განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2018
საქმის ნომერი
330210016001354622
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/2000-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი – ოთარ ბუკია

 

აპელანტი - ს------- შ--–---ა

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ--- ფ--–-------–---–ი

წარმომადგენელი - ს------- ბ-------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. აპელანტ - ს------- შ--–---ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ--- ფ--–-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ს------- შ--–---ას მოსარჩელე მ--- ფ--–-------–---–ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისრა - 1079.73 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. ქ. თბილისი, ც-----------ს ქუჩა N--, კორპუსი N--, ბინა N---ზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N----------------------- რეგისტრირებულია მ--- ფ--–-------–---–ის საკუთრების უფლება.

 

2.2. ქ. თბილისი, ც-----------ს ქუჩა N--, კორპუსი N--, ბინა N---ზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N----------------------- რეგისტრირებულია ს------- შ--–---ას საკუთრების უფლება.

 

2.3. 2015 წლის 1----------ს მოსარჩელე მ--- ფ--–-------–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე საძინებელი ოთახი მასში განლაგებული ინვენტარით.

 

2.4. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 2-------------ს ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ თბილისში, ც-----------ს N--, კორპუსი N--, ბინა N---ში ხანძრის გამო დაზიანებულია საძინებელი ოთახის აივნის ექვსფრთიანი კარი და პარკეტი. აივნის ექვსი ფრთიდან სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღინიშნება ოთხ ფრთაზე. პარკეტზე დაზიანება აღინიშნება 0.5მ2 ფართზე. აივნის კარების და პარკეტის დაზიანების გამოსასწორებლად ჩასატარებელია რიგი სამშენებლო სამუშაოები. ზემოაღნიშნულ სამუშაოებზე შედგენილ იქნა ხარჯთაღრიცხვა. ქ. თბილისში, ც.დადიანის N--, კორპუსი N--, ბინა N---ში ხანძრით დაზიანებული აივნის კარის და პარკეტის სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება სამშენებლო ნორმებისა და წესების გამოყენებით, სამშენებლო რესურსების ფასების 2015 წლის მე-3 კვარტლის დონეზე არსებული მონაცემების მიხედვით შეადგენს 1325.48 ლარს.

 

2.5. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1----------–-ს ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი მოქალაქე მ--- ფ--–-------–---–ის კუთვნილებაში არსებული საქონლის მთლიანმა მატერიალურმა ზიანმა საორიენტაციოდ შეადგინა - 186 ლარი. მოსარჩელის მიერ ხანძრის შემდგომ დასუფთავების მიზნით შეძენილი ნივთების თანხამ შეადგინა - 19.25 ლარი.

2.6. დადგენილია, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხე მხარისაგან მოსარჩელე მხარეს მიღებული აქვს - 450 ლარი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 1----------ს, ქ. თბილისში, ც-----------ს N--, კორპუსი N--, ბინა N---ში მომხდარი ხანძარი გამოწვეულია მოპასუხე მხარის - ს------- შ--–---ას ბრალეული ქმედებით და შესაბამისად არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის - ს------- შ--–---ას მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

2.8. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხანძრის შედეგად მოსარჩელე მხარისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 1529.73 ლარს. დადგენილია, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხე მხარისაგან მოსარჩელე მხარეს მიღებული აქვს - 450 ლარი, ამდენად, ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს - 1079.73 ლარს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ხანძრის შედეგად უძრავ ქონებას მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და რომ რეალობას არ შეესაბამებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული დაზიანებების ჩამონათვალი და ზიანის ოდენობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხოლოდ მითითებით შემოიფარგლა და მან ვერ წარმოადგინა თავისი შესაგებლის დამადასტურებელი სხვა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული სადავო გარემოება წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოპასუხის მხარის და მოწმის ახსნა -განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა- განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც ასახულია ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლში, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, ხოლო მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს შესაგებელში მითითებული გარემოებები.

 

აღნიშნული დებულებათა გამოყენებით მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს მისთვის დელიქტით მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება. მოსარჩელემ სარჩელში მითითებული ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოადგინა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები, ასევე თანხის გადახდის ქვითარი, რომლებითაც დგინდება ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხანძრისას დაზიანებული ნივთების შესაფასებლად გაზიარებული უნდა იქნეს საქმეში წარმოდგენილი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები, სადაც აღნიშნულია დაზიანებული საქონლის დასახელება, ასევე თითოეული ერთეულის ფასი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი იმის მტკიცებულება, რომ ხანძარს არ დაუზუანებია ის კონკრეტულინივთები რაც მითითებულია დანართში ან დაზიანების აღდგენითი ხარჯი თანხობრივად არაზუსტია, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მხოლოდ ზეპირი მითითებით კი ზემოაღნიშნული გარემოება არ შეიძლება დადასტურდეს. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ზიანის ოდენობასთან მიმართებით არსებითად ვერ შეედავა, რის გამოც მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა იქნეს განსაზღვრული - 1529.73 ლარით, ხოლო ამ თანხიდან ასანაზღაურებელ თანხად - 1079.73 ლარი.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა ამ ეტაპზე შეადგენს -1079.73 ლარს (1529.73-450 ლარი).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეები არიან ერთ კორპუსში განლაგებული საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეები, ასევე უდავოა, რომ 2015 წლის 1----------ს, როდესაც მოპასუხე მხარე თავის საცხოვრებელ ბინაში ატარებდა სარემონტო სამუშაოებს მოსარჩელე მ--- ფ--–-------–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე საძინებელი ოთახი მასში განლაგებული ინვენტარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო -სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ -ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამავე კოდექსის 1000 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. უდავოა, რომ იმ ბინის აივნიდან, რომლის მესაკუთრეც არის მოპასუხე, რკინის კონსტრუქციის შემადუღებელი სამუშაოების ჩატარების შედეგად გაჩნდა ხანძარი, რითაც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი. ამდენად, დადგენილია, რომ 2015 წლის 1----------ს, ქ.თბილისში, ც.დადიანის N--, კორპუსი N--, ბინა N---ში მომხდარი ხანძარი გამოწვეულია მოპასუხე მხარის - ს------- შ--–---ას ბრალეული ქმედებით და შესაბამისად არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შესაბამისად, დადასტურებულია მოპასუხის - ს------- შ--–---ას მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის საჭიროა შემდეგ ელემენტთა ერთობლიობა: სახეზე უნდა იყოს ზიანი, რაც ამ შემთხვევაში სახეზეა და დგინდება ექსპერტიზის დასკვნებით; ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მოქმედებით ან უმოქმედობით, ამ შემთხვევაში მე 1000-ე მუხლით ზიანის დაკისრების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა შენობის მესაკუთრეობა და მოპასუხის მოქმედება ან უმოქმედობა მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამდგარ შედეგთან ანუ მოპასუხის ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ხანძარსაშიში მოწყობილობის მართლზომიერად და უსაფრთხოდ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შენობის-ბინის მესაკუთრეს. ამდენად სახეზეა შენობა-ნაგებობიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო ყველა ელემენტთა ერთობლიობა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ფულადი კომპენსირება.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო კოდექსის 992-ე ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა - 1529.73 ლარით, ხოლო ამ თანხიდან ასანაზღაურებელ თანხად - 1079.73 ლარი. ასევე დადგენილია მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტიცებულებებით, ამავე დროს დაზიანებული ნივთების აღდგენის ხარჯი განსაზღვრულია, შესაბამისად, მიყენებული ზიანიც უნდა განისაზღვროს სწორედ დასახელებული თანხის ოდენობით - 1079.73 ლარით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არ გამოიკვლია სქმესთან დაკავშირებული არსერბითი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, არ შეაფასა რომ დავის დაწყებამდე მ--- ფ--–-------–---–სა და ს------- შ--–---ას ჰქონდათ კონკრეტული შეთანხმება ზიანის ოდენობაზე და მისი გადახდის წესზე, რაც გულისხმობდა სამ ნაწილად 650 ლარის გადახდას. ამ შეთანხმების ფარგლებში ს------- შ--–---ას მიერ მ--- ფ--–-------–---–ის სასარგებლოდ გადახდილი ჰქონდა 450 ლარი და დარჩენილი იყო მხოლოდ 200 ლარის გადახდა. მხარეთა შეთანხმებისა და თანხების გადახდის ფაქტს ადასტურებს ამავე კოპრუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერით დადასტურებული ხელწერილი. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული თანხა მნიშვნელოვნად განსხვავდება თავად მ--- ფ--–-------–---–ის მიერ შერჩეული სპეციალისტის მოსაზრებისაგან და მას აღემატება ორჯერ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით პირის პირად და პიროვნულ უფლებებთან ერთად დაცულია პირის ინტერესი მატერიალური და არამატერიალური ქონების მიმართ. შესაბამისად, ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ საკუთრების უფლების შელახვით უშუალოდ გამოწვეული ზიანი და შემდგომი თანმდევი ზიანი. ვინაიდან საკუთრების უფლება მოიცავს საკუთრებაში მყოფი ნივთით სარგებლობის უფლებასაც, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ ნივთის დაზიანებით გამოწვეული ზიანი, ე.ი ნივთის სუბსტანციისათვის ზიანის მიყენება (ნივთის გაუფასურება, შეკეთების ხარჯი), არამედ ის ზიანიც, რომელიც გამოიწვია დაზიანებული ნივთით სარგებლობის შეუძლებლობამ (მიუღებელი შემოსავალი). განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა, ნივთის სუბსტანციისათვის მიყენებული ზიანი.

 

აღნიშნულის მიუხედავად, მხარეთა შორის სადავოა ზიანის ოდენობა, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლო მიუთითებს, რომ კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანძრისას დაზიანებული ნივთების შესაფასებლად გაზიარებული უნდა იქნეს საქმეში წარმოდგენილი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები, სადაც აღნიშნულია დაზიანებული საქონლის დასახელება, ასევე თითოეული ერთეულის ფასი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით კი, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება სათანადო და საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება ხელწერილს იგი წარმოადგენს არა მხარეთა მიერ შეთანხმებული გადასახდელი თანხის ოდენობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, არამედ უკვე გადახდილი თანხის მიღების დოკუმენტს, რომლის გადახდაც გათვალისწინებულ იქნა და მოპასუხის მასში მითითებული თანხის გამოკლებით დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1079.73 ლარის ოდენობით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ს------- შ--–---ას სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც, უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ს------- შ--–---ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს------- შ--–---ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი