განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700059465
საქმე №1/ა.გ-359-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ თე--------------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენით:
თე--------------------ე (დაბადებული 1----–-–--------–--------------------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის დაუნიშნავად.
თე--------------------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
2018 წლის 11 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა თე--------------------ემ, რომელმაც მოითხოვა 2017 წლის 30 ნოემბრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ თე--------------------ის შუამდგომლობა დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა საპროცესო კანომდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული.
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენით თე--------------------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანას“ უკანონოდ შეძენა და შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაზეც არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი არის დაუსაბუთებელი და დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-313-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თე--------------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნას ცნობილი;
განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან 2 კვირის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: შ. ყაველაშვილი
მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი
მ. კაპანაძე