განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117002207630
(1/ბ-138-18წ)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - ნიკა მახარაძის,ადვოკატის - ნესტან ბაგათელიას,მსჯავრდებულის - გ-------–----------–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------–--–-------------------–ის მიმართ, დაბადებული 02.03.1--- წ. საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ლ--------ი, სოფელი ჯ----ა,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ-------–----------–მა ჩაიდინა სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) რაც გამოიხატა შემდეგში:
2016-2017 წლებში, გ-------–----------–ი, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, მეუღლეს - ფ-------–-----------–ს, მათი არასრულწლოვანი შვილიშვილის, ქ-------------------–ის, თანდასწრებით, სისტემატურად შეუარცხყოფდა და ამცირებდა, მიმართვდა უწმაწური სიტყვებით, ასევე სისტემატურად ცემდა, რითაც აყენებდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. კერძოდ, 2017 წლის სექტემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ----აში, გ-------–----------–მა მეუღლეს - ფ-------–-----------–ს, განაწყენებულმა იმით, რომნ ამ უკანასკნელმა შენიშვნა მისცა ალკოჰოლით თრობის გამო, მათი არასრულწლოვანი შვილიშვილის, ქ-------------------–ის თანდასწრებით, სახლში ყოფნისას დაუწყო გინება და ზურგის არეში ხელის ჩარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 05 ნოემბერს, დაახლოებით 18:15 საათზე, ასევე ალკოჰოლით თრობის გამო შენიშვნის მიცემისათვის, გ-------–----------–მა მეუღლეს - ფ-------–-----------–ს, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ----აში, მათ საცხოვრებელ ეზოში, არასრულწლოვანი შვილიშვილის ქ-------------------–ის თანდასწრებით, ძალადობით, თავის და სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლელად.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით გ-------–----------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126 -ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ-------–----------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან - 2017 წლის 07 ნოემბრიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული გ-------–----------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი დავით მამალაძე სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანას საპროცესო შეთანხმების გამო კიდევ ერთი შანსის მიცემას, ვინაიდან გ-----------–ი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სურს დაზარალებულთან შერიგება და საპროცესო შეთანხმების გამო აწარმოოს მოლაპარაკება პროკურატურასთან.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ გ-------–----------–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნესტან ბაგათელიას, რომლებმაც დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა.
- პროკურორს ნიკა მახარაძეს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა გ-------–----------–ის მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ-------–----------–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნესტან ბაგათელიას დააზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ-------–----------–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ფ-------–-----------–ის ჩვენებით, მოწმეების - ქ-------------------–ის, ლ---------------–ის, გ---------------–--ის და მ-----–------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ-------–----------–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს გ-----------–ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლას.
სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ გ-------–----------–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით ’’ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი’’.
პალატა გ-------–----------–ის მიმართ სასჯელის შემსუბუქებისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედების ჩადენის ხერხს, მსჯავრდებულის პიროვნებას (აღიარა შერაცხული დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არის ასაკოვანი), რაც გამოძიებასთან თანამშრომლობის დამადასტურებელ აქტს წარმოადგენს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც გ-------–----------–ს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან - 04 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 02 წელი და 08 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 წელი და 04 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით. პალატა განმარტავს, რომ სახეზეა სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების პირობები: მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, მას თანამონაწილე არ ჰყოლია და იგი არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან მის ჩადენისთანავე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ-------–----------–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნესტან ბაგათელიას დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულ გ-------–----------–ის მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ-------–----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 02 (ორი) წელი და 08 (რვა) თვე მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01(ერთი) წელი და 04 (ოთხი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ-------–----------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან 2017 წლის 07 ნოემბრიდან.
გ-------–----------–ს პირობითი მსჯავრის ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე, რა დროსაც მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუშები, დალუქული შვიდ პაკეტად, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ლ--------ის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე