განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2018
საქმის ნომერი
330210015001009780
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ დაკავშირებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/1952-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი – ოთარ ბუკია

 

აპელანტი - თ-------ე ნ------ე;

წარმომადგენელი: მ--------------ა;

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ----- გ-----–---–ი;

წარმომადგენელი - მ-------------–---–ი;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. აპელანტ - თ-------ე ნ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თ-------ე ნ------ის სარჩელი მოპასუხე დ----- გ-----–---–ის მიმართ მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე- 2 ნაწილის თანახმად თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

ვინაიდან მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, სასამართლომ მიიჩნია რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ სულიერი ტკივილის შედეგად მიყენებული ვნებისათვის ჯანმრთელობაზე, რაც გამოწვეული იყო ავტოავარიის შედეგად მშობლის გარდაცვალების გამო. მოსარჩელემ მიუთითა სარჩელში რომ დაკარგა მშობელი, რომელმაც აღზარდა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხე არ გამოცხადდა სხდომაზე, სარჩელში მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება ითვლება დამტკიცებულად, მათ შორის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის დედა გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად, მოპასუხე იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რის გამოც ის იქნა დაჯარიმებული, ასევე ის ფაქტი რომ ავტოავარიის ფაქტზე დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ამნისტიის აქტის საფუძველზე შეწყდა არა მოპასუხის, არამედ რ------ ჩ-----–-–---–ის მიმართ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გაუმართლებელია. მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე და 999-ე მუხლი.

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სარჩელში მითითებული ფაქტებზე დაყრდნობით უნდა არსებობდეს ნორმის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ქმედება, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სარჩელის შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი გამოძიება დაიწყო და შეწყდა რ------ ჩ-----–-–---–ის მიმართ ამნისტიის აქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე დაჯარიმებული იქნა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლი). შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის დედის გარდაცვალებას შორის, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი:

3.1. სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა სამოქალაქო კოდექსის 413 და 999-ე მუხლები, მაგრამ არასწორად განიმარტა ისინი, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დადგენილ იქნა, და მოპასუხის გამოუცხადებლობამ დაადასტურა, ის რომ მან მიატოვა შემთხვევის ადგილი. მას შეეძლო გადაადგილება და შესაბამისად, მოსარჩელის დედის წაყვანა საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩენდნენ დახმარებას და სრულიად შესაძლებელი იყო მისი გადარჩენა. მოპასუხე გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, ვინაიდან, დაემალა თავისი სიმთვრალე. რ------ ჩ-----–-–---–მა მიიღო მძიმე დაზიანებები და მას არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. ყოველივე ამის გამო, დაიღუპა მოსარჩელის დედა და მოსარჩელე დარჩა მარჩენალის გარეშე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. აპელანტმა ვერ დაადასტურა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს (დედის გარდაცვალება) შორის. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული წინაპირობები განსაზღვრავდეს მოთხოვნის სამართლებრივი ნორმის დისპოზიციურ მხარეს. სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. უფლების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში.

 

ამასთან, საყურადღებოა, რომ მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, თუ კუმულატიურად არსებობს რამდენიმე პირობა, ესენია: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; ადგილი არა აქვს რაიმე დაუძლეველ ძალას ან სხვა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სწორად; მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გაუმართლებელია, კერძოდ:

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სარჩელში მითითებული ფაქტებზე დაყრდნობით უნდა არსებობდეს ნორმის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ქმედება, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სარჩელის შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი გამოძიება დაიწყო და შეწყდა რ------ ჩ-----–-–---–ის მიმართ ამნისტიის აქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე დაჯარიმებული იქნა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლი). შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის დედის გარდაცვალებას შორის, რის გამოც, სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხოლო აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. თ-------ე ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი