განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2018
საქმის ნომერი
820210018002043796
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210018002043796

საქმე №2/ბ-385-18

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი - ქ---ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი- ს---–---- ჩ------ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ლე კ-----------–-- 2--“

წარმომადგენელი-დირექტორი ლ---- ჭ----------

დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

აღწერილობითი ნაწილი

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2017 წლის 09 აგვისტოს შპს ,,ლე-კ-----------–-- 2--“-მა (შემდგომში მიმწოდებელი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა მოპასუხე ქ---ის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში შემსყიდველი, მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა 2016 წლის 21 მარტს გაფორმებული №3- ხელშეკრულების საფუძველზე მასზე დაკისრებული პირგასამტეხლოს 12 613,67 ლარის (შესრულებული სამუშაოს 35 %) შემცირება 10 %-მდე - 3550 (სამი ათას ხუთასორმოცდაათი) ლარამდე და დანარჩენი თანხის - 9063,67 (ცხრა ათას სამოცდასამი ლარი და 67 თეთრი) ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება. (საქართველოს სამოქალაქო კოდექის 420-ე მუხლი)

 

2.1.სარჩელის საფუძვლები:

 

2.1.1. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2016 წლის 21 მარტს გაფორმებული №3- ხელშეკრულების ფარგლებში შესრულდა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ქ---ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება შეადგენდა 37 999,98 ლარს. რეალურად შესრულდა და საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტი გაფორმდა 34485,74 ლარის სამუშაოებზე, რითაც ხელშეკრულება შესრულებულად ჩაითვალა, დოკუმენტაცია გაფორმდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, თუმცა ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, ვადაგადაცილების გამო დაკისრებულმა ჯარიმის რაოდენობამ შეადგინა არაგონივრულად მაღალი თანხა 16011,19 ლარი, რაც წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს 45%-ს. საჯარიმო სანქციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მიმწოდებელ ოგანიზაციას აყენებს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და საფრთხეს უქმნის მის ფუნქციიონირებას, აღნიშნული ხელშეკრულება თავდაპირველად ითვალისწინებდა 6(ექვსი) საყრდენი კედლის მოწყობას, საიდანაც მოგვიანებით ხელშეკრულების მხარეებისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზის გამო გამოირიცხა ერთი კედლის მშენებლობა და დარჩა 5(ხუთი) საპროექტო (სამშენებლო) წერტილი.

 

2.1.2. მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა შესრულება და მასალათა მიწოდება დაიწყო სამუშაოებისათვის განსაზღვრულ პერიოდში, მაგრამ 2016 წლის ზაფხულის სტიქიური მოვლენების დროს მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა მწყობრიდან გამოიყვანა და ნატანით აავსო საპროექტო კედლების საძირკვლები, რა დროსაც საძირკვლის ახლადმოწყობილ რკინა-ბეტონის კონსტრუქციის გარდა განადგურდა ასევე მოწყობილი კედლის დასაბეტონებლად განსაზღვრული არმატურის პერანგი და ყალიბის ქარგილი, რის გამოც მიმწოდებელს თავიდან მოუწია როგორც სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ასევე მატერიალური რესურსის მობილიზება. აღნიშნული მდგომარეობა დათვალიერებულ იქნა და დაფიქსირდა ქ---ის მუნიციპალიტეტის სპეციალისტების მიერ. ამ გარემოებათა გათვალისწინებით გაგრძელდა სამუშაოთა შესრულების ვადა. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულდა 2016 წლის ივნისიდან - ნოემბრის ჩათვლით, ამ დროისთვის შესრულებული სამუშაოების ოდენობა განისაზღვრა ორი შუალედური და ორი საბოლოო მიღება - ჩაბარების აქტით - ჯამში 2751359 ლარით. 2016 წლის დეკემბერში აღნიშნული სამუშაოების ჩაბარების პარალელურად მოსარჩელემ გადაიხდა უკვე დაკისრებული ჯარიმა - 6572.79 ლარი, თუმცა რეალურად შესასრულებელი 7972.15 ლარის სამუშაოების წარმოების პროცესში კომპანია კვლავ დაჯარიმდა 6040.88 ლარით. ამდენად, ჯარიმის ჯამური მაჩვენებელი გასცდა ამ კონკრეტული ხელშეკრულებისათვის წარმოსადგენ და შესაძლებელ გონივრულ ზღვარს, რამაც დააზარალა მიმწოდებელი კომპანიის და მისი მოსამსახურე პერსონალის ინტერესები.

 

2.1.3.საბოლოოდ შესრულებული სამუშაოების ჯამური მაჩვენებლის - (35 485,74 ლარი) პარალელურად დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამურმა მაჩვენებლმა შეადგინა 12 613,67 ლარი, რაც შესრულებული სამუშაოს, ანუ მიმწოდებელი მომსახურების 35.5%-ს წარმოადგენს. ხელშეკრულების დაგვიანებით შესრულების გამო იზარალა მხოლოდ მიმწოდებლმა. შემსყიდველის მიზნები, რომელსაც ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებულია, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში წამოჭრილი სირთულეები აღმოფხვრა მიმწოდებელმა. ხელშეკრულება, რომელიც ელექტრონული ტენდერის მეშვეობით იქნა დადებული, იმთავითვე ითვალისწინებდა სახელმწიფოსთვის ეკონომიას, რადგანაც ტენდერზე ვაჭრობის შედეგად, გამოცხადებული სავარაუდო ღირებულების 81 % -ით იქნა მოგებული და ხელშეკრულებაც შესაბამისად ამ თანხაზე გაფორმდა.

 

2.1.4.მოსარჩელემ მიიჩნია, რომ განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მოითხოვა მისი შემცირება.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ქ---ის მუნიციპალიტეტმა (შემსყიდველი) სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების 4.1. მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 2016 წლის 01 ივლისი.ხელშეკრულების 7.2 მუხლით ყოველ დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,1% პროცენტის ოდენობით. მხარე არის მეწარმე, რომელიც საქმიანობს სწორედ სამშენებლო სფეროში, შესაბამისად მას ქონდა ყველა გონივრული შესაძლებლობა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ევარაუდა ვალდებულების დროულად შესრულების შესაძლო ხელშემშლელი პირობების არსებობის შესახებ და შესაბამისად განესაზღვრა ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე გულგრილად მოეკიდა ნაკისრ ვალდებულებებს და სწორედ ამან გამოიწვია ვადის დარღვევით სამუშაოს დასრულება. შესაბამისად, მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირებაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ლე კ-----------–-- 2--“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ---ის მუნიციპალიტეტსა (მერიას) და შპს „ლე კ-----------–-- 2--“-ს შორის 2016 წლის 21 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №3- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ლე კ-----------–-- 2--“-ზე განსაზღვრული პირგასამტეხლო 35 %, - 12613,67 ლარი შემცირდა 10 %-მდე და განისაზღვრა 3550 (სამი ათას ხუთასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხე ქ---ის მუნიციპალიტეტს (მერიას) (საიდენტ.№2---------)მოსარჩელე შპს „ლე კ-----------–-- 2--“-ის (სადენტ.№ 4--------) სასარგებლოდ დაეკისრა მათ შორის 2016 წლის 21 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №3- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი თანხის - 9063,67 (ცხრა ათას სამოცდასამი ლარი 67 თეთრი) ლარის გადახდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

2.3.1. 2016 წლის 21 მარტს ქ---ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,, ლე-კ-----------–-- 2--“ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №3- ხელშკრულება, ქ---ის მუნიციპალიტეტის მ-----–---ის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიების შესყიდვის თაობაზე. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება შეადგენდა 377999,98 ლარს. სახელდობრ, ხელშეკრულების 2.1.1. მუხლით სოფელ ს--------ეებში (დოლოგანი) მ----- ს--------ის ეზოში ქვედა საყრდენი კედლის მოწყობა განისაზღვრა 9527,28 ლარის ოდენობით, 2.1.3. მუხლით განსაზღვრული სოფელ ზ---- ბ---------ში ი-----– ღ------------ის ეზოში ქვედა საყრდენი კედლის მოწყობა - 6894.64 ლარის ოდენობით, 2.1.4. მუხლით განსაზღვრული, სოფელ ს--------ეებში, ო----- ს--------ის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლის მოწყობა - 10992.64 ლარის ოდენობით, 2.1.5. მუხლით განსაზღვრული, სოფელ ზ---- ბ---------ში თ------ ღ------------ის ეზოში გზის გასამაგრებლად ქვედა საყრდენი კედლის მოწყობა- 3-83.46 ლარის ოდენობით, 2.1.6 მუხლით განსაზღვრული, სოფელ ზ---- ბ---------ში ი-–- ღ------------ის ეზოს ზემოთ ზედასაყრდენი კედლის მოწყობა - 5452.27ლარის ოდენობით. 2.3.2. 2016 წლის 21 მარტის №3- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 01 ივლისამდე. 2.3.3. 2016 წლის 21 მარტის №3- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 17.2. პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. 2.3.4. 2016 წლის 21 მარტის №3- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-19 მუხლის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. 2.3.5. 2016 წლის 20 დეკემბერს ქ---ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ლე-კ-----------–-- 2--“ ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 21 მარტის №3- ხელშკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გაფორებული შეთანხმების შესაბამისად ხელშეკრულების მე-19 მუხლის 19.1 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან 2017 წლის 31 მაისამდე. 2.3.6. 2016 წლის 21 მარტის №3- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 2.1.1. მუხლით განსაზღვრული, სოფელ ს--------ეებში (დოლოგანი) მ----- ს--------ის ეზოში ქვედა საყრდენი კედლის მოწყობის 2016 წლის 20 დეკემბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურდა 8727.44 ლარის სამუშაოების შესრულება. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2017 წლის 15 ივნისს, სადაც მეორე ეტაპის სამუშაომ შეადგინა 522.35 ლარი. საჯარიმო თანხა მთლიანობაში განისაზღვრა 3275.31 ლარის ოდენობით. 2.3.7. 2016 წლის 21 მარტის №3- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 2.1.3. მუხლით განსაზღვრული, სოფელ ზ---- ბ---------ში ი-----– ღ------------ის ეზოში ქვედა საყრდენი კედლის მოწყობისათვის სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 29 მაისს, 2017 წლის 15 ივნისს აქტში დადასტურებულია 6 6693.83 ლარის სამუშაოები, ხოლო საჯარიმო თანხა განსაზღვრულია 2401.28 ლარის ოდენობით. 2.3.8. 2016 წლის 21 მარტის №3- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 2.1.4 მუხლით განსაზღვრული, სოფელ ს--------ეებში, ო----- ს--------ის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლის მოწყობის შუალედური მიღება -ჩაბარების აქტი გაფორმდა 2016 წლის 20 დეკემბერს, სადაც დადასტურდა 9916.50 ლარის სამუშაოების ჩატარების ფაქტობრივი გარემოება. საბოლოო მიღება - ჩაბარების აქტი შედგა 2017 წლის 15 ივნისს. მეორე ეტაპის სამუშაოებმა შეადგინა 755.97 ლარი. საჯარიმო თანხა განისაზღვრა 3761.81 ლარი. 2.3.9. 2016 წლის 21 მარტის №3- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 2.1.5 მუხლით განსაზღვრულ, სოფელ ზ---- ბ---------ში თ------ ღ------------ის ეზოში გზის გასამაგრებლად ქვედა საყრდენი კედლის მოწყობაზე მიღება -ჩაბარების აქტი შედგა 2016 წლის 21 დეკემბერს, შესრულებული სამუშაო შეადგენს 3576.18 ლარს, ხოლო საჯარიმო თანხა შეადგენს 2232.45 ლარს. 2.3.10. ხელშეკრულების 2.1.6. მუხლით განსაზღვრულ, სოფელ ზ---- ბ---------ში ი-–- ღ------------ის ეზოს ზემოთ ზედასაყრდენი კედლის მოწყობაზე სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2016 წლის 21 დეკემბერს, შესრულებული სამუშაო შეადგენს 5293,47 ლარს,ხოლო საჯარიმო თანხა შეადგენს 4340,34 ლარს. 2.3.11 საბოლოოდ შესრულებული სამუშაოების ჯამური მაჩვენებლის (35485.74) პარალელურად, მიმწოდებელს შემსყიდველის მხრიდან, სხვადასხვა დროს ჩაერიცხა 22872.07ლარი (64.5%) ხოლო შესრულებული სამუშაოს 35.5% -12613.67 ლარი შემსყიდველის მიერ გაქვითული იქნა პირგასამტეხლოს სახით. 2.3.12. მხარეები სადავოდ არ ხდიან და ადასტურებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის ფაქტს, თუმცა სადავოა პირგასამტეხლოს ოდენობა. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

2.3.13. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 401,402, 417-ე, 418-ე, 420-ე, 115-ე მუხლებზე და განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2016 წლის 01 ივლისამდე, რაც დადგენილ დროში არ შესრულდა. 2.3.14. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სასამართლოს განმარტებით აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. 2.3.15. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ შპს ,,ლე - კ-----------–-- 2--“ -მა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ შეასრულა ვალდებულებები, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების 17.2. მუხლით განსზაღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძველს. 2.3.16. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი მხარეებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს. სამოქალაქო კოდექსი, მართალია, ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.სასამართლომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი თვალსაზრისის გასამყარებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე. (სუსგ ას-896-846-2015 12.02.2016წ. ას-973-914-2012 01.11.2013წ.) 2.3.17. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. 2.3.18. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ზემოხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით, სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხედველობაში იყო მისაღები ვალდებულების დარღვევის ხასიათი, გამომწვევი მიზეზები, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობა გარკვეულწილად გამოიწვია სტიქიურმა მოვლენებმა, ამასთან სამუშაოთა შესრულება მოხდა სრულად და ხარისხიანად და ასეთის ერთობლიობაში შეფასებით მიიჩნია, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან (35485.74 ლარი) პირგასამტეხლოს სახით გაქვითული 12613.67 იყო შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს თანხის 3550 ლარამდე შემცირებისა და მოპასუხეზე 9063.76 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე იყო საფუძვლიანი. 3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე (შემსყიდველი) ქ---ის მუნიციპალიტეტმა, არ მიიჩნია რა ასეთი იურიდიულად საკმარისად დასაბუთებულად. 3.2. აპელანტის განმარტებით, 2016 წლის 21 მარტის ხელშეკრულების 4.1. მუხლით შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 2016 წლის 01 ივლისი. 17.2. მუხლით ყოველ დაგვიანებულ დღისათის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით. 3.3.მოპასუხე მხარე არის მეწარმე პირი, რომელიც საქმიანობს სამშენებლო სფეროში, შესაბამისად მას ქონდა გონივრული შესაძლებლობა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ევარაუდა ვალდებულების დროულად შესრულების შესაძლო ხელშემშლელი პირობები და ამის შესაბამისად დაეთქვა ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ თავად მოსარჩელე მხარე ეკიდებოდა გულგრილად ნაკისრ ვალდებულებებს და სწორედ ამან გამოიწვია ე.წ. გაუთვალისწინებელი ხარვეზები. 3.4. აპელანტის განმარტებით, ასევე გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის ხანგრძლივობა -6 თვე. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტი ამ ვადის დარღვევის გასამართლებლად მიუთითებს ღვარცოფზე, ასეთ შემთხვევაშიც კი შეუძლებელია ამ არგუმენტის გაზიარება. ამასთან ღვარცოფის შედეგად სამუშაოების წარმოებას დაბრკოლება შეექმნა მხოლოდ ერთ ობიექტზე და არა სხვა დანარჩენ ობიექტებზე. სასამართლომ კი მთლიანობაში მისცა ასეთს შეფასება, მიიჩნია, რომ ღვარცოფის გამო ვერ შესრულდა ვალდებულება დროულად. შესაბამისად სასამართლოს მხოლოდ ამ ობიექტის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილის შემცირებაზე უნდა ემსჯელა და არა მთლიანად ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ობიექტების მიმართ დაკისრებულ პირგასამტეხლოს შემცირებაზე.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ფაქტობრივი დასაბუთება სამოქალაქო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული განჩინების 2.3.1-2.3.11 პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დამატებით ადგენს შემდეგს: 4.1. ქ---ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ლე-კ-----------–-- 2--“ს შორის 2016 წლის 21 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №3- ხელშკრულებით გათვალისწინებული 37 992.98 (ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაასოთხმოცდათორმეტი ლარი და 98 თეთრი)ლარის შესასრულებელ სამუშაოს გამოაკლდა მოცემული ხელშეკრულების 2.1.2. პუნქტით გათვალისწინებული სოფელ ზედა ბ-----ში ს---–---- ღ------------ის ეზოში სავალი ნაწილის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის მიზნით განსაზღვრული 1442.69 (ერთი ათას ოთხასორმოცდაორი ლარი და 69 თეთრი) სამუშაო და ამდენად 6(ექვსი) ობიექტის ნაცვლად 5 (ხუთი) ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა (37 992.98 -1442.69)=36 550.29 (ოცდათექვსმეტი ათას ხუთასორმოცდაათი ლარი და 29 თეთრი) ლარის ოდენობით. 4.2.სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლების მიერ მიცემული განმარტებით დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს წარმოების განხორციელების ვადის დასრულების დროისათვის - 2016 წლის 01 ივლისისათვის შესრულებული იყო შესასრულებელი სამუშაოს მხოლოდ 30%. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი); 4.3.ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მხარეთა განმარტების საფუძვლეზე დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ 2016 წლის 01 ივლისის მდგომარეობით შესრულებული იყო მხოლოდ 3- 550.29 ლარის ღირებულების სამუშაოს 30% -10965.087 ლარის ღირებულების სამუშაო და ამდენად, შეუსრულებელი იყო 25.585,2 (ოცდახუთი ათას ხუთასოთხმოცდახუთი ლარი და 20 თეთრი) ლარის ღირებულების სამუშაო. 4.4. მხარეთა განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, სახელდობრ 2016 წლის 20 დეკემბრით დათარიღებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებითა და ამავე წლის 21 დეკემბრის ქ---ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმღები კომისიის აქტების საფუძველზე პალატა უტყუარად დადგენილად მიიჩნევს, რომ მითითებული თარიღისათვის შპს ,,ლე-კ-----------–-- 2--“ს შესრულებული ქონდა შემდეგი სამუშაოები: ა) სრულად დასრულებული ქონდა სოფელ ზ---- ბ---------ში თ------ ღ------------ის ეზოში გზის გასამაგრებლად ქვედა საყრდენი კედლის მოწყობა (სახელშეკრულებო ღირებულება 3683,46ლარი); ბ)სრულად დასრულებული ქონდა სოფელ ზ---- ბ---------ში ი-–- ღ------------ის ეზოს ზემოთ ზედა საყრდენი კედლის მოწყობა (სახელშეკრულებო ღირებულება 5452,27 ლარი); გ) სოფელ ს--------ეებში, ო----- ს--------ის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლის მოწყობის (სახელშეკრულებო ღირებულება 10992.64 ლარი)მიზნით შესრულებული ქონდა 9916.50 ლარის ღირებულების სამუშაო. დ) სოფელ ს--------ეებში, მ----- ს--------ის ეზოში ქვედა საყრდენი კედლის მოწყობის (სახელშეკრულებო ღირებულება-9527,28 ლარი)მიზნით შესრულებული ქონდა 8727.44 ლარის ღირებულების სამუშაო. 4.5. მხარეთა განმარტებებით, ზემოხსნებული აქტებითა და ქ---ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმღები კომისიის 2017 წლის 15 ივნისის აქტებით ასევე უტყუარად დადგენილია, რომ 2016 წლის 20-21 დეკემბრის მდგომარეობით, მეორე ეტაპისათვის(როგორც ამას მხარები მიუთითებენ)შპს ,,ლე-კ-----------–-- 2--“ს შეუსრულებელი დარჩა 7972.15 ლარის ღირებულების სამუშაო და ასეთი დასრულებული სახით ჩაბარებულ-მიღებული იქნა 2017 წლის 15 ივნისს. 4.6. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ 2016 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის 21 დეკემბრამდე მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) შპს ,,ლე -კ-----------–-- 2--“ ს შეუსრულებელი ქონდა რა შესასრულებელი სამუშაოს 30 %,ანუ 25.585,2 ლარის ღირებულების სამუშაო, პირგასამტეხლოს გამოანგარიშებაც ვადაგადაცილების შესაბამის დღეებზე გადამრავლებით (1/07. 2016 - 20 /12.2016 =173 დღე) უნდა მოხდეს სწორედ მოცემული თანხიდან, ხოლო 2016 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით შეუსრულებელი ქონდა რა 7972.15 ლარის ღირებულების სამუშაო და ასეთი დაასრულა 2017 წლის 15 ივნისს, პირგასამტეხლოს გამოანგარიშებაც ვადაგადაცილების შესაბამის დღეებზე გადამრავლებით (21/12.2016 -15/06.2017= 177 დღე) უნდა მოხდეს სწორედ მოცემული თანხიდან. 4.7.მხარეთა განმარტებებით სამოქალაქო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის ზაფხულში ნამდვილად ჰქონდა ადგილი ხელშეკრულების შესრულების ადგილას წყალდიდობასა და სტიქიურ მოვლენებს, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუშალა მორსაჩელეს (მოწინააღმდეგე მხარე), როგორც მიწოდებელს, სამუშაოთა დროულად შესრულებაში. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითებს შემდეგს. 4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 4.10. ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით, შესაფასებელ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა და კანონი თანაბარ მდგომარეობაში განიხილავს მის სუბიექტებს. იმისათვის, რათა დაცული იყოს მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლება, კანონმდებელი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესაძლებლობას. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, „სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით,მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და.ა.შ..მითითებული ნორმა ემსახურება მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. შესაბამისდ პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. 4.11. ამდენად, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და.ა.შ. 4.12.განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მართალია, შპს ,,ლე-კ-----------–-- 2--“-მა ვალდებულება ვადის დარღვევით შეასრულა (იხ. სააპელაციო პალატის მიერ 4.6. პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება), რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია (ხელშეკრულება ამას ითვალისწინებდა), თუმცა, დაკისრებული პირგასამტეხლო 12 613,67 ლარის ოდენობით ცალსახად შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას. 4.13. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მიუხედავად ვადაგადაცილების დღეთა რაოდენობისა, გონივრული იქნებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის გამოანგარიშება სააპელაციო სასამართლოს მიერ 4.1.-4.7 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 0,1%-დან 0.05%-მდე შემცირებით. სახელდობრ, 2016 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის 21 დეკემბრამდე შუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 25.585,2 ლარის 0.05%-ის 173 დღეზე ნამრავლს - 2213.11 (ორი ათას ორასცამეტი ლარი და 11 თეთრი) ლარს დამატებული 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის 15 ივნისამდე შესასრულებელი სამუშაოს -7972.15 ლარის 0.05%-ის 177 ვადაგადაცილების დღეზე ნამრავლი -705.52 (შვიდასხუთილარი და 52 თეთრი) ლარი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში პალატის განსაზღვრით პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა ჯამურად შეიძლება განსაზღვრულიყო (2213.11+705.52)=2918.63 (ორი ათას ცხრაასთვრამეტი ლარი და 63 თეთრი) ლარი. 4.14. ზემოხსენებულთან ერთად განსახილველი საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად მხარეები თავად განსაზღვავენ დავის საგანს, შესაბამისად სასამართლომ მსჯელობა უნდა იქონიოს მხარის მოთხოვნის ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ შპს ,,ლე-კ-----------–-- 2--“-ის სარჩელის დაკმაყოფილებით საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც გამორიცხავს ქ---ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. 4.15. როგორც უკვე ზემოთ განიმარტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. 4.16. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,ლე კ-----------–-- 2--“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, ქ---ის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი არსებითად სწორია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქ---ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელი დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ლაურა მიქავა