განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2018
საქმის ნომერი
010141318700059634
ინსტანცია
თარიღი
11.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0-----------------

საქმე №1/აგ-366-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივნისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის განაჩენით:

 

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ნ----------–-----–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება; ნ----------–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

ნ----------–-----–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

გორის რაიონული სასამართოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:

 

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ნ----------–-----–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება; ნ----------–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით.

 

2018 წლის 14 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ნ----------–-----–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით; სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის განაჩენით, ნ----------–-----–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის და განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, (საქმეში წარმოდგენილი მომართვით დასტურდება, რომ დაკისრებული ჯარიმა აღსრულებულია).

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, ნ----------–-----–---–ს მსჯავრი დაედო ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან ჩამორთმეული ქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართავდა ავტომობილს (საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული განაჩენი დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული - 70 (სამოცდაათი) საათის ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ნაწილში აღსრულებულია. ხოლო ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, რაც ჩათვლილია პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, არ არის აღსრულებული;

 

რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ნ----------–-----–---–ი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მასვე უნდა აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ნ----------–-----–---–ი ასევე უნდა გათავისუფლდეს გორის რაინული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც ჩათვლილია პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის განაჩენით ნ----------–-----–---–ი მსჯავრდებული იქნა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარებისათვის, რისთვისაც დაენიშნა სასჯელი და სამი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნ----------–-----–---–ის მსჯავრდების საფუძველი. როგორც აღინიშნა, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი). შესაბამისად, ნ----------–-----–---–ი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება იმ ქმედებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის (სსკ-ის 381 მუხლი) შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც. შესაბამისად, ვინაიდან სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის მსჯავრდება გამოიწვია ნ----------–-----–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებამ, რაც დღეის მდგომარეობით აღარ არის დასჯადი, ნ----------–-----–---–ი უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ----------–-----–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე:

 

ნ----------–-----–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

მასვე, აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

მსჯავრდებული ნ----------–-----–---–ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც ჩათვლილია პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ლ. თევზაძე