნველყოფილი. აპელანტის განმარტებით, ზემოთ მითითებული ნორმა არ მიუთითებს ზოგადად შრომის უნარზე, რაც არ არის დაკავშირებული იმ ფაქტთან იმუშავებდა თუ არა მოსარჩელე სამსახურში.

 

აპელანტი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ საწარმო ტრამვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოადგენს ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას, ვინაიდან ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლიტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიზნად ისახავს არაქონებრივი სიკეთისათვის (სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისათვის) მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რაც სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას და ყურადღება არ მიექცა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ კ---- ლ-------იას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.4. პუნქტები).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებით, ნორმით დადგენილი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს სს ,,ს----------–ოს რ-------აში” მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს საწარმოო ტრავმა - ,,თ------–-ს’’ ს------------------ის თანამდებობაზე მუშაობისას. 1974 წლის 4 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრამვა, რის გამოც მას შეზღუდული აქვს შრომის უნარი, ანუ კ---- ლ-------იას მიღებული ტრავმის გამო დაუდგინდა პირველი ჯგუფის ინვალიდობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის №--------------–--ით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №--------------–--ით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი” და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №-------------–--ით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის 1.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავე წესის 1.2 მუხლით, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის. მითითებული წესის მე-2 მუხლის მიხედვით, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N--------------–--ის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული „ზიანის ანაზღაურების სარჩო“ ექვემდებარება ანაზღაურებას დამსაქმებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2007 წლის 24 მარტის №-------------–--ით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა სწორად განისაზღვრა შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია, სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №-------------–--ა არ ითვალისწინებდა, თუმცა, პალატა ყურადღებას ამახვილებს თავად ზიანის ანაზღაურების მიზანზე, რომლის არსი სწორედ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც მას უკვე არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის N-------------–--ით გაუქმდა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №-------------–--ა.

 

შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქმის მასალებით, კონკრეტულად კი სადგური ფ-------------------–------------------------ის 2----–-–---- სექტემბრის წერილით, დგინდება, რომ მოსარჩელე, სარჩოს სახით, 2012 წლის აგვისტოს თვიდან იღებს 275 ლარს, რაც განსხვავდება მოქმედი რ-------ის ს------------------ის ხელფასისაგან.

 

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ სს ,,ს----------–ოს რ-------ის” სადგურ ,,თ------–ში’’, რომელიც წარმოადგენს მე-4 კატეგორიის სადგურს, 2013 წლის იანვრიდან ს------------------ის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 500 ლარს, ასევე, 2013 წლის 1 მარტიდან შემოღებულა დანამატი ღამის საათებში მუშაობისათვის, რომლის ოდენობა 2013 წლის 01 მარტიდან შეადგენს საშუალოდ თვეში 41 ლარს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე სს ,,ს----------–ოს რ-------ისათვის“ 2----–-–---- ოქტომბრიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 541 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს, კომპენსაცია არ უნდა მიეცეს მის მიერ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში 2013-2017 წლებში, ვინაიდან ამ დროის განმავლობაში არ არსებობდა ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება - რადგან მოსარჩელე ამჟამად 86 წლისაა სამოქალაქო სამართლებრივი პრეზუმფციის თანახმად იგი იმუშავებდა 65 წლის ასაკამდე, საპენსიო ასაკამდე.

 

აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობს აპელანტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტი გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ---- ლ-------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე- 4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სსს კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები გელა ქირია

 

ოთარ სიჭინავა