განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100117002164285, №1/ბ-369-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი;
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ვ---------------------–-–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ლ--–-----------–-------------------–--------------------------;
ადვოკატი - თ--------------–---–ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
სასჯელი:
ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, ვინაიდან, დანიშნული ლმობიერი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ბრალდების მხარის განმარტებით, ვ------------–-–---–ის პიროვნების, ჩადენილი ქმედების სპეციფიკისა და ხასიათის, დაზარალებული ორგანიზაციისთვის ზიანის აუნაზღაურებლობის გათვალისწინებით, ასევე სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნით მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
დაცვის მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება, რადგან დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, დასაბუთებული და კანონიერი. მსჯავრდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, აღიარა და მოინანია დანაშაული, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, აწარმოებს მოლაპარაკებებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და აუნაზღაურებს ზიანს (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი);
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ვ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 28 ნოემბერს, ვ------------–-–---–მა ლ--–-------------ის პირადი მონაცემებით, მოტყუებით, ელექტრონული განაცხადით შპს „პ---------------------იდან“ აიღო სესხი 200 ლარის ოდენობით, ასევე შპს „მ------დან“ – 300 ლარის ოდენობით; 2016 წლის 10 დეკემბერს ვ------------–-–---–მა ლ--–-------------ის პირადი მონაცემებით კვლავ მოტყუებით, ელექტრონული განაცხადით, შპს „ფ----------დან“ აიღო სესხი 500 ლარის ოდენობით, 2016 წლის 13 დეკემბერს შპს „ფ-------–---------------------დან“ 450 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 19 დეკემბერს შპს „ტ---დან“ 300 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ვ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, ვ------------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ------------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით (ვ------------–-–---–ის, დაზარალებული ორგანიზაციების წარმომადგენლების, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, სს “თიბისი ბანკიდან“, შპს „ფ-------–---------------------დან“, შპს „ფ----------დან“, შპს „ტ---დან“, შპს „პ---------------------იდან“, შპს „მ------დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით), რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ვ------------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ------------–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
სასჯელის დასაბუთება:
საქმის მასალების შესწავლის და სააპელაციო საჩივრის მოსმენის შემდეგ, პალატას მიაჩნია, რომ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი ვ------------–-–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ვ------------–-–---–ი აღიარებდა დანაშაულს, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, დაოჯახებულია და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, რამაც სასამართლოს ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებაში, ამასთან მსჯავრდებულს სურს ზიანის ანაზღაურება და მოლაპარაკებებს აწარმოებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან.
ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასჯელის დანიშვნის დროს არ მოხდა დანაშაულის ხასიათისა და დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გამოწვეული შედეგის გათვალისწინება, პალატა ვერ მიიჩნევს სასჯელის დამძიმების საფუძვლად. შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ვ------------–-–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულებს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა. პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნეს მოაზრებული, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
შესაბამისად, ის გარემოება, რომ ვ------------–-–---–ს მოცემულ ეტაპზე ანაზღაურებული არ აქვს ზიანი, ვერ გახდება დანიშნული სასჯელის - 3000 ლარის ოდენობის ჯარიმის და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამკაცრების საფუძველი. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულებს უფლება აქვთ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვონ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო ვ------------–-–---–ის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობის გაზრდით შესაძლოა ხელი შეეშალოს ზიანის შესაძლო ანაზღაურებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა, დამატებით სასჯელთან ერთად, მსჯავრდებულის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი.
ვ------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, ვ------------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ვ------------–-–---–ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ვ------------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე