განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100116001346871
საქმე №1ბ/263-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე-------------–---–ი.
დაცვის მხარე:
გამართლებული: ჯ-----------ა, დაბადების თარიღი: 1-----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ზ----------------------------–--------------–---------------------. ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ხ----------------------.
ადვოკატი - რ---–-----–-----.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა - თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ე-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებული ჯ-----------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენით, ჯ-----------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება სასამართლოზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული იქნა ყველა ის მტკიცებულება, რაც საკმარისი იყო ჯ-----------ას ბრალეულობის დასადასტურებლად. კერძოდ: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ი--------------ს აღენიშნებოდა მარჯვენა დიდი წვივის ძვლის როკების სახსარშიდა, იმპრესირებული მოტეხილობა ცდომით. მარჯვენა ლავიწის ძვლის დიაფიზარული, ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ცდომით. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ „მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლ ი--------------ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნებოდა. ასევე მითითებულია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ჯ-----------ას მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.“ კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა „მიცუბიშის“ მძღოლის ჯ-----------ას მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფამ, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ის ფაქტი რომ ი--------------მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები არ გამორიცხავს ჯ-----------ას მიერ დანაშაულის ჩადენას. ამ შემთხვევაში სახეზეა ე.წ. ,,შერეული ბრალი“ ე.ი. შემთხვევა, როდესაც საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს არღვევს ორივე მძღოლი და აღნიშნულის შდეგად ერთ-ერთი მათგანი იღებს ჯანმრთელობის დაზიანებას. ჯ-----------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილ იქნა დაუდევრობით, იგი არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოებაში, ისე განახორციელა მოხვევის მანევრი, რითაც საფრთხე შეუქმნა მოძრაობის სხვა მონაწილეს, კერძოდ მოტოციკლით მოძრავ ი--------------ს. განაჩენში აღნიშნულია, რომ დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო არა ავტომანქანაზე შეჯახებით, არამედ ი--------------ის მიერ მოტოციკლიდან გადმოხტომით და დავარდნით, რასაც თავად დაზარალებულიც არ უარყოფს. აპელანტს მიაჩნია, რომ ეს მსჯელობა არასწორია, ვინაიდან ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია საფრთხის წარმოქმნის მომენტი და არა ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რის გამო მიიღო ი--------------მა ჯანმრთელობის დაზიანება. თუ ჯო--------ა თავისი ავტომობილით მოხვევის მანევრის არასწორი შესრულების გამო საფრთხეს არ შეუქმნიდა ი--------------ს მას არც წარმოეშობოდა მოტოციკლის გაჩერების მოულოდნელი საჭიროება და შესაბამისად ჯანმრთელობის დაზიანებას არ მიიღებდა. ის ფაქტი, რომ ი--------------მა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ასფალტზე დავარდნის შედეგად პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჯ-----------ას მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევასთან, რასაც შედეგად მოჰყვა ი--------------ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გამართლებული ჯ-----------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც გამართლებულმა ჯ-----------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---–-----–-----მ მხარი არ დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა ჯ-----------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულმა ჯ-----------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---–-----–-----მ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული.
ბრალდების არსი:
2016 წლის 17 მარტის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ჯ-----------ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 09:45 საათზე, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, ჯ-----------ამ, რომელიც მართავდა „მიცუბიში“-ს მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, მოხვევის მანევრი შეასრულა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევით, რა დროსაც მის ავტომობილს დაეჯახა თავის სავალ გზაზე მოძრავი მოტოციკლი, რომელსაც მართავდა ი--------------ი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ი--------------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენით, ჯ-----------ა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ჯ-----------ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2015 წლის 01 ოქტომბერს, დილის საათებში, იგი მოძრაობდა ცინცაძის ქუჩის მეორე ზოლში, რა დროსაც დააპირა ავტომანქანის მობრუნება, რათა ემოძრავა საპირისპირო მიმართულებით. მან გაიხედა სარკეში, დარწმუნდა, რომ არ უქმნიდა საფრთხეს სხვის მოძრაობას და დაიწყო მარცხენა მხარეს მოხვევის მანევრის შესრულება. მოულოდნელად მანქანის უკანა მხარეს იგრძნო შეჯახება, თუმცა ვერ მიხვდა რა მოხდა, რადგან ავტომანქანის გარშემო არავინ ჩანდა. იგი გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაინახა, რომ მის ავტომანქანას უკანა მხრიდან შეჯახებული იყო მოტოციკლი, რომელიც მოუსრიალდა მძღოლს, თუმცა თავად მძღოლი მანქანას არ შეჯახებია. მისი განმარტებით, მანევრის დაწყებამდე მოძრაობდა 10-15 კმ/სთ სიჩქარით, ამასთან, იმ დროს, როდესაც ავტომანქანას აბრუნებდა ჩართული ჰქონდა მარცხენა მოხვევის აღმნიშვნელი ციმციმა. ავტომანქანის მოხვევის დაწყებიდან შეჯახებამდე გასული იყო დაახლოებით 3 წამი. ჯ-----------ამ ასევე განმარტა, რომ მართალია იგი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა მას ჰქონდა სურვილი მატერიალურად დახმარებოდა დაზარალებულს, რომელმაც ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვა არარეალური თანხა.
დაზარალებულ ი--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2015 წლის 01 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე, „ჰონდა“-ს მარკის მოტოციკლით გადაადგილდებოდა ცინცაძის ქუჩის მეორე სავალ ზოლში. ამ დროს გაჩერებაზე მდგომმა ავტომანქანამ მოულოდნელად დაიწყო მობრუნება. მან დაამუხრუჭა სწრაფად, თუმცა ვერ შეძლო მოტოციკლის გაჩერება. ამიტომ ავტომანქანაზე შეჯახებამდე გადახტა მოძრავი მოტოციკლიდან, რის გამოც მიიღო სხვადასხვა სახის მოტეხილობა. დაზარალებულმა განმარტა, რომ დამუხრუჭების დროს მოტოციკლსა და ავტომანქანას შორის მანძილი შეადგენდა დაახლოებით 25-30 მეტრს, ხოლო ავტომანქანის მიერ მანევრის დაწყებიდან მოტოციკლის შეჯახებამდე დროის შუალედი შეადგენდა დაახლოებით 2 წამს.
მოწმე ლ-------–----ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის 01 ოქტომბერს მიღებული იქნა შეტყობინება, რომ ცინცაძის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მითითებულ ადგილზე მისვლის შემდეგ, მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რის შემდეგაც ავტომანქანის მძღოლი გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურ თრობაზე შესამოწმებლად.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 15 ოქტომბრის ექსპერტის N2------- დასკვნით, დასტურდება, რომ: ექსპერტიზაზე წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედებისას. წარდგენილი სატრანსპორტო საშუალებების გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხის (შეჯახების კუთხის) დადგენა მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია. წარდგენილი სატრანსპორტო საშუალებების საჭით მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.
ექსპერტმა გ---------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის შინაარსი და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის, სახელმწიფო ნომრით A--------, ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მას წინა სანომრე ნიშანზე და უკანა ბამპერის მარცხენა ნაწილში აღენიშნებოდა მცირე ზომის მექანიკური დაზიანებანი ნაჭდევების და გასმის ტრასების სახით, ხოლო „ჰონდას“ მარკის მოტოციკლის, სახელმწიფო ნომრით A------, ვიზუალური დათვალიერებით, მას წინა ნაწილში აღენიშნებოდა მცირე ზომის ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები, კერძოდ, დაზიანებული ჰქონდა წინა მოპირკეთება, ხელსაწყოების პანელი და საჭის მარცხენა სახელური.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 11 დეკემბრის ექსპერტის N1----- დასკვნით ირკვევა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლ ი--------------ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება. მძღოლ ჯ-----------ას მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.
ექსპერტმა ი-----–----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის შინაარსი და დამატებით განმარტა, რომ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლის არასწორი მანევრი მდგომარეობდა იმაში, რომ მანევრის დაწყებამდე იგი უნდა დარწმუნებულიყო, რომ მისი ქმედებით საფრთხეს არავის შეუქმნიდა, თუმცა ჯ-----------ას მანევრმა საფრთხე შეუქმნა მოტოციკლის მძღოლს. მოწმის განმარტებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეო ჩანაწერის გარეშე შესაძლებელი იქნებოდა იმავე დასკვნის შედგენა. ამასთან, მისთვის მოტოციკლის მძღოლისგან ცნობილი გახდა, რომ ეს უკანასკნელი მოძრაობდა 60 კმ/სთ სიჩქარით. ტექნიკური გაანგარიშებით კი დგინდება, რომ მოტოციკლის მძღოლს არ შეეძლო თავიდან აეცილებინა შეჯახება, ვინაიდან მის განკარგულებაში იყო მცირე დრო, დაახლოებით 2 წამი, ხოლო ავტომობილის სრული გაჩერებისთვის, როდესაც იგი 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, საჭირო იქნებოდა 4 წამი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 აპრილის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა ავტომობილ „მიცუბიშის“ მძღოლის ჯ-----------ას მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფამ, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. რაც შეეხება მოტოციკლ „ჰონდას“ მძღოლ - ი--------------ს, მას ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
ექსპერტმა დ------------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ შესწავლილ იქნა შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და დადგენილ იქნა, რომ ავტომობილ „მიცუბიშის“ მიერ მარცხნივ მოხვევის მანევრის დაწყებიდან მასზე მოტოციკლის დაჯახებამდე გადის დაახლოებით 2.0 წამი. შეჯახების ადგილიდან 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი „ჰონდა“ დაშორებული იყო დაახლოებით 33 მეტრით. მონაკვეთზე, სადაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი მოქმედებს საგზაო ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“, რომელიც კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით, კერძოდ 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით. შესაბამისად, მოცემულ პირობებში, დასაშვები სიჩქარით მოძრავი მოტოციკლის სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილი შეადგენდა დაახლოებით 21 მეტრს, რაც გაცილებით ნაკლებია მძღოლის განკარგულებაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად არსებულ მანძილზე, კერძოდ - 33 მეტრზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერის გარეშე, თუ საქმის დამატებითი მასალები არ იქნებოდა ექსპერტიზაზე წარდგენილი, ვერ მივიდოდა მის მიერ გაცემულ დასკვნამდე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 აპრილის ექსპერტის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ ავტომობილ „მიცუბიში“-ს მარცხნივ მოხვევის მანევრის დაწყებიდან, მოტოციკლის დაჯახებამდე გადის დაახლოებით 2.0 წამი.
ექსპერტმა ი---------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის შინაარსი და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ ხსენებული დასკვნა გაცემულ იქნა ვიდეო ჩანაწერის და საქმეში წარმოდგენილი მასალების გამოკვლევის საფუძველზე. თუმცა ვიდეოჩანაწერის გარეშე შეძლებდა თუ არა გაეცა ამ შინაარსის დასკვნა პასუხის გაცემა გაუჭირდა. მოწმემ ასევე განმარტა, იმის დასადგენად, რომ „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის მიერ მარცხნივ მოხვევის მანევრის დაწყებიდან, მოტოციკლის დაჯახებამდე გადის დაახლოებით 2 წამი, აუცილებელი იყო ვიდეოჩანაწერის მონაცემები, თუმცა ჯ-----------ამ შეასრულა თუ არა მანევრი ამის დასადგენად ვიდეოჩანაწერის ნახვა აუცილებელი არ იყო, ვინაიდან ვიდეოჩანაწერის გარდა აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სქემით და მოწმეთა ჩვენებებით.
ექსპერტმა ლ-–----------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის შინაარსი და განმარტა, რომ მან ჩატარებულ ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღო ვიდეოჩანაწერების გამოკვლევის მიმართულებით, რითაც დადგენილი იქნა, რომ ავტომობილ „მიცუბიშის“ მიერ მარცხნივ მოხვევის მანევრის დაწყებიდან მასზე მოტოციკლის დაჯახებამდე, დროის მონაკვეთი შეადგენს დაახლოებით 2.0 წამს. სიჩქარის დასადგენად საჭირო კვლევები არ ჩატარებულა ვინაიდან დასკვნისთვის საჭირო მონაცემები ვიდეოჩანაწერზე არ იყო დაფიქსირებული.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 01 ოქტომბერს, 10:20-10:50 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თ---–--–---–--–---------------ის მიმდებარედ. პარკირებისთვის განკუთვნილი სადგომის ჰორიზონტალურად მონიშნულ ადგილას დგას ავტომანქანა „მიცუბიში“, სახელმწიფო ნომრით A--------, ავტომანქანის უკან, 2,4 მეტრში - მოტოციკლი „ჰონდა“ სახელმწიფო ნომრით A-----.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. მოცემულ შემთხვევაში ჯ-----------ას სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: მიმართვის წერილი ,,ბლექველის სახელობის კლინიკას“, ი--------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია, ავტოსადგომის აქტები, ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, სამედიცინო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ჯ-----------ას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევაში; ბ) ნაკლებად მძიმე შედეგში, რაც უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დადგინდეს წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას შორის მიზეზობრივი კავშირი.
პალატა თვლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ჯ-----------ას მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-----–----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, კერძოდ ის გარემოება, რომ ტექნიკური თვალსაზრისით მოტოციკლის მძღოლ ი--------------ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი იმოძრავებდა დასაშვები სიჩქარით, ვინაიდან მის განკარგულებაში იყო დაახლოებით 2 წამი, ხოლო ავტომანქანის სრული გაჩერებისთვის, როდესაც იგი მოძრაობდა 60 კმ/სთ სიჩქარით, საჭირო იყო დრო - დაახლოებით 4 წამი. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი იყო ბრალდებულ ჯ-----------ას მიერ შესრულებული არასწორი მანევრი, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მანევრის დაწყებამდე იგი უნდა დარწმუნებულიყო, რომ მისი ქმედებით არავის შეუქმნიდა საფრთხეს. ხსენებული ექსპერტიზის დასკვნა ეწინააღმდეგება კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც მითითებულია, რომ მოტოციკლ „ჰონდას“ მძღოლს ჰქონდა საკმარისზე მეტი დრო და ბევრად მეტი მანძილი, იმისთვის, რომ მოცემულ მონაკვეთზე ნებადართული სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში მოეხდინა მოტოციკლის სრული გაჩერება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა თავიდან აეცილებინა მომხდარი საგზაო შემთხვევა. ასევე დადგენილია, რომ ავტომობილ „მიცუბიშის“ მიერ მარცხნივ მოხვევის მანევრის დაწყებიდან მასზე მოტოციკლის დაჯახებამდე დროის ინტერვალი შეადგენს დაახლოებით ორ წამს, ხოლო მოტოციკლ „ჰონდას“ მძღოლ ი--------------ს, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. დადგენილია, რომ 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი შეჯახების ადგილიდან დაცილებული იყო დაახლოებით 33 მეტრი მანძილით. მონაკვეთზე, სადაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი მოქმედებს საგზაო ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“, რომელიც კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულ 40 კმ/სთ მეტი სიჩქარით, აქედან გამომდინარე, 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მოტოციკლ „ჰონდას“ სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილი მოცემულ პირობებში შეადგენს დაახლოებით 21 მეტრს, რაც გაცილებით ნაკლებია მძღოლის განკარგულებაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად არსებულ მანძილზე - 33 მეტრზე. აღნიშნულ სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნასთან ასევე წინააღმდეგობაში მოდის დაზარალებულ ი--------------ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ცინცაძის ქუჩაზე გადაადგილებისას გაჩერებულმა ავტომანქანამ მოულოდნელად დაიწყო მარცხენა მხარეს მობრუნება და მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად დაამუხრუჭა, ვერ ასწრებდა შეჯახების თავიდან აცილებას, ამიტომ გადმოხტა მოტოციკლიდან და მიიღო ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება. როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ისე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულ ჯ-----------ას მხრიდან შესრულებული იქნა მანევრი ავტომანქანის მარცხნივ მოხვევის მიზნით, რასაც ასევე ადასტურებს ჯ-----------ა, თუმცა განმარტავს, რომ მანევრი დაიწყო მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს საფრთხეს არ უქმნიდა. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ზემოხსენებულის გასაბათილებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე ვერ იქნა დადგენილი შეეძლო თუ არა ჯ-----------ას დროის მცირე მონაკვეთში, კერძოდ - ორ წამში, თავიდან აერიდებინა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მოტოციკლის შეჯახება მისი ავტომანქანის უკანა ნაწილზე მაშინ როცა მოტოციკლის მძღოლი არ იყო მისი თვალთახედვის არეში, თუმცა თავად მოტოციკლის მძღოლს ჰქონდა სრული შესაძლებლობა მოეხდინა მოტოციკლის სიჩქარის არათუ შენელება, არამედ მისი სრული გაჩერება იმ პირობებში, თუ თავად იმოძრავებდა დასაშვები სიჩქარით. პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ორივე სატრანსპორტო საშუალების საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად იყო გამართულ მდგომარეობაში. ექსპერტიზის დასკვნებით ასევე ირკვევა, რომ ავტომანქანა მიცუბიშს უკანა ბამპერის მარცხენა ნაწილში აღენიშნებოდა მხოლოდ მცირე ზომის მექანიკური დაზიანებები ნაჭდევების და გასმის ტრასების სახით, რომლის დაზიანებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 100 ლარს, ხოლო „ჰონდას“ მოდელის მოტოციკლს წინა ნაწილში აღენიშნებოდა მცირე ზომის ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები. აღნიშნული დაზიანებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 200 ლარს. წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექპერტის N1----- დასკვნა და სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტის N0-------- დასკვნა გაცემულ იქნა იმ ვიდეოჩანაწერის საფუძველზე, რომელიც დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი წინასასამართლო სხდომაზე. გარდა ამისა ხსენებული დასკვნები შინაარსობრივადაც ეწინააღმდეგება ერთმანეთს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ------------–მა განმარტა, რომ ვიდეო-ჩანაწერის გარეშე მის მიერ გაცემული დასკვნის შინაარსამდე ვერ მივიდოდა, თუ საქმის დამატებითი მასალები არ იქნებოდა წარდგენილი. ამასთან, ექსპერტმა ი---------------ემ დაადასტურა, რომ იმის დასადგენად, რომ „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის მიერ მარცხნივ მოხვევის მანევრის დაწყებიდან, მოტოციკლის დაჯახებამდე გადის დაახლოებით 2 წამი, აუცილებელი იყო ვიდეოჩანაწერის მონაცემები. ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად მიუთითებს მოცემული დასკვნების შედგენისას ხსენებული ვიდეოჩანაწერის მნიშვნელობაზე. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საექსპერტო კვლევისას გამოყენებულ საქმის მასალებს, ექსპერტიზის დასკვნებში არ არის დაკონკრეტებული ვიდეოჩანაწერის გარდა, კონკრეტულად რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა ექსპერტი კონკრეტულ დასკვნამდე. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ დაზარალებულის მიერ მიღებული დაზიანებები, გამოწვეული იყო არა ი--------------ის მოტოციკლის ჯ-----------ას ავტომანქანაზე შეჯახებით, არამედ ი--------------ის მიერ მოტოციკლიდან გადმოხტომით და დავარდნით, რასაც თავად დაზარალებულიც არ უარყოფს.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ი--------------ის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების მიღება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჯ-----------ას მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევასთან, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. აპელანტის მოსაზრება, რომ ჯ-----------ამ დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნები ემყარება ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც ჩატარებულია დაუშვებელ მტკიცებულებაზე - კერძოდ ვიდეოჩანაწერზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ-----------ა ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი ჯ-----------ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ჯ-----------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.
ჯ-----------ას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე