განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/40-18 5 მარტი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - ლ---------------
წარმომადგენელი - ნ---------–-------
მოწინააღმდეგე მხარე - შ-----------
წარმომადგენელი - ს---------------–----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1. 2017 წლის 18 აპრილს შ------------ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოპასუხე ლ---------------სათვის 37 583.9 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 37 000 აშშ დოლარი, ხოლო 583.9 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ------------ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - ლ---------------ს მოსარჩელე შ------------ სასარგებლოდ დაეკისრა 37 000 აშშ დოლარის გადახდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 365-ე, 623-ე, 626-ე მუხლების საფუძველზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ---------------მ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ (64 957.20 ლარის ნაწილში) დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
5. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხის ვალდებულება შ------------ მიმართ 37 000 აშშ დოლარს შეადგენს.
6. აპელანტის განმარტებით, 2----–-–------------------------ საგადასახდო დავალების საფუძველზე, ნათლად დასტურდება, რომ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე 64 957,20 ლარია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
9. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10. სადავო არ არის გარემოება, რომ 2----–-–----------------რს მოსარჩელე შ------------ და მოპასუხე ლ---------------ს შორის ზეპირი ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რა დროსაც მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სესხის თანხის გადარიცხვა უნაღდო ანგარიშსწორების გზით განხორციელდა. 2----–-–------------------------ საგადასახადო დავალებით დგინდება, რომ მოპასუხეს სესხის სახით ჩაერიცხა 37000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც იმ დროისათვის დოლარის ლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (1 აშშ დოლარი - 1.7556 ლარი) 64 957.20 ლარს შეადგენდა.
11. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ---------------სა და შ----------- შორის ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა არა 64 957.20 ლარი, არამედ 37 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხის მიერ დაფარული არ არის.
11.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს, ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება მტკიცებულებათა გამოკვლევა არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში კი, იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
11.2. მოცემულ შემთხვევაში, წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, არის 2014 წლის 16 ოქტომბრის საგადასახადო დავალება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოხდა სესხის გაცემა და სესხის თანხად მითითებულია 37 000 აშშ დოლარი. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა სადავოდ არ არის გამხდარი, თუმცა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო მხოლოდ 64957.20 ლარის დაკისრების ნაწილში იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეთა შორის სესხის თანხა ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის შესაბამისად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.
11.3. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს ფულად-საკრედიტო და მონეტარულ პოლიტიკას და განმარტავს, რომ საქართველოში საგადამხდელო საშუალებას წარმოადგენს ეროვნული ლარი, თუმცა, კანონმდებელი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, მაგრამ გადახდა ხორციელდება შესაბამისი კურსით ქართულ ვალუტაში. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ სესხის ჩარიცხვის მომენტისათვის 37 000 აშშ დოლარი ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა სწორედ 64 957 ლარსა და 20 თეთრს, ამასთან, საგადასახადო დავალების დანიშნულების გრაფაში მითითებულია, რომ მოხდა „სესხის გაცემა 37000 აშშ დოლარის ოდენობით, კურსით 1,7556“.
11.4. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა საკმარისია დასკვნისათვის, რომ მხარეთა შორის შეთანხმების საგანს წარმოადგენდა სესხის თანხა - 37000 აშშ დოლარის და არა 64 957.20 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატის ასეთი დასკვნა ემყარება იმ მოსაზრებას, რომ, როგორც წესი, სესხის აღება ხდება მთელ რიცხვებში (მით უფრო, როცა საქმე ეხება ათეულობით ათას ლარს) და შესაბამისად, არასარწმუნოა მოპასუხის განმარტება, რომ მან სესხის სახით მოითხოვა ზუსტად 64 957 ლარი და 20 თეთრი და არა 37 000 აშშ დოლარი, როგორც ეს საგადასახადო დავალების დანიშნულებაშია მითითებული.
11.5. რაც შეეხება აპელანტი მხარის აპელირებას ნომინალიზმის პრინციპზე, აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე(№ას-147-143-2016, 20 მაისი, 2016 წელი): „საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლს, რომლითაც დადგენილია ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს ნომინალიზმის პრინციპზე და განმარტავს, რომ ნომინალიზმის პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვალდებული პირი კრედიტორს ფულს იმავე რაოდენობით უბრუნებს, რაც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. ფულის მსყიდველუნარიანობა მხედველობაში არ მიიღება. სწორედ ნომინალიზმის პრინციპიდან გამომდინარე, თუკი სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეს საიჯარო ქირისაგან დამოუკიდებლად ევალებოდა საშემოსავლო გადასახადის გადახდა, მას გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა დაედგინა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული კურსით ვალის ვალუტის ანგარიშსწორების ვალუტასთან მიმართებაში. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენებას, გრძელვადიან ურთიერთობაში იგი (ვალდებულების წარმოშობის დროს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად ანაზღაურება) დასაშვებია მხოლოდ გარემოებების არსებითი ცვლილებისას (სკ-ის 398-ე მუხლი), როდესაც დღის წესრიგში დგება ხელშეკრულების მისადაგების აუცილებლობა შეცვლილი გარემოებებისადმი (ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. სასამართლო პრაქტიკა სუსგ №ას-7-6-2010, 6 ივლისი, 2010 წელი).“ მაშასადამე, სწორედ ფულადი ვალდებულების შესრულების დროს მოქმედებს ნომინალიზმის პრინციპი, რომლის თანახმად, ვალდებულება ნაკისრ თანხაში უნდა დაიფაროს. ფულადი ვალის გაიგივება გარკვეულ მსყიდველობითუნარიანობასთან მართებული არ არის, ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული თანხა, ფულის მსყიდველობითუნარიანობის ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას, არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში კი ის გარემოება, რომ დღეის კურსით 37 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გაცილებით მეტია, ვიდრე სესხის გაცემის დროს 37 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში, ვერ ცვლის მოვალის მიერ კრედიტორისათვის გადასახდელი ვერც თანხის ოდენობას და ვერც შესრულების ვალუტას.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ლ--------------ის მიერ შ------------ წინაშე 37 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის ურთიერთობიდან გამომდინარე ვადამოსული ვალდებულების არსებობას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 361-ე მუხლების თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე
ქეთევან მესხიშვილი