განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001495668
საქმე №3ბ/2652-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
9 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - გ------- ჩ-----–-–--ლი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს---------- შ---–-–--ლი;
წარმომადგენელი - დ----- დ-------ძე;
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 7 740 ლარის ანაზღაურება (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის მოსამზადებელი სხდომის ოქმი, ს.ფ. 33-37).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ქმედების განხორციელების დავალების, კერძოდ ზიანის ანაზღაურების დავალების სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ს---------- შ---–-–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 7 740 ლარის ანაზღაურება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 4 ივნისის №1------ წერილით, ს---------- შ---–-–--ლს, მის მიერ 2013 წლის 17 მაისის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ შს ორგანოებში მისი ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან შეადგენს 16 წელს, 00 თვეს და 11 დღეს. აღნიშნული წერილით განმცხადებელს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განემარტა, რომ მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მოამზადონ წელთა ნამსახურობის გაანგარიშება სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად. (ს.ფ 11)
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ს---------- შ---–-–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ს---------- შ---–-–--ლის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტში წარსადგენად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. ხოლო 2014 წლის 5 დეკემბერს აღნიშნულ საქმეზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
აღნიშნული გადაწყვეტილების 4.1.1. და 4.1.2. პუნქტებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1988 წლის 26 სექტემბრის №--- პ/შ ბრძანებით ს---------- შ---–-–--ლი დაინიშნა ლ--------ის რაიაღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1988 წლის 26 დეკემბრის №319 პ/შ ბრძანებით კი ს---------- შ---–-–--ლი დაინიშნა ლ--------ის რაიაღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ამავე გადაწყვეტილების 4.1.4. პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 27 ნოემბრის №---- პ/შ ბრძანებით, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ს---------- შ---–-–--ლი - რეგიონალური კონტროლისა და კოორდინაციის სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ყოფილი უფროსი ინსპექტორი - დათხოვნილი იქნა შს ორგანოებიდან. ამავე გადაწყვეტილების 4.1.5. პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ფულადი ატესტატის თანახმად, 2004 წლის 1 იანვრისათვის ს---------- შ---–-–--ლს ნამსახურების წლებად განესაზღვრა - 23 წელი, 7 თვე და 00 დღე. (ს.ფ 12)
4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (საკადრო უზრუნველყოფის) უფროსის 2014 წლის 26 დეკემბრის MIA 9 1---------- წერილით, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს გაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოსამსახურის - ს---------- შ---–-–--ლის მასალები, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად. კერძოდ, წელთა ნამსახურობის ანგარიში; საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 27 ნოემბრის №---- პ/შ ბრძანების ამონაწერი; ს---------- შ---–-–--ლის პირადობის მოწმობის ასლი. (ს.ფ 51)
4.4. 2016 წლის 29 მარტს, ს---------- შ---–-–--ლმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა 18 თვის განმავლობაში შს სამინისტროს მიერ წელთა ნამსახურობის გაანგარიშების გაცემაზე უარის თქმის გამო მისთვის მიყენებული ზიანის - 7 740 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 12 ივლისის №1------ წერილით, ს---------- შ---–-–--ლს ეცნობა, რომ მოსამსახურეებისათვის კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განსაზღვრულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით და მათგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ასევე ეცნობა, რომ თუ პირი თვლის, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას დაირღვა მისი უფლებები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს. (ს.ფ 14-15)
4.5. 2016 წლის 1 აგვისტოს, ს---------- შ---–-–--ლის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა შსს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 21 ივლისის №1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ს---------- შ---–-–--ლისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. (ს.ფ 16)
4.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის 2016 წლის 19 აგვისტოს №MIA 9------------ წერილით, ს---------- შ---–-–--ლს ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად ეცნობა, რომ მოსამსახურეებისათვის კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განსაზღვრულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით და მათგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია გადაეგზავნა 2016 წლის 12 ივლისის №7----- წერილობითი პასუხით. საჩივრის ავტორს ასევე ეცნობა, რომ თუ პირი თვლის, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას დაირღვა მისი უფლებები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს. (ს.ფ 54-55)
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1988 წლის 26 სექტემბრის №--- პ/შ ბრძანებით ს---------- შ---–-–--ლი დაინიშნა ლ--------ის რაიაღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1988 წლის 26 დეკემბრის №319 პ/შ ბრძანებით კი ს---------- შ---–-–--ლი დაინიშნა ლ--------ის რაიაღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 27 ნოემბრის №---- პ/შ ბრძანებით, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ს---------- შ---–-–--ლი - რეგიონალური კონტროლისა და კოორდინაციის სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ყოფილი უფროსი ინსპექტორი - დათხოვნილი იქნა შს ორგანოებიდან.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტზე, ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ფულადი ატესტატის თანახმად, 2004 წლის 1 იანვრისათვის ს---------- შ---–-–--ლს ნამსახურების წლებად განესაზღვრა - 23 წელი, 7 თვე და 00 დღე.
სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მოსარჩელე მხარის მოთხოვნაზე, კერძოდ, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 7 740 ლარის ანაზღაურება - მიუღებელი ყოველთვიური კომპენსაციის ანაზღურება 18 თვის განმავლობაში (2013 წლის 4 ივნისიდან 2014 წლის 26 დეკემბრის პერიოდი), რაც თითოეული თვისათვის შეადგენს - 430 ლარს და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 4 ივნისის №1------ წერილით, ს---------- შ---–-–--ლს უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად. პირველი ინსტანციის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებულ პერიოდში, 2014 წლის 4 ივნისიდან 2014 წლის 26 დეკემბრამდე ვერ მიიღო სახელმწიფო კომპენსაცია იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მას უარი უთხრა წელთა ნამსახურობის გაანგარიშების მომზადებაზე, რათა წარედგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მიუღებელი კომპენსაცია გამოწვეულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული ქმედებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 7 740 ლარის ანაზღაურება.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
6.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ ს---------- შ---–-–--ლს არც სამინისტროში და არც სასამართლო წესით საქმის განხილვის ეტაპზე არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მოთხოვნას, მით უფრო ზიანის მიყენების ფაქტს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიერ არ არის წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები მატერიალური ზიანის თაობაზე, შეუძლებელია სასამართლოს მიერ დადგენილი იქნეს ფაქტობრივად დამდგარი დანაკლისი (რეალური ზიანი). აპელანტის განმარტებით, ქონებრივი ზიანის თავისებურებების გათვალისწინებით, ფულადი ანაზღაურების მიზანია დაზარალებული მხარის ქონებრივი დანაკარგის კომპენსაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ან არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სამინისტროს მხრიდან სრულად მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, წელთა ნამსახურობის გაანგარიშებით, რაც გაეგზავნა კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 26 დეკემბერს N2------ წერილით და რომელიც სადაო არ გამხდარა ს---------- შ---–-–--ლის მხრიდან. წარმომადგენელს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მისი დაუსაბუთებლობის გამო, ვინაიდან არ მომხრადა საქმის სრულყოფილად და ყოველმხრივ შესწავლა. წარმომადგენელი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ რომ ფულადი ანაზღაურების მიზანია დაზარალებული მხარის ქონებრივი დანაკარგების კომპენსაცია, გაუგებრად მიაჩნია, თუ რა დანაკლისი მიადგა მოსარჩელე მხარეს, ვინაიდან არ ყოფილა მის მიერ წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება. განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელე მხარის სიტყვიერ განმარტებას, რაც ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობის პრინციპსა და ზოგადად სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
პალატა ყურადრებას ამახვილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13) 23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური
ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არა სახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახე. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1988 წლის 26 სექტემბრის №--- პ/შ ბრძანებით, ს---------- შ---–-–--ლი დაინიშნა ლ--------ის რაიაღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1988 წლის 26 დეკემბრის №319 პ/შ ბრძანებით კი ს---------- შ---–-–--ლი დაინიშნა ლ--------ის რაიაღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 27 ნოემბრის №---- პ/შ ბრძანებით, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ს---------- შ---–-–--ლი - რეგიონალური კონტროლისა და კოორდინაციის სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ყოფილი უფროსი ინსპექტორი - დათხოვნილი იქნა შს ორგანოებიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ფულადი ატესტატის თანახმად, 2004 წლის 1 იანვრისათვის ს---------- შ---–-–--ლს ნამსახურების წლებად განესაზღვრა - 23 წელი, 7 თვე და 00 დღე.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 4 ივნისის №1------ წერილზე, რომლითაც ს---------- შ---–-–--ლს, მის მიერ 2013 წლის 17 მაისის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ შს ორგანოებში მისი ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან შეადგენს 16 წელს, 00 თვეს და 11 დღეს. აღნიშნული წერილით, განმცხადებელს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განემარტა, რომ მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მოამზადონ წელთა ნამსახურობის გაანგარიშება სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.
პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის ერთ-ერთი
საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს.
პალატა ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ს---------- შ---–-–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ს---------- შ---–-–--ლის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. ხოლო 2014 წლის 5 დეკემბერს აღნიშნულ საქმეზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სადაოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (საკადრო უზრუნველყოფის) უფროსის 2014 წლის 26 დეკემბრის MIA 9 1---------- წერილით, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს გაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოსამსახურის - ს---------- შ---–-–--ლის მასალები სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, კერძოდ, წელთა ნამსახურობის ანგარიში; საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 27 ნოემბრის №---- პ/შ ბრძანების ამონაწერი; ს---------- შ---–-–--ლის პირადობის მოწმობის ასლი. ხოლო 2016 წლის 29 მარტს, ს---------- შ---–-–--ლმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა 18 თვის განმავლობაში შს სამინისტროს მიერ წელთა ნამსახურობის გაანგარიშების გაცემაზე უარის თქმის გამო მისთვის მიყენებული ზიანის - 7 740 ლარის ანაზღაურება.
დადგენილია, რომ 2016 წლის 1 აგვისტოს, ს---------- შ---–-–--ლის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა შსს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 21 ივლისის №1------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ს---------- შ---–-–--ლისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის 2016 წლის 19 აგვისტოს №MIA 9------------ წერილით, ს---------- შ---–-–--ლს ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად ეცნობა, რომ მოსამსახურეებისათვის კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განსაზღვრულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით და მათგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია გადაეგზავნა 2016 წლის 12 ივლისის №7----- წერილობითი პასუხით. საჩივრის ავტორს ასევე ეცნობა, რომ თუ პირი თვლის, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას დაირღვა მისი უფლებები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო - სამეურნეო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ფულადი ატესტატის თანახმად, 2004 წლის 1 იანვრისათვის ს---------- შ---–-–--ლს ნამსახურების წლებად განესაზღვრა - 23 წელი, 7 თვე და 00 დღე.
პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (საკადრო უზრუნველყოფის) სამმართველოს უფროსის 2014 წლის 26 დეკემბრის MIA 9 1---------- წერილით, ქ. თბილისის ვაკე - საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს გაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოსამსახურის - ს---------- შ---–-–--ლის მასალები სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 21 თებერვლის N0----------- წერილით დგინდება, რომ ს---------- შ---–-–--ლს, 2018 წლის 15 თებერვლის N12502 განცხადების პასუხად, რომელიც ეხება სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხს ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დადგენილია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარშების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესამაბისად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ - ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა ა) 65 წლის და მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში - პენსიის ოდენობას დამატებული: ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისათვის - ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 2 ლარზე; ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის - ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 5 ლარზე; ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის ან უფრო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის - ზემოხსენებულ ორგანოში ნამსახურობის წლების ნამრავლი 10 ლარზე; ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის - ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 15 ლარზე; ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში - ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%.
წერილის თანახმად, ზემოხსენებულ კანონში მითითებული გაანგარიშების წესი ამოქმედდა 2013 წლის 1 აპრილიდან, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებისა (MIA 9 1---------- 26.12.2014წ) და პირადი განცხადების (N0------ 29.12.2014წ) საფუძველზე წელთა სამსახურობით დანიშნული აქვს 2015 წლის პირველი იანვრიდან. (28 წელი X 10 ლარი +150 ლარი ასაკის პენსია=430 ლარი) და კომპენსაციის ოდენობამ კანონით დადგენილ პროცენტზე (80%) გამრავლებით შეადგინა 344 ლარი.
წერილით ს---------- შ---–-–--ლს ასევე ეცნობა, რომ 2015 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო პენსია განისაზღვრა 160 ლარი და კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა 352 ლარი. 2016 წლის ივლისიდან დღემდე სახელმწიფო პენსია განისაზღვრა 180 ლარით და კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა 368 ლარის. ასევე ეცნობა, რომ ამასთან ერთად დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი „ომის მონაწილის“ სტატუსით 22 ლარი. (ს.ფ 166-167).
პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ს---------- შ---–-–--ლის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 7 740 ლარის ანაზღაურება, კერძოდ, მიუღებელი ყოველთვიური კომპენსაციის ანაზღურება 18 თვის განმავლობაში (2013 წლის 4 ივნისიდან 2014 წლის 26 დეკემბრის პერიოდი), რაც თითოეული თვისათვის შეადგენს - 430 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კი კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 4 ივნისის №1------ წერილით ს---------- შ---–-–--ლს უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად. ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (საკადრო უზრუნველყოფის) სამმართველოს უფროსის 2014 წლის 26 დეკემბრის MIA 9 1---------- წერილით, ქ. თბილისის ვაკე- საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს გაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოსამსახურის - ს---------- შ---–-–--ლის მასალები სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად.
პალატა განმარტავს, რომ ს---------- შ---–-–--ლმა მის მიერ მითითებულ პერიოდში, 2014 წლის 4 ივნისიდან 2014 წლის 26 დეკემბრამდე ვერ მიიღო სახელმწიფო კომპენსაცია იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მას უარი უთხრა წელთა ნამსახურობის გაანგარიშების მომზადებაზე, რათა წარედგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. პალატა ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მიუღებელი კომპენსაცია გამოწვეულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული ქმედებით და შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 7 740 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ს---------- შ---–-–--ლის მოთხოვნის უსაფუძვლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტები, შეისწავლა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაკმაყოფილების საფუძველი.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -