განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2018
საქმის ნომერი
330100118002339127
ინსტანცია
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002339127

საქმე №1ბ/568-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ ზ----------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ზ----------–ის მიმართ, დ----------–--------–-–---------–---- საქართველოს მოქალაქის, პ--------------------- მცხოვრების: თ---–------------------–---–----------–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით:

ზ----------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ზ----------–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, თ---–--–----------–---–----------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ----------–მა მეუღლეს - ნ-----------ეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ ზ----------–მა, ნ-----------ე დააგდო ძირს და ძირს დაგდებულს რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა ფეხი ტანის არეში, ასევე მარჯვენა ფეხის ბარძაყზე და წვივზე. აღნიშნულის შემდეგ, ზ----------–მა კვლავ რამდენჯერმე დაარტყა სახეში ხელი და ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში, რის შემდეგაც ნ-----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივლი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ----------–მა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა ან დანიშნული სასჯელის - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ზედმეტად მკაცრია მისი პიროვნების, წარსულისა და ოჯახური პირობების გათვალისწინებით. სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და პირველი ჯგუფის ინვალიდი დედა, რომლის ერთადერთი მარჩენალი და მომვლელი დაკავებამდე მხოლოდ ზ----------–ი იყო, მამა გარდაცვლილი ჰყავს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს, სასამართლომ უგულებელყო დაზარალებულის მკაფიო პოზიცია ზ----------–ის მიმართ გავრცელებულიყო კანონით გათვალისწინებული შეღავათები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----------–--–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ნ-----------ის და მოწმეების: ბ----------------------------–------–---–-----–------------ გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ----------–ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ ზ----------–ს ჰყავს ხანდაზმული დედა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარებიდან გამომდინარე არ შეუძლია გადაადგილება და იმყოფება მსჯავრდებული მეურვეობის ქვეშ, გარდა ბრალდებულისა, სხვა მეურვე ან ოჯახის წევრი არ ჰყავს, ასევე სასამართლომ ნაწილობრივ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარება. ამასთან, გაითვალისწინა მეუღლის მიმართ სისტემატურად გამოვლენილი უსაფუძვლო აგრესია, ფსიქოლოგიური ტერორი, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალადობის ხასიათი, ხარისხი და ჩათვალა, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. რასაც პალატაც ეთანხმება და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზ----------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ზ----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით ზ----------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

ზ----------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან.

ნივთიერი მტკიცებულება:

სამედიცინო სისტემა, მასში მოთავსებული სითხით და ერთჯერადი შპრიცი - განადგურდეს, ხოლო ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე