განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.04.2018
საქმის ნომერი
330310016001487289
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
20.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001487289

საქმე №3ბ/1889-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, თეა ძიმისტარაშვილი

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ლ-–--------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,კრ------–ი"

წარმომადგენელი - გ------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

1.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ,,კრ------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს №2---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 15 ივნისის №1-----, №1-----, №1-----, №1----5, №1----6 და №1----7 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 270 (ორას სამოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.2.1. 2016 წლის 15 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შპს „კრ------–ის“ მიმართ შედგენილ იქნა №1-----, №1-----, №1-----, №1----5, №1----6 და №1----7 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტზე. თითოეული ოქმის საფუძველზე საწარმო დაჯარიმდა 1 500 (ათას ხუთასი) ლარით.

 

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 13 ივნისის №----- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შპს „კრ------–ის“ დათვალიერების დროს დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი აირგასამართ სადგურში საქმიანობას ახორციელებდა მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმის საშუალებით, რომლებზეც არ იყო საგადასახადო ორგანოს ლუქი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 15 ივნისის №1-----, №1-----, №1-----, №1----5, №1----6 და №1----7 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.

 

1.2.2. 2016 წლის 15 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგენილია დათვალიერების შედეგების შესახებ ოქმი, რომლის მიხედვითაც, დათვალიერდა შპს „კრ------–ის“ კუთვნილი გაზგასამართი სადგური, რომელიც მდებარეობს ზ--------ში, სოფელ ჭ----–------–ი, შ. ხ--–---–--ას №10-ში. დათვალიერების შედეგად დადგინა, რომ გაზგასამართ სადგურზე არის 3 სვეტი, თითოეულ სვეტზე არის 2 მრიცხველი და 2 მადოზირებელი ჩამომსხმელი მექანიზმი, სულ 3 სვეტი და 6 ჩამომსხმელი მექანიზმი. აღნიშნულ მექანიზმებს საგადასახადო ლუქები არ ადევს.

 

ოქმის შენიშვნაში გადამხდელი აღნიშნავს, რომ სვეტებს ადევს თავისი ქარხნული ლუქები, აქედან გამომდინარე, არ იყო ინფორმირებული, რომ საჭირო იყო საგადასახადო ლუქის დადება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 15 ივნისის დათვალიერების შედეგების შესახებ ოქმი.

 

1.2.3. 2016 წლის 23 ივნისს შპს „კრ------–მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 15 ივნისის №1-----, №1-----, №1-----, №1----5, №1----6 და №1----7 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებისა და მათ საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმების გაუქმება მოითხოვა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს №2---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ დადგენილია საგადასახადო სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტი და არ არსებობს სადავო ოქმების გაუქმების საფუძველი, ხოლო სანქციებისაგან გათავისუფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს №2---- ბრძანება.

 

1.2.4. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 19 აგვისტოს №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს „კრ------–ი“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის, დაჯარიმდა 200 (ორასი) ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 19 აგვისტოს №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 15 ივნისის №1-----, №1-----, №1-----, №1----5, №1----6 და №1----7 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს №2---- ბრძანება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობას ამოწმებს სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში.

 

1.3.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ავტოგასამართ ან/და აირგასამართ ან/და აირსავსებ საკომპრესორო სადგურში მადოზირებელ ან/და მრიცხველ მექანიზმზე საგადასახადო ორგანოს ლუქის არქონა ან დაზიანებული ლუქის ქონა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შპს „კრ------–ის“ მიმართ შედგენილ იქნა №1-----, №1-----, №1-----, №1----5, №1----6 და №1----7 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტზე. თითოეული ოქმის საფუძველზე საწარმო დაჯარიმდა 1 500 (ათას ხუთასი) ლარით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 13 ივნისის №----- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შპს „კრ------–ის“ დათვალიერების დროს დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი აირგასამართ სადგურში საქმიანობას ახორციელებდა მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებით, რომლებიც არ იყო დალუქული საგადასახადო ორგანოს მიერ.

 

საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელების (მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის, ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების და სამართალდარღვევების საქმის წარმოების) პროცედურები განისაზღვრება „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით.

 

მითითებული ბრძანების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ავტოგასამართ სადგურებში (შემდგომში – აგს) მარიგებელი სვეტების ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლით დადგენილი წესით დალუქული მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 პუქნტის შესაბამისად, აგს-ებში მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმების პირველად დალუქვას და ყოველ ხელახალ დალუქვას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით, აღნიშნული მექანიზმების მეტროლოგიური დამოწმების ჩატარების შემდეგ, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, აგს-ებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით. ამასთან, მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ლუქებით დალუქვას ექვემდებარება აგს-ებში არსებული ყველა მარიგებელი სვეტი, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს სვეტი საწვავის მისაწოდებლად.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-182-181 (კ-16)), სადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ „საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ ამ მუხლით განსაზღვრული საგადასახადო სამართალდარღვევის შემადგენლობა არსებობს, თუ დაულუქავი მექანიზმიდან ხდება საწვავის გაცემა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მითითებული ნორმის საფუძველზე, სამართალდარღვევას წარმოადგენს თავისთავად მადოზირებელ სვეტზე ლუქის არქონა, ანუ, დაულუქავი მექანიზმიდან საწვავის გაცემის რისკის შექმნა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანო არ არის ვალდებული, განხორციელოს საკონტროლო შესყიდვა, რომლითაც დადასტურდებოდა ასეთი სვეტიდან საქმიანობა (საწვავის გაცემა), ან საგანგებოდ შეამოწმოს, ეს სვეტები მიერთებული იყო თუ არა საწვავის წყაროსთან.“ საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და განმარტა, რომ „საგადასახადო კოდექსის 281.9-ე მუხლი სწორედ ამ ნორმასთან ერთობლივად უნდა განიმარტოს. აღნიშნული წესის საფუძველზე, სავალდებულოა ლუქის დადება იმ მარიგებელ სვეტებზეც, რომლებიც საწვავის გასაცემად არ გამოიყენება და შესაძლოა, მომავალშიც არ იქნეს გამოყენებული.“

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო მუხლით პასუხისმგებლობის შემოღება მიზნად ისახავს დაულუქავი მექანიზმიდან საწვავის გაცემის რისკის შექმნის გამორიცხვას, საგადასახადო ორგანოთა მიერ კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფას. ამდენად, ლუქის არარსებობა თავისთავად წარმოადგენს სამართალდარღვევას და აღნიშნულის შედეგად ზიანის დადგომის, გადასახადების დაფარვის, რეალიზაციის კანონსაწინააღმდეგოდ განხორციელების ფაქტის დადგენა ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის სავალდებულო არ არის. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ლუქის არარსებობისას იქმნება საფრთხე, რომ განხორციელდა ან განხორციელდება საქონლის მიწოდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებისაგან თავის არიდების მეშვეობით, საგადასახადო ორგანოს არ ევალება და იგი ვერ უზრუნველყოფს იმ საკითხის გამოკვლევას, სვეტები მიერთებულია თუ არა საწვავის წყაროსთან.

 

განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი აირგასამართ სადგურში საქმიანობას ახორციელებდა მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე, მოსარჩელე ლუქის არარსებობას სადავოდ არ ხდის, ამასთან, აღნიშნავს, რომ დამონტაჟებული 6 აირგასამართი მექანიზმიდან ოთხს არ გააჩნია გაზის გასამართი მოწყობილობები, ამდენად, ლუქის არსებობა ისეთ სვეტზე, რომელიც ვერ იქნება გამოყენებული, არ უნდა იყოს სავალდებულო. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხის შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სადავო საკითხის გადასაწყვეტად, ვინაიდან არსებითად მნიშვნელოვანი სხვაობაა ფუნქციონირებად მექანიზმსა, რომელიც არ არის დალუქული, რაც იმთავითვე სამართალდარღვევას წარმოადგენს, რადგან საფრთხე ექმნება საგადასახადო ორგანოთა მიერ გადასახადის გადამხდელთა კონტროლის განხორციელებას, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხის შესწავლასა და საქონლის მიწოდების განსაზღვრას, და მექანიზმს შორის, რომელიც არ არის ფუნქციონირებადი. ამ მიმართებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაწესების მიზანს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანების 23-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელშიც მითითებულია, რომ ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლით დადგენილი წესით დალუქული მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების საშუალებით. ამრიგად, კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება უკავშირდება საწვავის მისაწოდებლად ვარგისი სვეტების დალუქვას. თუკი სვეტი არ არის ვარგისი, ფუნქციონირებადი, დაზიანებულია და გამორიცხულია მისი გამოყენება და მისი მეშვეობით საწვავის მიწოდება, მასზე ლუქის არარსებობა ვერ წარმოქმნის საწვავის ფარულად მიწოდების საფრთხეს, რის პრევენციასაც ემსახურება საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემოღება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს არ გამოუკვლევია და შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ, იყო თუ არა მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმი გამოყენებადი, ფუნქციონირებადი, რომელზეც მექანიზმის საგადასახადო ორგანოს ლუქის არარსებობა წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, თუ მექანიზმი იყო უვარგისი, ვერ იქნებოდა გამოყენებული და შესაბამისად, ვერ წარმოქმნიდა რისკს, რომლის თავიდან აცილებასა და რომელზე რეაგირებასაც ემსახურება სადავო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მითითებულ გარემოებას.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ სახეზეა ერთი და არა რამდენიმე სამართალდარღვევა, სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა მიხედვითაც, ერთი და იმავე საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს არ შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა პასუხისმგებლობა ან განმეორებით დაეკისროს პასუხისმგებლობა. რამდენიმე საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე. ამასთანავე, უფრო მკაცრი სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სანქციას.

 

როგორც წარმოდგენილი დათვალიერების ოქმითა და სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმების შემდგენი პირების ა-–---------- გ-----–--სა და ლ-–- კ--–------ს განმარტებებით დასტურდება, სადგურში განთავსებული იყო სამი სვეტი, თითოეულ სვეტზე კი განლაგებული იყო ორი მრიცხველი და ორი მადოზირებელი მექანიზმი, ვინაიდან ერთი მრიცხველი და ერთი მადოზირებელი ქმნის სისტემას და ერთმანეთის გარეშე მათი ფუნქციონირება გამორიცხულია, სამართალდარღვევის ოქმი შედგა არა ცალ-ცალკე თითოეულ მრიცხველსა და მადოზირებელზე ლუქის უქონლობისათვის, არამედ ერთად ერთ მადოზირებელსა და ერთ მრიცხველზე ლუქის უქონლობისათვის, ამდენად, თითოეულ სვეტზე შედგენილია ორი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამართალდარღვევა გამოვლენილია ერთ ობიექტზე, ერთსა და იმავე დღეს, სამართალდარღვევის შემადგენლობას ქმნის მადოზირებელ ან/და მრიცხველ მექანიზმზე საგადასახადო ორგანოს ლუქის არქონა, ვინაიდან მრიცხველი და მადოზირებელი ერთად ქმნიან სისტემას და სავალდებულოა მათზე ლუქის დადება, ამასთან, ლუქი იდება არა ზოგადად სადგურზე მთლიანად, არამედ დამოუკიდებლად მრიცხველსა და მადოზირებელზე, რაც გულისხმობს, რომ შესაძლებელია, მათი ნაწილი იყოს დალუქული, ნაწილი კი - არა, არსებობს არა საერთო ლუქი, არამედ თითოეული მრიცხველისა და მადოზირებლისათვის დამოუკიდებელი ლუქი, სახეზეა რამდენიმე და არა ერთი სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

 

მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელია და დაუშვა შეცდომა, რის გამოც უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

საქართველოს საგადსახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14) და განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს/სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად განიხილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს ,,კეთილსინდისიერების” ან ,,არაკეთილსინდისიერების” ცნებას. თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავის გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო-სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა, სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. გადასახადის გადამხდელი შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს კანონის არსთან მიმართებაში, თუ აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კანონის ნორმა აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული ინტერპრეტაცისა და არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას იძლევა.

 

ზემოაღნიშნული განმარტებების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლების იმგვარ საკითხებს აწესრიგებს, როდესაც უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, გაათავისუფლოს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირი, თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის აშკარა ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო, კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში. სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის საკანონმდებლო ნორმის ბუნდოვანება და ორაზროვნება, რასაც გადამხდელის შეცდომაში შეყვანა შეეძლო. ამდენად, არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლების საფუძვლები.

 

მოსარჩელე ასევე მიუთითებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავდა, რომ მის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად, გამოყენებულ უნდა ყოფილიყო გაფრთხილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-14 ნაწილითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

 

მოსარჩელისთვის სახდელების დაკისრების მიზანშეწონილობის უმთავრეს არგუმენტად მოპასუხე იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი, რადგან სახეზეა სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 19 აგვისტოს №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს „კრ------–ი“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის, დაჯარიმდა 200 (ორასი) ლარით.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება და განმარტა, რომ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა დაკავშირებულია არა ნებისმიერ ჩადენილ სამართალდარღვევასთან, არამედ, დროის გარკვეულ მონაკვეთში პირის მიერ ერთი და იგივე ქმედების ჩადენასთან. დადგენილია, რომ 2015 წლის 19 აგვისტოსა და 2016 წლის 15 ივნისს შპს „კრ------–ს“ განესაზღვრა საგადასახადო სანქცია 281-ე მუხლის საფუძველზე, მაგრამ მის მიერ ჩადენილი იყო განსხვავებული სამართალდარღვევები. განმეორებითობის შემოწმებისას კი სწორედ სამართალდარღვევათა შინაარსობრივი დატვირთვა არის გადამწყვეტი. ამრიგად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირის დაჯარიმება ერთი და იმავე მუხლის სხვადასხვა ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისთვის მოხდა, არ წარმოადგენს სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენილად მიჩნევის საფუძველს, რადგან კანონით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში ერთი და იმავე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია.

 

ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილში ზოგადად 281-ე მუხლზე არის მითითება და არა კონკრეტულ ნაწილზე და ამდენად, მოცემული მუხლის მიზნებისათვის განმეორებითობა დაკავშირებულია 281-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევასთან და მნიშვნელობა არ აქვს მის რომელ ნაწილთან მიმართებით იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები. სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილში 281-ე მუხლის კონკრეტულ ნაწილებზე მიუთითებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 281-ე მუხლის ნებისმიერი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას საგადასახადო ორგანოს სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენების უფლება მიენიჭოს, ხოლო განმეორებითობა, რაც გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს, ამავე კანონის შესაბამისად უნდა იქნას დადგენილი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ გაფრთხილების გამოყენებისას საგადასახადო კოდექსის მითითებული მუხლით საგადასახადო ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, თუმცაღა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით კი განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სადავო აქტებით კი ფულადი სანქცია გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შეუძლებლობაზე მითითებით მაშინ, როდესაც არ დასტურდება სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საგადასახადო პასუხისმგებლობა იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. საკუთარი ქმედებისათვის ადამიანი პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე. იურიდიული პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთი ფორმაა. იგი ყოველთვის წარსულს (მოქმედება ან უმოქმედობა) აფასებს და დადგება სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევისათვის. იურიდიული პასუხისმგებლობა სამართლის ნორმების დარღვევის გარდაუვალი შედეგია. იურიდიული პასუხისმგებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, სამართლის ნორმებთან, ფიზიკური პირებისა და მათი გაერთიანებების ვალდებულებასთან და მართლსაწინააღმდეგო ქცევასთან. პასუხისმგებლობის გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს წინაპირობები: პირის ბრალეულობა, მისი ქცევის მართლწინააღმდეგობა, მიყენებული ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მის ქცევასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. იურიდიული პასუხისმგებლობა სახელმწიფო იძულებას ეფუძნება (ეს სამართლის ნორმის სანქციის რეალიზაციის კონკრეტული ფორმაა), დგება სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში და დაკავშირებულია საზოგადოებრივ გაკიცხვასთან.” „საგადასახადო პასუხისმგებლობას, იურიდიული ფუნქციის გარდა, სოციალური ფუნქციაც გააჩნია. საგადასახადო პასუხისმგებლობის სოციალური ფუნქცია საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილების ზოგადი და კერძო პრევენციით ხორციელდება. ზოგადი პრევენცია უზრუნველყოფს ახალი საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილებას საგადასახადო სამართლის ყველა სუბიექტის მიერ, ხოლო კერძო პრევენცია – ახალი საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილებას საგადასახადო სამართლის ინდივიდუალურად განსაზღვრული სუბიექტის მიერ.“ „საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და არსებითია არა მხოლოდ საგადასახადო სამართალდამრღვევის დასჯა, არამედ საჯარო ქონებრივი ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია.“

