განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2018
საქმის ნომერი
820210017001990057
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210017001990057

საქმე №2/ბ-1165-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

07 მაისი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე:ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): მ------–- თე---ე

წარმომადგენელი: თ----------- ბუ–------ძე

მოწინააღმდეგე მხარე: ზ----- თუ-------ე

წარმომადგენელი: გ------- ღო--------იძე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2017 წლის 29 ივნისს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ------–- თე---ემ, მოპასუხედ დაასახელა ზ-----ი თუ-------ე და მოპასუხისათვის, არასრულწლოვანი შვილის, ნ---- თუ-------ის სასარგებლოდ, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ------–- თე---ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ზ-----ი თუ-------ეს დაევალა, არასრულწლოვანი შვილის, ნ---- თუ-------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან მის სრულწლოვანებამდე.

მოპასუხე ზ----- თუ-------ეს დაევალა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის, 180 ლარის გადახდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ზ----- თუ-------ემ, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, ზ----- თუ-------ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ, 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ----- თუ-------ემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, ზ----- თუ-------ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და საქმის განხილვა დაინიშნა მთავარ სხდომაზე, 2018 წლის 28 თებერვალს 14:00 საათზე.

2018 წლის 28 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ------–- თე---ის წარმომადგენელმა ე-–---- და-------მა და იშუამდგომლა სხდომის გადადება იმ მიზეზით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე.

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, მ------–- თე---ე.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა სხდომის გადადებაზე, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის, მ------–- თე---ის წარმომადგნელის, ე-–---- და-------ის შუამდგომლობა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტის, ზ-----ი თუ-------ის წარმომდგენელის, გ------ ღო--------იძის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. ზ-----ი თუ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება; სამოქალაქო საქმე N 2-372 მ------–- თე---ის სარჩელისა გამო, ზ-----ი თუ-------ის წინააღმდეგ ალიმენტის დაკისრების თაობაზე, არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ------–- თე---ის წარმომადგენლის, ე-–---- და-------ის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ განცხადებას არ ახლდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე მისი გამოცხადების შეუძლებლობაზე.

პალატამ დაადგინა, რომ 2018 წლის 28 თებერვლის, 14.00. საათზე დანიშნულ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადდა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო, ვინაიდან, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გამომრიცხველი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა, მოწინააღმდეგე მხარემ, მ------–- თე---ემ, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, რითაც დასტურდება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 2018 წლის 28 თებერვალს საჭირო გახდა მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება, მეორე დღეს კი მიმართა ანალიზების ასაღებად ბათუმის N1 პოლიკლინიკის ბიოქიმიურ ლაბორატორიას.

ამდენად, არსებობდა სსსკ 233-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რამაც ხელი შეუშალა სასამართლოში გამოცხადებაზე.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა - განმარტებები, თვლის, რომ მ------–- თე---ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს 14.00. სთ-ზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარე, მ------–- თე---ე (წარმომადგენელი - ე-–---- და-------ი) გაფრთხილებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო უწყების მეშვეობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის “ბ” პუნქტისა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული გარემოება... ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

ამავე კოდექსის 102-103-ე მუხლების თანახმად, გარემოება, რაც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით; მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

განსახილველ შემთხვევაში, საჩივარზე დართული იქნა ქედის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული სამედიცინო ბარათი, რომლითაც ირკვევა, რომ 2018 წლის 28 თებერვლს მ------–- თე---ესთან გამოცხადდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, თუმცა სამედიცინო ბარათი არ შეიცავს ინფორმაციას პაციენტის ავადმყოფობის შესახებ, დიაგნოზს, ჩატარებულ მკურნალობას და რეკომენდაციებს (ს.ფ.125,140 ).

შესაბამისად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მხოლოდ გამოძახების ამსახველი დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებად, რომლითაც დადასტურდებოდა 2018 წლის 28 თებერვალს მ------–- თე---ის ავადმყოფობა და სასამართლოში მისი გამოცხადების შეუძლებლობა.

რაც შეეხება 2018 წლის 01 მარტით დათარიღებულ ე.წ. ანალიზის ფურცელს (ს.ფ.141), რომელშიც დაფიქსირებულია პროთრომბინის ინდექსის თაობაზე კვლევა, ვერ მიიჩნევა 2018 წლის 28 თებერვალს სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზიზის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ 2018 წლის 28 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა არ მიეკუთვნება სსსკ-ის 215.3 და 233-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, რაც გამორიცხავს საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------–- თე---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს ძალაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

3. განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე