განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100114514721
საქმე №1ბ/300-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
გიორგი კვახაძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ---------------–--ის
ადვოკატის: თ----–------------–--ის
გამართლებულის: დ--------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილის ი---------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): დ--------------ის, დ----------–--------–-–------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------------------–--–-------------–-, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გამოძიებაში დ--------------ეს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 08:00 საათზე, დ--------------ე იმყოფებოდა ქ-------–--–-------------------------------------ის წინამდებარე ტეროტორიაზე. მან შეაჩერა ,,ო---–---------“ ფირმის, სახელმწიფო ნომერი - F------ ტაქსის ტიპის ავტომანქანა და ფულადი თანხა მოსთხოვა მძღოლს - ი------------ს, რაზედაც უარი მიიღო. აღნიშნულით გაბრაზებულმა დ--------------ემ საქამრიდან ამოიღო პისტოლეტი, მიმართა ი------------ს მიმართულებით და მუქარით კვლავ ფული მოსთხოვა მას, მაგრამ ი------------მ მოახერხა ავტომანქანის დაძვრა და ტერიტორიის დატოვება.
დ--------------ე იმავე დღეს იქნა დაკავებული პოლიციის თანამშრომელთა მიერ. დაკავებისას მას შარვლის საქამრეში აღმოაჩნდა ,,V------“-ის ფირმის პნევმატური პისტოლეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით:
დ--------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმდა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილე ი---------–-–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს დ--------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, კერძოდ, დ--------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სანქციის ფარგლებში ადეკვატური სასჯელის დანიშვნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებელ ი---------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენი გამართლებულ დ--------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი), რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე, მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
სააპელაციო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დ--------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიუთითებს დაზარალებულ ი------------ს ჩვენებას, მოწმე კ------------ის ჩვენებას, ვიდეო ჩანაწერებს, 112-ზე დაფიქსირებული სატელეფონო ზარის ჩანაწერს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას, პოლიციის თანამშრომლების - ჯა-------------–-----------------------–---–--, რომლებმაც მოცემულ საქმეზე ჩაატარეს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ჩვენებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ზემოხსენებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება დ--------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ი------------მ აჩვენა, რომ 2014 წლის 21 აპრილს, დ--–--ის მხრიდან ავტომანქანით მოძრაობდა ყ------ის გამზირზე. გზაჯვარედინზე, შუქნიშანთან იგი შეაჩერა დ--------------ემ, გამოაღო მანქანის კარი და წამლის საყიდლად სთხოვა ლარიანი, რაზეც უპასუხა, რომ არ ჰქონდა ლარი. დ--------------ემ მიუხურა მანქანის კარი, უთხრა, ერთი წუთი დაეცადა, შემდეგ საქამრიდან ამოიღო შავი ფერის, სავარაუდოდ ,,მ--------ის“ მოდ--–-- იარაღი, ფანჯარაში შეყო, მიუშვირა და მოსთხოვა, დროზე მიეცა ფული. გაბრიჩიძის გვერდით სხვა პირიც იდგა, რომელიც არ განძრეულა ადგილიდან. მას (დაზარალებულს) შეეშინდა, რომ დ--------------ე მოკლავდა, სიჩქარეში ჩააგდო მანქანა და გაიქცა, თან სარკიდან უკან იყურებოდა, რადგან ეშინოდა, თავდამსხმელს არ ესროლა მისთვის და ხედავდა, რომ დ--------------ეს იარაღი მისკენ ჰქონდა მიშვერილი. მასზე თავდასხმა სულ 12-15 წამს გაგრძელდა. პირველივე ასახვევში აუხვია ხელმარცხნივ და გზაში 112-ზე დარეკა. ამის შემდეგ დაარტყა წრე და ისევ ყ------ის ქუჩაზე დაბრუნდა, სადაც შეაჩერა პატრულის მანქანა და უთხრა, რომ იარაღით ემუქრებოდნენ. პატრულის თანამშრომლები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე მყოფ დ--------------ესთან, საქამრედან ამოუღეს იარაღი და დააკავეს. აქვე იყო დ--------------ის თანმხლები მეორე პირიც.
