განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2ბ/700-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსნებელი) - ანა გოგიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ბუკია
აპელანტი - რ----- ი--–-----ი
წარმომადგენელი - მ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ბ----ი ი--–-----ა
არასრულწლოვნების წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს გა-------ის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ბ----ი ი--–-----ას სარჩელი რ----- ი--–-----ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მას მცირეწლოვან შვილებთან - 0--------- წელს დაბადებულ მ--–--ა ი--–-----ასთან და 0--------- წელს დაბადებულ ა----- ი--–-----თან ურთიერთობისთვის განესაზღვრა დროის შემდეგი მონაკვეთი: ა) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 თვის განმავლობაში: ყოველი კვირის შაბათ დღეს და კვირა დღეს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე ბავშვების წაყვანის და დაბრუნების უფლების გარეშე; ბ) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 თვის გასვლის შემდეგ: ყოველი კვირის პარასკევ დღეს 16:00 საათიდან კვირა დღის 16:00 საათამდე ბავშვების წაყვანის და დაბრუნების უფლებით დედის საცხოვრებელ ადგილას, მისამართზე - ლ--------ის რაიონი, სოფელი გ------–ა, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე; გ) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ყოველი წლის 30 სექტემბერს 10:00 საათიდან მომდევნო დღის 14:00 საათამდე, ბავშვების წაყვანის და დაბრუნების უფლებით დედის საცხოვრებელ ადგილას, მისამართზე - ლ--------ის რაიონი, სოფელი გ------–ა, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე; დ) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ყოველი მეორე წლის 09 ივლისს (მ--–--ა ი--–-----ას დაბადების დღეს) 09:00 საათიდან მომდევნო დღის 09:00 საათამდე ბავშვების წაყვანის და დაბრუნების უფლებით დედის საცხოვრებელ ადგილას, მისამართზე - ლ--------ის რაიონი, სოფელი გ------–ა, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე; ე) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ყოველი მეორე წლის 08 ივნისს (ა----- ი--–-----ის დაბადების დღეს) 09:00 საათიდან მომდევნო დღის 09:00 საათამდე ბავშვების წაყვანის და დაბრუნების უფლებით დედის საცხოვრებელ ადგილას, მისამართზე - ლ--------ის რაიონი, სოფელი გ------–ა, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. არასრულწლოვანი მ--–--ა ი--–-----ა დაიბადა 0--------- წელს ლ--------ში.
2.2. არასრულწლოვანი ა----- ი--–-----ი დაიბადა 0--------- წელს ლ--------ში.
2.3. მოსარჩელე - ბ----ი ი--–-----ა მუშაობს სოფელ კ---–-ს საბავშვო ბაღში აღმზრდელ -მასწავლებლად.
2.4. 2013 წლის ზაფხულიდან ბ----ი ი--–-----ა აღარ ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, დღეის მდგომარეობით, ის ცხოვრობს ბებიასთან და პაპასთან ერთად ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ------–აში.
2.5. მოპასუხე - რ----- ი--–-----ი ცხოვრობს გა-------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-ში დედასთან და შვილებთან ერთად.
2.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.06.2016 წლის განჩინებით უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 19.11.2014 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც რ-----ი ი--–-----ის სარჩელი ბ----ი ი--–-----ას მიმართ დაკმაყოფილდა და არასრულწლოვანი შვილების - მ--–--ა ი--–-----ას და ა----- ი--–-----ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის - რ-----ი ი--–-----ის საცხოვრებელი ადგილი - გა-------ის რაიონი, სოფელი ს---------–-.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.7. დამოუკიდებელი ექსპერტის, ი/მ აუდიტორი ,,დ---------------ის“ 1--------- წლის დასკვნის მიხედვით, ლ--------ის რაიონის სოფელ გ------–აში არსებულ თანასაკუთრებაში რიცხული ქონებიდან (საკადასტრო კოდი: 5-----------) 2 908 მ2 მიწის ნაკვეთზე არსებული 2 საცხოვრებელი სახლი განთავსებულია ერთ მთლიან მიწის ნაკვეთზე, მიწის ნაკვეთებს აქვს 2 შესასვლელი ჭიშკარი.
სასამართლომ არ გაიზიარა ზემოაღნიშნული დასკვნის ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ, ვინაიდან, თავისუფლად არის შესაძლებელი, ერთი სახლიდან მეორესთან დაკავშირება შიდა ეზოს გავლით, ამის გამო, აღნიშნული წარმოდგენს ურთიერთგაუმიჯნავ ქონებას.
სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მცირეწლოვანი ბავშვები დასარჩენად წავლენ დედასთან სახლში, იქ მათ ურთიერთობა ექნებათ დედის ნათესავებთან, რომლებმაც შესაძლოა მიაყენონ ფიზიკური დაზიანებები ბავშვებს. საქმის მასალებით, ბ----ი ი--–-----ა ცხოვრობს ბებიასთან და პაპასთან ერთად ერთ საცხოვრებელ სახლში, რომლის 2/3 მესაკუთრეა თვითონ. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობს 2 საცხოვრებელი სახლი არ არის გამიჯნული, არ ნიშნავს იმას, რომ მ--–--ა ი--–-----ას და ა----- ი--–-----ს დედასთან ყოფნის პერიოდში ემუქრებათ რაიმე საფრთხე ბ----ი ი--–-----ას ნათესავების მხრიდან, რომლებიც ცხოვრობენ იმავე მიწის ნაკვეთზე მდებარე მეორე საცხოვრებელ სახლში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. საქმის განხილვის ეტაპზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების დამცველმა, მხარი დაუჭირა ბავშვის ურთიერთობის დღეების განსაზღვრას დედასთან. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნების მიხედვით, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვს როგორც დედასთან, ასევე მამასთან უნდა ჰქონდეს ნორმალური და ცივილიზებული ურთიერთობა, რადგან მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესები და მშობლებს შორის არსებულმა კონფლიქტმა არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე. ბავშვის უფლებებიდან და მათი ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო თვლის, რომ ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას არასრულწლოვანს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო, ამისთვის კი არსებობს მოტივაცია და მზაობა მოსარჩელის მხრიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მცირეწლოვანი ბავშვები - მ--–--ა ი--–-----ა და ა----- ი--–-----ი არიან ბ----ი ი--–-----ასა და რ-----ი ი--–-----ის შვილები. 2013 წლამდე ბავშვები იზრდებოდნენ და ცხოვრობდნენ ორივე მშობელთან ერთად. 2013 წლიდან მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობს ცალკე ოჯახებად, ხოლო მცირეწლოვანი შვილები ცხოვრობდნენ დედასთან ერთად ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ------–აში. 2014 წლის 12 თებერვლიდან რ-----ი ი--–-----მა დედის ნებართვის გარეშე წაიყვანა ორივე შვილი მასთან სახლში, რა დროიდანაც ისინი ცხოვრობენ ერთად. ბავშვების მამა წინააღმდეგია მცირეწლოვან შვილებს ურთიერთობა ჰქონდეთ დედასთან მასთან სახლში წაყვანის გზით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე - ბ----ი ი--–-----ას აქვს სათანადო უნარები, რათა იზრუნოს შვილებზე, შეუქმნას შვილებს თბილი და მზრუნველი გარემო. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა როგორც ბავშვების ასაკი, ასევე მათი რეჟიმი (მ--–--ა ი--–-----ა სწავლობს სკოლაში, ხოლო ა----- ი--–-----ი იღებს სკოლამდელ განათლებას საბავშვო ბაღში), მოსარჩელის გარემო-სოციალური პირობები, ორივე მშობლის სურვილი, ჰქონდეთ შვილებთან ურთიერთობა, ასევე ის გარემოება, რომ ბ----ი ი--–-----ა ცხოვრობს ორსართულიან საცხოვრებელ სახლში, რომლის 2/3 წილის მფლობელია, სახლის პირველ სართულზე არის 3 საცხოვრებელი ოთახი, სამზარეულო და მოპირკეთებული სააბაზანო, მეორე სართულზე არის 3 დიდი ოთახი საკმარისი რაოდენობის საწოლებით, თბილი ლოგინითა და ღია აივნით, ბავშვების დედასთან ყოფნის პერიოდში, მათ ექნებათ ცალკე დიდი საძინებელი ოთახი ინდივიდუალური საწოლებით, ოთახებში დგას საჭირო ავეჯი და ნივთი კარგ და სუფთა მდგომარეობაში, მათ შორის - ფორტეპიანო, ოჯახს აქვს მუდმივი ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი, სველი წერტილები არის როგორც სახლში, ასევე ეზოში, როგორც საცხოვრებელ სახლში, ასევე ეზოში არის იდეალური წესრიგი და სისუფთავე, ოჯახს საკარმიდამო მიწის ნაკვეთში მდებარე 6 სათბურში მოჰყავთ საადრეო ლობიო, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, საიდანაც სეზონურად იღებენ 500 ლარს, ბ----ი ი--–-----ა მუშაობს სოფელ კ---–-ს საბავშვო ბაღში აღმზრდელად, საიდანაც აქვს ყოველთვიური შემოსავალი 500 ლარის ოდენობით, მისი შემოსავალი შედგება ასევე საქორწინო კაბების გაქირავებით შემოსული თანხისგან, თვეში 1200 ლარის ოდენობით, ბავშვებს, დედასთან ყოფნის პერიოდში ექნებათ კალორიული საკვები, რადგან ოჯახს მოჰყავს სხვადასხვა სახის საადრეო და საგვიანო ბოსტნეული, ასევე აქვთ ხეხილი, შინაური მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ფრინველი.
ამდენად, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, მცირეწლოვანი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მიეცეს ბ----ი ი--–-----ას შვილების ნახვის შესაძლებლობა. თუმცა, სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდა, რადგან ბავშვების მამას - რ----- ი--–-----ს არ უნდა წაერთვას შვილებთან დასვენებისა და უქმე დღეების გატარების უფლება, ამიტომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს იმგვარად, რომ სკოლის არდადეგების პერიოდში, ასევე ბავშვების დაბადების დღეებზე, მცირეწლოვანმა ბავშვებმა გაატარონ დასვენების დღეები ასევე მამასთან.
ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბავშვები აღარ ცხოვრობენ დედასთან ერთად და არ დარჩენილან ღამით მასთან 2014 წლის 12 თებერვლის შემდეგ, ამიტომ თავდაპირველი მიჩვევის მიზნით, დედის მიერ ბავშვების ნახვისთვის უნდა განისაზღვროს გარკვეული დღეები მათი დედასთან სახლში წაყვანის უფლების გარეშე, ხოლო მიჩვევის შემდეგ, სახლში წაყვანის უფლებით. გარდა ამისა, სასამართლომ ბავშვებთან ურთიერთობისათვის დღეების განსაზღვრისას და დედის მიერ ბავშვების ნახვისას, გაითვალისწინა ბავშვების სურვილი, რათა არ მოხდეს მათი ძალით წაყვანა, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს მათ ფსიქიკაზე. ამასთან, აღინიშნა, რომ დედის ბავშვებთან ურთიერთობის განსაზღვრა, თავისთავად გულისხმობს შვილების დედასთან ყოფნის პერიოდში, დედის მხრიდან ყველა იმ მოქმედების შესრულების ვალდებულებას, რასაც ბავშვების უპირატესი ინტერესები მოითხოვს.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ემსახურება ბავშვების ინტერესებს. მხარეებს შორის არსებობდა არაერთი დავა, სადაც სასამართლომ ცალსახად განსაზღვრა, რომ დედის საცხოვრებელი ადგილი არ წარმოადგენს ბავშვებისათვის უსაფრთხო გარემოს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. განსახილველ დავაში, სააპელაციო პალატის შეფასების საგანია დედისა და მცირეწლოვანი ბავშვების ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, ნახვის დღეების განსაზღვრა გამომდინარეობს თუ არა არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან.
პალატა განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ -იხ. სუსგ # ას 967-916-2015, 15.12.2015წ).
ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
მოხმობილი კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ, საქმე Nას-1122-1078-2016).
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანხმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები.
საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ ა-----ი და მ--–--ა ი--–-----ები მამისა და ბაბუას მიმართ ავლენენ მშობლიურ დამოკიდებულებას, დედის მიმართ ვლინდება გაორებული ქცევითი და ემოციური რეაგირებები. კერძოდ, ერთი მხრივ გამოხატულია ძლიერი პოზიტიური ემოციური კავშირი - სიამოვნებით, სიხარულით, ინტერესით ერთვებიამ დედასთან ერთად აქტივობებში, განსაკუთრებით ხანგრძლივ შეხვედრაზე თავს გრძნობენ ლაღად, მშვიდად, არ სურთ შეხვედრის დასრულება. მეორე მხრივ, ყოველი შეხვედრის დასაწყისში ავლენენ დაძაბულობას, აპროტესტებენ დედის შეხებას, თავს იკავებენ გამოხატონ პოზიციური ემოციები, გაღიმებისას მალავენ სახეს, სურთ თავი აარიდონ დედასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს. მამა და მისი მშობლები გამოხატავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბავშვების დედის მიმართ, მათი პოზიცია კატეგორიულია. აღნიშნულ გარემოში ბავშვებისთვის რთულია გამოხატონ გულწრფელად დამოკიდებულება ბიოლოგიური დედის მიმართ. იქმნება მშობლების მიმართ გაორებული დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი. ლ--------ის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 2018 წლის 3--------ის დასკვნით, დადებითად არის შეფასებული ბ----ი ი--–-----ას საცხოვრებელი პირობები, ასევე, ირკვევა, რომ მას გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი. ასევე, მესამე პირების გადმოცემის საფუძველზე დადებითად შეფასდა ბ----ი ი--–-----ას ოჯახის წევრები და მათი ცხოვრების წესი.
დედისა და შვილების ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ინტერესებით ხელმძღვანელობს, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვებს მოუწევთ ყოფნა, მათ ცხოვრების წესს, დამოკიდებულებას დედასთან. ზემოდასახელებული დასკვნების ანალიზი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ხელშეწყობა მიიღონ აღზრდისათვის აუცილებელი, სრულფასოვანთან მიახლოებული გარემო არ წარმოადგენს მომეტებულ საფრთხეს ბავშვების უსაფრთხოებისათვის. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნახვის დღეების ხანგრძლივობისა და დედასთან ბავშვების ურთიერთობისათვის განსაზღვრული საათების ოდენობის გათვალისწინებით, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მყისიერი აღმოფხვრა და ოჯახის სხვა წევრების დროული რეაგირება. ასევე, პალატა მხედველობაში იღებს ბავშვების ასაკს და მიიჩნევს, რომ მათ შეეძლებათ ნათლად გადმოსცენ ვითარება თუკი შეიძლება ზიანის მომტანი იყოს არასრულწლოვნებისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბავშვებს არა აქვს ჩამოყალიბებული ცალსახა დამოკიდებულება დედის მიმართ, როგორც დასკვნაში არის მითითებული „დედის მიმართ ვლინდება გაორებული ქცევითი და ემოციური რეაგირებები“ პალატას მიაჩნია, რომ საწყის ეტაპზე არასრულწლოვანი ბავშვები დიდი ხნით არ უნდა მოსწყდნენ მათთვის ჩვეულ გარემოს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი, იმ კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესის საფუძველზე დედას შედარებით მოუწესრიგდება შვილებთან ურთიერთობა, არსებობს ლოგიკური ვარაუდის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებში გარკვეული დროით მამისა და მისი ოჯახის გარეშე დარჩენა უარყოფით ემოციებს აღარ გამოიწვევს, რაც შესაძლებელს გახდის, დედასთან დარჩენას, თუმცა, დაბრუნების უფლებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა, წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე მიზანშეწონილად მიიჩნევს ბავშვებსა და დედას შორის ჯანსაღი, ნორმალური ურთიერთობის დამყარების აუცილებლობას. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ბავშვის საუკეთესო ინტერესების განხორციელება, რაც სახელმძღვანელო პრინციპია არამხოლოდ სასამართლოსათვის ან სხვა დაწესებულებისათვის, არამედ ოჯახის, უპირველეს ყოვლისა, მშობლებისათვის. რაც შეეხება ნახვის დღეების განსაზღვრას, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ წესს დედის მიერ ბავშვების ნახვის საშუალებებისა და დღეების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1 პუნქტი).
5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----- ი--–-----ს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ----- ი--–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გა-------ის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლეები ანა გოგიშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
ეკატერინე ცისკარიძე