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის დისკრეციული უფლებამოსილების განმსაზღვრელი ნორმაა, თუმცა მისი დასაბუთება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახეზე განმეორებით ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევაა, ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ საგადასახადო სანქციის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ყველა ზემოთაღნიშნული გარემოება და მასზე დაფუძნებით გაადწყვიტოს სანქციის განსაზღვრის საკითხი.

 

გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მიუთითებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე, სადაც საგადასახადო ორგანოს მსგავსი შემთხვევა სხვა საწარმოს მიმართ განსხვავებულად აქვს შეფასებული და სახდელის სახით გამოყენებული აქვს გაფრთხილება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ არსებითად მსგავსი შემთხვევები გადაწყვიტოს ერთნაირად, დაუშვებელია არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ ან პირიქით. განსხვავებული მიდგომა დასაშვებია მხოლოდ არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით, როდესაც განსხვავება იძლევა განსხვავებული მიდგომის მართლზომიერების დასაბუთების შესაძლებლობას. საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 28 მაისის №----- ბრძანება, რომლითაც შპს „ს--–-----ის“ მიმართ საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მიმართ, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სახდელის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება. ვინაიდან საგადასახადო ორგანო განსხვავებული მიდგომის გამოყენებას ასაბუთებს შპს „კრ------–ის“ მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენით, რასაც ადგილი არ ჰქონია, მოცემულ შემთხვევაშიც საკითხი განხილულ უნდა იქნეს მსგავსი მიდგომით.

 

1.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს №2---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 15 ივნისის №1-----, №1-----, №1-----, №1----5, №1----6 და №1----7 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

 

2. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის იურიდიულად დაუსაბუთებელი. ამასთან, განმარტავს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მოწმედ დაკითხული პირების განმარტებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მადოზირებული სვეტზე მოშლილი არ ყოფილა გაზის მიწოდებისათვის საჭირო სისტემა და დათვალიერებისას ვლინდებოდა, რომ მადოზირებული და მრიცხველი მექანიზმები უბრალოდ შეერთებული არ იყო სისტემასთან.

 

ამასთან აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორი განმარტება გააკეთა სსკ-ის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ზოგადად 281-ე მუხლზე არის მითითება და არა კონკრეტულ ნაწილზე და ამდენად, მოცემული მუხლის მიზნებისათვის განმეორებითობა დაკავშირებულია 281-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევასთან და მნიშვნელობა არ აქვს მის რომელ ნაწილთან მიმართებით იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები.

 

ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და კანონშეუსაბამო.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

3.2.1. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

3.2.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ავტოგასამართ ან/და აირგასამართ ან/და აირსავსებ საკომპრესორო სადგურში მადოზირებელ ან/და მრიცხველ მექანიზმზე საგადასახადო ორგანოს ლუქის არქონა ან დაზიანებული ლუქის ქონა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

 

საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელების (მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის, ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების და სამართალდარღვევების საქმის წარმოების) პროცედურები განისაზღვრება „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანებით.

 

მითითებული ბრძანების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ავტოგასამართ სადგურებში (შემდგომში–აგს) მარიგებელი სვეტების ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლით დადგენილი წესით დალუქული მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 პუქნტის შესაბამისად, აგს-ებში მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმების პირველად დალუქვას და ყოველ ხელახალ დალუქვას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით, აღნიშნული მექანიზმების მეტროლოგიური დამოწმების ჩატარების შემდეგ, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, აგს-ებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით. ამასთან, მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ლუქებით დალუქვას ექვემდებარება აგს-ებში არსებული ყველა მარიგებელი სვეტი, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს სვეტი საწვავის მისაწოდებლად.

 

პალატა იზიარებს განმარტებას, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება უკავშირდება საწვავის მისაწოდებლად ვარგისი სვეტების დალუქვას. თუკი სვეტი არ არის ვარგისი, ფუნქციონირებადი, დაზიანებულია და გამორიცხულია მისი გამოყენება და მისი მეშვეობით საწვავის მიწოდება, მასზე ლუქის არარსებობა ვერ წარმოქმნის საწვავის ფარულად მიწოდების საფრთხეს, რის პრევენციასაც ემსახურება საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემოღება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შპს „კრ------–ის“ მიმართ შედგენილ იქნა №1-----, №1-----, №1-----, №1----5, №1----6 და №1----7 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტზე. თითოეული ოქმის საფუძველზე საწარმო დაჯარიმდა 1 500 (ათას ხუთასი) ლარით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 13 ივნისის №----- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შპს „კრ------–ის“ დათვალიერების დროს დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი აირგასამართ სადგურში საქმიანობას ახორციელებდა მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებით, რომლებიც არ იყო დალუქული საგადასახადო ორგანოს მიერ.

 

როგორც წარმოდგენილი დათვალიერების ოქმითა და სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმების შემდგენი პირების ა-–---------- გ-----–--სა და ლ-–- კ--–------ს განმარტებებით დასტურდება, სადგურში განთავსებული იყო სამი სვეტი, თითოეულ სვეტზე კი განლაგებული იყო ორი მრიცხველი და ორი მადოზირებელი მექანიზმი, ვინაიდან ერთი მრიცხველი და ერთი მადოზირებელი ქმნის სისტემას და ერთმანეთის გარეშე მათი ფუნქციონირება გამორიცხულია, სამართალდარღვევის ოქმი შედგა არა ცალ-ცალკე თითოეულ მრიცხველსა და მადოზირებელზე ლუქის უქონლობისათვის, არამედ ერთად ერთ მადოზირებელსა და ერთ მრიცხველზე ლუქის უქონლობისათვის, ამდენად, თითოეულ სვეტზე შედგენილია ორი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

პალატა აპელანტის ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით დამკვიდრებული მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევისა შემდეგ, თავად წყვეტს რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მოწმის ჩვენებაც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულებას, ფიზიკური მდგომარეობასა და სხვა) განხილვას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მოწმის ჩვენების სისწორეზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საგადასახადო ორგანოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ, იყო თუ არა მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმი გამოყენებადი, ფუნქციონირებადი, რომელზეც მექანიზმის საგადასახადო ორგანოს ლუქის არარსებობა წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, თუ მექანიზმი იყო უვარგისი, ვერ იქნებოდა გამოყენებული და შესაბამისად, ვერ წარმოქმნიდა რისკს, რომლის თავიდან აცილებასა და რომელზე რეაგირებასაც ემსახურება სადავო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა.

 

3.2.3. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს საქართველოს საგადსახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის არასწორ განმარტებაზე.

 

საქართველოს საგადსახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-14 ნაწილითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

 

პალატას მართებულად მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილში 281-ე მუხლის კონკრეტულ ნაწილებზე მიუთითებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 281-ე მუხლის ნებისმიერი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას საგადასახადო ორგანოს სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენების უფლება მიენიჭოს, ხოლო განმეორებითობა, რაც გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს, ამავე კანონის შესაბამისად უნდა იქნას დადგენილი.

 

3.2.4. სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აპელანტის ყურადღება გაამახვილოს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

პალატა განმარტავს, რომ მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და ვერ მიეთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

3.2.5. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მართებულად იქნა ცნობილი ბათილად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც აპელანტმა - ვერ მიეთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

5.1. აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

 

თეა ძიმისტარაშვილი