მოწმე კ------------ემ განაცხადა, რომ 2014 წლის 21 აპრილს, ვ-–----–----–-ს გამზირზე შეხვდა დ--------------ე. დ--–--ის მეტროდან მეორე გზაჯვარედინზე, დ--------------ე მივიდა აფთიაქის სარკმელთან რაღაცის შესაძენად, თუცა დააკლდა ფული. დ--------------ემ ჯერ მას (მოწმეს) სთხოვა ორ ლარამდე, რაც არ ჰქონდა, შემდეგ კი აფთიაქის გამყიდველს სთხოვა ვალად მიეცა მისთვის რაღაც, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ დ---- გავიდა გზაზე და გააჩერა რამდენიმე ტაქსის მძღოლი, რომელთაგან ზოგმა მისცა ფული, ალბათ, ძირითადად ხურდა, ზოგმა - არა. დ----მ გააჩერა მუქი ფერის ,,ო---–ის“ ტაქსი, თუმცა მანქანის კარი რომ გამოაღო, იგი (კ------------ე) დ----ს არ უყურებდა. კარის მოჯახუნების ხმა გაიგო, მოიხედა და დაინახა, რომ ტაქსი ჩქარა მიდიოდა, ხოლო დ--------------ე ხელის მოძრაობით საქამრეზე რაღაცას იდებდა, ამასთან, იგინებოდა, რაზეც იფიქრა (მოწმემ), რომ ტაქსის მძღოლმა დ----ს ფული არ მისცა და ამიტომ იყო გაბრაზებული. შემდეგ ისინი ორივენი იყვნენ აფთიაქთან. მათთან მალევე მოვიდა პატრული. დ---- გ-----იძე დააკავეს და ჩხრეკისას ამოუღეს პატარა პისტოლეტი, რომელიც მანამდე დ----ს ხელში არ უნახავს. მან (მოწმემ) ასევე შემთხვევის ადგილზე ნახა, რომ სასწრაფომ დახმარება აღმოუჩინა დაზარალებულ ტაქსის მძღოლს. მოგვიანებით იგი (კ------------ე) პოლიციის განყოფილებაში მოწმედ დაკითხეს დედის თანდასწრებით.
ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია შემდეგი: ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოგამოსახულების ანალიზით ირკვევა, რომ მასზე ასახულია ქუჩა გზაჯვარედინთან, სადაც გზის სავალი ნაწილის კიდესთან (გვერდულზე) დგას ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც აჩერებენ ტაქსის ტრაფარეტით მოძრავ ავტომანქანებს. ჩანაწერზე არსებული საათის მაჩვენებლის მიხედვით 21.04.2014 07:07:43-ზე ჩანაწერი იწყება და კადრში ჩანს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია მოლურჯო შეფერილობის შარვალი და მოშავო ფერის კაპიშონიანი ქურთუკი. ჩანაწერის დაწყებიდან რამდენიმე წამში კადრის მარჯვენა მხრიდან არასრულად ჩნდება მეორე პირი. 07:09:02 საათზე მათ უახლოვდებათ ტაქსის ტრაფარეტით მოძრავი მერსედესის მარკის მუქი ფერის უნივერსალი, რომელიც ჩერდება მათ წინ ისე, რომ სრულად გაჩერებისას კადრში ჩანს ავტომანქანის უკანა ნაწილი. 07:09:25 საათზე კადრში ჩნდება მეორე მამაკაცი და ირკვევა, რომ მას აცვია მოლურჯო ფერის (შედარებით ღია) შარვალი და მუქი ფერის ქურთუკი. ისინი აჩერებენ ო---–ის ფირმის ტაქსის ტრაფარეტით მოძრავ მუქი შეფერილობის ავტომობილს ე.წ. ,,ჰეჩბეკს“. ის ჩერდება ისე, რომ კადრში ჩანს ავტომობილის უკანა ნაწილი. მასთან მიდის მეორე მამაკაცი (კადრში პირველად აღბეჭდილ კაპიშონიან მამაკაცი კვლევაში მოხსენიებულია პირველი მამაკაცის სახელით, ხოლო მოგვიანებით გამოჩენილი - მეორე მამაკაცის სახელით). 07:09:30 საათზე მეორე მამაკაცი აჩერებს მოლურჯო შეფერილობის ტაქსის ტრაფარეტით მოძრავ ო---–ის მარკის სედანს, აღებს წინა მარჯვენა კარს და თავს ყოფს გაღებული კარიდან სალონში მძღოლის მიმართულებით, სავარაუდოდ ესაუბრება მძღოლს, შემდგომ ხურავს კარს და ავტომობილი მიდის. 07:11:04 საათზე მეორე მამაკაცი აჩერებს ტაქსის ტრაფარეტით მოძრავ მოლურჯო ფერის ფოლკსვაგენის ფირმის სედანს, მასთან მიდის მეორე მამაკაცი, აღებს წინა მარჯვენა კარს და თავს ყოფს გაღებული კარიდან სალონში მძღოლის მიმართულებით, სავარაუდოდ ესაუბრება მძღოლს, შემდგომ ხურავს კარს და ავტომობილი მიდის. 07:11:33 საათზე მეორე მამაკაცი აჩერებს ო---–ის ფირმის მომწვანო შეფერილობის ტაქსის ტრაფარეტით მოძრავ უნივერსალს, აღებს წინა მარჯვენა კარს და თავს ყოფს გაღებული კარიდან სალონში მძღოლის მიმართულებით, სავარაუდოდ ესაუბრება მძღოლს, მარჯვენა ხელს უშვებს კარს და შეაქვს სალონის მიმართულებით. ავტომობილი ნელ-ნელა იწყებს წინ გადაადგილებას, მეორე მამაკაცი მას მისდევს, უხურავს კარს, შემდეგ ორივე ხელი მიაქვს შარვლის სათავესთან. ავტომობილი და მეორე მამაკაცი ნელ-ნელა გადიან კადრიდან.
მეორე მამაკაცის კადრში შემოსვლისას მის ხელში რაიმე საგანი არ შეინიშნება, ასევე კადრის გადიდებისა და დაკვირვებისას მის ხელებში რაიმე საგანი ვერც ტაქსის გაჩერების და შემდგომ მისი მოძრაობის დაწყებისას არ ჩანს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით, ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად გამოსაკვლევად წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეო გამოსახულებები აღწარმოებული იქნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფებით აღჭურვილ გრაფიკულ სადგურზე და მოხდა ამ ვიდეოგამოსახულებების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებლობის ფარგლებში. დამუშავებული ვიდეოგამოსახულებებიდან განხორციელდა მასზე ასახული პირების და მათი ქმედებების ამსახველი გამოსახულების ფოტო რეჟიმში გადატანა.
რაც შეეხება ბრალდებულ დ--------------ის დაკავების და პირადი ჩხრეკას, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ქარხნული წესით დამზადებული, გერმანული წარმოების, 4,5 მმ. კალიბრის ,,WALTHER“-ის კონსტრუქციის პნევმატური პისტოლეტი (დადგენილია ბალისტიკური ექსპერტიზის N4---- დასკვნით), ფაქტობრივ გარემოებებს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ აღნიშნული არ გახადა სადავოდ, ხოლო დ--------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ აღნიშნული პისტოლეტი იპოვა მეგობრის სადარბაზოსთან, უნდოდა პოლიციაში წაღება და ამ პისტოლეტით არავინ დაუყაჩაღებია.
ამრიგად, ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ი------------ს ჩვენება საქმისათვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, არსებითად ეწინააღმდეგება არა მარტო დ--------------ის ჩვენებას, არამედ ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით - მოწმე კ------------ის ჩვენებით და ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენების - დ--------------ემ ამოიღო იარაღი, ფანჯრიდან შეყო ავტომანქანაში, მიუშვირა მას, რის შემდეგაც გაიქცა და სარკიდან ხედავდა, როგორ ჰქონდა მიშვერილი მისი ავტომანქანის მიმართულებით დ--------------ეს იარაღი - საწინააღმდეგოდ, ვიდეოჩანაწერებით (სხვა გარემოებებთან ერთად მასზე ნათლად ჩანს, რომ ავტომანქანის ფანჯრის მინები აწეულია) და მასზე ჩატარებული ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოვლენათა იმგვარ განვითარებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენის კუთხით და როგორსაც აღწერს დაზარალებული, ადგილი არ ჰქონია. დ--------------ის ხელში იარაღის არსებობის ფაქტს ასევე არ ადასტურებს შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმე კ------------ეც.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ დ--------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა დ--------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ დ--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენი გამართლებულ დ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილის ი---------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენი დ--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
დ--------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ცნობად იქნას მიღებული, რომ დ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმებულია და გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
გამართლებულ დ--------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
3 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
“WALTHER”-ის ფირმის პნევმატური პისტოლეტი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში, გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე